05:32 26 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
პირსახოცები კურდღლის ფორმით

სტრიპტიზი და სასიყვარულო ჯადო პირსახოცებით...

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Kyle James / Rabbit Towel
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
294201

ძალიან დილა მშვიდობისა!

როდესაც კერძო სახლის უპირატესობებზე ვსაუბრობდით, ერთ-ერთი მთავარი გამოგვრჩა — მხოლოდ კერძო სახლებში რეცხავენ ქალები ასეთი განსაკუთრებული მონდომებით. არ ეწყინოთ მაღალი კორპუსების დიასახლისებს და, სად მათი და მეზობლების ფანჯრებში გაკიდულ სარეცხს შორის მანძილი და სად შენი გარეცხილი ზეწრები მეზობლისას სულ რამდენიმე ათეული მტკაველით რომ სცილდება.

ამიტომაც ისე უნდა გარეცხო, შენს ზეწარს რომ არ ეწყინოს — ციცოს ზეწარი დღეს ჩემზე უფრო ქათქათააო. ან საყვარელი მეუღლის შარვალი არ გაგინაწყენდეს — ბაბულიას მეუღლის შარვალზე დაბრეცილად რატომ დამკიდეო.

ამიტომაც კერძო სახლებში ლამაზ თოკებზე მოხდენილად გაკიდული სარეცხი — ეს ცალკე ხელოვნებაა და გარკვეულ კოლორიტსაც ქმნის…

დღეს კი, მთელი ჩვენი აღმართის გაყოლებაზე, ჩვენი აივნის ჩათვლით მხოლოდ პირსახოცებია გამოკიდული – ათასნაირი ზომის და ფერის, ფაქტურისა და ასაკის, რადგან დღეს, 25 მაისს მსოფლიოში პირსახოცის დღეს ზეიმობენ!

როცა მსოფლიოში კვერცხის, ვაშლის, ფრინველების, დელფინებისა და ვეშაპების, ჯაზის, ცეკვის, ბოისკაუტების, რიცხვი „პი“-ს და ა.შ. დღეებს აღნიშნავენ, როგორც წესი, ეს დღეები დაკავშირებულია გარკვეულ თარიღთან.

რაც შეეხება „პირსახოცის მსოფლიო დღეს“ (აღინიშნება 2001 წლის 25 მაისიდან), ის უკავშირდება ცნობილ ბრიტანელ მწერალს, დრამატურგსა და სცენარისტს, იუმორისტულ-ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებების ავტორს დუგლას ადამსს. სწორედ მის საპატივსაცემოდ, თურმე, ამ დღეს აუცილებლად უნდა ატარო პირსახოცი. მინდოდა გამეფრთხილებინეთ, რომ მოგეტანათ, მაგრამ მერე ცოტა მომერიდა — სათუოა, რომ ჩემსავით დიდ ჩანთას ატარებდეთ, ჩვენი აივნიდან პირდაპირ სამსახურში მიბრძანდებით და არავის გეფიქრათ, პირსახოცები შემოაკლდა და შემოელიაო.

ალბათ, შემეკითხებით — რა შუაშია დუგლას ადამსი და პირსახოცი? მის ყველაზე ცნობილ და ყველაზე სასაცილოდ-ფანტასტიკურ რომანში „მოგზაურობა გალაქტიკაში ავტოსტოპით“ არაჩვეულებრივად არის აღწერილი პირსახოცის როლი კაცობრიობის ისტორიაში.

გთავაზობთ სულ პატარა ნაწყვეტს ამ რომანიდან: „პირსახოცში შეიძლება გაეხვიო, ბეტა იაგლანის ცივ მთვარეებზე მოგზაურობისას ის შეიძლება საბნის მაგივრად დაიფარო — იმ ვარსკვლავების ქვეშ რომ ჩაიძინებ, წითელ შუქს რომ ღვრიან კაკრაფუნის პლანეტაზე. პირსახოცზე ძალიან მოსახერხებელია წოლა სანტრაგინუსის ქვიშებზე, ზღვის მათრობელა ჰაერი ნესტოებში რომ გიღიტინებს. პირსახოცის თავს ზემოთ ქნევით — რამე თუ გიჭირს — სხვისი ყურადღების მოპყრობა შეგიძლია. პირსახოცით თავის შეხვევაა მოსახერხებელი – შხამიანი გაზებისგან გადასარჩენად და, სხვა თუ არაფერი, პირსახოცით გამშრალებაც კი შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ის სუფთაა“.

ძალიან ძნელია, პირსახოცს კიდევ რამე ფუნქცია მოუგონო, მაგრამ ჩვენი აივნის დღევანდელმა სტუმრებმა საფრანგეთიდან ეს შეძლეს. მაშ ასე, „სტრიპტიზი“ პირსახოცებით:

სტრიპტიზის გარდა, მინდა მოგაწოდოთ ერთი ძველებური რეცეპტი — თუ როგორ უნდა შეაყვარო თავი იმ ადამიანს, ვისაც თვალი დაადგი, მოკლედ რომ ვთქვათ — ჯადო:

იღებ სადა და თეთრ პირსახოცს…

იმშრალებ სახეს, თანაც, გამშრალების დროს წარმოიდგენ იმ ადამიანის სახეს, რომელიც ნაყვარება…

გამშრალების შემდეგ პირსახოცს დებ მაგიდაზე, ჯდები მის წინ და ადებ ორ ხელს (მტევნებს). ამის შემდეგ 12-ჯერ იმეორებ „იმ“ ადამიანის სახელს, მერე კი 12-ჯერ ჯადოსნურ ფრაზას — „პირსახოცით გავიმშრალე — გულიდან ვერ წაგიშალე…“ 

როგორც ამბობენ, ორ კვირაში ქორწილი გარანტირებულია…

კინაღამ მთავარი დამავიწყდა: ეს პირსახოცი მერე აუცილებლად სატრფოს უნდა აჩუქოთ! არ დაგავიწყდეთ, თორემ ისე შეგიყვარდებათ საკუთარი თავი, რომ სიტყვა „ეგოისტი“ მონაგონი იქნება.

მართალი გითხრათ, პირადად მე ეს მეთოდი არ მიცდია, მაგრამ, როგორც ნახევრადუკრაინელმა, ნამდვილად ვიცი, რომ უკრაინაში ადრე გათხოვება-გამოთხოვების ამბავი ნამდვილად იყო პირდაპირ დამოკიდებულებაში პირსახოცებთან („რუშნიკებთან“), რადგან ქალი, რომელიც „რუშნიკს“ ვერ ამოქარგავდა, ვერასდროს გათხოვდებოდა. კარგად მახსოვს, ბებიაჩემ ფედორას წლების განმავლობაში საწოლის ზევით ეკიდა სწორედ ის „რუშნიკი“, რომელიც მიშა ბაბუას მოეწონა და ცოლადაც მოიყვანა…

სხვათა შორის, ვინც უკვე დაოჯახებულია, გული ნუ დაგწყდებათ. შეგიძლიათ პირსახოცის რამდენიმე მანიპულაციით ხასიათი გამოუკეთოთ თქვენს მეორე ნახევრებს. მაგალითად, ასე:

ბოლოს კი გავიხსენოთ „პირსახოცების“ დღის ავტორი, გალაქტიკაში ავტოსტოპით მოსეირნე შესანიშნავი და ნათელი კაცი დუგლას ადამსი, რომლის ხათრითაც ამერიკელმა ასტონავტებმა უწონობაში პირსახოცი გაწურეს:

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და პირსახოცივით ლამაზად გადაკიდებულ დღეს!

 

 

მთავარი თემები