16:20 21 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კადრი თურქეთში ჩატარებული სიმპოზიუმიდან

თურქეთელი ორჰან ბერიძე: „ვეფხისტყაოსანი“ სხვადასხვაფერიანი ქართველების ქოლგაა

© FB/ Orhan Beridze
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
22850

შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ დიდი ხანია იქცა მსოფლიოში გაფანტული ქართველების სულიერი და მორალური კავშირის სიმბოლოდ, ცხოვრების ფილოსოფიად, რომელიც აქტუალობასა და კულტურულ ღირებულებას დღემდე არ კარგავს.

თურქეთის მკვიდრ ქართველებს ძალიან კარგად ესმით მისი ფასი და ამიტომაა, რომ მაისის თვეში თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გამართეს. იგი საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ფარგლებში გაიმართა. სიმპოზიუმზე თურქეთელი ქართველებიდან სტამბულის ქართული კულტურის ცენტრიდან ბატონი ორჰან ბერიძე და ქალბატონი სალომე ბარამიძე იმყოფებოდნენ. ბატონ ორჰანს სტამბულში დავუკავშირდით.

თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეები
თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეები

– ბატონო ორჰან, ამ სიმპოზიუმში თქვენც მიიღეთ მონაწილეობა…

— დუზჯეს უნივერსიტეტში პირველად გაიმართა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, რომელიც სამდღიანი იყო. სიმპოზიუმზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ქართველები დაპატიჟებული: ირანიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ. სტამბულიდან მას სალომე ბარამიძე და მე ვესწრებოდით. ძალიან ამაღელვებელი დღეები იყო. სიმპოზიუმზე სიტყვით გამოვიდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი და საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი ირაკლი კოპლატაძე, რომელმაც დუზჯეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა. თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ დუზჯეს უნივერსიტეტში ბოლო წლების მანძილზე ლექციებს სამი ქართველი პროფესორი კითხულობს. ეს უნივერსიტეტი დღეს საერთაშორისო მასშტაბით ისე არის ცნობილი, როგორც ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი. ეს არის დუზჯეს უნივერსიტეტის შრომა და ამაგი, რომელიც ძალიან დასაფასებელია.

თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი
თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი

– ამ სიმპოზიუმზე თქვენ ერთი ინიციატივით გამოხვედით, თუ შეიძლება, ვაცნობოთ ამის შესახებ მკითხველს…

— დიახ, დუზჯეს უნივერსიტეტში სიტყვით მეც გამოვედი და ავხსენი, რას ნიშნავს ეს უდიდესი პოემა მარტო ქართველებისთვის კი არა, მსოფლიოსთვის. მერე თავიდან ბოლომდე ზეპირად წავიკითხე ავთანდილის ანდერძი — თურქეთელი ქართველებისთვის ეს ძალიან საინტერესო გამოდგა. ინიციატივას რაც ეხება, გამოვთქვი აზრი, რომ თურქეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭონ.

თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეები
თურქეთის ქალაქ დუზჯეს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის მონაწილეები

– თქვენმა ვაჟმა იცის ზეპირად „ვეფხისტყაოსნიდან“ მონაკვეთები?

— ჩემი ბიჭი ახლა 14 წლის არის. პატარა რომ იყო, რუსთაველის სიყვარული მაშინ ვასწავლე. ვუთხარი, რომ ამ კაცმა ქართველობას ისეთი აუწონავი განძი დაგვიტოვა, როგორიც „ვეფხისტყაოსანია“. დაინტერესდა და მთხოვა, რომ ზეპირად მესწავლებინა. ახლა ჩვენ „ვეფხისტყაოსნიდან“ სტროფებს დუეტად ვკითხულობთ…

– ბატონო ორჰან, თქვენთვის რა არის „ვეფხისტყაოსანი“?

— ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში მცხოვრები სხვადასხვაფერიანი ქართველების ქოლგაა.

– რომელია თქვენი საყვარელი ფრაზა „ვეფხისტყაოსანში“?

— საყვარელი ფრაზაა „სჯობს, სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ – მე ვფიქრობ, ეს მარტო ჩემთვის არა, ყველა ქართველისთვის საყვარელი ფრაზა უნდა იყოს…

 

მთავარი თემები