ცხოვრების რეტრო – მოსკოვის მეტრო...

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვის მეტრო
მოსკოვის მეტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, აივანზე გასული, გადავშლი ჩემი დედიკოს — გალიჩკას პატარა ბლოკნოტს, ჰოდა ამოვიკითხავ ლამაზი ჩაცმულობის მთავარ მისამართებს — გერმანული „ლეიფციგი“, ჩეხური „ვლასტა“, რუმინული „ბუქარესტი“, იუგოსლავიური „იადრანი“ და, ბოლოს და ბოლოს, შესანიშნავი „ცუმი“ და „გუმი“, ყელმოღერებული მაღალი ნაყინით, რომ ხრაჭუნობდა ძალიან… 

ამ მაღაზიებამდე მისასვლელი გზები კი — მეტროდან იწყებოდა…

თურმე, სწორედ დღეს, 1935 წლის 15 მაისს გაიხსნა მოსკოვის მეტროს პირველი ხაზი — სადგურ „სოკოლნიკებიდან“ სადგურ „პარკ კულტურამდე“, სადგურ „სმოლენსკაიამდე“ პატარა გადახრით. 1955 წლამდე მას ლაზარ კაგანოვიჩის სახელი ერქვა, მერე კიდევ ლენინმა აჯობა.

სტალინმა კიდევ მეტროს გახსნაზე ბევრი იხუმრა…

როცა მოსკოვში ბინას ვქირაობდი, ყოველთვის ვინტერესდებოდი – რამდენად ახლოა მეტრო, რადგან თუ მეტრო ახლოს იყო, შენც ცხოვრების ცენტრში იყავი.

თავიდან მეტროს სადგურ „ტეკსტილშჩიკებთან“ ვცხოვრობდი, მუშათა რაიონში. ქარხნების მილებიდან ბოლი ამოდიოდა, მაგრამ ასო М მთლად ეზოში მედგა.

მერე უფრო „სვეტსკი“ გავხდი და მოლდოვსკაიას ქუჩაზე გადავედი — სამთავრობო, რუბლიოვსკის ტრასის გასწვრივ.

პუტინი ზუსტად ამ გზით უახლოვდებოდა ხოლმე კრემლს. მაგრამ ჩემთვის ბულატ ოკუჯავა თავისი მეტროთი უფრო „მეტრობდა“, და მეც ყოველთვის „მარცხენა მხარე“ მეკავა.

ჰოდა, როცა ოკუჯავას არბატის პატარა მეტროდან ამოვიდოდი (დიდი არბატი გვერდზე მრჩებოდა), ბეღურასავით უცებ გზას გადავჭრიდი ხოლმე, თაღში შევიდოდი, მერე საელჩომდე ცოტა ფეხით სავალი იყო, და როგორ გემრიელად მხვდებოდა ჩემი საელჩო.

კიბეზე ავდოდი და რუსთაველდებოდა, რადგან მაშინ იქ რუსთაველის მწვანე ბიუსტი იდგა.

ზევით კიდევ, მესამე სართულზე ჩემი სერიოზული კაბინეტი იყო.

საელჩომდე მისასვლელად მეტროში ორჯერ გადაჯდომა მჭირდებოდა, სულ ბოლოს კი გავიგე, რომ თურმე გადაჯდომა საერთოდ არ იყო საჭირო, მე კი წლების განმავლობაში ვიხანგრძლივებდი მარშრუტს.

თავიდან ეს გზა მხოლოდ 5 კაპიკი ღირდა, მერე კი სულ ძვირდებოდა და ძვირდებოდა.

მთავარი იყო — კარებს არ მიყუდებოდი,  ყველა ვაგონის კარზე მკაცრად ეწერა — Не прислоняться!, რაც ქართულად ნიშნავდა — „ნუ მიესპილოებით!“

ჰოდა არც „ვესპილოებოდით“.

მახსოვს, მოსკოვის მეტროს სადგურებში ღამ-ღამობით „ბომჟებს“ იმიტომ უშვებდნენ, რომ ძაღლები ჰყავდათ, ასეთია მოსკოვის მეტრო. კიდევ მახსოვს, სადგურ „ჩეხოვსკაიაზე“ იდგა ერთი სევდიანი ნაგაზი ყელზე პარკით და ისეთი თვალებით იყურებოდა, პარკში რამე რომ არ ჩაგედო, მოკვდებოდი.

მოსკოვის მეტროში ბორის გრებენშჩიკოვიც კარგად გრძნობდა თავს:

და გრიგორი ლეპსიც:

 

მე კიდევ ხელში დედიკოს პატარა ბლოკნოტი მიჭირავს, რომელიც მკარნახობდა — მეტროს წინა თუ ბოლო ვაგონიდან გამოსული რომელ ტროლეიბუსში ჩავმჯდარვიყავი, რათა იმ მაღაზიამდე მიმეგნო, ჩემი ზომის ფეხსაცმელი რომ არსებობდა, და მე რომ მიყვარდა, იმ ფერის მაისური, ანუ ყაყაჩოსფერი.

მოსკოვში მართლაც შესანიშნავი მეტროა, თავისი გულის გადაჯდომებით და სადგურებით…

ამხელა მოსკოვზე გაწელილი… 

მთელი 11 წელი საელჩოდან სახლამდე არასწორად რომ დავდიოდი, ზედმეტი გადაჯდომებით… და მერე რა?

სამაგიეროდ, ვმეტროობდი იმ გზაზე, რომელიც 346,6 კილომეტრს მოიცავს, 206 სადგური რომ გააჩნია, რომელთაგან 44 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტად ითვლება. ყველაზე „ღრმა“ სადგურია Парк Победы (84 მეტრი, აქვე არის ყველაზე გრძელი, 127-მეტრიანი ესკალატორი), ყველაზე „არაღრმა“ — Печатники (სულ 5 მეტრი), ყველაზე ფართო — Партизанская, ყველაზე პატარა ვესტიბიული კი სადგურ Аннино-ს აქვს.

თუ შეგინიშნავთ, მოსკოვის მეტროს რადიალური ხაზების სადგურების დასახელებას ცენტისკენ მოძრაობისას კაცი ახმოვანებს, ცენტრიდან გარეუბნებისკენ კი ქალი. წრიულ ხაზზე საათის ისრის მიმართულებით მოძრაობისას სადგურების დასახელებას ასევე კაცი გვამცნობს, საწინააღმდეგო მიმართულებით — ქალი. ეს ყველაფერი კი, თურმე, უსინათლოებს ორიენტაციას უადვილებს. 

სხვათა შორის, მოსკოვის მეტროში უკვე რამდენიმე წელია, რაც ქალი მემანქანეები აღარ მუშაობენ (ბოლო მემანქანე-ქალბატონი ნატალია კორნიენკო ბრძანდებოდა). თავის დროზე კი საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი მოსკოვში ვიზიტის დროს მეტროთი სწორედ ქალების ეკიპაჟმა გაასეირნა.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მეტროსავით აჩქარებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0