პიონერ პავლიკ მოროზოვის შვილიშვილი – ევგენი მორგუნოვი...

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან კავკასიელი ტყვე ქალი
კადრი ფილმიდან კავკასიელი ტყვე ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

მინდა გაგიმხილოთ, რომ გუშინ მთელი დღე ჩვენს თბილისურ გემრიელ და კოპწია აივანს ვამაგრებდი. არა, ქართან გასამკლავებლად არა, ის ქარებს დიდი ხანია შეჩვეულია. უბრალოდ, დღეს ისეთ ძალიან დიდ და კეთილ კაცს ვმასპინძლობთ, რომ ღირსეულად უნდა დავხვდეთ, მით უმეტეს, ჩვენ აივანზე ტვისტის შესრულება თუ მოინდომა:

დარწმუნებული ვარ, ამ ცეკვამ ყველას ღიმილი მოგგვარათ, რადგან ჩვენი სტუმარია საბჭოთა კინემატოგრაფიაში სახელგანთქმული “გაიდაის სამეულის” ყველაზე გაბარიტიანი და ვითომ მკაცრი წევრი ევგენი მორგუნოვი — Бывалый, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1927 წლის 27 აპრილს მოსკოვში.

საოცარია, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ევგენი მორგუნოვზე გაცილებით ნაკლები ვიცით, ვიდრე მის ორ პარტნიორზე — იური ნიკულინზე და გიორგი ვიცინზე.

მაგალითად, არ ვიცით, რომ მორგუნოვის მსახიობობაში მთავარი წვლილი თავად იოსებ სტალინს მიუძღვის.

ევგენის ბავშვობა სამამულო ომის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. მამა ფრონტიდან არ დაბრუნდა და 14 წლიდან ის იძულებული გახდა ემუშავა საარტილერიო ქარხანაში მუშად. ევგენი თითქმის დაბადებიდან ოცნებობდა სცენაზე, უსმენდა ძველ ფირფიტებს და თავისი კერპის ლეონიდ უტიოსოვის სიმღერები ზეპირად იცოდა. მას კარგად ესმოდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მოხვედრა უბრალო მუშისთვის სიზმარი და ზღაპარი იყო და ამიტომაც 1943 წელს წერილი მისწერა სტალინს. ბავშვურად გულუბრყვილო წერილში ეწერა: „პატივცემულო იოსებ ბესარიონის ძევ, მიმიღეთ ხელოვნებაში. მე მუშა ვარ, მაგრამ ხელოვნების დაუფლება მინდა. ჩვენი ქარხნის დირექტორი კი წინააღმდეგია. მე მინდა ვიყო, როგორც კონსტანტინ სტანისლავსკი და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო“…

არ გაგიკვირდეთ და ერთ თვეში მორგუნოვმა მიიღო პასუხი კრემლიდან: „მიავლინეთ ამხანაგი ე.მორგუნოვი ტაიროვის სახელობის თეატრში, დამხმარე შემადგენლობის მსახიობად. სტალინი“.

ერთი წლის განმავლობაში ევგენი მორგუნოვი ეუფლებოდა ხელოვნებას ცნობილ რეჟისორ ალექსანდრ ტაიროვთან, მოსკოვის კამერულ თეატრში, ხოლო 1944 წელს ჩააბარა კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში (ВГИК) თავად სერგეი გერასიმოვის სახელოსნოში. მასთან ერთად სწავლობდნენ მომავალი კინოვარსკვლავები ვიაჩესლავ ტიხონოვი და ნონა მორდიუკოვა…

სავარუდოდ, არც ის იცოდით, რომ საბჭოთა კინემატოგრაფიის ერთ-ერთი მეტრი თავის კარიერას ევგენი მორგუნოვს უნდა უმადლოდეს.

ერთხელ დამწყები მსახიობი, სტუდენტი მორგუნოვი მივიდა გერასიმოვთან და ძალიან სთხოვა, მოესმინა ახალგაზრდა ჯარისკაცისთვის, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად იყო მისული. გერასიმოვმა უარი განაცხადა, რადგან კურსი უკვე შევსებული იყო, მაგრამ მორგუნოვის დაჟინებული თხოვნით ბოლოს მაინც დათანხმდა, მოუსმინა ჯარისკაცს და თავის კურსზე ჩარიცხა.

ეს ჯარისკაცი კი სერგეი ბონდარჩუკი გახლდათ.

ევგენი მორგუნოვს საოცრად უყვარდა კლასიკური მუსიკა, საათობით შეეძლო ესმინა რახმანინოვის, ჩაიკოვსკის, მუსორგსკის მუსიკისთვის. თავად მუსიკალური განათლება მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ სმენით უკრავდა კლასიკურ კომპოზიციებს.

მისი სოლიდური წონა კი სულ არ იყო მის განსაკუთრებულ მადასთან დაკავშირებული. თავის პირველ სერიოზულ როლში ფილმში „ახალგაზრდა გვარდია“, სადაც მორგუნოვი მოღალატე სტახოვიჩს ასახიერებს, მსახიობი საოცრად მომხიბვლელი, გამხდარი და მაღალია (181 სმ).

სინამდვილეში, ომის დროს ევგენის დედამ სადღაც კარაქი იშოვა და დამშეულმა ჟენიამ ის მთლიანად შეჭამა, უპუროდ… ძლივს გადაარჩინეს, მაგრამ დაერღვა ნივთიერებათა ცვლა, რაც მომავალში დიაბეტში გადაიზარდა. მსახიობი ნელ-ნელა წონაში იმატებდა, რადგან სულ არ უფრთხილდებოდა ჯანმრთელობას და  ავიწყდებოდა ინსულინის ნემსების გაკეთება.

თუმცა, სწორედ მის დიდ გაბარიტებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ლეონიდ გაიდაიმ სინჯების გარეშე აიყვანა ის ცნობილ სამეულში, რის შედეგადაც მორგუნოვს, მის მიერ გამოტოვებული „ინსულინების“ ნაცვლად, ერთი დიდი ნემსიც ერგო:

დღეს რომ მახსენდება, რამდენი სიკეთე და სიხარული მოჰქონდა ამ შესანიშნავ სამეულს… ყველანი ინდივიდუალურები, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყვნენ და ამავე დროს შესანიშნავად ავსებდნენ ერთმანეთს.

ევგენი მორგუნოვი, ბევრი კომიკური როლების მსახიობებისგან განსხვავებით, რომლებიც გრიმის მოხსნის შემდეგ უცებ ზედმეტად სერიოზულები ხდებიან, ცხოვრებაშიც გამუდმებით ხუმრობდა, ეს, უბრალოდ, მისი ცხოვრების სტილი იყო.

ერთხელ კინომსახიობთა თეატრს ესტუმრნენ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლები — ვიაჩესლავ მოლოტოვი და ლაზარ კაგანოვიჩი. მორგუნოვი მათ გაეცნო როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ესაუბრა ერთი საათის განმავლობაში და  დაბალი კატეგორიის მსახიობებისთვის ხელფასის მომატება სთხოვა. მსახიობებს ხელფასი მართლაც მოუმატეს.

ერთხელ მორგუნოვმა გადაღებების დროს ყანაში დასასვენებლად გასული გიორგი ვიცინი, რომელიც ოპერა „ევგენი ონეგინიდან“ ლენსკის არიას თავისთვის ღიღინებდა, ადგილობრივ მოსახლეობას ივან კოზლოვსკად წარუდგინა.

ერთხელ კი იური ნიკულინის ცირკის შესასვლელში შეგროვილ ხალხს განუცხადა – ვისაც ბინასთან ან მოსკოვში ჩაწერასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, შეუძლია შესაბამისი თხოვნით ცირკის დირექტორს მიმართოსო. ამის შემდეგ იური ნიკულინმა განკარგულება გასცა მორგუნოვი ცირკში აღარ შემოეშვათ, რადგან „ცირკში მის გარეშეც საკმარისი კლოუნები გვყავს“.

მე კი ყველაზე მეტად მომწონს ერთი ეპიზოდი: წარმოიდგინეთ შემდეგი სცენა — მოსკოველი მსახიობების ცოტაოდენ შეზარხოშებული კომპანია ხმაურიანად მიდის კიევის კრეშჩატიკზე. უცებ მოსკოველი გასტროლიორების წინ ჩერდება საკმაოდ სერიოზულად განწყობილი მილიციის პატრული. მსახიობები უცებ გაჩუმდნენ, ერთადერთი, არ დაიბნა მორგუნოვი, მან ხმამაღლა და მკაცრი ხმით მიმართა მილიციელებს — „რაშია საქმე, რა პრეტენზიები გაქვთ? მე პიონერ პავლიკ მოროზოვის შვილიშვილი ვარ!“ ჰყვებიან, რომ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები დაიბნენ და ორ წუთში აორთქლდნენ.

ევგენი მორგუნოვმა ცოლი 1965 წელს მოიყვანა, ნატალია მასზე 13 წლით უმცროსი იყო. მათ ორი ვაჟი გაუჩნდათ — ანტონი და ნიკოლაი. როგორც ამბობენ, მორგუნოვი საოცრად კარგი მეოჯახე იყო და ყოველთვის ცდილობდა გაეხარებინა ცოლ-შვილი.

ერთხელ, პროდუქტების დეფიციტის დროს, მორგუნოვი მოსკოვში ცნობილი მაღაზია „ოკეანეს“ დირექტორს მიადგა და სთხოვა 5 ქილა შავი, 5 ქილა წითელი ხიზილალა და 10 ქილა კიბორჩხალები.

დირექტორს გაკვირვებია – რა ამბავიაო. მორგუნოვმა – ვიცინს ოთხ დღეში დაბადების დღე აქვს და მისთვის მინდაო, რაზეც დირექტორმა უპასუხა: „იცი, ერთი კვირის წინ აქ ჩემთან ვიცინი იყო და იგივე მითხრა შენზე“.

1998 წელს მორგუნოვს ავარიაში შვილი დაეღუპა. მაშინ მან მეორე ინსულტი გადაიტანა და მხოლოდ ერთი წელიღა შეძლო შებრძოლებოდა ავადმყოფობას. ის ბოლომდე ხუმრობდა…

მის დაკრძალვაზე მისულმა გიორგი ვიცინმა მოსკოვის მერს სთხოვა — „სამეული“ ერთად დაგვასაფლავეთო. „მოვა სასაფლაოზე სევდიანი ადამიანი, ნახავს, რომ ერთად ვწევართ და უცებ გამხიარულდება“.

სამწუხაროდ, ვიცინის სურვილი ვერ ახდა, მაგრამ, მაინც, ყოველთვის ეს სამი შესანიშნავი ადამიანი ერთად და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე  ჩვენს გულებს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ავსებს…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0