ყველა გზა რომში მიდის...

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, არ გაგიკვიდეთ, თუკი ჩვენი აივანი გადაიქცევა ბაზილიკად, ანუ დახურულ დარბაზად, რომელსაც დაამშვენებს კოლონები და შემოსასვლელში ჭრიალა ჭიშკრის ნაცვლად — ტრიუმფალური თაღი დაგხვდებათ… თავად ეზოში კი, რამდენიმე ბრინჯაოს ქანდაკება… რა თქმა უნდა, სასურველი ინებოდა, რომ დღეს ჩვენს აივანზე ამობრძანებულიყავით ტოგებში, ტუნიკებსა და მოსასხამებში გამოწყობილი… მაგრამ… ამ შემთხვევაში მეც უნდა დამეხვედრებინა თქვენთვის პატარა ამფორებში ჩამოსხმული ცნობილი სოუსი — გარუმი (Garum), რომელიც მზადდება 2 დღე-ღამის განმავლობაში და შედგება ზეითუნის ზეთში და სპეციალურ ბალახებში წინასწარ ჩამბალი თევზის შიგნეულობისგან, რომელსაც უმატებენ კარგად დაყენებულ ღვინოს… სოუსს ვინ დაეძებს… მთავარია, რომ ის უნდა დავასხათ თხის, ფარშევანგის, ბულბულის ხორცზე ან ფლამინგოს ენაზე…

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ…

ზუსტად დღეს, ძვ.წელთაღრიცხვის 753 წლის 21 აპრილს, დაიბადა განუმეორებელი, ფანტასტიური და უკვდავი ქალაქი — რომი… ლეგენდის მიხედვით, რომი დააარსეს ომის ღმერთის — მარსის შვილებმა — რომულუსმა და მისმა ტყუპისცალმა რემუსმა… გადმოცემით, რომელიც პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ცნობებს ეყრდნობა, რომის პირველი მეფე იყო რომულუსი… მთავარია, რომ თავად რომაელებს ამ ლეგენდის სჯერათ და 21 აპრილს ისინი ქალაქის მთავარ ჭიშკარს ხსნიან და სახალხო დღესასწაული იწყება, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ხალხი ესწრება… ცაში იშლება ფეიერვერკები… იმართება გლადიატორების საჩვენებელი ბრძოლები… იმავე დღეს ირჩევენ რომის ქალღმერთსაც…

ზოგჯერ არც ვუკვირდებით, რამდენი რამ არის წამოსული ძველი რომიდან…

მაგალითად, ფრაზა „ყველა გზას რომისკენ მივყავართ“, თურმე, გაჩნდა იმის გამო, რომ IV საუკუნის დასასრულს, რომაელებმა ააშენეს 53 ათასი გზა…

გამოთქმა „ფულს სუნი არა აქვს“ წარმოიშვა მას შემდეგ, რაც რომის ერთ-ერთი იმპერატორის შვილმა მამას ბრალი დასდო საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობაზე გადასახადის დაწესებაში. იმპერატორმა მას ამ გზით მიღებული ფული მიაწოდა და ჰკითხა: „ამ ფულს რამის სუნი აქვსო?“ შვილმაც უპასუხა — „არაო“…

დღემდე შემორჩენილი ჩვეულება, რომ საწოლიდან ადგე მარჯვენა ფეხზე, ასევე მარჯვენა ფეხით შეხვიდე შენთვის პატივსაცემი ადამიანის საცხოვრებელში, ძველი რომიდან მოდის… ოღონდ, ცოტა პირიქით — რომაელები სახლიდან ყოველთვის მარჯვენა ფეხით გამოდიოდნენ…

ქორწინების ცერემონიის ბოლოს ნეფე-დედოფლის კოცნაც ძველი რომიდან ყოფილა წამოსული… მართალია, იმ დროს ამ კოცნას ცოტა სხვა დატვირთვა ჰქონდა — ქორწინება განიხილებოდა როგორც კონტრაქტი და ამბორი კი, როგორც ამ კონტრაქტის დამადასტურებელი ბეჭედი…

დღეს რომთან ასოციაციებს რომ გადავხედოთ, ყველას თვალწინ დაგვიდგება გლადიატორთა ბრძოლები, კირკ დუგლასის სპარტაკი, რასელ კროუს მაქსიმუსი… და რა თქმა უნდა, ის საოცარი სცენა ფილმიდან „კლეოპატრა“, როდესაც შესანიშნავი ელიზაბეტ ტეილორი, ოქროს კაბაში გამოწყობილი, თავის ურიცხვი ამალით უახლოვდება რექს ჰარისონს, ანუ იულიუს კეისარს…

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენგანს მეხსიერებაში ასევე ამოუტივტივდებოდა ფილმი „რომაული არდადეგები“… ოდრი ჰეპბერნისა და გრიგორი პეკის შესანიშნავი დუეტი…

მე, სამწუხაროდ, არასდროს ვყოფილვარ რომში და მის შესახებ ვიცი მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან…

მაგალითად ის, რომ კოლიზეუმს აშენებდნენ 12 წელზე მეტ ხანს და ისე ააშენეს, რომ მის მაყურებლისგან დაცლას (200 000 ადგილი) სულ რაღაც 3 წუთი ჭირდებოდა და ჰქონდა 76 გასასვლელი… მის არენაზე კი თვეში საშუალოდ 100-მდე გლადიატორი იღუპებოდა…

რომში როდესაც წავალ…

ვთვლი, რომ ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეს საკუთარი „რომაული არდადეგები“…

ხოდა, რომში როდესაც წავალ…

აუცილებლად ვნახავ კოლიზეუმსაც, პანთეონსაც, ვატიკანის მუზეუმსაც, ტრევის შადრევანსაც, „ოთხი მდინარის“ შადრევანსაც, „კუს შადრევანსაც“… წმინდა მარიამ მაჯორეს ბაზილიკასაც… სხვა რამეებით კი თავსაც არ შეგაწყენთ…

მაგრამ პირველ რიგში დავათვალიერებ რომის კარაკალის თერმებს, იმ ადგილს, სადაც 1990 წლის 7 ივლისს ასე განსაკუთრებით და განუმეორებლად ჟღერდა შესანიშნავი სამი ტენორის ხმა…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და რომივით განუმეორებელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0