ფილმი, რომელმაც ჩვენს გულებს გადაუფრინა...

© photo: Sputnik / Дмитрий Коробейников / გადასვლა მედიაბანკშიამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი
ამერიკელი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივნის სტუმრებს მოკრძალებით ვთხოვ — ქალბატონები საგანგებო დღისთვის გამზადებულ დახვეწილ და ელეგანტურ კაბებში, ხოლო მამაკაცები მკაცრ კოსტიუმებსა და ფრაკებში გამოწყობილი ამობრძანდნენ, რადგან დღეს ჩვენი თბილისური და ყველანაირ ცვლილებას შეჩვეული აივანი ცოტა ხნით ამერიკული კინოხელოვნების აკადემიის დასაჯილდოებელ დარბაზად გადაიქცევა და, შესაბამისად, Dress Code-ის დაცვა მოგვიწევს. ზუსტად ამ დღეს კი, 1976 წლის 29 მარტს "ოსკარის" მფლობელი ყველაზე პრესტიჟულ ხუთივე ნომინაციაში (საუკეთესო ფილმისთვის, რეჟისურისთვის, სცენარისთვის და ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შესრულებისთვის) გახდა, სავარაუდოდ, მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" (One Flew Over the Cuckoo"s Nest"). სხვათა შორის, "ოსკარის" პრემიების ისტორიაში ის დღემდე მეორე ასეთ წარმატებულ ფილმად რჩება. პირველი იყო 1934 წელს გადაღებული ფილმი "ეს მოხდა ერთხელ ღამით", რომელიც, სამწუხაროდ, არ მინახავს. გარდა ამისა, "გუგულმა" "ოქროს გლობუსის" ასევე ხუთივე ნომინაციაში გაიმარჯვა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტაა ფილმი, რომელიც ასე ღრმად ჩაგებეჭდება მეხსიერებაში. ძალიან ტრაგიკულია და ერთდროულად იმედის მომცემიც. თითოეული ეპიზოდი ისეა დადგმული და შესრულებული, რომ ერთის ამოღებაც კი წარმოუდგენელია.

ძალიან საინტერესოა ამ საოცარი ფილმის ისტორია. ის შექმნილია კენ კიზის დრამის მიხედვით, რომელიც 1962 წელს აშშ-ის ბესტსელერების სიაში შევიდა და უკვე 1975 წლისთვის 20-ჯერ თავიდან გამოიცა. შესანიშნავმა კირკ დუგლასმა (ყველა დროის საუკეთესო "სპარტაკმა") ჯერ კიდევ 1963 წელს მიაქცია ყურადღება ამ ნაწარმოებს და განახორციელა მისი დადგმა ბროდვეის თეატრ Cort-ში, რომელშიც მთავარი გმირის — მაკმერფის როლს თავად ასრულებდა. ასე რომ, პირველი მაკმერფი გახლდათ კირკ დუგლასი და არა ჯეკ ნიკოლსონი.

საოცარია, მაგრამ კრიტიკოსებმა სპექტაკლი ძალიან ცივად მიიღეს და ის სულ რამდენიმე თვეში მოიხსნა რეპერტუარიდან. ერთ წელიწადში კი კირკ დუგლასი ჩეხეთში წავიდა, სადაც ახალგაზრდა რეჟისორი მილოშ ფორმანი გაიცნო და მას კიზის წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება შესთავაზა. ფორმანი დათანხმდა. შტატებში დაბრუნებისთანავე კირკმა მას რომანი გაუგზავნა, მაგრამ ჩეხეთის მებაჟეებმა მისი კონფისკაცია მოახდინეს. იმედგაცრუებულმა კირკმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი ფილმის გადაღების იდეაზე და ეკრანიზაციაზე უფლების გაყიდვა გადაწყვიტა.

კიდევ კარგი, რომ ამის უფლება მას არ მისცა მისმა შვილმა მაიკლ დუგლასმა, რომელიც დაინტერესდა პროექტით და სწორედ ამ ფილმის გადაღებისას პირველად მოსინჯა პროდიუსერის როლი. მან თანამშრომლობა შესთავაზა საპროდიუსერო კომპანია Fantasy Films-ის წარმომადგენელ საულ ზეინცს და ფილმის გადასაღებად საჭირო 4 მილიონი დოლარი მაიკლმა და საულმა საკუთარი ჯიბიდან გაიღეს.

ფილმს იღებდნენ 14 თვის განმავლობაში. მთავარი სცენები გადაღებულია ორეგონის ერთ-ერთ ფსიქიატრულ საავადმყოფოში, ხოლო მასიურ სცენებში საავადმყოფოს პაციენტები მონაწილეობენ. მთავარი როლის შემსრულებელი ჯეკ ნიკოლსონი მათთან საათობით ურთიერთობდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ გადაღებისას სამედიცინო აპარატი მართლა ჩაირთო და მსახიობი ბეწვზე გადარჩა. კირკ დუგლასსაც ძალიან უნდოდა ეთამაშა რომელიმე როლი ფილმში, მაგრამ გადაღების დროს მიხვდა, რომ ასაკი ხელს აღარ უწყობდა და უარი თქვა ამ ჩანაფიქრზე.

ნიკოლსონი კი მართლაც საოცრად თამაშობს მაკმერფის როლს… ისეთი ლაღი, ბავშვივით გულწრფელი, ხალისიანი, ადამიანური, თავისუფლების მოყვარული და სამართლიანი "ხულიგანია", რომელიც ბოლოს ყველა ამ შესანიშნავ თვისებას ეწირება. მარტო ის სცენა რად ღირს, როდესაც ის ხვდება, რომ პაციენტები საავადმყოფოში თავის ნებით იმყოფებიან… ან როდესაც იგებს, რომ "ბელადი" ყრუ-მუნჯობას იბრალებს… ან მისი სასწაული "დუელი" მედდასთან, რომელსაც ასახიერებს იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ლუიზა ფლეტჩერი (ამ ფილმის შემდეგ კი ქალის საუკეთესო როლისთვის ოსკარის ლაურეატი), რომელიც რეჟისორმა გადაღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე აღმოაჩინა და ყველა ცნობილ კანდიდატს ამჯობინა…

თუმცა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა ინდიელმა "ბელადმა". მის როლზე კანდიდატურის შერჩევამ ხანგრძლივი დრო წაიღო, რადგან "ბელადი" უნდა ყოფილიყო "ხესავით უზარმაზარი", ხოლო ამერიკის მკვიდრი ხალხი — ინდიელები არ გამოირჩევიან სიმაღლით. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შემხვევით აღმოაჩინეს ინდიელთა ტომის — რიკის მკვიდრი უილ სემპსონი, რომელიც მეტყევედ მუშაობდა ვაშინგტონში და მისი სიმაღლე 203 სანტიმეტრი იყო. მაგრამ სიმაღლე არაფერ შუაშია. აი, ის თამაშობს, თუ თამაშობს! ყველაფერს თვალებით ამბობს… სხვათა შორის, გადაღების დროს სემპსონი გამუდმებით კამათობდა ფორმანთან ბელადის როლის კონცეფციაზე და ბოლოს ითამაშა ისე, როგორც თვითონ უნდოდა. ფილმის დაუვიწყარ ფინალსაც ფაქტიურად ის ქმნის. როდესაც პროცედურის შემდეგ შემოჰყავთ უკვე ნიკოლსონის "არანაირი" გმირი და "ბელადი" ხვდება, რომ ასე ცხოვრება მაკმერფისთვის სიკვდილზე გაცილებით უარესია, ის თავისი ხელით ახრჩობს ალბათ მის ცხოვრებაში ერთადერთ ნამდვილ მეგობარს და ისეთი თვალები აქვს… მერე კი მიდის იმ ონკანთან, რომლის აწევაც თავის დროზე მაკმერფიმ ვერ შეძლო, ამტვრევს ფანჯარას და ხტება… მანამდე კი უკვე გარდაცვლილ მეგობარს ეუბნება სულ ერთ ფრაზას — „წავედით!“ (let's go!)

აი, ამ ადგილზე ყოველთვის ვკვდები მარკმერფივით და ვცოცხლდები თავიდან… და მეამაყება, რომ ადამიანი ვარ…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და თავისუფალ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0