რომი – ბატებმა, ხოლო პარიზი ტაქსებმა გადაარჩინეს...

CC BY 2.0 / Leonid Mamchenkov / Taxiტაქსი, არქივის ფოტო
ტაქსი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს წინასწარ გაფრთხილებთ — არ გაგიკვირდეთ, თუკი ჩვენი აივანი გადაღებილი დაგხვდებათ კვასკვასა ყვითლად და ზედ მიხატული ექნება პატარა შავ-თეთრი, ჭადრაკისებური უჯრედები… თანაც კიბეების თავზე მწვანე შუქი იციმციმებს… რადგანაც დღეს, ტაქსის და ტაქსისტების საერთაშორისო დღე გახლავთ…

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ყველას, ვინც საჭესთან არ ზის და მითუმეტეს ტაქსისტი არ არის, შემოგთავაზებთ ერთერთ ყველაზე პოპულარულ კოქტეილს — "ლონგ აილენდის ტაქსი" (Long Island Taxi), რომლის შემადგენლობაშიც შედის არაყი — 60 მლ; ჯინი — 30 მლ; ღია ფერის რომი —30 მლ. და ფორთოხლის წვენი — 60 მლ. რაც მთავარია, ყინული არ დაგავიწყდეთ…

ამ კოქტეილს კი, ბუნებრივია, შესაბამისი "ტაქსური" განწყობა ჭირდება…

ზუსტად ამ დღეს, 1907 წლიეს 22 მარტს კი, ლონდონის ნისლით დაბურულ ქუჩებში პირველად გამოვიდა მანქანები მრიცხველებით… მათ თავიდან "ტაქსომოტორი" ერქვა ("taхе" — ფრანგულად გადახდას ნიშნავს, ხოლო "metron"- ბერძულად გაზომვას), შემდეგ კი სახელწოდება "ტაქსამდე" შეამოკლეს.

გაგიკვირდებათ, მაგრამ პირველი ტაქსები იყო წითელი და წვანე ფერის. ყვითელი ფერით კი ტაქსები დააჯილდოვა ნიუ-იორკელმა ჯონ ჰირცმა. რომელიც ახალი მანქანების გაყიდვისას, თანხის გარკვეულ ნაწილს იღებდა ძველი მანქანებით, რომლებსაც შემდგომში არემონტებდა. როდესაც ჰირცს შეკეთებული და განახლებული მანქანების სოლიდური პარკი დაუგროვდა, მან ტაქსის ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა და მისი მანქანები სხვა მანქანებისგან რომ გამოერჩიათ, ერთ ფერად შეღება. რატომ ყვითლად? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ ნიუ-იორკის მაცხოვრებლებში ყველაზე პოპულარული ფერები ყოფილა წითელი და ყვითელი, მაგრამ წითელი ფერი უკვე სახანძრო მანქანებს ჰქონდათ "მითვისებული"… რაც შეეხება ტაქსზე განთავსებულ ჭადრაკისებურ შავ-თეთრ უჯრედებს, გასული საუკუნის 20-იან წლებში ისინი ამკობდნენ რბოლისათვის განკუთვნილ მანქანებს და ტაქსზე მათი გადმოტანა სწრაფ გადაადგილებასთან ასოციაციებს იწვევდა…

მინდა გითხრათ, რომ ტაქსები ყოველთვის კი არ "ტაქსაობდნენ"… მათ ისტორიაში გმირული ფურცლებიცაა ჩაწერილი…

1914 წლის შემოდგომაზე, გერმანულმა ჯარებმა გაარღვიეს ფრანგების თავდაცვა და პარიზისკენ მიიწევდნენ… აუცილებელი გახდა მათ დასახვედრად რეზერვის წინა ხაზზე წამოწევა, მაგრან ფრანგებს ტრანსპორტი არ ყოფნიდათ… მაშინ პარიზის ტაქსის მძღოლოებმა მობილიზაცია გამოაცხადეს და 1200–მა ტაქსმა 6500 ჯარისკაცი მიიყვანა მდინარე მარნას საზღვართან, რამაც ფრანგებს ბრძოლა მოაგებინა. ამის შემდეგ ამბობენ – "რომი – ბატებმა, ხოლო პარიზი ტაქსებმა გადაარჩინესო".

გარდა ამისა, ტაქსები შეიძლება კინოვარსკვლავებადაც ჩავთვალოთ, რადგანაც ტაქსისტებზე არანაკლები ფილმია გადაღებული, ვიდრე ტანკისტებზე…

ყველას გვახსოვს ტაქსისტი — სამი ნასერის შესრულებით ფრანგულ ტრილოგიაში "ტაქსი", დე ნირო – ტაქსისტის როლში მარტინ სკორსეზეს ფილმში "ტაქსისტი", ოლეგ ეფრემოვის ტაქსის მძღოლი ფილმში "Три тополя на Плющихе" და რა თქმა უნდა, განუმეორებელი კონტრაბანდისტი და ვითომ ტაქსისტი — "ლიოლიკი", ანატოლი პაპანოვის შესრულებით, ფილმში "ბრილიანტის ხელი"…

დღეისათვის, ტაქსები გადაადგილების უნივერსალური საშუალებაა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ყველგან საკუთარი —"იქაური" წესები არსებობს…

მაგალითად იაპონიაში, ტყუილად ნუ დაელოდებით და მითუმეტეს ნუ გააჩერებთ "მწვანე შუქიან" ტაქსს, რადგანაც ამომავალი მზის ქვეყანაში თავისუფალ ტაქსს, პირიქით, წითელი შუქი ამშვენებს… თანაც ტაქსის მძღოლები იმდენად თავაზიანები ბრძანდებიან, რომ ტაქსში ჩაჯდომისა და გადმოსვლისას, კარებს გიღებენ…

თუ ავსტრალიაში მოხვდებით, არ გაგიკვირდეთ, ტაქსში თივის ძლიერი სურნელი რომ იდგეს, რადგანაც ადრე, როდესაც ტაქსისტები ცხენებიანი ეკიპაჟებით მოძრაობდნენ, მათ ევალებოდათ თან ეტარებინათ თივა, ცხენს რომ არ მოშიებოდა… მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, მაგრამ კანონი არ გაუქმებულა და ამიტომ დღესაც ავსტრიელ ტაქსის მძღოლებს აუცილებლად დააქვთ მანქანით თივა…

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ტაქსებს ახატიათ ძროხები და საყვირიც შესაბამისად "მუუუს" გაიძახის…

მსოფლიოში ყველაზე ძვირი ტაქსები ლონდონშია (ცნობილი "კებები"), რომლებსაც მართავენ უმაღლესი კლასის მძღოლები. სხვათაშორის, კებებში GPS — ნავიგატორების ხმარება აკრძალულია, რადგანაც ნამდვილმა მძღოლმა ზეპირად უნდა იცოდეს ლონდონის ყველა ვიწრო ქუჩა და ჩიხიც კი… 

ყვალაზე იაფი ტაქსი კი ჩინეთშია… ამბობენ, ჩინეთში 10 დოლარად ტაქსის მძღოლი იმდენს გატარებს, რომ ბოლოს თვითონ შეეხვეწები — "გამიჩერე, ცოტა ფეხით გავივლიო"…

ტაქსის მძღოლები განსაკუთრებული ადამიანები არიან… როგორც წესი, უყვართ საუბარი, აქვთ იუმორის გრძნობაც, კარგად ერკვევიან პოლიტიკაში… პროფესიონალი ტაქსისტები კი გამოირჩევიან განსაკუთრებული წესიერებით, რადგანაც უფრთხილდებიან თავისი პროფესიის პრესტიჟს და საკუთარ რეპუტაციას… ცნობილია უამრავი მაგალითი, როდესაც ტაქსის მძღოლებს დაუბრუნებიათ მგზავრებისთვის საკმაოდ ფასეული ნივთები… მაგალითად, ნიუ-იორკელმა ტაქსისტმა პატრონს დაუბრუნა მანქანაში დარჩენილი ჩანთა ბრიალიანტებით (შეფასდა 350 ათას დოლარად). ბარსელონელმა ტაქსისტმა დააბრუნა მგზავრს სალვადორ დალის 13 ნახატი, ხოლო ათენელმა ტაქსისტმა კი სპორტსმენს დაუბრუნა ოლიმპიადის ვერცხლის მედალი, რისთვისაც ოლიმპიურმა კომიტეტმა ის დააჯილდოვა მედლით — "თავისი პროფესიის და სამშობლოს პოპულარიზაციისთვის"…

პირადად მე, მოსკოველმა ტაქსისტებმა ერთხელ დამიბრუნეს საბარგულში დარჩენილი პიჯაკი, ერთხელ – ტორტი და ერთხელაც საფულე, რომელშიც იდო თანხა, იმ წუთში ყველა ოლიმპიადის მედალს რომ მერჩივნა…

თბილისელ ტაქსის მძღოლებს რაც შეეხება, მათ სხვანაირი, თბილისური პეწი აქვთ… ძალიან მიყვარს მათთან საუბარი… ნამდვილი ფსიქოლოგები არიან და მშვენივრად გრძნობენ ადამიანის განწყობას… თანაც, ძველი თაობის მძღოლებმა, როგორც წესი რამდენიმე ენაც იციან…

თბილისელი ტაქსისტები
თბილისელი ტაქსისტები   - Sputnik საქართველო
თბილისელი ტაქსისტები

ახლა თბილისში უამრავი ტაქსია, მაგრამ მახსოვს ადრე, ჩემს ბავშვობაში, მამა თბილისის ტაქსისტების უდიდეს ნაწილს იცნობდა სახელებით და ოჯახის მოკითხვებითაც…

ბოლოს კი მინდა მოგიყვეთ ერთი ძალიან თბილისური ამბავი…

ერთხელ თბილისში წვიმდა და ჩემი მამიკო უნდა ასულიყო ძმაკაცთან ოპერის პირდაპირ აღმართზე და ტაქსი დაიჭირა… გზაში დაინახა, ვიღაც მოხუცი ქალი ამ წვიმაში ძლივს ამოდიოდა… მძღოლს მანქანა გააჩერებინა და ის ქალბატონი ააყვანინა სახლამდე, რა თქმა უნდა, დაპატიჟა… მერე თავად რომ ადგილამდე მივიდა, ტაქსის მძღოლს, სულ ახალგაზრდა სომეხ ბიჭს დაჭმუჭნული სამმანეთიანი რომ მიაწოდა და იმ ბიჭმა ასე უთხრა — "შენ თუ თბილისელი ხარ, მეც თბილისელი ვარო" და ფული არ გამოართვა…

იმაში, რომ ტაქსი ჯობია საქალაქო ტრანსპორტის სხვა საშუალებებს. სავარაუდოდ, არავინ შემეკამათება, ჩემი შვილიშვილის გარდა, რომელსაც მეტრო ურჩევნია… უდიდეს პატივს ვცემ ავტობუსებსაც, ტროლეიბუსებსაც და ტრამვაისაც, მაგრამ ყოველთვის, მათი ფანჯრებიდან ტაქსს რომ დავინახავ ხოლმე, მასში მჯდარ მგზავრებს სევდიანად ვაყოლებ თვალს…

დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დრო, როდესაც ყველა ადამიანს ექნება გადაადგილების საკუთარი, თანაც საფრენი მოწყობილობა… მანამდე კი, მინდა თქვენთან ერთად ჩავიფიქრო, რომ ყველას ყოველთვის გვქონდეს ტაქსში დაუფიქრებლად ჩახტომის საშუალება… თანაც ტაქსები იყოს თანამედროვე, სწრაფი, კეთილმოწყობილი და რაც მთავარია — თავისუფალი…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და მწვანე შუქიან დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0