პულჩინელა, პოლიშინელი და კარაბას-ბარაბასი

© photo: Sputnik / Vladimir Fedarenko / გადასვლა მედიაბანკშირეზო გაბრიაძის სპექტაკლი "რამონა"
რეზო გაბრიაძის სპექტაკლი რამონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ცოტა ნოსტალგიური, მაგრამ სასიამოვნო ატმოსფერო ტრიალებს და სუფევს, რადგან ჩვენ გავიხსენებთ ადამიანის ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს — ჩვენს ბავშვობას, როდესაც უფროსები რაღაცას გვიშლიდნენ, როდესაც რაღაცაზე სიყვარულით გვიბრაზდებოდნენ, როცა დედაც და მამაც, ბებიაც და ბაბუაც გვერდით გვყავდა, ჩვენ კი რატომღაც დიდობაზე ვოცნებობდით…

დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს თავისი საყვარელი სათამაშოები — ზოგს დედოფალები უყვარდა, ზოგს დათუნიები და ვეფხვები, ზოგს მანქანები და პისტოლეტები, ზოგი კი რაღაცას აშენებდა კუბიკებით… მაგრამ ერთი ცხადია — გვჯეროდა იმის, რომ ჩვენს სათამაშოებს ზოგჯერ უფროსებზეც კარგად ესმით ჩვენი და ღამ-ღამობით იღვიძებენ ხოლმე.

შუადღეზე კი ჩვენ ვაღვიძებდით, ვესაუბრებოდით, ვეთამაშებოდით და ვმეგობრობდით მათთან.

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ბავშვური აღფრთოვანება, როდესაც დედიკომ პირველად თოჯინების თეატრში წამიყვანა. მაშინ დავრწმუნდი, რომ კი არ მეჩვენებოდა, თოჯინები მართლა ადამიანებივით დადიან, მღერიან და ცხოვრობენ.

დღეს კი, 21 მარტს თოჯინების თეატრების საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს ზეიმობენ 2003 წლიდან იუნესკოსთან არსებული თოჯინების თეატრების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის UNIMA (Union Internationale de la Marionnette) გადაწყვეტილებით.

ჩემ ბავშვობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა შესანიშნავი ხელოვანის სერგეი ობრაზცოვის თეატრი. ალბათ ბევრს აქვს ნანახი მისი შეუდარებელი წარმოდგენა "არაჩვეულებრივი კონცერტი", რომელიც მიჰყავდა თოჯინა–კონფერანსიე „ედუარდ აპლომბოვს“ და რომელსაც ბავშვებზე არანაკლები სიამოვნებით უყურებდნენ მშობლები, რადგან გამსჭვალული იყო საოცარი სითბოთი და იუმორით…

თოჯინების თეატრს ახალი და განსხვავებული თვალით მაშინ შევხედე, როდესაც დავიწყე სიარული საოცარი, სრულიად უნიკალური და უნივერსალური კაცის — ბატონი რეზო გაბრიაძის თეატრში, სადაც საერთოდ იმის ილუზიაც კი არ მიჩნდებოდა, რომ სცენაზე თოჯინები იყვნენ. ზუსტად ისევე განვიცდიდი იქ დატრიალებულ "თოჯინურ ამბებს", როგორც მსახიობების თამაშს. მიტირია კიდევაც ბატონი რეზოს ხელით გამოთლილ მარიონეტებთან ერთად, მათ სიხარულსა თუ გულისტკივილზე.

თოჯინების თეატრს უდიდესი ტრადიციები და ისტორია გააჩნია. თოჯინების მმართველი მსახიობების პროფესია გაჩნდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში. რიტუალური მისტერიების დროს ქალები "აცოცხლებდნენ" ოსირისის თოჯინას. მოძრავი თოჯინები ნახსენებია არსიტოტელეს, ჰორაციოს, მარკუს ავრელიუსის ნაწარმოებებში. მაგრამ თოჯინების თეატრის ხელოვნება ძველ საბერძნეთსა და რომში ზღვიდან შემოიჭრა, როდესაც ჩამოვიდნენ მსახიობები ძველი ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

თოჯინების უამრავი სახეობა არსებობს — მარიონეტები, რომლებიც მოძრაობენ ძაფების ან ხის ჯოხების მეშვეობით, ხელთათმანივით ჩამოსაცმელი თოჯინები, საპლანშეტო თოჯინები, რომელსაც შეუძლიათ სცენის პლანშეტზე სიარული, ჩრდილების თეატრის თოჯინები, რომლებიც ბრტყელი ფორმისაა და ჩრდილს ტოვებენ სპეციალურ ეკრანზე და ბევრი სხვა.

ყველა ქვეყანაში თეატრის თოჯინების საკუთარი ტრადიცია და სტილი არსებობს, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში ეწყობოდა თოჯინების თეატრის წარმოდგენები, სადაც თოჯინები ინდიელების წინაპრებს ასახიერებდნენ და ყველა მათგანს მკერდზე პატარა ფანჯარა ჰქონდა მიმაგრებული, რომელშიც შეგეძლო ჩახედვა და სულის დანახვა.

ხომ გაგიგიათ გამოთქმა "პოლიშინელის საიდუმლოება"? თურმე ესეც თოჯინების თეატრიდან არის წამოსული. "პოლიშინელი" — საფრანგეთის თოჯინების თეატრის წამყვანი პერსონაჟია, რუსული "პეტრუშკას" წინაპარი და მისი, როგორც "მსახიობის" მთავარი დამახასიათებელი თვისება ის იყო, რომ მისთვის სცენარი წინასწარ არ იწერებოდა და კაცმა არ იცოდა, რა ექსპრომტს გამოაცხობდა ეს თოჯინა.

ინდონეზიურ თოჯინების თეატრ "ვაიანგში" თოჯინები ორმხრივია. ასევე ორ ნაწილად არის დაყოფილი აუდიტორიაც — ქალებად და მამაკაცებად. მამაკაცები ხედავენ თოჯინებს, ქალები კი აქაც იჩაგრებიან და კმაყოფილდებიან მხოლოდ ამ თოჯინების ჩრდილების თამაშით.

ვიეტნამში კი XI საუკუნიდან არსებობს თოჯინების თეატრი წყალზე, რომლითაც გლეხები, როგორც წესი, ერთობოდნენ წყალდიდობის დროს. ამ თეატრში თოჯინები ხის მასალისგანაა დამზადებული და ლაკითაა დაფარული. წარმოდგენები კი იმართება მცირე სიღრმის აუზებში, სადაც თოჯინები წყლის ზედაპირზე მოძრაობენ.

ასევე ძალიან განსხვავებულია ჩინური თოჯინების თეატრი, სადაც თოჯინები თავის ზემოთ დააქვთ და ისინი საკმაოდ დიდი ზომის არიან.

მსოფლიოში განთქმულია თოჯინების წამყვანი — ავსტრალიელი რიჩარდ ბრედშოუ, რომლის თოჯინების თეატრიც მეტად საინტერესო და ორიგინალურია.

სიცილიაში კი თურმე დღემდე მუშაობს თეატრი, რომელშიც თოჯინების წარმოდგენა გრძელდება მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში და სიცილიელები ისევე ადევნებენ თვალს და ერთმანეთს უყვებიან გამოტოვებულ ადგილებს, როგორც ჩვენ პოპულარულ სერიალებს.

ამიტომაც ჩვენც "სიცილიური" რომ არ დაგვემართოს და ზედმეტად რომ არ გაგვიგრძელდეს, ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ ადამიანისა და თოჯინის დუეტი, შესანიშნავი ტეხასელი ჯეფ დუნამის შესრულებით.

მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ თოჯინებსაც ჯეფი ახმოვანებს, მაგრამ ისე ოსტატურად, რომ თქვენ ამას ვერც დაინახავთ და ვერც წარმოიდგენთ.

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და თოჯინებივით გულწრფელ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0