წამწამსა და წამწამს შუა...

© courtesy of Tamar Pataraiaეცადეთ მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ ინდივიდუალური ფუნჯები და ღრულბები იხმაროთ.
ეცადეთ მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ ინდივიდუალური ფუნჯები და ღრულბები იხმაროთ. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღევანდელი მშვენიერი დღე მინდა დავიწყო ერთი პატარა ექსპერიმენტით — ჩვენს აივანზე მყოფ ყველა ქალბატონს გთხოვთ, არ დაიზაროთ და ჩაიხედეთ თქვენს დახვეწილ და ელეგანტურ ხელჩანთებში… დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობას აუცილებლად ჩაგდებული ექნება შიგნით პატარა „კოსმეტიჩკა“, რომლის გახსნისას, პირველ რიგში შევამჩნევთ ტუშს წამწამებისთვის…  ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგანაც არსებული სტატისტიკით, ქალბატონების 80%, პროფესიის მიუხედავად,  თან ატარებს კოსომეტიკის ამ ერთ-ერთ ძირითად საშუალებას…

დღეს კი, ჩვენი ისედაც ლამაზი წამწამების კიდევ უფრო დასაგრძელებელ და გასაფუებელ ატრუბუტს ზუსტად 100 წელი შეუსრულდა… ანუ, ის „დაიბადა“ 1917 წლის 16 მარტს…

პირველ რიგში, განწყობისთვის, მინდა შემოგთავაზოთ სიმღერა „წამწამები“, ცნობილი ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის და პროდიუსერის, მომხიბვლელი ტორი კელის შესრულებით, რომელსაც მართლა ძალიან ლამაზი წამწამები ამშვენებს…

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ სპეციალისტების შეფასებით, წამწამებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ქალის მომხიბვლელობაში… ბევრმა არ იცის, რომ ელიზაბეტ ტეილორის თვალების ეშხის ძალა, რომელიც ყველა მამაკაცს ატვევებდა,  მხოლოდ მათ იასამნისფერ ფერში არ იყო… მას თვალების ირგვლივ წამწამები ჩვეულებრივად ერთ რიგად კი არა, ორ რიგად ჰქონია განლაგებული…

ტუშის შექნას კი უნდა ვუმადლოდეთ ერთ-ერთ ახალგაზრდა ამერიკელ ქალბატონს, ქერათმიან მეიბელ უილიამსს, რომლის ძმა გახლდათ ცნობილი ფარმაცევტი — ტერი უილიამსი… მეიბელს თურმე, ძალიან უფერული წამწამები ჰქონიადა ერთხელაც… მისმა ძმამ შეამჩნია, რომ მათ დასაგრძელებლად და გასამუქებლად, მეიბელი ხმარობდა ვაზელინში არეულ ნახშირის მტვერს, რომელსაც შემდგომ წამწამებზე  იწებებდა… ტერის, სავარაუდოდ ძალიან უყვარდა თავისი და… ამიტომაც  გადაწყვიტა დახმარებოდა… მან ნაწილობრივ  მის მიერ გამოგონილი რეცეპტი გამოიყენა და საკუთარ ლაბორატორიაში შექმნა ხსნარი, რომელსაც პირველად დაარქვა «Lash-Brow-Ine» (წამწამ-წარბებისთვის“), მაგრამ სულ მალე მიხვდა, რომ ასეთი სახელოდება მყიდველებს შეაშინებდა და უწოდა — «Maybelline» (მისი დის- მეიბელისა და ვაზელინის პატივისცემით). იგივე სახელწოდება მისცა მან თავის ახალ კომპანიასაც და დაიწყო კოსმეტიკური საშუალებების გამოშვება.

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ მეიბელი, ახალი ტუშის გამოგონების ემდეგ, სულ მოკლე ხანში გათხოვდა კიდეც…

პირველი ტუში იყო მშრალი, პატარა მრავალკუთხედის ფორმის და მისი წასმა წამწამებზე ხდებოდა სპეციალური ფუნჯის საშუალებით. შემდგომში ფუნჯი პატარა ჯაგრისმა შეცვალა… მე მაგალითად ეს კარგად მახსოვს და ხშირად მომიპარია კიდევაც დედიკოს ჩანთიდან, ისევე, როგორც პომადა…

ბუნებრივია, კითხვაც დაგებადებათ, 1917 წლამდე რას შვრებოდნენ ქალბატონები წამწამების ასაპრეხად და თვალებისთვის განსაკუთრებული ხიბლის მინიჭებისთვის? ქალები აბა, რისი ქალები არიან, რამე რომ არ მოეფიქრებინათ…

თვალების გასალამაზებელი საშუალების, ანუ  ტუშის წინაპარი გაჩნდა ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში… სხვათა შორის, მას შესანიშნავად ხმარობდნენ მამაკაცებიც, მათ შორის ფარაონები…  მის შემადგენლობაში შედიოდა თაფლი, ფერფლი, ზეთები, ნახირის მტვერი და ნიანგის (უკაცრავად)  ექსკრემენტებიც კი… წამწამებზე ეს ხსნარი ისმებოდა თითების ან სპილოს ძვლისგან სპეციალურად გამოთლილი ჯოხების საშუალებით…

შემდეგ ამ რეცეპტმა გადაინაცვლა ძველ საბერძნეთში… ძველ რომში, ხსნარის მდგრადობის გასაძლიერებლად, შემადგენლობას ამატებდნენ წყალში გახსნილ ტყვიის ნათალს, რაც ხშირად სიბრმავესაც კი იწვევდა… საბედნიეროდ, რომის იმპერიის დაშლასთან ერთად, ეს რეცეპტიც წარსულს ჩაბარდა…

მე-19 საუკუნის შუა წლებში  ინგლისელმა ვაჭარმა, იუჯინ რიმელმა შექმნა ტუშის ახალი რეცეპტი, მაგრამ თავიდან მის გამოგონებას იგნორირებას უკეთებდნენ ფრანგი კურტიზანი ქალებიც კი, რომელთა მთავარი სიმდიდრესა და ქონებას, სწორედ სილამაზე წარმოადგენდა… ისინი პირველობას ანიჭებდნენ თვალების ქვეშ მუქი ხაზების დახატვას… მაგრამ ბოლოს რიმელის ტუში იმდენად პოპულარული გახდა, რომ იტალიურ, ჰოლანდიურ, ესპანურ, პორტუგალურ და თურქულ ენებში ის ჟღერს როგორც მისი გვარი — „რიმელი“…

მოდელები პოდიუმზე გასასვლელად ემზადებიან
მოდელები პოდიუმზე გასასვლელად ემზადებიან - Sputnik საქართველო
მოდელები პოდიუმზე გასასვლელად ემზადებიან

ტუშმა ევოლუციის ხანგრძლივი ეტაპი გაიარა… ცნობილმა „მაქს ფაქტორმა“ მას დაუმატა ე.წ. კარნაუბის ცვილი, რის შედეგადაც მან ბრწყინვალებაც მოიპოვა…

1938 წელს ელენ რუბინშტეინმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი წყალგამძლე ტუში, თუმცა ამისთვის მას დაუმატა სკიპიდარი და როდესაც ქალები გაბედულად იწყებდნენ ტირილს (რადგანაც ტუში წყალგამძლე იყო), მამაკაცები განსაკუთრებით აქტიურად  გარბოდნენ მათგან, რადგანაც ძალიან მძაფრი სურნელი დგებოდა… თუმცა ელენ რუბინშტეინმა საკუთარი თავის სრული რეაბილიტაცია შეძლო, როდესაც გამოუშვა წამწამების ასაპრეხი მრგვლი ჯაგრისი, რომელსაც დღესაც ყველა ქალბატონი იყენებს…

1960 წელს ფირმა „REVLON”-მა გამოუშვა პირველი ფერადი (ლურჯი ფერის) ტუში, ხოლო შემდგომში Max Factor-მა ფერთა პალიტრას დაამატა მწვანე, ოქროსფერი და ლავანდისფერი…

სხვათაშორის, დღეისათვის, პოპულარობის რეიტინგში პირველ ადგილს მაინც არავის უთმობს შავი ფერის ტუში, მეორე ადგილზე კი — ყავისფერია…

ბოლოს კი მინდა ერთი საიდუმლო რეცეპტი გაგანდოთ… ტუში ტუშად, მაგრამ მის წასასმელად ლამაზი წამწამებიც ხომ უნდა შევინარჩუნოთ… თუმცა, მე ასე ვფიქრობ, რომ ჩვენს საყვარელ მამაკაცებს ისედაც ვუყვარვართ…  ამიტომ მოკრძალებულად ვითხოვ, სანამ ჩვენ თქვენთვის ვცდილობთ, იქნებ ქართულ ენაში შემოიტანონ ტუშის განმსაზღვრელი ახალი ლამაზი ქართული ჟღერადობის სიტყვა… მაგალითად წამწამურა… ან სახამხამებელა…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0