ოთხშაბათი მენდელსონის მარშის ფონზე...

რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი
რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანებულებს აუცილებლად სადღესასწაულო განწყობა შეგექმნებათ, რადგან შესანიშნავი გაზაფხულის ფონზე სტუმრად მოვიწვიეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და ცნობილი წყვილი, რომლის სიყვარულზე, უსასრულო დაშორებებსა და შერიგებებზე უამრავს საუბრობდნენ და ჭორაობდნენ, ჰოლივუდის ვარსკვლავები — ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი. მათ ზუსტად ამ დღეს, 1964 წლის 15 მარტს იქორწინეს… პირველად. არ გაგიკვირდეთ, რადგან მათ მეორედაც იქორწინეს 1975 წელს. ამ დღეს ელიზაბეტს ეცვა კლეოპატრას ის კაბა, რომელშიც პირველად გამოვიდა გადასაღებ მოედანზე და ბარტონი საბოლოოდ განგმირა.

მათ ძალიან არაერთგვაროვანი ურთიერთობები ჰქონდათ, მაგრამ ისინი იმ დღეს, 53 წლის წინ ნამდვილად ბედნიერები იყვნენ, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნეს ეს სიყვარული და ორივე ამბობდა, რომ მათი ბოლომდე ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ზედმეტად უყვარდათ ერთმანეთი…

© Biography.comლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ "კლეოპატრას" გადაღებებისას
ლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ კლეოპატრას გადაღებებისას - Sputnik საქართველო
ლიზ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი ფილმ "კლეოპატრას" გადაღებებისას

ამიტომაც ეს დღე, ანუ უცნაური ქორწილის დღე და ერთგავარი „რეპეტიცია“ განმეორებითი ქორწინებისთვის შევარჩიე იმისთვის, რათა მოგიყვეთ საინტერესო და უცნაური ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენასთან – ქორწილთან…

რა თქმა უნდა, დავიწყებ მენდელსონის ცნობილი „საქორწინო მარშით“.

საერთოდ, მიღებულია მისი შესრულება ორღანის თანხლებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ აივანზე მისი განთავსება ცოტა რთული აღმოჩნდა და ამიტომაც დღეს კლასიკური გიტარა ვარჩიე:

მინდა მოგახსენოთ, რომ კომპოზიტორმა ეს მელოდია 1842 წელს შექმნა პიესისთვის „სიზმარი მთვარიან ღამეში“. როგორც საქორწინო მარში ის პირველად აჟღერდა 1847 წლის 2 ივნისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტილერტონის წმინდა პავლეს ეკლესიაში დოროტი კარიუს და ტომ დენიელის ჯვრისწერის დროს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილ საქორწინო მელოდიად კი იქცა 1858 წლის 25 იანვარს, როდესაც შესრულებულ იქნა პრინცესა ვიქტორიასა და პრუსიის კრონპრინც ფრიდრიხის ქორწილში. ორღანი კი, რომელზეც მენდელსონი ამ ვალსს ასრულებდა, დღესაც დგას ლონდონის წმინდა ანას ეკლესიაში.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს - Sputnik საქართველო
მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი ქორწინების დღეს

ახლა კი ცოტა რამ ქორწილის ცერმონიაზე… რა თქმა უნდა, ყველას უნდა, რომ ამ დღეს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდეს და  რომ ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდეს.

ბევრი ამბობს — რა საჭიროა გამომწვევად მდიდრული ქორწილები, ამხელა ხარჯები და რომ ეს სულაც არ არის მთავარი.

მე კი მგონია, რომ ამ დღის გალამაზება აუცილებელი თუ არა, სასურველი მაინც არის. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ზომა აქვს და ისეთი ქორწილის გადახდა, რომ მერე ახლადდაქორწინებულები და მათი ოჯახის წევრები წელში ვეღარ გაიმართონ, ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, რომ მარტო ნეფე-დედოფალი და 4 მეჯვარე ჩუმად გაიპარონ მმაჩის ბიუროში.

მოკლედ, რისი საშუალებაც აქვს ადამიანს, ისე უნდა იმოქმედოს. ხოლო თუ საშუალება ჩვენს სურვილებს არ ემთხვევა, ფანტაზია უნდა ჩავრთოთ, სხვა რა გზა გვაქვს?

დღეისათვის ყველაზე მდიდრულ ქორწილად მსოფლიოში აღიარებულია 1981 წელს ინდოეთის ფოლადის მაგნატის ქალიშვილის ვანიში მიტალის და მდიდარი ბანკირის ამიტა ბხატიას ქორწილი, რომელზეც დაიხარჯა 78 მილიონი აშშ დოლარი. ქორწილი ჩატარდა პარიზის გარეუბანში მდებარე ძველ კოშკში და ლუვრის რამდენიმე პარკის ტერიტორიაზე. სტუმრებმა ქორწილში მიირთვეს 1.5 მილიონი დოლარის შამპანური და 6 ათასი დასახელების კერძი. ვეგეტარიანელებისთვის განსაკუთრებული მენიუც კი იყო გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ სიმდიდრის მიხედვით მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთის პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილი, რომელიც მათ 2011 წელს გადაიხადეს და სულ რაღაც 34 მილიონი დოლარი დაუჯდათ.

© ria.ruინგლისის პრინც უილიამის ქორწილი
ინგლისის პრინც უილიამის ქორწილი - Sputnik საქართველო
ინგლისის პრინც უილიამის ქორწილი

ვისაც ასეთი შესაძლებლობები არა აქვს და მაინც უნდა რაღაც განსაკუთრებული გამოიგონოს, აწყობენ ე.წ. ორიგინალურ ქორწილებს. მაგალითად, წყლის ქვეშ, პარაშუტებით გადმოხტომისას, ისლანდიის ყინულიან ველებზე, ხელოვნური უწონადობის პირობებში, გახდილ მდგომარეობაში, ეგზოტიკურ კუნძულებზე ტურისტული ტურის დროს და ა.შ.

განსაკუთრებით ექსცენტრული ადამიანები კი ქორწინდებიან, მაგალითად, დელფინზე… დელფინებს კიდევ რა უჭირთ, ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ქორწილად მსოფლიოში მიჩნეულია ამერიკელი ქალბატონის ერიკა ეიფელის 2007 წელს გაფორმებული ქორწილი. ვისაც საკმარისი ფანტაზია გაქვთ, შესაძლებელია, ჩემ განმარტებამდეც მიხვდეთ მისი გვარის მიხედვით, რომ ის ცოლად გაჰყვა ეიფელის კოშკს, რომელიც, მისი თქმით, პირველივე დანახვით შეუყვარდა.  

ახლა კი მინდა გადავიდე ჩვენი სიყვარულის ობიექტებზე. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ შემთხვევაში, დღეს მინდა ასე ვიფიქრო, ქორწინება ხდება სიყვარულის საფუძველზე. ასე უნდა ხდებოდეს, რადგან ადამიანი თუ არ გიყვარს, მასთან ცხოვრების გატარება ტანჯვაა, რომელსაც ვერ აანაზღაურებს ვერავითარი გარიგების პირობები.

CC BY 2.0 / Flickr/ Chilanga Cement / ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება
ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება - Sputnik საქართველო
ბედნიერება ქორწინებაში რამდენიმე ათწლეული თანაცხოვრების შემდეგ დგება

და კიდევ არსებობს ერთი განსაკუთრებული მოვლენა — ეს არის ორი ადამიანის კავშირი, რომელზეც ამბობენ — ზეცაში გადაწყდაო… ამის ბევრი მაგალითი არსებობს და ჩვენ გვერდითაც კი. შეხედავ უკვე ასაკში შესულ წყვილს და გული გითბება, რადგან ხედავ, რომ ისინი ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად არიან ბედნიერები მხოლოდ იმით, რომ ერთად არიან. ერთად არიან კი იმის გამო, რომ ნამდვილმა სიყვარულმა არც ასაკი იცის, არც სოციალური მდგომარეობა და არც უკან დახევა.

© ლიზა შელიასიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი
სიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი - Sputnik საქართველო
სიღნაღში ქორწინების რეგისტრირება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი

ისტორიაში ცნობილია ფაქტები, როდესაც სამეფო სისხლის ადამიანებს დაუტოვებიათ ყველაფერი და დაქორწინებულან საყვარელ ადამიანებზე. ამის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია დიდი ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, რომელმაც ცოლად მოიყვანა ორჯერ განათხოვარი უოლის სიმპსონი და უარი განაცხადა ქვეყნის მართვაზე. სწორედ ამიტომაც დღეს დიდი ბრიტანეთის დედოფალია ელისაბედ II, პრინცმა ედუარდმა კი განაცხადა – იმასთან შედარებით, რაც მე მივიღე, უარი ძალიან ცოტაზე მითქვამსო.

დღეს ბევრი იხდის ხოლმე ქორწინების წლისთავებს. ეს ტრადიცია თურმე შუა საუკუნეების გერმანიიდან არის შემოსული. ქორწილის დღეს სუფრა იშლებოდა მხოლოდ ახლო ნათესავებისთვის. ორ კვირაში — ახლო მეგობრებისთვის, ერთ წელიწადში — ნაცნობებისთვის, ხოლო ორ წელიწადში — ახლად შეძენილი მეგობრებისა და შორეული ნათესავებისთვის. დღეს გერმანიაში, ინგლისში და სხვა სახელმწიფოებში ყოველ ერთად გატარებულ წელს თავისი სახელწოდება გააჩნია. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმეს შემოგთავაზებთ:

ქორწინების 1 წლისთავი — „ჩითის“

7 წლისთავი (მეცნიერების აზრით, ქორწინებაში გარდამტეხი) — „შალის“

13 წლისთავი — „შროშანის“

25 წლისთავი — „ვერცხლის“

50 წლისთავი — „ოქროსი“

70 წლისთავი — „პლატინის“

100 წლისთავი — „ცის“

ხომ ხედავთ, ადრე რა მტკიცე ქორწინებები იყო. ახლა, სამწუხაროდ, ზოგიერთი წყვილისთვის თვეების მიხედვით უნდა მოიგონო სახელწოდებები.

ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ შესანიშნავი საქორწინო კლიპი:

გისურვებთ ბედნიერ დღეს თქვენს მეორე ნახევრებთან ერთად, ან მეორე ნახევრების აუცილებლად პოვნას!

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0