მე გადავიტანე ორი ომი, ორი ცოლი და ჰიტლერი…

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიალბერტ ეინშტეინი, ფარდობითობის თეორიის შემქმნელი
ალბერტ ეინშტეინი, ფარდობითობის თეორიის შემქმნელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი ნამეტანი სერიოზულად არის განწყობილი, დაფიქრებულია და თავშეკავებული, რადგანაც ჩვენ ვმასპინძლობთ უდიდეს მეცნიერს, თანამედროვე თეორიული ფიზიკის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატს, მსოფლიოს 20 წამყვანი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორს, მრავალი მეცნიერებათა აკადემიის წევრს, 300 მეცნიერული ნაშრომის, 150 წიგნის და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თეორიის ავტორს — ალბერტ აინშტაინს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1879 წლის 14 მარტს გერმანიის ქალაქ ულმში. 

მართალი რომ გითხრათ, ჩვენი აივანი სულ ტყუილად დასერიოზულდა, რადგან ალბერტ აინშტაინი სულაც არ ჰგავდა მისი კოლეგების უმრავლესობას. ის არასდროს არ იყო მოსაწყენი, პირიქით, საოცრად აქტიური და ხიბლიანი ადამიანი გახლდათ, გააჩნდა საოცარი იუმორის გრძნობა, უკრავდა ვიოლინოზე, უზომოდ ბევრს ეწეოდა, გიჟდებოდა არეულობასა და ქაოსზე, რომელიც მის საკუთარ მაგიდაზე სუფევდა და ამბობდა: „თუ არეულობა მაგიდაზე თავში არეულობას ნიშნავს, მაშინ რაღას უნდა ნიშნავდეს ცარიელი მაგიდა?“

აინშტაინი საოცრად ხალისიანი კაცი იყო, კეთილმოსურნე, ცხოვრების მოყვარული. ალბათ ყველას გახსოვთ მისი ყველაზე ცნობილი სურათი, სადაც ენა აქვს გამოყოფილი. ეს სურათი მან გადაიღო დაბადების დღეზე, როდესაც 72 წელი შეუსრულდა. მას მობეზრდა ფოტოგრაფის მუდმივი შენიშვნები, დაუსრულებელი თხოვნები გაღიმებასთან დაკავშირებით და ბოლოს ფოტოგრაფს ენა გამოუყო.

© angel.geალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი - Sputnik საქართველო
ალბერტ აინშტაინი

ზოგჯერ ასე მგონია, რომ იუმორის გრძნობა ალბერტს ბავშვობიდან გააჩნდა და სპეციალურად აშინებდა საკუთარ მშობლებს, რადგან 4 წლამდე ხმა არ ამოუღია. შემდეგ კი ლაპარაკი დაიწყო შენელებულად და მშობლებს სერიოზული ეჭვიც გაუჩნდათ მისი გონებრივი შესაძლებლობების თაობაზე. ის არც სკოლაში გამოირჩეოდა განსაკუთრებული მიღწევებით. მასწავლებლების შეფასებით, მისგან არაფერი არ გამოვიდოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, აინშტაინი ვუნდერკინდი ნამდვილად არ ყოფილა. ან, იყო და მალავდა. მას არ აუღია გიმნაზიის დასრულების ატესტატი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მართალია მეორე ცდით, მაგრამ მაინც ჩააბარა ციურიხის პოლიტექნიკურ სასწავლებელში. სტუდენტობის დროს ის ხშირად აცდენდა ლექციებს და ამჯობინებდა პატარა კაფეში განმარტოებას, სადაც ეცნობოდა ბოლო სამეცნიერო კვლევებს.

დიპლომის მიღების შემდეგ აინშტაინმა მუშაობა დაიწყო ექსპერტად საპატენტო ბიუროში და, აი, აქ კი უკვე შეამჩნიეს, რომ ნებისმიერი გამოგონების ტექნიკური მონაცემების აღწერისთვის მას, სხვებისგან განსხვავებით, სულ 10 წუთი სჭირდებოდა. ამიტომაც რჩებოდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ საკუთარი თეორიები შეექმნა.

მას გააჩნდა აზროვნების საკუთარი მეთოდი — ის არჩევდა ესთეტიკური თვალსაზრისით დაუხვეწავ და დისჰარმონიულ იდეებს, შემდეგ პოულობდა პრინციპს, რომელიც ამ იდეებს ჰარმონიაში მოიყვანდა და აკეთებდა პროგნოზებს — თუ როგორ მოიქცევიან ფიზიკური სხეულები ამ შემთხვევაში. ანუ, მას გააჩნდა ნიჭი შეეხედა პრობლემისთვის „გარედან“ და, შესაბამისად, შეეძლო სიტუაციიდან არაორდინალური გამოსავალი მოეძებნა.

როდესაც ჩიხში შედიოდა და რაღაც არ გამოსდიოდა, აინშტაინი იღებდა ვიოლინოს და უკრავდა მოცარტს. თავად ამბობდა, რომ ამ დროს მას უეცრად თავში სწორი გადაწყვეტილება მოსდიოდა.

მე და თქვენ, სავარაუდოდ, აინშტაინის თეორიებში ვერ გავერკვევით, ამიტომ მინდა ცოტა რამ მოგიყვეთ მის შესახებ, რაც მას, როგორც მართლა არაორდინალურ პიროვნებას ახასიათებს.

CC0 / Pixabay / ParentRap / ალბერტ აინშტაინი
ალბერტ აინშტაინი - Sputnik საქართველო
ალბერტ აინშტაინი

მას ძალიან არ უყვარდა სპორტის არც ერთი სახეობა ცურვის გარდა. ცურვაც იმიტომ უყვარდა, რომ კარგად ცურავდა და ცურვის დროს ისვენებდა. ვერ იტანდა ფანტასტიკას.

იყო ძალიან თავმდაბალი, არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც მას ქუჩაში ავტოგრაფისთვის აჩერებდნენ, ამბობდა ხოლმე — „ბოდიშს ვიხდი, მაპატიეთ, მე ყოველთვის ვერევი აინშტაინში“. თუმცა მან შემდგომში ამ სიტუაციიდანაც მონახა გამოსავალი და ავტოგრაფში 1 დოლარს იღებდა, შეგროვილ თანხას კი ქველმოქმედებაზე ხარჯავდა.

თავისი უზომო ნიჭის მიუხედავად აინშტაინი დაბნეული იყო, ავიწყდებოდა ყველაფერი, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი არ იყო. კოკისპირულ წვიმაში დადიოდა უქოლგოდ, შეეძლო სხვადასხვა წინდა ჩაეცვა, ბოლოს კი განაცხადა, რომ ის ახალგაზრდობაში მიხვდა, რომ ცერა თითი ყოველთვის მთავრდება ნახვრეტით წინდაზე და ასე დაანება თავი წინდების ჩაცმას. 

1952 წელს, როდესაც ისრაელის პირველი პრეზიდენტი ჰაიმ ვეიცმანი გარდაიცვალა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აინშტაინს პრეზიდენტობა შესთავაზა, რაზეც გენიალურმა მეცნიერმა უპასუხა – ვშიშობ, რომ არ მაქვს პოლიტიკოსებთან ურთიერთობის და სახელმწიფოს სწორი მართვის ბუნებრივი ნიჭი და გამოცდილებაო.

აღსანიშნავია, რომ საოცრად ნიჭიერი და ენამახვილი აინშტაინი ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქალებში. მისი ბიოგრაფების ინფორმაციით, ორი მეუღლის გარდა, ცნობილია მისი მინიმუმ 6 სერიოზული რომანის და უამრავი სასიყვარულო ისტორიის შესახებ.

საინტერესოა, რომ როდესაც ალბერტმა პირველი მეუღლე მილევა მარიჩი მოიყვანა ცოლად, ის უზომოდ შეყვარებული იყო მასზე, მაგრამ როგორც კი ის მისი ოფიციალური მეუღლე გახდა, ჩამოუწერა საკმაოდ გრძელი სია იმ ვალდებულებებისა, რომლებიც მას უნდა შეესრულებინა.

მათ შორის იყო ძალიან უცნაური მოთხოვნებიც, მაგალითად, მეუღლეს უნდა დაეტოვებინა აინშტაინის საძინებელი და კაბინეტი მაშინვე, როგორც კი ალბერტი ამის შესახებ ითხოვდა და არ მოეთხოვა ქმრისგან გრძნობების ზედმეტი გამოვლენა. მილევა დათანხმდა ამ პირობებზე. სავარაუდოდ, მას უყვარდა ეს უცნაური და გენიალური კაცი და გახდა სამაგალითო მეუღლე და ალბერტის თანაშემწე.

აინშტაინი გარდაიცვალა 76 წლის ასაკში. ამბობენ, რომ მას გადაარჩენდა სასწრაფო ოპერაცია, მაგრამ მეცნიერმა ამაზე უარი განაცხადა. მან თქვა: „მე მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ამას ჩემი ორგანიზმი მომთხოვს. ხელოვნური გზით ცხოვრების გაგრძელება, ჩემი აზრით, ცუდი გემოვნების ნიშანია. ეს არის ჩემი ბედი და ჩემი წასვლის დრო. მე გავაკეთებ ამას ელეგანტურად“…

მისმა მომვლელმა ქალმა, მის როზსეოლმა გერმანული არ იცოდა და ამიტომ ვერ გაარჩია ალბერტ აინშტაინის სიკვდილის წინ წარმოთქმული ბოლო სიტყვები…

ასევე არ არის შემორჩენილი მისი ბოლო ნაშრომი, რომელიც მან დაწვა.

იქნებ, ისეთი რამ გამოიგონა, რომ ადამიანებისთვის ჯერ ნაადრევი იყო მისი გაცნობა? ვინ იცის, რას გაუგებ ამ გენიოსებს…

ბოლოს კი მინდა შემოგთავაზოთ ალბერტ აინშტაინის ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამოთქმული შესანიშნავი აზრი:

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ, სითბოთი, სიკეთით და სინათლით სავსე დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0