ქეთო, რომელმაც იპოვა კოტე...

© ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიფილმი „ქეთო და კოტე"
ფილმი „ქეთო და კოტე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, უნდა გამოგიტყდეთ, რომ განსაკუთრებით ვნერვიულობ. აივანი გავაწკრიალე, ახალი ხალიჩაც კი დავაგე, ირმებიანი, ქე რო ცისფერღრუბლებიან ცაში იყურებიან. აივანს ცოტა ქვევიდან მივაწექი და წელში გავმართე კიდევაც, მოაჯირები გადავფერთხე ნერვიულობებისგან და დაძაბულობებისგან… 

ღრუბლებიც კი იდაყვით ოდნავ მარჯვნივ გადავწიე, თუმცა ეს მთლად ზედმეტი იყო, რადგან ჩვენ უკვე ცოტა გაზაფხულაქცენტიან აივანზე დღეს შემობრძანდება დედოფალივით ქალბატონი, ყველაფრით შემკობილი — მშვენიერებით, ნიჭით და ღირსებით და ისეთი სხვანაირი მომხიბვლელობით, მზესაც რომ ანაცვლებს და, ერთხელ რომ იხილავ, მთელი ცხოვრება რომ გაგყვება სულში სუსამბარივით… 

შესანიშნავი და განუმეორებელი მედეა ჯაფარიძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1923 წლის 20 თებერვალს.

თავად დიდმა ვერიკო ანჯაფარიძემ ბრძანა: "მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს".

ჩემი სახლი, ადრეც მოგახსენეთ, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გვერდით იდგა. ასე რომ, ყოველ დილით სკოლაში მისი გავლით მივდიოდი და სკოლიდანაც ასევე ვბრუნდებოდი.

ხშირად თეატრის გვერდით ან წინ მხვდებოდა ულამაზესი მედეა. ისე ვიბნეოდი, იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცნობდი, ვიმალებოდი ხოლმე და შორიდან ვუყურებდი. ყოველთვის განსაკუთრებით ლამაზად და მოხდენილად  ეცვა — ნაზად და გაზაფხულიანად. ფეხსაცმელიც სხვანაირი ამშვენებდა — აი, ისეთი ქუსლებიანი, გულზე რომ გადაგივლის და არ გატკენს.

განსაკუთრებით არისტოკრატიული და დახვეწილი იყო, ყველაფრით — მიხვრა-მოხვრით, ღიმილით, ურთიერთობით…

ერთხელ, მე-10 კლასის გამოსაშვები გამოცდების შემდეგ მე და მამა გახარებული ვბრუნდებოდით სახლში და მედეამ დაგვინახა. მომესიყვარულა, ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა – როგორ გავხარ დედიკოსო. ეს მართლა კომპლიმენტი იყო და გამიხარდა, მაგრამ ისიც მომეწონა, ჩუმად რომ მითხრა, დელიკატურად, მამიკოს რომ არ წყენოდა, არადა, მამიკოს კეხიანი ცხვირი მამშვენებდა.

ასეთი იყო – საოცრად კეთილი, თბილი, ყველაფერში სამართლიანი და სიყვარულის მფრქვეველი ფერიასავით ქალბატონი მედეა ჯაფარიძე…

ხმაც კი სხვანაირი ჰქონდა — თითქოს გალობდა ჩიტივით…

© photo: National Library of Georgiaმედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე"
მედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე - Sputnik საქართველო
მედეა ჯაფარიძე ფელმში „ქეთო და კოტე"

პირველი ფილმი მისი მონაწილეობით „ქეთო და კოტე“ გამოვიდა 1953 წელს და იქ იმისთანა ქეთო იყო, მარტო ბათუ კრავეიშვილის კოტე კი არა, მთელი საქართველო იყო მასზე შეყვარებული.

ფილმში „ჯურღაის ფარი“ კი მედეა ჯაფარიძე ისეთი დედოფალი იყო, არავის უკვირდა, დავით გამრეკელი სამშობლოსთვის რომ თავს სწირავდა. უბრალოდ ნახეთ, რა შესანიშნავად ლამაზია და დახვეწილი…

ქალბატონი მედეას მსგავსი იშვიათი ქალები, როგორც წესი, ერთი ტრაგედიით არიან გაერთიანებული – ურაინდობით.

მაგრამ მედეა იშვიათებს შორის იშვიათი იყო, რადგან მის გვერდით ისეთი მამაკაცი იდგა, რომლისთვისაც ის ბოლომდე ჯულიეტად რჩებოდა.

ბატონი რეზო თაბუკაშვილი – დიპლომატი, შესანიშნავი შემოქმედი, უბრალოდ მედიკოზე ბოლომდე შეყვარებული კაცი, ვინც გაითავისა მისი ტკივილი, სევდა და მთლად შემოდგომამდე, ბოლო ფოთოლცვენამდე მის გვერდით იდგა – ღირსეულად, რაინდულად, კაცურად… 

შესანიშნავი წყვილი იყო, ერთმანეთს ჭიქიდან ჭიქაში გადასხმული ანკარა წყალივით აკლდებოდნენ და ავსებდნენ.

ერთხელ ბატონმა რეზომ თქვა, მედიკო ცხოვრებაშიც ზუსტად ისეთია, როგორიც "მზე შემოდგომისაშიო".

ხოლო „მზე შემოდგომისაში“ კიდევ მედიკო ისეთია, როგორც ნეკერჩხალზე შემორჩენილი ბოლო, ოქროსფერი ფოთოლი, კომშის ტოტის წკიპზე ჩამოკიდებული მზე, აივანთან მიყუდებული ჩამთბარი და მთლად ბოლო ბროწეული, არასდროს და ვერასდროს რომ ვერ ჩამოვარდება, რადგან ერთია და ბოლო…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და მედიკოსავით მშვენიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0