„ამერიკელი“ რუსი გრაფი – ფიოდორ ტოლსტოი

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშიფიოდორ ტოლსტოის პორტრეტის რეპროდუქცია
ფიოდორ ტოლსტოის პორტრეტის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანებულ ქალბატონებს მოკრძალებით ვთხოვ, ცოტა ზედმეტი თავშეკავებულობა გამოიჩინონ, მამაკაცებს კი — ვნებები დაიოკონ, რადგან დღეს, შესაძლებელია, ბოშების თანხლებითაც, ჩვენ აივანზე ამობრძანდეს სრულიად ამოუცნობი, ძალიან პოპულარული კაცი, ცნობილი დუელანტი, აზარტული თამაშების მოყვარული და მოგზაური გრაფი ფიოდორ ივანეს ძე ტოლსტოი, მეტსახელად „ამერიკელი“, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს 1782 წლის 17 თებერვალს ქალაქ მოსკოვში… 

ის გახლდათ დიდი ლევ ტოლსტოის ახლო ნათესავი, რომელმაც მოთხრობაში „ორი გუსარი“ ფაქტიურად მისგან გადახატა გრაფი ტურბინის სახე. გარდა ამისა, ფიოდორ ივანოვიჩი გახდა კიდევ ორი ცნობილი პერსონაჟის პროტოტიპი — პუშკინის „ევგენი ონეგინში“ ონეგინისა და ლენსკის დუელის სეკუნდანტი ზარეცკისა და გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“ ჩაცკის ძველი მეგობრის რეპეტილოვის.

კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრი - Sputnik საქართველო
მოკვდე სამშობლოსათვის - ეს ნიშნავს იცხოვრო...

სხვათა შორის, ზედმეტსახელი „ამერიკელი“ ტოლსტოიმ მიიღო არა მხოლოდ ამერიკაში მოგზაურობი გამო, არამედ იმიტომაც, რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი რუსი, მით უმეტეს, გრაფი, ვინც ტანზე ტატუ გაიკეთა, რაც იმდროინდელ საზოგადოებაში ქმნიდა ასოციაციებს ამერიკის მკვიდრ მოსახლე ინდიელებთან.

ფიოდორ ტოლსტოი იყო საშუალო სიმაღლის, კარგი აღნაგობის და ძალიან მომხიბვლელი მამაკაცი. განსაკუთრებით მიმზიდველი იყო მისი შავი თვალები, მაგრამ როდესაც ის ბრაზდებოდა, მათში ჩახედვა შეუძლებელი იყო. მას საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და შესანიშნავი მოსაუბრე იყო, მაგრამ ამ თვისებებს ამჟღავნებდა მსოლოდ მათ მიმართ, ვინც მოსწონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუნდობელ და აუტანელ ხასიათს იჩენდა. ის შესანიშნავად ფარიკაობდა, არანაკლებ კარგად სარგებლობდა ცეცხლსასროლი იარაღით და ხშირად მონაწილეობდა დუელებში. ჰყვებიან, რომ პირველად ფიოდორ ტოლსტოიმ დუელში საკუთარი მასწავლებელი გამოიწვია, როდესაც ის 17 წლის იყო.

გრაფ ტოლსტოიმ დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საზღვაო კადეტთა კორპუსი, მაგრამ სამხედრო სამსახური დაიწყო არა ფლოტში, არამედ ელიტარულ პრეობრაჟენსკის პოლკში, სავარაუდოდ, გავლენიანი ნათესავების წყალობით.

სავა მაროზოვი - Sputnik საქართველო
სავა მოროზოვი - ანუ სავა „სითბოვიჩი“...

1803 წელს ფიოდორ ივანოვიჩ ტოლსტოი გაემგზავრა რუსული გემებით მსოფლიოს გარშემო განხორციელებულ პირველ მოგზაურობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ივან კრუზენშტერნი. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ გემზე უნდა ასულიყო მისი თანაკურსელი და ახლო ნათესავი, მომავალში ცნობილი მხატვარი ფიოდორ პეტრეს ძე ტოლსტოი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას „ზღვის ავადმყოფობა“ სჭირდა და ის ფიოდორ ივანოვიჩით შეცვალეს.

აღსანიშნავია, რომ სიაში, რომელიც კაპიტანს გადასცეს, გრაფ ტოლსტოის გასწვრივ იყო მიწერილი: „ახალგაზრდა, კარგად აღზრდილი პიროვნება“.

უცნობია ვინ მოამზადა ეს დახასიათება, მაგრამ, სავარაუდოდ, კრუზენშტერნი მომავალში ძალიან ნანობდა, რომ ფიოდორ ტოლსტოი გემზე აუშვა. ის ისე იქცეოდა და ხულიგნობდა (მაგალითად, დაათრო გემზე მყოფი საეკლესიო პირი, შემდეგ კი გაწვრთნილი ორანგუტანგი შეუშვა კაპიტნის კაიუტაში), რომ უკანა გზაზე ის გემიდან ჩამოსვეს (სავარაუდოდ, კამჩატკაზე) და შინ სახმელეთო გზით დაბრუნდა. თანაც მოხდა ისე, რომ მისი დაბრუნების დღე დაემთხვა მეჯლისს, რომელსაც მართავდა კრუზენშტერნი. ფიოდორ ტოლსტოი ეწვია მეჯლისს და მასპინძელს დიდი მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ „ასე მხიარულად გაატარა დრო მის გემზე“.

რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი - Sputnik საქართველო
ფიოდორ შალიაპინი – „საოპერო ჟესტის მოქანდაკე“

აღსანიშნავია, რომ ფიოდორ ტოლსტოის გამომწვევი საქციელი ხელს უშლიდა მის სამხედრო კარიერას. ელიტარული პრეობრაჟენსკის პოლკიდან ის ფინეთის ციხე-სიმაგრე ნეიშპოტში გადაიყვანეს, სადაც მსახურობდა ორი წლის განმავლობაში. მას აკრძალული ჰქონდა დედაქალაქში გამოჩენა. 

გადასახლებას ის საბოლოოდ გადაარჩინა მხოლოდ მეგობრობამ თავად მიხეილ დოლგორუკოვთან, რომელმაც ზუსტად რუსეთ-შვედეთის ომის წინ აიყვანა ის თავის ადიუტანტად. ომის დროს ტოლსტოი თავის სტიქიაში აღმოჩნდა. ის თავგანწირვით იბრძოდა, სათავეში ჩაუდგა სადაზვერვო ჯგუფს, რომლის მეშვეობითაც რუსმა ჯარმა ბარკლაი-დე-ტოლის ხელმძღვანელობით შეძლო ყინულზე გადასვლა და ქალაქ უმეოს დაკავება. ამ გმირობებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა გრაფ ტოლსტოის რეაბილიტაციაში. ის ისევ დააბრუნეს პრეობრაჟენსკის პოლკში და შტაბს-კაპიტნის ჩინი უბოძეს.

სულ რამდენიმე თვეში ფიოდორ ტოლსტოიმ მონაწილეობა მიიღო ორ დუელში, სადაც საკუთარი დის ღირსებას იცავდა. ის ჯერ ჰაუპტვახტში ჩასვეს, შემდეგ კი არმიიდან გარიცხეს და კალუგაში გაგზავნეს.

რამაზ ჩხიკვაძე და კარლო საკანდელიძე სპექტაკლში კავკასიური ცარცის წრე - Sputnik საქართველო
პასტერნაკის ლექსი ბრეხტის პიესაში… პუშკინის სახელობის თეატრში...

1812 წელს, სამამულო ომის დროს ტოლსტოი ომში მოხალისედ წავიდა. იცავდა მოსკოვს, მონაწილეობდა ბოროდინოს ბრძოლაში, რომლის დროსაც მძიმედ დაიჭრა. ცნობილი რუსი მხედარმთავრის რაევსკის სარეკომენდაციო წერილის მეშვეობით, რომელიც მან მიხეილ კუტუზოვს გადასცა, გრაფ ტოლსტოის მიენიჭა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი და პოლკოვნიკის ჩინი. ომის შემდეგ ის მოსკოვში დასახლდა.

გრაფი ტოლსტოი აწყობდა ბრწყინვალე მიღებებს, თავადაც დადიოდა სხვადასხვა წვეულებებზე და, რა თქმა უნდა, ვერ ეშვებოდა აზარტულ თამაშებს, რომანებს და დუელებს.

1821 წელს ის დაქორწინდა ბოშა ქალ ავდოტია ტუგაევაზე, რომელიც ერთ-ერთი ქეიფის დროს გაიცნო და მისით იმდენად მოიხიბლა, რომ იმავე დღეს სახლში გადაიყვანა. ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ ხელმოუწერლად.

ერთხელ ტოლსტოიმ ძალიან დიდი თანხა წააგო და რადგან საერთოდ არ ჰქონდა ფული, თავის მოკვლა გადაწყვიტა. ავდოტიამ ეს რომ გაიგო, შეეკითხა – „რამდენი წააგე?“ მეორე დილით კი მას ფული მიუტანა. როდესაც ფიოდორი შეეკითხა, ამდენი ფული საიდან გაქვსო, ავდოტიამ წყნარად უპასუხა – „შენგან. რომ მჩუქნიდი, ვინახავდი და ახლა აიღე, ეს ფული შენ გეკუთვნის“.

ლევ ტოლსტოი, რომელიც ავდოტია მაქსიმოვნას დაქვრივების შემდეგაც მისი ხშირი სტუმარი იყო, იხსენებდა, რომ როდესაც ფიოდორმა და მისმა ახალგაზრდა ბოშამ ჯვარი დაიწერეს, მას თავისი მეუღლის გაცნობა სურდა ახლობლებისთვის, მაგრამ ბევრმა ის არ მიიღო მისი წარმოშობის გამო. ამის შემდეგ ფიოდორ ტოლსტოი იმ ოჯახებში აღარასდროს მისულა.

მათმა ქორწინებამ ბევრ გამოცდას გაუძლო. სამწუხაროდ, მათი 12 შვილიდან ზრდასრულ ასაკს მხოლოდ ერთმა — პრასკოვიამ მიაღწია, რომელიც მომავალში მოსკოვის გუბერნატორის ვასილ პერფილიევის მეუღლე გახდა.

ფიოდორი საშინლად განიცდიდა თავისი შვილების სიკვდილს და სიცოცხლის ბოლოს ღრმად მორწმუნე ადამიანი გახდა.

ის გარდაიცვალა 1846 წელს. დაკრძალულია მოსკოვში. ნიჭიერი, საინტერესო, მეამბოხე სულის, ვაჟკაცი კაცი გრაფ ფიოდორ ტოლსტოი, თავისი შეცდომებით, რომლისგანაც ყველაზე მეტად თვითონ ზარალდებოდა, თავისი ტრაგედიებითა და აღმაფრენებით…

სხვა თუ არაფერი, ლევ ტოლსტოი, ალექსანდრ პუშკინი და ალექსანდრ გრიბოედოვი შენს პორტრეტს რომ შექმნიან, მსოფლიოს რომ მოივლი, სამშობლოსთვის ორ ომში რომ მიიღებ მონაწილეობას და ცხოვრების ბოლოს ამისთანა ქალი რომ გეყოლება – ეს ნიშნავს, რომ ცხოვრება ღირდა…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ დღეს და უქმეებს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0