მოკვდე სამშობლოსათვის - ეს ნიშნავს იცხოვრო...

© REUTERS / Prensa Latinaკუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრი
კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი ბროწეულმიყუდებული, თბილისზე მერცხლის ბუდესავით გადმოკიდებული აივანი ცოტა ხნით გადაიქცევა შესანიშნავ კუნძულად — კუნძულ კუბად.

შესაბამისი განწყობისთვის კი მწეველებისთვის გამზადებული მაქვს კუბური, თანაც მსოფლიოში ყველაზე ძვირი, თანაც სილვესტერ სტალონეს უსაყვარლესი სიგარები Gurkha Black Dragon (თითო სიგარა 1150 აშშ დოლარი ღირს) და, რა თქმა უნდა, ერნესტ ჰემინგუეის ყველაზე საყვარელი კუბური კოქტეილი „მოჰიტო“ — რომისა და ლაიმის დამატებით.

ვინც ჩვენი აივნიდან პირდაპირ სამსახურში მიბრძანდება, მათთვის კოქტეილის უალკოჰოლო ვარიანტი მაქვს გამზადებული. რაც შეეხება „ჰემინგუეის ვარიანტს“, მწერალი ბარმენს ყოველთვის რომის ორმაგი პორციის (40 მგ-ის ნაცვლად 80-ს) დამატებას სთხოვდა.

ასეთი ფუფუნება კი ჩვენ აივანზე იმის გამო გაჩნდა, რომ დღეს ჩვენ გვესტუმრება კუბაში ყველაზე ცნობილი ადამიანი ყველა გამოკითხვის მიხედვით (და არა მარტო კუბაში), ძალიან საინტერესო, არაორდინალური და წინააღმდეგობრივი კომანდანტე — ფიდელ ალეხადრო კასტრო რუსი, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1959 წლის 16 თებერვალს, ბატისტას რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ, გახდა კუბის პრემიერ-მინისტრი. სხვათა შორის, რუსი — ეს ფიდელის დედის გვარია (მე ბავშვობაში რატომღაც მეგონა, რომ ფიდელმა ის გვარზე რუსეთის სიყვარულით დაიმატა).

© RIA Novostiფიდელ კასტრო გაეროს ტრიბუნაზე, სადაც მან ოთხსაათნახევრიანი სიტყვა წარმოთქვა
ფიდელ კასტრო გაეროს ტრიბუნაზე, სადაც მან ოთხსაათნახევრიანი სიტყვა წარმოთქვა - Sputnik საქართველო
ფიდელ კასტრო გაეროს ტრიბუნაზე, სადაც მან ოთხსაათნახევრიანი სიტყვა წარმოთქვა

სანამ ჩვეენი მგზნებარე რევოლუციონერი ამობრძანდება ჩვენ აღმართზე, ისევ განწყობისთვის, მინდა შემოგთავაზოთ ცნობილი კუბური ცეკვა „სალსა“, მშვენიერი ესპანელი პენელოპა კრუსის შესრულებით (შეგიძლიათ აგვყვეთ):

ფიდელ კასტრო დაიბადა 1926 წელს კუბის ორიენტეს პროვინციის დაბა ბირაში. მისი მამა — ანხელი ესპანელი ემიგრანტი იყო, რომელმაც შეძლო გამდიდრება და მსხვილი შაქრის პლანტაციის მფლობელი გახდა. დედა კი — ლინა ამ პლანტაციაში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა. მან ფიდელის გარდა ანხელს კიდევ 4 შვილი გაუჩინა, რის შემდეგაც მოიყვანა მან ის ცოლად.  

ფიდელი სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, რადგან ბავშვობიდან ფენომენალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. უკვე იმავე პერიოდიდან ავლენდა რევოლუციურ და მეამბოხე სულს. 13 წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო მუშების ამბოხებაში, თანაც საკუთარი მამის პლანტაციაში. 12 წლის ასაკში ფიდელმა წერილი მისწერა აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და ბავშვური გულუბრყვილობით სთხოვა, გამოეგზავნა მისთვის 10-დოლარიანი კუპიურა, რომელიც აქამდე ნანახი არ ჰქონდა. 2004 წელს ეს წერილი აღმოაჩინეს ვაშინგტონის ეროვნულ საარქივო სამმართველოში. ფიდელი იხსენებდა, თუ როგორი ამაყი იყო, როდესაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპასუხო წერილი მოუვიდა, რომელიც სკოლის საპატიო დაფაზე დაკიდეს. სამწუხაროდ, წერილში 10-დოლარიანი არ იდო…

კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო - Sputnik საქართველო
კუბის რევოლუციის ლიდერი ფიდელ კასტრო

1941 წელს ფიდელი მიიყვანეს პრივილიგირებულ კოლეჯ „ბეთლემში“. მისი მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის განსაკუთრებულ მიზანსწრაფულობას. კოლეჯში სწავლის დროს ფიდელს ჯიბეში პისტოლეტი ედო და ხშირად მონაწილეობდა ქუჩურ ჩხუბებში. ერთხელ ის დაენიძლავა მეგობარს, რომ ველოსიპედით მთელი სიჩქარით შეენარცხებოდა კედელს და ნიძლავი მოიგო კიდეც, თუმცა ამის შედეგად საავადმყოფოში მოხვდა. 

1945 წელს, კოლეჯის ბრწყინვალედ დასრულების შემდეგ ფიდელმა ჩააბარა ჰავანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უკვე მაშინ კითხულობდა მუსოლინის, ტროცკის, ლენინის, სტალინის, გენერალ პრიმო დე რივერუს წიგნებს… კომუნისტებისადმი განსაკუთრებულ სიმპათიებს არ იჩენდა, მაგრამ ერთხელ განაცხადა: „ახლავე მზად ვარ გავხდე კომუნისტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სტალინად გამხდიან“.

1950 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფიდელ კასტრომ დაიწყო კერძო იურიდიული პრაქტიკა და ძალიან ხშირად ღარიბ კლიენტებს უფასოდ იღებდა. ის შევიდა „კუბელი ხალხის პარტიაში“ და მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ აქციებში. 1953 წელს ფიდელმა მონაწილეობა მიიღო ავანტიურულ და წარუმატებელ თავდასხმაში კუბის იმდროინდელი ხელმძღვანელის ფულხენსიო ბატისტას ერთ-ერთ მსხვილ გარნიზონზე. ის დააკავეს და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო 1955 წელს ბატისტა იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა მეამბოხეები. ფიდელ კასტრო სხვებთან ერთად გადაასახლეს მექსიკაში. მისი მაშინდელი ბინის პატრონი მარია როდრიგესი იხსენებდა, რომ მეხიკოში ფიდელი ჩავიდა მხოლოდ ერთი, წიგნებით სავსე ჩემოდნით, მეტი არავითარი ბარგი არ ჰქონია.

ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა გოლფის თამაშისას
ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა გოლფის თამაშისას - Sputnik საქართველო
ფიდელ კასტრო და ერნესტო ჩე გევარა გოლფის თამაშისას
 

1958 წელს კასტრო დაბრუნდა კუბაში თავის მეგობართან და თანამოაზრესთან ერნესტო ჩე გევარასთან ერთად. მათ მიერ ინიცირებულმა პარტიზანულმა მოძრაობამ თანდათან ძალა მოიკრიბა და 1959 წლის 1 იანვარს ისინი ჰავანაში შევიდნენ. ბატისტა ჩამოაგდეს, ფიდელ კასტრო დაინიშნა კუბის არმიის მხედართმთავრად, ხოლო 16 თებერვალს — ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. თავიდან აშშ მხარს უჭერდა კუბის ახალ მეთაურს, მაგრამ მისი გეზი სოციალიზმისკენ სულ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. მსხვილ მიწათმფლობელებს ჩამოართვეს მიწები, მოხდა კერძო კომპანიების ნაციონალიზაცია. ხოლო 1962 წელს, მოსკოვთან წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე, კუბაზე განთავსდა საბჭოთა ბალისტიკური რაკეტები. 1965 წელს ფიდელ კასტრომ თავი გამოაცხადა კუბის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად.

ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში, კახეთის ერთ ერთ სოფელში.
ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში, კახეთის ერთ ერთ სოფელში. - Sputnik საქართველო
ფიდელ კასტრო და ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოში, კახეთის ერთ ერთ სოფელში.

1962 წელს შეერთებულმა შტატებმა კუბის წინააღმდეგ სავაჭრო ემბარგო შემოიღო და მიაღწია იმას, რომ კუბა გარიცხეს ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციიდან. საინტერესოა, რომ ჯონ კენედიმ ბრძანებას ემბარგოს შესახებ ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც მის კაბინეტში შემოიტანეს კუბიდან ჩამოტანილი სიგარების საკმარისი მარაგი.

ცნობილია, რომ ფიდელ კასტროზე უამრავი თავდასხმა იყო დაგეგმილი და განხორციელებული. იყენებდნენ მოწამლულ სიგარეტებს, ტუბერკულიოზის ჩხირებით დაავადებულ აკვალანგებს, ბომბებს ბეისბოლის ბურთებში და ა.შ. მისი ცხოვრება მუდმივი საფრთხის წინაშე იდგა. ერთხელ ფიდელმა თქვა, თავდასხმების შედეგად გადარჩენა ოლიმპიური დისციპლინა რომ ყოფილიყო, მე მასში ნამდვილად ოქროს მედალს მივიღებდიო.

2006 წელს ფიდელმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მოიხსნა უფლებამოსილება და ქვეყნის მართვის სადავეები 5 წლით უმცროს ძმას რაულ კასტროს გადასცა. 

ის, როგორც სულით მებრძოლი ადამიანი, ბოლომდე ღირსეულად ებრძოდა ავადმყოფობას. პრესამ ის ოთხჯერ გამოაცხადა გარდაცვლილად.

შარშან, 13 აგვისტოს ფიდელ კასტრო დაესწრო თავის 91 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიას და სიტყვითაც გამოვიდა. ის 25 ნოემბერს, ღამით გარდაიცვალა. ქვეყანაში 9-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ფიდელ კასტრო და ჯიმი კარტერი
ფიდელ კასტრო და ჯიმი კარტერი - Sputnik საქართველო
ფიდელ კასტრო და ჯიმი კარტერი

ფიდელ კასტრო დაკრძალეს ცნობილი კუბელი პოეტისა და რევოლუციონერის ხოსე მარტის მავზოლეუმის გვერდით, რომლის გამონათქვამები ფიდელს გულის ჯიბით დაჰქონდა.

რაც შეეხება ფიდელ კასტროს პირად ცხოვრებას, მასზე გაცილებით ნაკლებია ცნობილი, ვიდრე მის რევოლუციურ მოღვაწეობაზე. მის ცხოვრებაში უამრავი ქალი იყო. მისი პირველი მეუღლე ულამაზესი ქერათმიანი (რაც კუბისთვის იშვიათობას წარმოადგენს) მირტა დიას ბალარტი იყო. ფიდელს ის პირველივე დანახვით შეუყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მირტა მისი მტრის — ბატისტას ერთ-ერთი მინისტრის ქალიშვილი იყო. მათ გაუჩნდათ ვაჟი ფიდელიტო — კომანდანტეს ერთადერთი კანონიერი შვილი. რამდენიმე წელი ბედნიერად იცხოვრეს, მაგრამ ფიდელმა გაიცნო ჰავანის ბოჰემის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი ნატი რევუელტა და მათი საიდუმლო შეხვედრებიც დაიწყო. მირტასთან დაცილების შემდეგ ნატიმ ფიდელს გაუჩინა ქალიშვილი ალინა, რომელიც ფიდელმა საკუთარ შვილად სცნო მხოლოდ მისი ქორწილის დღეს. ფიდელს ის ძალიან უყვარდა, მაგრამ მან 1993 წელს შეძლო კუბიდან გაპარვა და სწორედ მან გაავრცელა ინფორმაცია მამამისის მრავალრიცხოვანი შვილებისა და პირადი ცხოვრების დეტალების შესახებ. თავად ფიდელმა სცნო თავისი 7 შვილი, მაგრამ ამბობენ, რომ მას მინიმუმ 100 შვილი მაინც ჰყავს. სხვათა შორის, ზუსტად გუშინ ერთ-ერთ რუსულ რადიოზე გამოდიოდა ვინმე ალექსანდრ (ალეხანდრო) სერიოგინი, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ ფიდელის შვილია. თანაც, მისი ინფორმაციით, მამამისს ცხოვრებაში ჰყოლია 3500 ქალბატონი და მხოლოდ საბჭოთა კავშირში 50-მდე უკანონო შვილი ჰყავდა. საინტერესოა, რომ ფიდელ კასტროს ყველა შვილის სახელი იწყება ასო ა-ზე. ფიდელის ბოლო შვილების დედა გახლავთ დელივ სოტო, რომელსაც ფიდელთან 25-წლიანი სამოქალაქო ცოლქმრობა აკავშირებდა.

ფიდელი ცხოვრების ბოლო დღეებში ძალიან დასუსტებული ყოფილა, მაგრამ თვალები მაინც უბრწყინავდა. ასეთი კაცი იყო, უდავოდ დიდი კაცი, რომელსაც ჰქონდა ცხოვრების იდეა და მიზანი, რომლისკენაც მიილტვოდა და მნიშვნელობა არა აქვს, ამ იდეას ეთანხმები, თუ ის შენთვის მიუღებელია… ფიდელ კასტრომ მას მიაღწია და ესე იგი ის ბედნიერი ადამიანი იყო…

მინდა შემოგთავაზოთ ფიდელ კასტროს გამოსვლა ჩე გევარას გარდაცვალების შემდეგ… რა ვიცი, მე მჯერა, რომ ეს კაცი გულწრფელი იყო…

გისურვებთ ლამაზ, წარმატებულ და ოცნებაახდენილ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0