ჩეხეთში მცხოვრები ქართველი კინოლოგი და ეგზოტიკური ცხოველები 90-იანი წლების თბილისში

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძე
იუზა ბერაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს ჩეხეთში მცხოვრებ პროფესიონალ კინოლოგს, საერთაშორისო ექსპერტს და საინტერესო ადამიანს იუზა ბერაძეს გაგაცნობთ.

ამ სფეროში იშვიათი პროფესიონალია და საქართველოც საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში სწორედ იუზა ბერაძის უშუალო თაოსნობით გაწევრიანდა. 90-იანი წლების თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მის მიერ გახსნილ ზოოეგზოტარიუმს, რომლის ბინადარნი ეგზოტიკური თევზები, ფრინველები, ქვეწარმავლები და პრიმატები იყვნენ, ლამის ნოეს კიდობნის მსგავსი დატვირთვა ჰქონდა. იმ რთულ დროს ეს ადგილი ცოტათი გაბოროტებულ ქალაქს სიკეთესა და ადამიანობას ახსენებდა, ბავშვებისთვის კი ერთგვარი ოაზისი იყო. დღეს იგი ჩეხეთში ცხოვრობს, საერთაშორისო ექსპერტია და სხვადასხვა ქვეყანაში მსაჯობს. ამას გარდა ხელოვნებასთან კავშირსაც არ წყვეტს…

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძე
იუზა ბერაძე - Sputnik საქართველო
იუზა ბერაძე

– ბატონო იუზა, რა იყო ჩეხეთში ემიგრაციამდე?

— ჩეხეთში ემიგრაციამდე იყო საქართველო თავისი დაუსრულებელი მიტინგებით და პროტესტებით, დაძაბულობა–ნერვიულობითა და ხვალინდელი დღის უიმედობით…

– ვიცი, რომ ცხოველების მიმართ ინტერესი და სიყვარული ბავშვობიდანვე გქონდათ…

— რა თქმა უნდა, ცხოველები მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემი ბავშვური გატაცება დიდი ხანია პროფესიაში გადაიზარდა. სახლში ყოველთვის მყავდა სხვადასხვა ცხოველი. მათ ჩამოთვლას აზრი არ აქვს, რადგან ეს სია ალბათ სტატიაზე დიდი იქნება…

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძე
იუზა ბერაძე - Sputnik საქართველო
იუზა ბერაძე

 

– 90-იან წლებში თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე თქვენ თბილისში პირველი ზოოეგზოტარიუმი და ზოომაღაზია სახელად „კიდობანი“ გახსენით. რომელი ეგზოტიკური ცხოველები გყავდათ იქ?

— ლესელიძის ქუჩაზე ზოოეგზოტარიუმის გახსნა უშუალოდ ჩემ სახლში ცხოველების გაზრდილ კოლექციას უკავშირდება. ზოომაღაზია ზოოეგზოტარიუმის მხოლოდ მცირედი ნაწილი იყო. ჩემი ძირითადი მიზანი, რა თქმა უნდა, ეგზოტიკური ცხოველების შენახვა–მოშენება და ჩვენება იყო. კარგად მახსოვს, ზოოეგზოტარიუმის მშენებლობის პერიოდი, ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც თბილისში ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ენერგოკრიზისი იყო და ხალხი პურის რიგში რამდენიმე საათი იდგა. მაშინ ხვალინდელი დღის უდიდესი იმედით ვიყავი შეპყრობილი და ეს მამოძრავებდა. ახლა ამას აბსოლუტური დარწმუნებით ვამბობ. მახსოვს, რამდენად პოპულარული გახდა ეგზოტარიუმი, რომლის ძირითადი ბინადარნი იყვნენ ეგზოტიკური თევზები, ფრინველები, ქვეწარმავლები და პრიმატები. ჩემთვის და, საერთოდ, “კიდობანის” შემადგენლობისთვის ჩვენი სამსახური სულ სხვა სამყარო იყო – განსხვავებული, ლამაზი და მშვიდი იმ გარემოსგან, რომელშიც რეალურად ვცხოვრობდით…

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძე
იუზა ბერაძე - Sputnik საქართველო
იუზა ბერაძე

– თქვენ წლების მანძილზე იყავით საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტი, როგორ გაიხსენებთ იმ წლებს?

— ძალიან მღელვარე წლები იყო, რადგან ხდებოდა სრული რეორგანიზაცია მთელი კინოლოგიური მოძრაობის, რასაც უდიდესი დრო და თანხები ესაჭიროებოდა. საქართველოში კინოლოგიური ფედერაციის დააარსების ინიციატორი მე გახლავართ და ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმისთვის, რათა საქართველო ახალ დონეზე გასულიყო. გვინდოდა მსოფლიო კინოლოგიურ მოძრაობასთან შეერთება და ეს მე მოვახერხე.

— სწორედ თქვენი ამ პოსტზე ყოფნის დროს გაწევრიანდა საქართველო საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში, როგორ მოხდა ეს?

— როგორც უკვე მოგახსენეთ, საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში გავწევრიანებულიყავით. 1995 წელს მე შევიტანე განაცხადი Federation Cynologique Intrnationale (FCI)-ში და უკვე 1997 წლის 6 აგვისტოს FCI-სთან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ვთვლი, რომ ეს სტატუსი არ იყო მხოლოდ ჩემი ახირება, რადგან მოხდა სრულიად საქართველოს კინოლოგების გაერთიანება და ერთიანი ძალებით მიზნისთვის პროფესიონალურ დონეზე მუშაობა დაიწყო. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, განსაკუთრებით ფინანსური, რის გადალახვაში დახმარება ჩემმა ოჯახმა აღმომიჩინა.

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძე
იუზა ბერაძე - Sputnik საქართველო
იუზა ბერაძე

– ბატონო იუზა, მკითხველს შევახსენებ, რომ ამ საქმიანობის გარდა არანაკლებ წარმატებული იყავით შოუ–ბიზნესშიც… რატომ არ გააგრძელეთ მომღერლის კარიერა, რომელიც, როგორც ამბობენ, პერსპექტიული იყო?

— საქმე ისაა, რომ მომღერლის კარიერის გაგრძელებას სხვა ქვეყანაში საკმაოდ დიდი ინვესტიციები სჭირდება, რისი საშუალება მე არ მქონდა. გარდა ამისა, იმის გამო, რომ საერთაშორისო ექსპერტი ვარ, 1997 წლიდან არ მქონდა იმდენი დრო, რამდენიც სიმღერას და შოუ–ბიზნესს სჭირდება. თავიდან ორი წლის განმავლობაში იყო სხვადასხვა კლუბები, კონკურსები, საქველმოქმედო კონცერტები… ჩეხეთში რამდენჯერმე სიმღერა წინასაარჩევნო კონცერტებზეც კი მომიწია, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს მიმართულება არ მავსებდა. ამიტომაც დღეს მხოლოდ კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი და ახალი, სამწუხაროდ, არაფერი ჩამიწერია…

© FB/ Iuza Beradzeიუზა ბერაძის ნახატი
იუზა ბერაძის ნახატი - Sputnik საქართველო
იუზა ბერაძის ნახატი

– როცა საქართველოზე ფიქრობთ, რა ასოციაციები გიჩნდებათ?

— ძალიან სამწუხაროა, მაგრამ 9 წლის განმავლობაში იმდენად ცოტა პოზიტიური ინფორმაცია მოდის საქართველოდან, რომ თითქმის არც კი მახსოვს, ჩემი მანდ არყოფნის პერიოდში კარგი რა მოხდა… ნამდვილად არ მინდა, სტატია საქართველოზე ნეგატიურ ნოტზე დამთავრდეს. იმედი მაქვს, ჩემი თანამემამულენი ოდესმე პოზიტიურად ფიქრს დაიწყებენ…

– ზოგადად პოზიტიური ადამიანი იუზა ბერაძე როგორ ცხოვრობს დღეს ჩეხეთში?

— ყველაფერი, რაც გამაჩნია, უფლის წყალობით, ჩემმა მშობლებმა მომცეს, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ… ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემ ცხოვრებაში გახდა ის, რომ სირთულეების გადალახვა და პოზიტიური აზროვნება ვისწავლე. დღეს საერთაშორისო ექსპერტი ვარ, ვმსაჯობ სხვადასხვა ქვეყანაში, ვხატავ, ვიღებ ფოტოებს, ვაშენებ სხვადასხვა ეგზოტიკურ ცხოველებს და ვცხოვრობ იქ, სადაც პოლიტიკა არ მეხება, მაქვს ჩემი საქმე, მყავს ერთგული მეგობრები და ცხოვრება მიხარია…

ყველა ახალი ამბავი
0