სავა მოროზოვი - ანუ სავა „სითბოვიჩი“...

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშისავა მაროზოვი
სავა მაროზოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ჩვენი წუთისოფელი აბსოლუტურად კანონზომიერად ბრუნავს და ჩვენ რომ გვგონია, რაღაცეები შემთხვევით ხდება, ნურას უკაცრავად!

ჯერ კიდევ როდის ბრძანა დიდმა საადიმ, კაცი დილით რომ იღვიძებს, პირველად მარჯვენა ფეხს ჩამოწევს საწოლიდან თუ მარცხენას — ესეც ზემოდან არის გადაწყვეტილი და ნაკარნახევიო.

აბა, სხვანაირად როგორ ავხსნა — სამი დღის წინ ამ ჩვენს შესანიშნავ თბილისურ აივანს ესტუმრა თავად ლიუბოვ ორლოვა, რომლისთვისაც ვარსკვლავებისკენ ფიოდორ შალიაპინს უბიძგებია. მეორე დღეს თავისი მეფისტოფელით გაგვახარა უკვე დიდმა შალიაპინმა, რომელსაც თავის დროზე გვერდში ლამაზად ამოუდგა რუსი მეცენატი სავა მოროზოვი.

დღეს კი თბილისურ აღმართზე ჩვენთან შესახვედრად ფართო ნაბიჯით მოაბიჯებს საოცრად ღირსეული კაცი — ქველმოქმედი და მეცენატი, როგორც დღეს იტყვიან, წარმატებული ბიზნესმენი, თვითონ სავა მოროზოვი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1862 წლის 15 თებერვალს ქალაქ მოსკოვში.

სავა მოროზოვი
სავა მოროზოვი - Sputnik საქართველო
სავა მოროზოვი

რა სასწაულია, რომ ზოგჯერ გვარები მათი მატარებლის ხასიათს სულაც არ ემთხვევა. მაგალითად, სავა მოროზოვი, რომლის გვარის ფუძეშიც სიტყვა „მოროზია“, ანუ ყინვა, სინამდვილეში ის კაცია, ვინც თავისი გულის სითბოთი, კეთილშობილებით და დიდი კაცობით ისეთ დიდ და ლამაზ საქმეებს ჩაუდგა სათავეში, რომ ყინვა საერთოდ რა სახსენებელია.

თუმცა, ყინვაში თავად რომ იყინები და მაინც ვიღაცას ათბობ, ალბათ, ეს არის მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი.

სავა მოროზოვი დაიბადა შეძლებული ვაჭრის ოჯახში. 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი (აქ ერთხელ კიდევ უნდა დავიტრაბახო, როგორც ოთარ იოსელიანზე პუბლიკაციებში, მეც მათემატიკოსი ვარ). შემდეგ ის კემბრიჯში სწავლობდა ქიმიას და ერთდროულად ეუფლებოდა საფეიქრო წარმოებას ინგლისის ფაბრიკებში.

1887 წელს, რუსეთში დაბრუნების შემდეგ, სავა მოროზოვი სათავეში ჩაუდგა ნიკოლსკის მანუფაქტურას და გადააქცია ის რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან საწარმოდ. მან გააუქმა მუშებისთვის ჯარიმები, ააშენა მათთვის ახალი ყაზარმები და უზრუნველყო ისინი მართლაც ღირსეული სამედიცინო მომსახურებით. მის ფაბრიკებში პირველად დაიწყო ქალბატონებისთვის ე.წ. სადეკრეტო შვებულებების ანაზღაურება. სავა მოროზოვს ჰყავდა საკუთარი სტიპენდიატები როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. მისი საწარმოს მუშები გამოირჩეოდნენ კარგი აღზრდითა და განათლებით…

1884 წლის 24 ივნისს სავა მოროზოვმა, სერიოზული წინააღმდეგობების მიუხედავად, ჯვარი დაიწერა თავისი ახლო ნათესავის ყოფილ მეუღლეზე ზინაიდა გრიგორიევნა ზიმინიზე.

სავა მოროზოვის მეუღლის სახლი მოსკოვში
სავა მოროზოვის მეუღლის სახლი მოსკოვში - Sputnik საქართველო
სავა მოროზოვის მეუღლის სახლი მოსკოვში
 

თავდაპირველად სავამ მეუღლეს საქოწინო საჩუქრის სახით მიართვა სახლი მოსკოვის ცენტრში, ბოლშაია ნიკიტსკაიაზე. შემდეგ კი მის სახელზე გააფორმა გამორჩეულად ლამაზბაღიანი, ნეოგოტიკური სტილის სახლი სპირიდონოვკაზე, რომელშიც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ მიღებებს მართავს.

სწორედ ამ სახლში იღებდა სავა მოროზოვი მაღალი რანგის სტუმრებს. მათ შორის — მამონტოვს, ბოტკინს, შალიაპინს, გორკის, ჩეხოვს, სტანისლავსკის…

სხვათა შორის, სტანისლავსკიმ მოსკოვის სამხატვრო თეატრის (МХАТ) მხარდაჭერისთვის მოროზოვს მადლობა გადაუხადა და ასეთი სიტყვებით მიმართა: „თქვენ მიერ გაწეული შრომა მე ნამდვილ გმირობად მიმაჩნია, ხოლო თეატრის დახვეწილი შენობა, რომელიც ყოფილი „პრიტონის“ ნანგრევებზე აღმოცენდა, გაცხადებულ სიზმრად მეჩვენება. მიხარია, რომ რუსულმა თეატრმა მონახა საკუთარი მოროზოვი, ზუსტად ისევე, როგორც რუსულ მხატვრობას ეღირსა თავისი ტრეტიაკოვი“…

სავა მოროზოვის ყოფილი სახლი სპირიდონოვკაზე. ამჟამად ამ სახლში ოფიციალურ მიღებებს მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სავა მოროზოვის ყოფილი სახლი სპირიდონოვკაზე. ამჟამად ამ სახლში ოფიციალურ მიღებებს მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  - Sputnik საქართველო
სავა მოროზოვის ყოფილი სახლი სპირიდონოვკაზე. ამჟამად ამ სახლში ოფიციალურ მიღებებს მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უნდა ითქვას, რომ სავა მოროზოვი ფულს არასდროს ფლანგავდა და ქარს არ ატანდა. მას მკაცრად ჰქონდა გათვლილი ყოველი კაპიკი, მაგრამ არც არასდროს იხევდა უკან, როდესაც საქმე ეხებოდა წიგნებისა და გაზეთების გამოშვებას, წითელი ჯვრის ორგანიზაციის მხარდაჭერას… განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ის მოსკოვის სამხტვრო თეატრს (МХАТ), რომლის მშენებლობაზე მან საკმაოდ სერიოზული თანხები დახარჯა. მიუხედავად ამისა, მისი მოთხოვნით, თეატრის ბილეთების ფასი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ხოლო რეპერტუარი — საინტერესო უნდა ყოფილიყო. და სწორედ ამ დროს სავა მოროზოვის ცხოვრებაში გაიელვა იმ დროისათვის რუსული სცენის ყველაზე ლამაზმა მსახიობმა, თანაც რევოლუციონერმა მარია ანდრეევამ, რომელსაც პირადად ლენინი იცნობდა და მას „ამხანაგ ფენომენს“ (Товарищ Феномен) ეძახდა, ალბათ იმის გამოც, რომ ეს ქალბატონი პარტიაში ფენომენალურ თანხებს რიცხავდა, რომლებიც ზოგიერთი ქვეყნის ბიუჯეტს უტოლდებოდა.

საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ წარმატებული კაპიტალისტი სავა მოროზოვი კომუნისტურ პარტიას ინახავდა და პირადად მონაწილეობდა ლენინის გაზეთ „ისკრის“ გამოშვებასა და გავრცელებაში.

ფრანგები ამ შემთხვევაში ამბობენ — Cherchez la femme, ანუ „ეძებეთ ქალი“. ამ შემთხვევაში კი „მოსაძებნი ქალი“ მარია ანდრეევა გახლდათ.

ის სულაც არ მალავდა თავის რომანს სავა მოროზოვთან. მას არც ის აღელვებდა, რომ ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი. არც ის, რომ სავა თავისუფალი არ იყო. ძნელია იმის თქმა, უყვარდა მას თუ არა მოროზოვი გულწრფელად, მაგრამ… რატომაც არა? ძნელია არ შეიყვარო კაცი, რომელიც ფეხებთან მთელ მსოფლიოს გიყრის ვარდებივით.

მაგრამ მისთვის კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა, არ შეეყვარებინა რაღაცნაირად სხვანაირი მაქსიმ გორკი, რომელიც მუდამ აცხადებდა, რომ ის ქალებს არ მოსწონდათ იმის გამო, რომ მისი ცხვირის ფორმა იხვის ნისკარტს წააგავდა. მარია ფიოდოროვნა კი აცხადებდა, რომ ამით „გორკი იპრანჭებოდა“.

სავა მოროზოვმა მძიმედ გადაიტანა მარია ანდრეევას ღალატი, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც არჩენდა მასაც და „ბურევესტნიკ“ გორკისაც…

1905 წელს მოროზოვმა გადაწყვიტა განეხორციელებინა კიდევ ერთი რეფორმა საკუთარ ფაბრიკაში, მაგრამ დედამისმა ის შეურაცხადად გამოაცხადა და მმართველობიდან ჩამოაცილა.

ექიმების რეკომენდაციით სავა კანში გაემგზავრა, სადაც 26 მაისს სასტუმროს ნომერში თავი მოიკლა. მის მარჯვენა ხელთან ეგდო „ბრაუნინგი“, ხოლო გაპრიალებულ პარკეტზე დაგდებული იყო წერილი ტექსტით: „ნურავის ნუ დაანაშაულებთ ჩემს სიკვდილში“…

სავა მოროზოვის განსასვენებელი როგოჟის სასაფლაოზე
სავა მოროზოვის განსასვენებელი როგოჟის სასაფლაოზე - Sputnik საქართველო
სავა მოროზოვის განსასვენებელი როგოჟის სასაფლაოზე

არც არავინ დაუდანაშაულებიათ. არც არავინ დაუსჯიათ.

თითქოს ადამიანი თავს რომ იკლავს, ამაში ბრალი არავის არ ედება მის გარდა…

არა და, ვინც სავა მოროზოვს იცნობდა, ყველა ხაზს უსვამდა მის საოცარ ადამიანურ თვისებებს — ის იყო ბოლომდე გულწრფელი, პირდაპირი. ამავე დროს მიმტევებელი და ხელგაშლილი. ყველაფერს, რასაც აკეთებდა, მხოლოდ გულით აკეთებდა…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ომახიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0