ფიოდორ შალიაპინი – „საოპერო ჟესტის მოქანდაკე“

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშირუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი
რუსი მომღერალი ფიოდორ შალიაპინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ამ უქმეებზე ჩვენს მყუდრო აივანს თოვლი ესტუმრა და უკვე მეორედ გადაეფარა ჩემ ცარიელ ქოთანში ამ ზამთარში უცნაურად ამოსულ პატარა ცისფერ ყვავილებს…

მაგრამ დღეს ჩვენ ისეთ უდიდეს ხელოვანს და საოცარ ადამიანს ვმასპინძლობთ, რომ ეჭვიც არ მეპარება ერთ რამეში:

ის რომ ამობრძანდება ჩვენ სიძველისგან ცოტა გადაწოლილ და მობარბაცე კიბეებზე და, მით უმეტეს, ხმას რომ ამოიღებს, მხოლოდ ყვავილები და ჩვენ კი არა, მთელი მსოფლიო გამოფხიზლდება.

ეს გახლავთ დიდი და განუმეორებელი, საოცრად მომხიბვლელი ადამიანი ფიოდორ შალიაპინი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1873 წლის 13 თებერვალს ქალაქ ყაზანში.

ძალიან რთულია მასზე საუბარი, რადგან მან საოცრად ბობოქარი, საინტერესო და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება გაიარა.

ამიტომაც მოკრძალებულად ვეცდები თქვენი ყურადღება შევაჩერო რამდენიმე, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ეპიზოდზე ამ უნიჭიერესი ადამიანის ცხოვრებიდან.

ფიოდორ შალიაპინის პორტრეტი
ფიოდორ შალიაპინის პორტრეტი - Sputnik საქართველო
ფიოდორ შალიაპინის პორტრეტი

ფიოდორ შალიაპინი დაიბადა გლეხის ოჯახში და საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა. მამამისი რომ დათვრებოდა, ხშირად ჩაგრავდა დედამისს, არაჩვეულებრივ ქალს, რომელიც უსიტყვოდ იტანდა ყველაფერს. ხოლო როცა ძალიან გაუჭირდებოდა ხოლმე, სევდიან სიმღერებს მღეროდა. მიუხედავად ამისა, ფიოდორი იხსენებდა, რომ მისი მამა არ ჰგავდა გლეხს – სიფხიზლეში ის საოცრად მოვლილი და მოხდენილად ჩაცმული იყო, მუდამ გაპრიალებულ ჩექმებში. მას ისეთი ლამაზი თმის ვარცხნილობა ჰქონდა, როგორიც, შალიაპინის თქმით, მას არსად და არასდროს არ უნახავს.

პატარა ფედიას ბავშვობიდან ასევე დაამახსოვრდა ბიძამისის, დორიმედონტის არაჩვეულებრივი ხმა და ის იშვიათი სახალხო დღესასწაულები, როდესაც ცოტა ხნით მაინც დავიწყებას მიეცემოდა სიღარიბეც, მამამისის ხშირი დებოშებიც და დედამისის გულისტკივილიც…

შალიაპინი
შალიაპინი - Sputnik საქართველო
შალიაპინი

პატარა ფიოდორი თავიდან კერძო სკოლაში სწავლობდა, საიდანაც ის იმის გამო გარიცხეს, რომ… კლასელ გოგონას აკოცა. შემდეგ ის მეწაღეობასაც სწავლობდა, მაგრამ, როგორც თავად იხსენებდა ხუმრობით, „მეწაღეობა მისი ბედი არ ყოფილა“.

9 წლის ასაკში შალიაპინს შესანიშნავი ხმა და აბსოლუტური სმენა აღმოაჩნდა და ის საეკლესიო გუნდში შეიყვანეს. 12 წლის ასაკში კი ფიოდორი პირველად მოხვდა თეატრში, სადაც გადიოდა სპექტაკლი „რუსული ქორწილი“ და ეს დღე გახდა მის ცხოვრებაში გადამწყვეტი — ის „თეატრით დაავადდა“.

1890 წელს შალიაპინმა შეასრულა პირველი სოლო პარტია ქალაქ უფის ოპერეტაში, მონიუშკოს ოპერაში „გალკა“, სადაც შეცვალა მსახიობი, რომელიც სპექტაკლის წინ ავად გახდა. თავად შალიაპინს ეს წარმოდგენა ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდა, რომ სცენაზე დაჯდომისას შემთხვევით სკამს ასცდა და დაეცა. ამბობენ, რომ შემდგომში მომღერალს სულ ჰქონდა ამის შიში და კარგად ამოწმებდა დაჯდომის წინ სკამს. ასეა თუ ისე, სწორედ ეს დებიუტი გახდა 17 წლის შალიაპინისთვის გადამწყვეტი.

ამის შემდეგ შალიაპინის „ტფილისის პერიოდი“ დადგა, სადაც ის მოხვდა მალოროსიის თეატრალურ დასთან ერთად და გაკვეთილებს იღებდა ცნობილ მომღერალთან და პედაგოგთან დიმიტრი უსატოვთან, რომელიც საოპერო კარიერის დასრულების შემდეგ თბილისში გადმოსახლდა. აღსანიშნავია, რომ უსატოვი შალიაპინს უსასყიდლოდ ამეცადინებდა. ფიოდორმა ტფილისში ერთი წელი იცხოვრა და გამოდიოდა ოპერაში, სადაც პირველი ბანის პარტიებს ასრულებდა.

ფიოდორ შალიაპინი კნიაზ გალიცკის როლში
ფიოდორ შალიაპინი კნიაზ გალიცკის როლში - Sputnik საქართველო
ფიოდორ შალიაპინი კნიაზ გალიცკის როლში

1894-1895 წლებში შალიაპინის შემოქმედება დაკავშირებული იყო სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრთან, სადაც ის წამყვან როლებში გამოდიოდა.

თავად შალიაპინის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში იყო 1896-1899 წლები, როდესაც ის რუსი მეცენატის და შესანიშნავი კაცის, სავა მამონტოვის მიწვევით გადავიდა მოსკოვში, სადაც მოღვაწეობა დაიწყო „კერძო რუსულ ოპერაში“. მან პირველად იგრძნო სრული შემოქმედებითი თავისუფლება, რადგანაც მამონტოვმა მას უთხრა: „ფედენკა, თქვენ ამ თეატრში შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ!“

1899 წლიდან შალიაპინი ერთდროულად გახდა მოსკოვის დიდი თეატრისა და სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სოლისტი და დაიწყო მისი საზღვარგარეთ ტრიუმფალური გასტროლების ხანა. 1901 წელს შალიაპინი გამოვიდა მილანის თეატრ „ლა სკალაში“, სადაც კრიტიკოსებისა და მაყურებლის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მისმა გამოსვლამ ბოიტოს ოპერაში „მეფისტოფელი“. შალიაპინს პარტნიორობას უწევდა თავად ენრიკო კარუზო, ხოლო სპექტაკლს დირიჟორობდა დიდი არტურო ტოსკანინი…

აღსანიშნავია, რომ შალიაპინი ორგზის „მეფისტოფელი“ გახლდათ: პირველ შემთხვევაში — ბოიტოს ოპერაში „მეფისტოფელი“, მეორედ – გუნოს ოპერაში „ფაუსტი“. მან ერთხელ თქვა: „ყველა აქებს ჩემს მეფისტოფელებს“.

მილანში გამოსვლებს მოჰყვა მომღერლის გასტროლები რომში, მონტე-კარლოში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში. შალიაპინის ღვთაებრივი სილამაზის ხავერდოვანი ხმა (მას „ოქროსყელიანიც“ კი უწოდეს) მთელი მსოფლიოს მაყურებელს იპყრობდა.

ფიოდორ შალიაპინი
ფიოდორ შალიაპინი - Sputnik საქართველო
ფიოდორ შალიაპინი

სხვათა შორის, ნიუ-იორკში გასტროლების დროს, საბაჟოს გავლისას ის ვიღაცამ იცნო და წამოიძახა — „შეხედეთ, ეს ხომ ოქროსყელიანი შალიაპინია!“ მაგრამ მებაჟე, როგორც ჩანს, ვერც ხელოვნებაში ერკვეოდა და ვერც მხატვრულ შედარებებში და სასწრაფოდ მოითხოვა მომღერლის ყელის რენტგენი.

მიუხედავად იმისა, რომ შალიაპინი მთელ მსოფლიოში იყო სახელგანთქმული, პროფესიონალები ამტკიცებდნენ, რომ მას სუფთა რუსული ჟღრადობისა და ტემბრის ხმა ჰქონდა. მაქსიმ გორკი აცხადებდა, რომ „რუსულ ხელოვნებაში შალიაპინი ისეთივე ეპოქაა, როგორც პუშკინი“. 

გარდა შეუდარებელი ხმისა, შალიაპინი არაჩვეულებრივი სამსახიობო ნიჭითაც იყო დაჯილდოვებული. ის სცენაზე არა მხოლოდ შესანიშნავი მომღერალი,  არანაკლები მსახიობიც იყო, მას „საოპერო ჟესტის მოქანდაკეც“ კი შეარქვეს.

ცალკე სალაპარაკოა ფიოდირ შალიაპინის ემიგრაციის თემა. რუსეთის დატოვება მას მარტივად არ გადაუწვეტია, დიდხანს ფიქრობდა. ის იხსენებს, რომ როდესაც 1922 წელს მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ოჯახთან ერთად გემბანზე იდგა, როცა გემი დაიძრა, მან ქუდი მოიხადა და ქედი მოიხარა საყვარელი მარიას თეატრის მსახიობების წინაშე, რომლებიც მას აცილებდნენ. როგორც შალიაპინი იგონებს, ის სევდამ შეიპყრო, რადგან იცოდა, რომ დიდხანს ვეღარ დაბრუნდებოდა სამშობლოში, მაგრამ რამდენად დიდხანს, ეს კი ნამდვილად ვერ წარმოიდგინა…

1927 წლის 24 აგვისტოს, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მას ჩამოერთვა სახალხო არტისტის წოდება და აეკრძალა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. საინტერესოა, რომ 1956 წელს საბჭოთა მთავრობამ განიხილა მისთვის სახალხო არტისტის წოდების დაბრუნება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაშინ არ მიიღეს. ეს მხოლოდ1991 წელს, მომღერლის გარდაცვალებიდან 53 წლის შემდეგ მოხდა…

ფიოდორ შალიაპინი გარდაიცვალა 1938 წელს პარიზში. 1984 წელს კი მისი ნეშტი გადმოასვენეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე…

კიდევ უამრავი რამ არის მოსაყოლი მის კინემატოგრაფიულ სახეებზე, მხატვრისა და მოქანდაკის ნიჭზე, მის არაჩვეულებრივ იუმორის გრძნობაზე, მის პირად ცხოვრებაზე… მაგრამ, როგორც კოზმა პრუტკოვი ამბობდა, „ვერავინ მიწვდება მიუწვდომელს“… 

თუმცა, ერთ ეპიზოდს მაინც ვერ გამოვტოვებ, უბრალოდ არ შემიძლია:

როდესაც ფიოდორ შალიაპინი უღმერთოდ იყო შეყვარებული თავის პირველ მეუღლეზე — იტალიელ ბალერინა იოლა ლო-პრესტზე, რომლის სცენიური ფსევდონიმი იყო ტორნაგი. „ევგენი ონეგინის“ წარმოდგენაზე შალიაპინმა, გრემინის როლის შესრულებისას, ცნობილ არიაში შეცვალა სიტყვები და იმღერა — Онегин, я клянусь на шпаге, безумно я люблю Торнаги!. ტორნაგი კი ამ დროს დარბაზში იმყოფებოდა…

© photo: Sputnikფიოდორ შალიაპინი მეუღლესთან ერთად
ფიოდორ შალიაპინი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ფიოდორ შალიაპინი მეუღლესთან ერთად

ნუ, ასეთ კაცს სიყვარულიც რომ სხვანაირი ეცოდინებოდა, ამაში ეჭვი არავის გვეპარება…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და სიყვარულით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0