ესპანეთში დამთავრებული დოქტორანტურა და ბასკეთში აღმოჩენილი გურია

გამოწერა
ემიგრაციის თემა შორიდან და ყურმოკვრით არ იცის, თანამედროვე ქართველისთვის ჩვეული ცხოვრება მთელი თავისი პერიპეტიებით გაიარა. საქართველოში მეორედ დაბრუნების შემდეგ მუშაობას კვლავ დიასპორის სამინისტროში აგრძელებს.

ესპანეთში ყოფნის დროს იგი ბასკეთის ავტონომიურ ტელევიზიასთან, რადიოსა და პერიოდულ გამოცემასთან, გაზეთ Deia-სთან თანამშრომლობდა, ასევე ევროპის ერების ინსტიტუტის ბასკური ფონდის პერიოდული ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი იყო. 2005 წლიდან კი ევროპული ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. დღეს ჟურნალისტი და დიპლომატი თამარ გამილაღდიშვილი თავის მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას ისევ ამ სფეროში ხარჯავს და საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის ახლადშემქნილ დეპარტამენტში აგრძელებს.

© FB/ თამარ ამილახვარითამარ გამილაღდიშვილი და გელა დუმბაძე
თამარ გამილაღდიშვილი და გელა დუმბაძე - Sputnik საქართველო
თამარ გამილაღდიშვილი და გელა დუმბაძე

– ქალბატონო თამარ, თბილისის მერე მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლობდით, ანუ თქვენმა სტუდენტობამ ფაქტობრივად ორ სხვადასხვა სივრცეში გაიარა?

— ნათელი და ლაღი საბჭოთა ბავშვობა მქონდა, სკოლა და უნივერსიტეტი წარჩინებით დავამთავრე. სტუდენტობაც გამორჩეული მქონდა, მით უფრო, როცა ბატონმა ნოდარ ტაბიძემ მოსკოვის უნივერსიტეტში მიმავლინა, სადაც ჩემი სტიპენდია 120 მანეთი იყო!.. როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, საქტელერადიო კომიტეტის ტელეფილმებში მანაწილებდნენ, მაგრამ სადიპლომო ფილმის გადასაღებად რომ ჩამოვედი მოსკოვიდან, ტელევიზიის პირველ კორპუსში გია ჭირაქაძეს შევხვდი (ჩემი ნათლიაა) და იქ გადაწყდა ყველაფერი. ორ დღეში სცენარიც მზად მქონდა და მერაბ კოკოჩაშვილმა ფირი და ოპერატორიც უშურველად დამითმო. გადავიღე ფილმი "მრავალჟამიერი", რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერაზე და ანსამბლ "ჟურნალისტზე" (შემდგომში – "ქართული ხმები") იყო. ამ ფილმის პრემიერა შედგა მოსკოვში, МГУ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე და ქართულ ცენტრ "მზიურში", სადაც თავად ანსამბლი მღეროდა. ისეთი ლამაზი საღამო გამოვიდა, გოგი დოლიძე ემოციებს ვერ ფარავდა, ხოლო თემურ ჭკუასელმა პირველი არხის მაშინდელ ხელმძღვანელს იქვე უთხრა — ეს ახალგაზრდა ჩვენ რედაქციაში გვჭირდებაო. ჰოდა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები ტელევიზიის ხალხური შემოქმედების რედაქციაში, სწორედ ამ ადამიანების გვერდით გავატარე…

© FB/ თამარ ამილახვარითამარ გამილაღდიშვილი ნოდარ ტაბიძესთან ერთად
თამარ გამილაღდიშვილი ნოდარ ტაბიძესთან ერთად - Sputnik საქართველო
თამარ გამილაღდიშვილი ნოდარ ტაბიძესთან ერთად

– დოქტორანტურა ესპანეთში დაამთავრეთ, რის შემდეგაც ეს ქვეყანა თქვენ ლამის მეორე სამშობლოდ იქცა?

— დიახ, ასეა. 1993 წელს სასწავლებლად წავედი ესპანეთში, სადაც დავამთავრე დოქტორანტურის სრული კურსი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გაგიკვირდებათ და, ჩემი სადოქტორო თემა სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს ეხებოდა. მაშინ, 1999 წელს ეს თემა რომ ავირჩიე, ყველა ირონიული ღიმილით მიყურებდა. დღეს კი ისე მომრავლდნენ “ევროპეისტები” და დოქტორები ამ სფეროში, რომ, ვფიქრობ, მე კვლავ უნდა შევიცვალო გზა…

© FB/ თამარ ამილახვარითამარ გამილაღდიშვილი მადრიდში ვიზიტისას
თამარ გამილაღდიშვილი მადრიდში ვიზიტისას - Sputnik საქართველო
თამარ გამილაღდიშვილი მადრიდში ვიზიტისას

– შეიცვალეთ აზრი? მაშინ ასე გკითხავთ, ევროკავშირისადმი თქვენი ასეთი დღეისთვის არაპოპულარული მოსაზრება რაზეა დაფუძნებული?

— აზრი არ შემიცვლია და ვაგრძელებ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობებს, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ, რომ სინამდვილეში არ მჯერა საერთო მონეტარული პოლიტიკის და ევროკავშირის აქილევსის ქუსლი სწორედ ევრო მგონია. ასე რომ, არ ვარ ევროსკეპტიკოსი, მხოლოდ „ევროს სკეპტიკოსი“ გახლავართ. ევროპული გამოცდილებაც გამაჩნია, ასე თუ ისე – ესპანეთში სწავლასთან ერთად ვთანამშრომლობდი ბასკეთის ავტონომიის მმართველ პარტიასთან, როგორც კონსულტანტი კავკასიის საკითხებში. იქ დავაფუძნეთ პირველი ბასკურ-ქართული კულტურული ასოციაცია, რომლის მეშვეობით ესპანეთის სხვადასხვა ისტორიულ პროვინციაში საქართველოსა და კავკასიაზე საჯარო ლექციებს ვკითხულობდით. მით უფრო იმ პერიოდში, როცა ჩეჩნეთში ომი მიმდინარეობდა. იმ პერიოდში ასევე ვთანამშრომლობდი ბასკეთის ავტონომიურ ტელევიზიასთან, რადიოსთან და პერიოდულ გამოცემასთან, გაზეთ Deia-სთან, რომელსაც ამ მხარეში ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა.

– ესპანეთში თქვენ ბასკური ფონდის თანამშრომელი და შემდგომში ევროპის ერების ინსტიტუტის პერიოდული ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელიც იყავით…

— დიახ, 2003 წელს ევროპის ერების ინსტიტუტის ბასკურ ფონდს თანამშრომლობაზე დავთანხმდი და მათი პერიოდული ჟურნალის რედაქტორი და გამომცემელი გავხდი. ხოლო 2005 წლიდან – ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. არ დაგიმალავთ, რომ ამ ფონდში მუშაობას იმ პირობით დავთანხმდი, თუ პროექტების მეტი წილი კავკასიას და საქართველოს დაეთმობოდა და ასეც მოხდა. პარალელურად ვთანამშრომლობდი ჩვენ საელჩოებთან საფრანგეთში და ესპანეთში, საქართველოს პარლამენტთან და პარლამენტის ბიბლიოთეკასთან, აჭარის ავტონომიის სხვადასხვა უწყებებთან, იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციასთან (პირადად ვხელმძღვანელობდი ქართული და ბასკური ქალაქების დაძმობილების პროექტებს) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, სადაც პროფესორებთან ვლადიმერ კიკილაშვილთან და ემილ კოპალიანთან ერთად დავაარსეთ ევროპული კვლევების ცენტრი, რომლის საშუალებით და ბასკეთის განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით სან–სებასტიანის ტურიზმის უმაღლეს სკოლაში ათზე მეტი ქართველი ახალგაზრდა სპეციალისტის გადამზადება მოხდა.

– ასეთი ნაყოფიერი ქართულ-ესპანური საქმიანობის პერიოდში ქართულმა უწყებამ თანამშრომლობისთვის მოგიწვიათ, როდის მოხდა ეს?

— ეს მოხდა 2008 წლის ივლისში, როცა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ბატონმა იულონ გაგოშიძემ ამ ახალ უწყებაში სამუშაოდ მომიწვია. 2009 წლის დეკემბრამდე მისი მოადგილე ვიყავი, მაგრამ 2010 წელს კვლავ ესპანეთში დავბრუნდი და დავასრულე ორი პროექტი, რომლებზეც ევროპის ერების ინსტიტუტი მუშაობდა. 2011 წელს დიასპორის საკითხებზე დავიწყე თანამშრომლობა ახალ პოლიტიკურ კოალიციასთან და 2012 წელს ისევ საქართველოში დავბრუნდი. ჩემთვის ფრიად საპასუხისმგებლო იყო, როგორც ყოფილი ემიგრანტისთვის, 4 წლის მანძილზე კვლავ დიასპორის აპარატში მუშაობის გაგრძელება. განხორციელებული გვაქვს საკმაოდ საინტერესო, მრავალპროფილური პროექტები, ჩავატარეთ არაერთი მასშტაბური ფორუმი, რომელთაგან გამოვყოფდი სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით ორგანიზებულ ორ ფორუმს — "გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს" და ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის უნიკალურ მოვლენას, რასაც ორი კონფერენცია მიეძღვნა მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში და ჩვენ მშობლიურ უნივერსიტეტში. აქვე უნდა აღინიშნოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ზაალ სარაჯიშვილის ინიციატივა — შექმნილიყო "დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია", რომელიც ორი წელია არსებობს და, იმედია, ჩვენს ემიგრანტებს ქმედითად დაეხმარება. ამჟამად, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შემდეგ, თანამშრომელთა ერთ ნაწილთან ერთად საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროში, დიასპორასთან ურთიერთობის ახლადშემქნილ დეპარტამენტში ვარ.

– აქ ალბათ ბასკური მოგონებებიც უნდა გაგვიზიაროთ…

— ამ ულამაზეს მხარესთან მართლაც დიდი და უანგარო მეგობრობა მაკავშირებს. იქ ბევრი მეგობარი მყავს, მათ შორის, ჩემზე უფროსები და უმცროსებიც. 1993 წელს პირველი, რამაც ჩემში დიდი ემოცია გამოიწვია, როცა იქ ბასკურ ენას ვსწავლობდი, ერთ-ერთ ისტორიულ პროვინციაში, ბისკაიაში ვნახე რესტორანი, რომელსაც ერქვა „გურია“ და იგივე ხაზის რესტორანი „გურია“ გიპუსკოაშიც იყო. ეს იქაურ დიალექტებზე სხვადასხვანაირად გამოითქმის და როცა ვიკითხე — რას ნიშნავს ეს სიტყვა და ბასკურიდან ესპანურად როგორ ითარგმნება–მეთქი, მითხრეს, „ჩვენებურსო“. აი, მაშინ დავრწმუნდი, რომ დედაჩემის წინაპრები გურიიდან, ჩოხატაურის რაიონიდან შეიძლება ბასკეთიდან იყვნენ წამოსული, ან, პირიქით — გურულები არიან ბასკეთში წასულები.

© FB/ თამარ ამილახვარითამარ გამილაღდიშვილი გია ჭირაქაძესთან ერთად
თამარ გამილაღდიშვილი გია ჭირაქაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
თამარ გამილაღდიშვილი გია ჭირაქაძესთან ერთად

– ქალბატონო თამარ, ბასკეთის ავტონომიის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს თქვენც უწევდით ორგანიზებას…

— ეს იყო 2005-2006 წლები, იმ ფონდის გამგეობასთან ერთად, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. მაშინ დავიწყეთ ბასკეთის ავტონომიის პრეზიდენტის ხუან ხოსე იბარეჩეს საქართველოში ვიზიტზე მუშაობა. ცოტა გაიწელა პროტოკოლური პროცედურები და თბილისში ჩამოსვლა ორჯერ ზედიზედ მომიწია, რათა სხვა პროექტებთან ერთად ამ საკითხისთვისაც მიმეხედა. აქ მალევე მოვაგვარე ყველა პრობლემა და დავბრუნდი თუ არა ბილბაოში, მთავრობის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შევხვდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბატონ იბარეჩეს ღია ლექციაც უნდა ჩაეტარებინა, ხოლო რექტორს  მისთვის საპატიო დოქტორის წოდების სიგელი უნდა გადაეცა. დადგა 2006 წელი, მაგრამ გადაწყვეტილება იგვიანებდა. ბოლოს, გავთამამდი და მმართველი პარტიაც ჩავრთე პროცესში (პროტოკოლის დაცვით, ცხადია). პასუხი კი თავად პრეზიდენტისგან მივიღე: თამარ, როგორ ფიქრობ, თებერვალში რომ გავემგზავროთ საქართველოში, გვიან იქნება? მაგალითად, 8 თებერვალს, ეს ხომ კავკასიაში ყველაზე დიდი უნივერსიტეტის დაარსების თარიღს დაემთხვევაო. თურმე, ბასკეთშიც იციან ამის შესახებ და აქვე, საქართველოში ბევრმა თუ იცის, ნეტავ, როდის დაარსდა ჩვენი დედა–უნივერსიტეტი? რამდენადაც უნივერსიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელობაც და მასპინძლები, ქალბატონი რუსუდან ლორთქიფანიძე, ბატონი ვოვა კიკილაშვილი და ბატონი ემილ კოპალიანიც ზუსტად ამ თარიღისთვის ამზადებდნენ ღონისძიებას, ბასკეთის პრეზიდენტის პირველმა ოფიციალურმა ვიზიტმა საქართველოში მართლაც წარმატებით ჩაიარა.

© FB/ Tamar Amilakhvariთამარ გამილაღდიშვილი
თამარ გამილაღდიშვილი - Sputnik საქართველო
თამარ გამილაღდიშვილი

– იმდენი რამ ნახეთ და გადაიტანეთ, რომ არ დაგეწყოთ წერა, ის გამიკვირდებოდა…

— ემოცია, რომელიც არ მინდა მხოლოდ ჩემში დარჩეს, ვალდებულიც ვარ, სხვებსაც გავუზიარო და მისი თანაზიარი გავხადო. ამიტომ აქტიურად დავიწყე იმის წერა, რაც განვიცადე და რის ფასადაც ცხოვრება შევიგრძენი. იმედია, ოდესმე წიგნად გამოვაქვეყნებ. ჩემი ყველაზე დიდი ცხოვრებისეული მიგნება კი ისაა, რომ ყველაფრის უანგარო და უპირობო სიყვარული შემიძლია: სამშობლო, ოჯახი, თუნდაც საყვარელი წიგნი და მწერალი, მსახიობი და ფილმი ან სპექტაკლი… მაგალითად, საქართველო უპირობოდ მიყვარს, ესპანეთი და ბასკეთი კი უანგაროდ… რაც შეეხება ოჯახს, ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც ესპანეთში დაიბადა, საქართველოში ვზრდი და მინდა, რომ მას სამშობლოს სრული შეგრძნება ჰქონდეს. ზოგადად კი გეტყვით, რომ, ცხადია, საქართველოს მომავალს სწორედ ევროპულ სივრცეში ვხედავ, რადგან ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერების ხსნა და მომავალი სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეჭვის ქვეშაა…

ყველა ახალი ამბავი
0