ქართული კულტურის ცენტრი სტოკჰოლმში და შვედეთში ნასწავლი ხალხური სიმღერა

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს შვედეთში მცხოვრებ ლელა კუხიანიძეს გაგაცნობთ. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ და მუსიკოსმა ამ ქვეყანაში ილია ჭავჭავაძის სახელობის სათვისტომო დააფუძნა და ანსამბლი „ნერგები“ დააარსა.

ამიტომაც 2016 წლის 3 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ ღონისძიებაზე მას სრულიად დამსახურებულად წარმატებული ემიგრანტი ქალის პრიზი გადაეცა.

– ქალბატონო ლელა, თქვენ იმ წარმატებული ქართველების კატეგორიაში გადიხართ, ვინც ქართულ საქმეს უცხოეთში აკეთებს…

— მოგესალმებით შვედეთიდან და ჩემს ხალხს მშვიდობიან და წარმატებულ წინსვლას ვუსურვებ, ისეთ წინსვლას, რაც უცხოეთში ქართველი ემიგრანტების რაოდენობას შეამცირებს. ემიგრაციამდე ჩემ მეუღლესთან ვახტანგ მეფარიშვილთან და უფროს შვილთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობდი. იქ ბავშვთა ხალხური სიმღერების ანსამბლი მყავდა. დავამთავრე ხელოვნებისა და პედაგოგიკის ინსტიტუტი ხელოვნებათმცოდნის პროფესიით. მეუღლე გეოგრაფი მყავს და ჩვენი მცირედი ხელფასებით ვერ ვხედავდით მომავალს, ამიტომ ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტეთ…

© FB/ ლელა კუხიანიძესტოკჰოლმის ქართული კულტურის ცენტრში
სტოკჰოლმის ქართული კულტურის ცენტრში - Sputnik საქართველო
სტოკჰოლმის ქართული კულტურის ცენტრში

საცხოვრებლად შვედეთი რატომ აირჩიეთ?

— გადმოცემით ვიცოდით, რომ შვედეთი დემოკრატიული, მოწესრიგებული ქვეყანაა და იქ შესაძლებელი იყო, ბედი გვეცადა. არჩევანში არც შევმცდარვართ. 2007 წელს ჩვენმა ოჯახმა ამ ქვეყანაში დარჩენის უფლება მიიღო. უკვე ხუთი სული ვიყავით: მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი სამი ვაჟი – თორნიკე, მიხეილი და ლაშა-გიორგი. როცა ენას დავეუფლე და შვედურ ენაზე გამოცდები ჩავაბარე, მერე საქართველოში მიღებული განათლება გადავამტკიცე და პედაგოგის სერტიფიკატიც ავიღე.

– თქვენ შვედეთში ქართული კულტურის ცენტრი დააარსეთ და იქ მცხოვრებ ქართველებს სტოკჰოლმის კულტურის სასახლეში ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას ასწავლით…

— დიახ, სტოკჰოლმში ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ნერგები" ჩამოვაყალიბე. ანსამბლის ჩამოყალიბება დროული იყო, რადგან აუცილებელი გახდა, რომ იქ ჩვენი ბავშვებისათვის ქართული კულტურის კერა შექმნილიყო. რადგან იმის საშიშროება გაჩნდა, რომ ჩვენს შვილებს ქართული ენა დაევიწყებინათ და კულტურასა და ფოლკლორზე წარმოდგენა არ ჰქონოდათ. აქ ბავშვებს ვასწავლი ქართულ ხალხურ სიმღერებს, ცეკვებს და დაკვრას ხალხურ ინსტრუმენტებზე: ფანდური, ჩონგური, სალამური. ჩვენი ანსამბლი მუდამ პირველია და ეს არავის უკვირს, რადგან ჩვენი ფოლკლორი ხომ უნიკალურია. პატარებისთვის უცხოეთში ქართული სულის ამ გზით შენარჩუნება აუცილებელია. უცხო ქვეყანაში ენა ადვილად ეძლევა დავიწყებას და ქართველ ბავშვებში ერთმანეთისადმი გაუცხოება იწყებოდა. შვედეთში არსებული ქართული კულტურის ცენტრის ძირითადი მიზანი, როგორც მოგახსენეთ, ქართული ფესვების შენარჩუნება იყო. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ფესტივალებში, ვატარებთ საახალწლო ზეიმებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შვედეთის დედაქალაქის ცენტრში კონცერტებს ვმართავთ და ქართული დროშით ყველას ვახსენებთ, თუ ვინ და ვისი გორისა ვართ.

© FB/ ლელა კუხიანიძეშვედეთში მცხოვრები ქართველები
შვედეთში მცხოვრები ქართველები - Sputnik საქართველო
შვედეთში მცხოვრები ქართველები

– როგორ შეეგუეთ შვედურ გარემოს და ყველაზე დიდი სირთულე ამ მხრივ რა იყო თქვენთვის?

— შვედურ გარემოსთან შეგუება არ გაგვჭირვებია. ენას ადვილად დავეუფლეთ, ინგლისური კი ისედაც ვიცოდით. თავად შვედები პრაქტიკული, ჭკვიანი და წინდახედული ადამიანები არიან. მათ ესაჭიროებოდათ მუშახელი და საკუთარი ქვეყნის კარები შეგნებულად გააღეს და ქვეყანაც ეკონომიკურად, სოციალურად თუ პოლიტიკურად გააძლიერეს.

© FB/ ლელა კუხიანიძელელა კუხიანიძე
ლელა კუხიანიძე - Sputnik საქართველო
ლელა კუხიანიძე

– 2016 წელს თქვენ წარმატებული ემიგრანტი ქალების ნომინაციაში თავად ემიგრანტებმა დაგასახელეს, რა მიგაჩნიათ თქვენ ყველაზე დიდ წარმატებად?

— ჩემი ხალხის სიყვარულია ჩემი წარმატება. ჩვენი თანამემამულეები ერთი წუთით არ მიმიტოვებია გაჭირვების დროს. ჩემი თარჯიმნობა მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მათი გასაჭირი უკეთ დამენახა. ვარ იურიდიულ, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო სფეროებში კომპეტენტური თარჯიმანი.

– საქართველოს მონატრება რა კონკრეტულ შეგრძნებებს გიჩენთ, ანუ რა გენატრებათ ყველაზე ძალიან?

— ფიქრით და ოცნებით სულ საქართველოში ვარ. ჩემი სამშობლო ერთადერთია ჩემთვის და სხვა სამშობლო არ არსებობს, როგორი საუკეთესო მდგომარეობაც არ უნდა მქონდეს. ყველგან ქართულ საქმეს ვაკეთებ და ასე მგონია, რომ უცხო ქვეყნიდან სამშობლოს ამით ვეხმარები…

ყველა ახალი ამბავი
0