სად ესკიმო და სად ესკიმოსები...

© flickr.comესკიმო
ესკიმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე განსაკუთრებით თბილად გამოწყობილები ამობრძანდით. ფაფუკი შარფების შემოხვევა არ დაგავიწყდეთ, რადგან ყველამ უნდა დავანგრიოთ მშობლების მიერ შექმნილი მითი, რომ ნაყინის ჭამა ზამთარში არ შეიძლება (არადა, ზაფხულში რომ ცხელ ჩაის გვასმევენ?) და მივირთვათ „ესკიმო“. არა, არა, არ დამიწყოთ ახლა — მე „პლომბირი“ მირჩევნია, მე „შერბეთი“, მე „უბრალოდ გაყინული ხილის წვენი რძის გარეშეო“. უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ ჩვენ მენიუში მხოლოდ ერთი სახეობის ნაყინია, რადგან დღეს „ესკიმოს“ საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს, 1922 წლის 24 იანვარს აიოვას შტატის ქალაქ ონავას ტკბილეულების მაღაზიის მფლობელმა ქრისტიან ნელსონმა დააპატენტა ჯოხზე ამაყად წამოსკუპებული, თანაც კაკაოში ამოვლებული ნაყინი და მას Eskimo Pie — ანუ „ესკიმოსის ღვეზელი“ დაარქვა.

უნდა გამოგიტყდეთ და ბავშვობაში მეგონა, რომ ესკიმოსები იმიტომ არიან ესკიმოსები, რომ ბევრ „ესკიმოს“ მიირთმევენ, თურმე პირიქით ყოფილა…

ნაყინი - Sputnik საქართველო
ნაყინის გასაიდუმლოებული რეცეპტი და მასწავლებელი, რომელმაც ესკიმო გამოიგონა

სხვათა შორის, ესეკიმოსებს საკუთარი ნაყინი გააჩნიათ, რომელსაც ეძახიან აკუტაკს და ის შედგება გაყინული კენკრისა და ხორცისგან (მარტო ფრანგები კი არ მიირთმევენ ყურძენს ყველთან ერთად, ჩვენ კი — ნესვს აჯიკით და თონის პურთან — საზამთროს).

როგორც ყველა დაბადების დღეზე, იუბილარის სადღეგრძელოს შემდეგ მისი მშობლებისა და წინაპრების სადღეგრძელო უნდა შეისვას და ამიტომაც მინდა მოკლედ მოგიყვეთ ნაყინის შექმნის ისტორია, რომელიც 4 ათასზე მეტ წელს ითვლის, ასევე, ცოტა რამ მისი „ბიოგრაფიიდან“.

ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2000 წლის წინ ჩინეთში სუფრაზე გამოჰქონდათ დესერტები თოვლისგან და ყინულისგან, რომლებშიც არეული იყო ფორთოხლის და ლიმონის პატარა ნათალები და ბროწეულის მარცვლები.

მაწვნის სახლი - Sputnik საქართველო
თბილისში მალე მაწვნის ნაყინი გამოჩნდება

ნაყინის ყველაზე ცნობილი ძველი ნაირსახეობა — „ფალუდე“ კი შეიქმნა ჩ.წ.აღ-მდე მე-5 საუკუნეში და წარმოადგენდა სახამებლის გაყინულ ძაფებს, რომლებიც არეული იყო ვარდის წყალში, ლაიმის წვენში და დამატებული ჰქონდა ფსტა („ფისტაშკები“). 

ევროპაში ნაყინის პირველი რეცეპტები ჩინეთიდან შემოიტანა ცნობილმა მოგზაურმა მარკო პოლომ XIII საუკუნეში. 

პირველ რუსულ ნაყინად ითვლება ე.წ. „ზამთრის რძე“ — რომელსაც ურევდნენ თაფლს და სპეციალურ ფორმებში ყინავდნენ.

სამწუხაროდ, ვერაფერი მოვძებნე საქართველოში ნაყინის ისტორიის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ პირველი ქართული ნაყინი დაკავშირებული იქნებოდა ყურძნის წვენის გაყინვასთან.

ამერიკაში შოკოლადისა და ზღვის მარილისგან დაამზადეს ნაყინი, რომელიც არ დნება - Sputnik საქართველო
ამერიკაში შოკოლადისა და ზღვის მარილისგან დაამზადეს ნაყინი, რომელიც არ დნება

ნაყინის პირველი რეცეპტი გამოქვეყნდა ლონდონში 1718 წელს „მისის მერი ილზის რეცეპტების კრებულში“.

ნაყინის პირველი ფაბრიკა კი გაიხსნა აშშ-ში, ბალტიმორში 1851 წელს.

ალბათ, არავის არ გვახსოვს ზუსტად, როდის გაგვასინჯეს მშობლებმა პირველი ნაყინი, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ძუძუმწოვარა ასაკში არ მოხდებოდა. ახლა კი გამოდის სპეციალური ნაყინი — Baby Gaga, რომელშიც გამოყენებულია დედის რძე და დამატებული აქვს საბავშვო ტკივილგამაყუჩებელი გელი „ბონჯელა“, რომელიც პატარებს კბილების ამოსვლისას ტკივილს უმსუბუქებს.

სხვათა შორის, ექიმების რჩევით, ანგინის პროფილაქტიკისთვის ბავშვებისთვის კარგია ნაყინის მირთმევა, რადგან ის, თურმე, ყელს აკაჟებს. მთლად უებარი მეთოდი კი ისაა, თუ არ დაიზარებთ და ნაძვის წიწვებს დანაყავთ (სულ 20 ცალს), დაუმატებთ ჟოლოს და ფორთოხლის წვენს, ზედ დაადებთ ნაყინის ბურთს, ასევე ნაძვის წიწვებით მორთულს. ბავშვები ხომ ჩვენზე გაცილებით უფრო ესთეტები არიან და სიამოვნებით მიირთმევენ ასეთ სასარგებლო ნაყინს.

ნაყინი მაიმუნებისათვის და დათვებისათვის: რომში ცხოველებს სიცხისგან იცავენ - Sputnik საქართველო
ნაყინი მაიმუნებისათვის და დათვებისათვის: რომში ცხოველებს სიცხისგან იცავენ

ჩვენ ყველა შეჩვეული ვართ იმას, რომ ნაყინი, როგორც წესი, ტკბილეულებში შედის. არადა, მსოფლიოში დღეს შეიძლება გასინჯოთ თევზის, ზღვის პროდუქტების, ნივრის, ყველის, ნიახურის, წიწაკიანი (ეს, ალბათ, სპეციალურად ჩემთვის დაამზადეს) ნაყინიც კი.

მსოფლიოში ყველაზე ძვირ ნაყინად კი ითვლება ე.წ. „ოქროს ნაყინი“, რომელიც იყიდება აშშ-ში. ამ ნაყინის ერთი პორციის ღირებულება 1000 აშშ დოლარს შეადგენს. ის მორთულია კვებისთვის გამოსადეგი ნატურალური ოქროთი და უიშვიათესი კენკრით. ამბობენ, რომ ძალიან გემრიელი ყოფილა, დავუჯეროთ, სხვა რა გზა გვაქვს…

ახლა კი შემოგთავაზებთ ვიდეოს, რომელზეც ნაჩვენებია, როგორ ნაყინს მოგართმევენ იაპონიაში:

სტატისტიკის მიხედვით, ზაფხულში ყოველ 3 წამში იყიდება ერთი პორცია ნაყინი, ხოლო ზამთარში ეს პერიოდი 20 წამამდე იზრდება.

გაყიდვების მხრივ ლიდერობს ნაღების ნაყინი, მეორე ადგილზეა შოკოლადის, ხოლო მესამე საპატიო ადგილს ხილის ნაყინი იკავებს.

ამბობენ, რომ ნაყინი ძალიან უყვარდა ნაპოლეონს და წმინდა ელენეს კუნძულზე სპეციალური მოწყობილობა ჩაიტანეს მისი წარმოებისთვის. ხოლო დიდი რუსი მწერალი ანტონ ჩეხოვი თეატრალური კრიტიკოსის ალექსეი პლეშჩეევისთვის ოდესიდან გაგზავნილ წერილში წერდა, რომ თავისი ქონების ნახევარი ნაყინში გაფლანგა იმის გამო, რომ მცირე თეატრის პრიმასთან გლაფირა პანოვასთან ერთად ყოველდღე დადიოდა ზამბრინის ცნობილ საკონდიტროში.

ნაყინის ისტორიაში კიდევ ბევრი საამაყო ფურცელია ჩაწერილი… 

მაგალითად, გინესის წიგნში შესულია ნაყინი, რომელიც 2011 წლის მაისში შექმნა კანადურმა ფირმა DairyQueen-მა და დადგა ტორონტოს პარკში. მისი წონა 10 ტონა გახლდათ და ის შედგებოდა 9 ტონა ნაყინისგან, 90 კგ ბისკვიტისგან და 136 კგ გახეხილი შოკოლადისგან.

სამწუხაროდ, ჩვენს სახელგანთქმულ იუბილარს ისტორიაში სამარცხვინო ფაქტებიც გააჩნია.

მაგალითად, 2002 წელს ჩილეში დააპატიმრეს ნაყინის გამყიდველი, რომელსაც დასდევდა მთელი ქალაქი. აღმოჩნდა, რომ მის ნაყინში კოკაინი იყო ჩამატებული.

ბოლოს  კი ჩვენი წერილის აპოთეოზი — „შემწვარი ნაყინის“ რეცეპტი:

© FLICKR/ HUNGRY DUDESშემწვარი ნაყინი
შემწვარი ნაყინი - Sputnik საქართველო
შემწვარი ნაყინი

უნდა აიღოთ ნაყინის ბურთულა, კარგად გაყინოთ. მერე ამოავლოთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხსა და ორცხობილის ფხვნილში, მერე ისევ შეინახოთ საყინულეში. მერე გახვიდეთ სტუმრებთან და „სხვათა შორის“ გამოაცხადოთ — „გეთაყვა, ვინმეს ხომ არ გნებავთ შემწვარი (აქ უნდა გააკეთოთ ხანგრძლივი პაუზა) ნაყინი?“ რა თქმა უნდა, ვინმეს მაინც ენდომება. მერე გადიხართ სამზარეულოში, იღებთ ამოვლებულ ბურთულებს საყინულედან და ძალიან სწრაფად წვავთ ფრიტიურში. სულ ეგაა…

თუ ჩემი რეცეპტი ცოტა პრიმიტიულად მოგეჩვენებათ, გთავაზობთ „შემწვარი ნაყინის“ რეცეპტს ტაილანდურად:

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ესკიმოსავით გემრიელ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

 

ყველა ახალი ამბავი
0