ფედერიკო ფელინი: ცხოვრება მაგიისა და მაკარონების შერწყმაა...

© photo: Sputnik / Борис Кауфман / გადასვლა მედიაბანკშიდიდი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი
დიდი იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

როგორ მიყვარს ეს შესანიშნავი დღე… დღე, როდესაც ამ ლამაზ დედამიწას მოევლინა ბუმბერაზი კაცი, ბავშვივით წრფელი და ბრძენივით გამჭრიახი, რომელსაც მთელი ცხოვრება ესიზმრებოდა, რომ დაფრინავდა, რომელიც იმდენად დიდი ფანტაზიორი იყო, რომ თავად ავიწყდებოდა, რაც მოყვა, მართლა გადახდა თუ მოიგონა…

ეს გახლავთ გენიალური იტალიელი რეჟისიორი, ხუთგზის ოსკაროსანი ფედერიკო ფელინი, რომელსაც დღეს, 20 იანვარს 97 წელი შეუსრულდებოდა.

აქვე მინდა გამოგიტყდეთ, რომ თუ „ოსკარის“ ცერემონიას პატივს ვცემ და ამ ფესტივალის შედეგებს ვენდობი, ამის მიზეზი ისაა, რომ მან ხუთჯერ დააჯილდოვა ფელინი!

ფედერიკო ფელინი დაიბადა იტალიის ქალაქ რიმინიში, რომელიც მის გულში ბოლომდე ჩარჩა. ის ბავშვობიდან გატაცებული იყო ფანტაზიებით და მოგონებებით — ეს თვისებაც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მაგალითად, სულ ამბობდა, რომ წაკითხული აქვს 3 წიგნი, სინამდვილეში კი უამრავს კითხულობდა. ჰყვებოდა იმის შესახებ, რომ ძალიან ცუდად სწავლობდა და მკაცრად სჯიდნენ, სინამადვილეში კარგად სწავლობდა და, შესაბამისად, არავინ არ სჯიდა.

როდესაც ექიმებმა მას ბავშვობაში მცდარი დიაგნოზი დაუსვეს – გულის უკმარისობა, უხაროდა, რადგან მშობლები თან ჰყვებოდნენ და ისიც თამაშობდა, თითქოს თავს ცუდად გრძნობდა. მომავალში ფელინი იტყვის, რომ თეატრალურობა — მისი ნატურის არსია და რომ, საერთოდ, „ფანტაზიები — ეს ერთადერთი რეალობაა“.

დღემდე არავინ იცის, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ფელინის მონაყოლი იმის შესახებ, რომ ის 12 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და გაჰყვა რიმინიში გასტროლებზე მყოფ ცირკს. ერთი კი ფაქტია, ფედერიკოს უყვარდა იმის გამეორება, რომ ის, კინორეჟისორი რომ არ გამხდარიყო, აუცილებლად დაიკავებდა ცირკის დირექტორის თანამდებობას. ამის დაჯერება კი ადვილია, თუ გავიხსენებთ მის კინოდებიუტს „ვარიეტეს შუქები“ (1950 წ), რომელიც ჯულიეტა მაზინას კინოდებიუტიც გახდა; ან 20 წლის შემდეგ გადაღებულ შესანიშნავ სატელევიზიო ფილმს „ჯამბაზები“, რომელშიც მთავარ როლს თავად ფელინი ასრულებს.

© AP Photo / Mario Torrisiფედერიკო ფელინი გადაღებებზე
ფედერიკო ფელინი გადაღებებზე - Sputnik საქართველო
ფედერიკო ფელინი გადაღებებზე

1937 წელს ფელინი გაემგზავრა რომში და დასახლდა სადგურთან ახლოს, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდნენ ჩინელი ვაჭრები, ქურდები და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები. ფელინი შემდგომში იტყვის, რომ ამ გარემომ ხელი შეუწყო მომავალ ფილმებში ხალხის ყველა ფენის აღწერაში. ამ პერიოდში ის წერდა და ხატავდა ჟურნალ-გაზეთებისთვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლობდა რომის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ჯარში გაწვევისგან თავი რომ დაეღწია), ერთდროულად მუშაობდა სტამბის მუშად და სადაზღვევო აგენტად…

აქ კი გადავედი ჩემ საყვარელ თემაზე…

1943 წელს ფელინის შესთავაზეს ეკრანზე გადაეტანა რადიოისტორიების სერია ორ შეყვარებულზე. ერთ-ერთ როლს ახმოვანებდა სტუდენტური თეატრის 22 წლის მსახიობი ჯულია ანა (შემდგომში ჯულიეტა) მაზინა. მათ ერთმანეთი გაიცნეს და უკვე ორ კვირაში იქორწინეს. ორივესთვის ეს პირველი და ერთადერთი ქორწინება აღმოჩნდა, რომელიც გაგრძელდა 50 წელი და ერთი დღე. მათ აღიარებდნენ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ წყვილად. ისინი მართლაც ერთმანეთისთვის იყვნენ გაჩენილი. ფელინი იყო გენიოსი, ჯულიეტა კი მისი მუზა. ისინი ყველგან და ყველაფერში ერთად იყვნენ. მსოფლიო აღიარების მიუხედავად ფელინის არასდროს ჰქონია ვილები, იახტები, ავტომანქანები. დასასვენებლად ისინი მის მშობლიურ რიმინიში დადიოდნენ, სადაც ძველ სახლში ცხოვრობდნენ. ჯულიეტა არ ატარებდა ბრილიანტებს და ძვირადღირებულ ქურქებს, რომლებიც მას სტატუსით ეკუთვნოდა. სამწუხაროდ, მისი პირველი ფეხმძიმობა ტრაგიკულად დასრულდა კიბეზე ჩამოვარდნის შემდეგ. 1943 წელს კი ჯულიეტამ გააჩინა ბიჭი, რომელიც ორ კვირაში გარდაიცვალა. ფელინიმ შესთავაზა ბავშვი აეყვანათ, მაგრამ ჯულიეტამ უარი განაცხადა. მომავალში ფედერიკო იტყვის — „როდესაც უშვილო ოჯახი არ იშლება, ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი მართლაც მტკიცეა, ჩვენ ერთმანეთი გვყავს“.

თავისი პირველი ჯილდო — ვენეციის ფესტივალის „ვერცხლის ლომი“ ფედერიკო ფელინიმ მიიღო 1953 წელს გადაღებული ფილმისთვის „დედიკოს ბიჭები“. სხვათა შორის, ეს ფილმი „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული. სწორედ ამ ფილმის გადაღების დროს ფელინიმ გაიცნო იტალიელი კომპოზიტორი ნინა როტა და დაიწყო მათი მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი კავშირი და მეგობრობა.

ნამდვილი მსოფლიო აღიარება და პირველი „ოსკარი“ ფელინის მოუტანა 1954 წელს გადაღებულმა ფილმმა „გზა“. სწორედ ამ ფილმით დაიწყო მთავარი როლების შემსრულებლების — ჯულიეტა მაზინას და ენტონი ქუინის ბრწყინვალე კინემატოგრაფიული კარიერაც. სწორედ ამ ფილმის შემდეგ შეარქვეს მაზინას „ჩაპლინი კაბაში“.

© photo: Sputnik / Борис Кауфман / გადასვლა მედიაბანკშიფელინი მოსკოვის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე
ფელინი მოსკოვის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე - Sputnik საქართველო
ფელინი მოსკოვის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფელინის შეფასება და დახასიათება კინოკრიტიკოსებისა და პროფესიონალების საქმეა. პირადად მე კი განსაკუთრებით მიყვარს მისი ორი ფილმი — „კაბირიას ღამეები“ (ფელინის მეორე „ოსკარი“), რომლის შემდეგ ბოლომდე და გამოუსწორებლად ვარ შეყვარებული ჯულიეტა მაზინაში,

და „ტკბილი ცხოვრება“, რომლის მერე მარჩელო მასტროიანის ვეტრფი… 

სხვათა შორის, ფილმი „ტკბილი ცხოვრება“ არაერთგვაროვნად იყო მიღებული და რამდენიმე თვის განმავლობაში იტალიაში მისი ჩვენება აკრძალულიც კი იყო, რადგან ის არ მოიწონა ვატიკანმა – როგორც ჩანს, სტრიპტიზის სცენის ან იმ ეპიზოდის გამო, როდესაც ვერტმფრენს ქრისტეს ქანდაკება მოაქვს… მიუხედავად ამისა, მან მიიღო კანის ფესტივალის „ოქროს პალმის რტო“.

ფელინიმ თავისი მესამე „ოსკარი“ მიიღო 1963 წელს გადაღებული ფილმისთვის „რვა-ნახევარი“, რომელშიც მთავარ როლს ისევ მასტროიანი ასრულებს. საოცარი ფილმია! არ ვარ დარწმუნებული, რომ ბოლომდე გავიგე, რადგან რეალობა, სიზმრები და ფანტაზიები ისეა გადახლართული ერთმანეთში, რომ… თუმცა, საერთოდ არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ფელინის რომელიმე ფილმს ბოლომდე ჩავწვდი. მაგრამ, შესაძლებელია, რეჟისორი ამას მიზნად სულაც არ ისახავდა და მისთვის მთავარი  მისი შექმნილი ფილმებით გამოწვეული ემოციები იყო…

1974 წელს ფელინიმ შექმნა თავისი საოცარი „ამარკორდი“, რომლისთვისაც მას მეოთხე „ოსკარი“ მიენიჭა.

ბოლო „ოსკარი“ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ფედერიკო ფელინის 1993 წელს გადასცეს სოფი ლორენმა და მარჩელო მასტროიანიმ.

1993 წლის ოქტომბერში ახლოვდებოდა ფედერიკოს და ჯულიეტას ქორწინების 50 წლისთავი. ფელინიმ სულ ცოტა ხნით ადრე გაიგო იმის შესახებ, რომ მეუღლე მისგან საშინელ დიაგნოზს მალავდა და რომ არ ენერვიულა, ამბულატორულად მკურნალობდა. იმ დღეს, როდესაც მან გაიგო ჯულიეტას ავადმყოფობის შესახებ, თავადაც ნაოპერაციები, სასწრაფოდ გადაფრინდა რომში. ისინი გვერდი-გვერდ პალატებში იწვნენ. ექიმებმა ჯულიეტას „განაჩენი“ გამოუტანეს – მას მაქსიმუმ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი, ფელინი კი თავს უკეთ გრძნობდა.

„ოქროს ქორწილის“ იუბილეს დღეს, 1993 წლის 31 ოქტომბერს ფედერიკო და ჯულიეტა რესტორანში წავიდნენ. უცებ, შუა სადილის დროს ჯულიეტამ ტირილი დაიწყო. ერთადერთი, რასაც ფელინი ვერ იტანდა, იყო როდესაც მისი მეუღლე ტიროდა და უბრაზდებოდა ხოლმე, მაგრამ იმ საღამოს მან ჩახედა თვალებში და უთხრა: „ნუ ტირი, ჯელსომინა“ (ჯულიეტას როლი ფილმში „გზა“). ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, ის გულის შეტევით გარდაიცვალა…

ამის შემდეგ ჯულიეტა მაზინას აღარ უბრძოლია სიცოცხლისთვის და 5 თვეში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს, მისი თხოვნით, ქალაქ რიმინიში, მეუღლის და შვილის გვერდით, ფელინის სურათით ხელში… მის საფლავზე, მისივე თხოვნით, ამოტვიფრეს ფედერიკოს სიტყვები — “ახლა კი, ჯულიეტა, შეგიძლია იტირო“…

© AFP 2024ფედერიკო ფელინი კანში - 1987 წელი
ფედერიკო ფელინი კანში - 1987 წელი - Sputnik საქართველო
ფედერიკო ფელინი კანში - 1987 წელი

მეც, მთელი ამ წერილის წერის დროს ვტირი, მაგრამ უიმედოდ და სასოწარკვეთილად არა… განიცადო ამისთანა სიყვარული – არის უდიდესი ბედნიერება, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ვერავინ და ვერასდროს ვერ დამიმტკიცებს, რომ შეიძლება იყო დიდი ხელოვანი და შემოქმედი, თუ ერთხელ მაინც არ გიყვარდა ბოლომდე. უბრალოდ, ზოგი, როგორც ჩანს, ამას კარგად მალავს ხოლმე…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და საოცრად სიყვარულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0