პირველი ქართველი ქალი სენსეი ჩხოროწყუდან

© FB/ Maka Keburiaმაკა ქებურია
მაკა ქებურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაკა ქებურია პირველი ქალი სენსეია. იგი კიოკუშინ-კარატეში 20 წლიდან ვარჯიშობს, ამ ხნის განმავლობაში მან არაერთ წარმატებას მიაღწია. სირთულეებზე, თავდაუზოგავ შრომაზე, მიღწეულ წარმატებებზე მაკა „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.

– საბრძოლო ხელოვნება ბავშვობიდან მაინტერესებდა. მონაცემები კი მქონდა, სხარტი ბავშვი ვიყავი, მაგრამ სპორტზე არასდროს მივლია. ყოველთვის მინდოდა კარატეზე მევლო, მაგრამ მშობლები არ მრთავდნენ ნებას.

– როდის დადგა „გადამწყვეტი მომენტი“?

– ჩხოროწყუს რაიონში დავამთავრე სკოლა, გავხდი აბიტურიენტი. რადგან კარატეზე სიარული ჩემი ოცნება იყო, გადავწყვიტე ეს ოცნება ამეხდინა. ვიფიქრე, ერთი–ორი თვე ვივარჯიშებ, ჩავიცვამ კიმონოს, ვნახავ როგორ ვარჯიშობენ ამ სახეობაში–მეთქი. ჩემს მეგობარს ვთხოვე ერთად გვევლო კარატეზე. ისიც დამთანხმდა. როგორც კი მივედი, მოვიხიბლე მათი წესებით, დისციპლინით, წესრიგით. აღმოჩნდა, რომ კარგი მონაცემები მქონდა. უკვე 2007 წელს პირველად გავხდი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული.

© FB/ Maka Keburiaმაკა ქებურია
მაკა ქებურია - Sputnik საქართველო
მაკა ქებურია

– და რა წარმატებები მოჰყვა შემდეგში ამ პირველ გამარჯვებას?

– 2006 წელს, 20 წლის ასაკში დავიწყე ვარჯიში და თავდაუზოგავი შრომით რვა წელიწადში საკმაოდ ბევრ წარმატებას მივაღწიე. როგორც უკვე გითხარით, 2007 წელს პირველად საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გავხდი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებული ვარ, ასევე ვარ ევროპის პრიზიორი მძიმე წონაში (2009). ევროპის ჩემპიონი გავხდი 2011 წელს. მეორედ ევროპის ჩემპიონატი 2013 წელს მოვიგე.

– ანუ დაამსხვრიეთ ის სტერეოტიპი, რომ ქალი სუსტი არსებაა.

– კი, ნამდვილად დავამსხვრიე ეს სტერეოტიპი. ვარ აგრეთვე შავი ქამრის, მესამე დანის მფლობელი. საქართველოში პირველი ქალი, ვისაც კიოკუშინში მესამე დანი უკეთია და მაქვს სენსეის წოდება. სხვათა შორის, კიოკუშინში ჩემი მწვრთნელი არის პირველი მეექვსე დანი საქართველოში, ევროპის მსაჯთა კომიტეტის თავჯდომარე ნოდარ კვანჭიანი. აღზრდილი ჰყავს სამოცამდე შავი ქამრის მფლობელი. საბედნიეროდ, სრულიად შემთხვევით მოვხვდი მასთან. ბატონ ნოდართან შავი ქამრის აღება ცოტა რთულია, თუმცა ოთხ წელიწადში პირველი შავი ქამარი გავიკეთე. ეს იყო რაღაც არანორმალური, თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ახლა კიოკუშინ–კარატეში სენსეის წოდება მაქვს მონიჭებული.

მაკა ქებურია – პირველი ქალი სენსეი

– ტატამს იქით, ცხოვრებაში თუ გამოგიყენებიათ თქვენი ძალა?

– კი, ერთხელ ქუჩაში სრულიად შემთხვევით მოხდა ასეთი შემთხვევა. უნივერსიტეტიდან მოვდიოდი, როდესაც წინ ნასვამი მამაკაცი გადამიდგა და ასანთი მთხოვა. ასანთი არ მქონდა და, ბუნებრივია, უარი ვუთხარი, რასაც მოჰყვა უშვერი სიტყვებით ლანძღვა და გინება. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, მაგრამ რომ აღარ გაჩერდა, იძულებული გავხდი ერთი მარტივი ილეთი ჩამეტარებინა მისთვის და გამეჩუმებინა.

© FB/ Maka Keburiaმაკა ქებურია ოჯახთან ერთად
მაკა ქებურია ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
მაკა ქებურია ოჯახთან ერთად

– გყავთ ტყუპი შვილები. როგორ უთავსებთ ოჯახის საქმიანობას და ვარჯიშს ერთმანეთს?

– დიახ, ორი შვილი მყავს, ტყუპები. 2015 წლის 23 ნოემბერს დაიბადნენ. 2016 წლის 23 ნოემბერს კი მსოფლიო ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ, მსაჯების გამო გამოვეთიშე ამ ჩემპიონატს, რამაც ძალიან დამწყვიტა გული. მაგრამ არასოდეს არ ვნებდები. არ ვთვლი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წაგებით ჩემთვის რამე დამთავრდა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისთვის დავიწყე მზადება, პარალელურად ვუვლი ორ შვილს, ოჯახს. ქობულეთში მაქვს ჯგუფი გახსნილი, სადაც ბავშვებს ვავარჯიშებ. არ ვტოვებ არც ერთ ტურნირს, ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას. 2018 წელს ჩინეთში არის მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ანუ ჩემი კარიერა ოჯახის შექმნით არ დასრულებულა. ჩემი მეუღლეც სპორტსმენია, დიდი მიღწევები აქვს კიოკუშინში. ყველანაირად მეხმარება და გვერდში მიდგას.

– მხოლოდ გოგონებს ავარჯიშებთ?

–არა, ასეთი გაყოფა არ გვაქვს. მე დავიწყე ვარჯიში ჯგუფში, სადაც სამოცამდე ბიჭი ვარჯიშობდა. რადგან კიოკუშინი ძლიერი სპორტია გოგონები ნაკლებად არიან. მყავს ორი გოგო და ოცი ბიჭი.

კიოკუშინი იმდენად ძლიერი სპორტია, რომ ვართ არაოლიმპიურები. ბრძოლის დროს  დამცავები არ გვიკეთია ხელზე. დარბაზში კი ვსპარინგობთ დამცავებით, მაგრამ უკვე ტატამზე რომ გავდივართ, იქ შიშველი ხელებით ვიბრძვით.
– რამდენად რთული იყო ის გზა, რაც თქვენ გაიარეთ?

– რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო. მოგეხსენებათ, კიოკუშინი ის სპორტია, სადაც ფინანსურად არ ხარ ძლიერი. შეიძლება მოიგო მსოფლიო, მოიგო ევროპა, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა არ გაქვს. როდესაც მასუტაცუ ოიამამ კიოკუშინი შექმნა, ფულზე იყო საუბარი და მან თქვა, კიოკუშინი ისედაც ძლიერი საბრძოლო ხელოვნებაა და ფული რომ დაწესდეს, ეს სახეობა დაკარგავს ხელოვნური სპორტის სახესო. ამიტომ რთულია ამ სფეროში მოღვაწეობა. რთულია იმ მხრივ, რომ მე თვითონ მიწევს დაფინანსებაზე სიარული, რაც დიდ დროს მოითხოვს. სპორტსმენი არ უნდა ფიქრობდეს დაფინანსებაზე, უნდა იყოს მშვიდად და ფიქრობდეს მხოლოდ ვარჯიშზე.

ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის ჩხოროწყუს გამგეობას, ქალთა მოძრაობას, ჩემს ოჯახს, დას, მშობლებსა და, განსაკუთრებით, მეუღლეს, რომლის გარეშეც ვერ შევძლებდი აქტიურად გამეგრძელებინა ვარჯიში. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დროს გვერდით დამიდგა.

ყველა ახალი ამბავი
0