მალვინა პიეროსავით დიდი გულით...

© photo: Sputnik / Evgeniya Novozheninaთამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს თამარ, თამრიკო, თამრო (როგორც მას უახლოესი მეგობრები ეძახიან) გვერდწითელის დაბადების დღეა, რომელიც ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ, როგორც დიდ ხელოვანს და არაჩვეულებრივ ადამიანს.

მოსკოვში, საქართველოს საელჩოში მუშაობის დროს ხშირად მიწევდა სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული, სადაც თამრიკო იყო მოწვეული, როგორც საპატიო სტუმარი. მახსოვს, როგორ ღირსეულად შემოდიოდა ის დარბაზში – ისე სხვანაირად, როგორც მხოლოდ ქართველ ქალს შეუძლია, და როგორ ხვდებოდნენ მას – ისე სხვანაირად, როგორც მხოლოდ ქართველ ქალს უნდა ხვდებოდნენ.
როდესაც მოღვაწეობ სამშობლოს გარეთ, იცით, რა ძნელია გააკეთო ის, რომ შენს ქვეყანას სცენ პატივი და ყოველთვის და ყველაფრით ხაზი გაუსვა იმას, რომ ხარ ქართველი და მართლა ბოლომდე დარჩე არა ნეიტრალური, არა კოსმოპოლიტი, არამედ — ქართველი.

© photo: Sputnik / Sergey Pitakovმომღერალი თამარ გვერდწითელი
მომღერალი თამარ გვერდწითელი - Sputnik საქართველო
მომღერალი თამარ გვერდწითელი

ყველგან, სადაც გამოდის თამარ გვერდწითელი, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, კარნეგი-ჰოლისა და „ოლიმპიის“ ჩათვლით, მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ოვაციებით ხვდება მას, როგორც ქართველ მომღერალს, თუმცა, მას უწოდებენ „მომღერალს დროისა და სივრცის გარეშე“.

როდესაც მას მოსკოვში კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ, ყველამ დიდი ხანია იცის, თამრიკომ მხოლოდ ორი სიმღერაც რომ შეასრულოს, ერთი აუცილებლად  ქართული იქნება. და, იცით, ამისთვის დიდ პატივს სცემენ.

უფრო მეტიც, მან რუსი მომღერლები და პოლიტიკოსებიც კი ქართულად აამღერა. მახსოვს, ერთ-ერთ ოფიციალურ ღონისძიებაზე იოსებ კობზონმა განაცხადა,  თამარ გვერდწითელს სადაც არ დავინახავ, შორიდან „სულიკოთი“ ვესალმებიო.

რაღაც ძალიან პატრიოტული თემით დავიწყე. მაგრამ დღეს მინდა, პირველ რიგში, ვისაუბრო თამრიკოს ადამიანურ თვისებებზე. ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, როცა ადამიანი ყოველგვარი ლოზუნგებისა და ხმამაღალი სიტყვების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და აკეთებს ისე, რომ ირგვლივ ყველა პატივს სცემს იმ ქვეყანას, სადაც ის დაიბადა.

მე თამრიკოს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემი დედა — გალინა ანჯაფარიძე 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო გადაცემათა რედაქციას და თამრიკო ფაქტიურად მის ხელში გაიზარდა. მახსოვს, რომ პირველად დედას გაჰყვა მოსკოვში.

© Sputnik / Denis Aslanovთამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტზე
თამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტზე - Sputnik საქართველო
თამარ გვერდწითელი საქველმოქმედო კონცერტზე

და, იცით, რა მინდა ვთქვა, გავიდა ამდენი წელი და სადაც არ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს, ვის გვერდითაც არ უნდა მდგარიყო თამრიკო, როგორი მაღალი წარმომადგენლობის წრეშიც, ის ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და მადლიერების გრძნობით იხსენებდა ჩემს დედას. თუმცა, დედას არავითარი განსაკუთრებული წვლილი მის შემოქმედებაში არ შეუტანია, თამარ გვერდწითელს არავისი პროტექცია არ ჭირდებოდა…

თამარმა სიმღერა 3 წლის ასაკიდან დაიწყო ინგლისულენოვანი ბაღის გუნდის შემადგენლობაში. მას დღემდე შენახული აქვს თავისი პირველი სცენური ცისფერი კაბა, რომელიც დედამ შეუკერა. 12 წლის ასაკში თამარმა დაწერა თავისი პირველი სიმღერა. 9 წლისა კი ჩვენი შესანიშნავი და საამაყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ წევრი გახდა. ის იხსენებს, რომ სპექტაკლ „ბურატინოს“ დადგმისას ყველა ოცნებობდა მალვინას როლის შესრულებაზე, თამრიკოს კი პიეროს როლი იზიდავდა და შეასრულა კიდეც. თანაც ისე, რომ მაყურებელი ატირა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა თამარ გვერდწითელმა, რომ საესტრადო მომღერალი გახდებოდა…

ჩვენი საერთო მეგობარი, „მზიურის“ წევრი, შესანიშნავი თამრიკო ხორავას მონაყოლიდან ვიცი, რომ „მზიურელებს“ დღემდე არაჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებთ. თამრიკო გვერდწითელი საქართველოში ყოველი ჩამოსვლის დროს გადაურეკავს ხოლმე თავის გოგოებს და კონცერტზე ეპატიჟება.
აქვე მინდა ხაზი იმასაც გავუსვა, რომ თამარ გვერდწითელის საქართველოში გამართული კონცერტებიდან შემოსული თანხები მთლიანად ქველმოქმედებაზე იხარჯება, მათ შორის, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობაზე…

კონცერტის შემდეგ „მზიურელები“იკრიბებიან და ბავშვობას იხსენებენ ხოლმე. სამწუხაროდ, წლები მიქრიან, ბავშვობაც მათ თან მიჰყვება. გზაში ახლობელ ადამიანებსაც ვკარგავთ… არ შემიძლია არ გავიხსენო არაჩვეულებრივი ხათუნა დონდუა, ქეთი ფირცხალავა, ხათუნა საბაშვილი…

როდესაც ხათუნა საბაშვილი გარდაიცვალა, თამრიკო გვერდწითელი პარიზში იყო და რეპეტიციებს გადიოდა მაესტრო ლეგრანთან. გაიგო თუ არა მომხდარი ტრაგედიის შესახებ, მივიდა ლეგრანთან და უთხრა, რომ მას და გარდაეცვალა. მიატოვა ყველაფერი და ჩამოვიდა თბილისში. დაემშვიდობა მეგობარს, ღამე გაუთია და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა პარიზში…

მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ დავტკბეთ ჩვენი საოცარი გოგოებით „მზიურიდან“:

ძალიან მიყვარს ქართული ანდაზა — „შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო“ (მით უმეტეს, თუ „მღვდელი“ აბსოლუტურად უამბიციოა და უბრალო). მაგალითად მე, თითქოს თვალყურს ვადევნებდი თამარ გვერდწითელის შემოქმედებას, მის წარმატებებს, მაგრამ როდესაც მისი ჯილდოების, ორდენების და პრემიების სიას გადავხედე, მართალი გითხრათ, დავიბენი, მერე კი ვიფიქრე, რომ ჩამოთვლა ნამდვილად არ ღირს. ჯობს ისევ თამარ გვერდწითელს მოვუსმინოთ მიშელ ლეგრანთან ერთად:

ერთი ამბავიც გამახსენდა. თუ არ ვცდები, 2002 წელი იყო. საელჩოში მოგვივიდა თამარ გვერდწითელის დაბადების დღესთან დაკავშირებული ოფიციალური მილოცვები. ბატონმა ელჩმა გამგზავნა მასთან სახლში მათ გადასაცემად და საელჩოს სახელით თეთრი ვარდების მისართმევად.

როდესაც მრავალსართულიან ლამაზ შენობაში შევედი, პირველივე სართულზე საოცარი ქართული კერძების სურნელი ტრიალებდა. ავედი თამრიკოსთან, სახლში ის და მისი შესანიშნავი დედიკო დამხვდნენ. ქალბატონი ინა სამზარეულოში ტრიალებდა. საოცრად თბილად შემხვდნენ და არაფრით არ მიშვებდნენ. სამწუხაროდ, ძალიან მეჩქარებოდა და ვერ დავჩი, მაგრამ მთავარი, რაც ვიგრძენი, რომ ამ მოსკოვურ ბინაში არის ქართული სული, პატარა საქართველო…

მე, სამწუხაროდ, არ ვიცნობ თამრიკოს შვილს, სანდროს, მაგრამ ვინც იცნობს, ყველა ამბობს, რომ ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია და განსაკუთრებული კეთილშობილებითა და დახვეწილობით გამოირჩევა… ეჭვიც არ მეპარება.

მინდა თქვენთან ერთად მივულოცო თამარ გვერდწითელს დღევანდელი დღე და ვუსურვო ბედნიერება ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მას უყვარს და ვისაც ის უყვარს. აქვე მინდა ჩვენი მილოცვები გადავცე მის მეგობარს, შესანიშნავ თამარ ჭოხონელიძეს, რომელიც ასევე დღეს ყოფილა დაბადებული…
ბოლოს კი, როგორც მჩვევია, სიყვარულის თემით მინდა დავასრულო, რადგან…
სიყვარულით იწყება ყველაფერი, სიყვარულითვე სრულდება და… ისევ იწყება…


ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0