კევინ კოსტნერი: ჩემი მთავარი სტილი ისაა, რომ სტილი არა მაქვს...

© FB/ Kevin Costner & Modern Westკევინ კოსტნერი
კევინ კოსტნერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, უბრალოდ, არა მაქვს უფლება არ გავაფრთხილო ჩვენი აივნის ქალბატონები იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ ფორმაში უნდა ამობრძანდნენ, რადგან იმისთანა მომხიბვლელ და დახვეწილ მამაკაცს ვმასპინძლობთ, რომ სხვაგვარად უხერხულია. იმედია, ჩვენი მამაკაცები არ გვიწყენენ, რადგან ამ კაცს საოცარი და იშვიათი თვისება გააჩნია — არასდროს არ ტოვებს ქალებს ყურადღებისა და ქათინაურების გარეშე და თანაც ამას ისე ლამაზად და ღირსეულად აკეთებს, რომ მამაკაცები კი არ ღიზიანდებიან, არამედ ამაყობენ კიდეც იმით, რომ ამისთანა მშვენიერი ქალბატონები ჰყავთ გვერდით.

ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჰოლივუდის კინოვარსკვლავი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი, ორგზის ოსკაროსანი, „ოქროს გლობუსის“ და „ემის“ ლაურეატი და, რაც მთავარია, მსოფლიოში საუკეთესო რობინ ჰუდი და, მით უმეტეს, „პირადი მცველი“ — კევინ კოსტნერი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1955 წლის 18 იანვარს კალიფორნიის შტატის ქალაქ ლინვუდში.

ბავშვობაში კევინი ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი ბეისბოლისტი და ბეისბოლის მცირე ლიგაშიც კი თამაშობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგისა და ფინანსების განყოფილებაზე. პირველ კურსზე სწავლისას კევინი თეატრით დაინტერესდა და უნივერსიტეტის თეატრალური სტუდიის აქტიური მონაწილე გახდა. მართალია, მან უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა, მაგრამ თეატრისადმი ლტოლვა მაინც შეინარჩუნა.

© FB/ Kevin Costner & Modern Westკევინ კოსტნერი
კევინ კოსტნერი - Sputnik საქართველო
კევინ კოსტნერი

თქვენც ხომ იცით, ზოგჯერ სასწაულები ხდება ხოლმე და ერთხელაც, მექსიკაში გადაფრენის დროს, კევინმა თვითმფრინავში შეამჩნია იმ დროისათვის უკვე ძალიან ცნობილი რიჩარდ ბარტონი. მან დაძლია მორიდება, მიუახლოვდა მსახიობს და გაესაუბრა…

თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას კოსტნერს უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მსახიობი გახდებოდა. მან მიატოვა საკმაოდ პრესტიჟული სამსახური, გადავიდა ჰოლივუდში და ჩააბარა სამსახიობო ოსტატობის კურსებზე. ამ პერიოდში კოსტნერს უწევდა მუშაობა სატვირთო მანქანის მძღოლად, მეთევზედ, ტურისტულ გიდად…  

ბოლოს და ბოლოს, კოსტნერი გადასაღებ მოედანზეც მიიწვიეს. მართალია, ჯერ სტატისტად, შემდეგ — დუბლიორად, მაგრამ როდესაც ადამიანს აქვს მტკიცედ არჩეული მიზანი და სჯერა ამ მიზნის, მას რაღაც ძალა ეხმარება. ზოგჯერ ეს რიჩარდ ბარტონია, ზოგჯერ კი შემთხვევითობა.

1985 წელს კევინ კოსტნერი გადაიღეს პირველ მთავარ როლში ფილმში „სილვერადო“, 1986 წელს კი მან ითამაშა ბრაიან დე პალმას ფილმში „ხელშეუხებელნი“, სადაც პარტნიორობას უწევდა რობერტ დე ნიროს და შონ კონერის. სწორედ ამ როლისთვის მიიღო მან თავისი პირველი „ოსკარი“ (მეორე პლანის როლის საუკეთესო შესრულებისთვის) და ამით დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა ჰოლივუდის კარიერის კიბეზე.

© FB/ Kevin Costner & Modern Westკევინ კოსტნერი
კევინ კოსტნერი - Sputnik საქართველო
კევინ კოსტნერი

ცოტა ხანში კევინ კოსტნერმა გადაწყვიტა, ძალები მოესინჯა სარეჟისორო სარბიელზეც და გადაიღო შესანიშნავი ფილმი „ცეკვა მგლებთან ერთად“, რომელშიც მან მთავარი — აშშ-ის არმიის ლეიტენანტ ჯონ დანბარის როლი თავად შეასრულა. 1990 წელს ეს ფილმი „ოსკარზე“ 12 (!) კატეგორიაში იყო ნომინირებული და მიიღო 7 ქანდაკება (აქ რეკორდია 14 კატეგორიაში ნომინაცია, რომელიც სულ ორ ფილმს ხვდა წილად — „ყველაფერი ევას შესახებ“, 1950 წ. და „ტიტანიკი“, 1997 წ.)   კოსტნერმა კი მიიღო „ოსკარი“, როგორც რეჟისორმა. აღსანიშნავია, რომ ამ პრესტიჟული დაჯილდოების ისტორიაში ეს იყო მხოლოდ მე-5 შემთხვევა, როდესაც „ოსკარი“ დებიუტანტ რეჟისორს მიენიჭა. ფილმი მართლაც საოცარია. საინტერესოა, რომ დიალოგების უდიდესი ნაწილი მიმდინარეობს ინდიელთა სიუს ტომის — ლაკოტას ენაზე (სუბტიტრების თანხლებით), რაც ფილმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

ძალიან გთხოვთ, ვისაც ეს ფილმი ნანახი არ გაქვთ, აუცილებლად ნახეთ, რადგან ასეთი კევინ კოსტნერი არსად სხვაგან არ გინახავთ.

რა ვქნა, ალბათ ზედმეტად სენტიმენტალური ვარ, მაგრამ საოცრად მიყვარს კოსტნერის მაიკლი ფილმში „შურისძიება“. თუმცა მოღალატე არასდროს ვყოფილვარ და უპირატესობას ამ ფილმში მაინც მეორე მთავარი როლის შემსრულებელს, ჩემს უსაყვარლეს მსახიობს ენტონი ქუინს ვანიჭებ, და „ვერ ვიტან“ იმ მანდილოსანს, რომელმაც ამ ორ ღირსეულ მამაკაცს შორის შუღლი ჩამოაგდო.

კოსტნერის რობინ ჰუდი კი იმდენად რომანტიკული, სენტიმენტალური და მომხიბვლელია, რომ სიამოვნებით გავყვებოდი მას შერვუდის ტყეში…

ხოლო კოსტნერის „პირადი მცველის“ ფრენკისა და უიტნი ჰიუსტონის რეიჩელის თვითმფრინავთან გათამაშებული ცნობილი სცენით ვიწყნარებ ხოლმე სულ თავს, როცა თვითმფრინავში ავდივარ, რადგან ძალიან მეშინია ფრენის… და თან იმედიანად ვიყურები საფრენი ზოლისკენ — ხომ არ დგას ვინმე, ტრაპის აწევის წკიპზე უკან გავარდნა რომ ღირდეს–მეთქი…

უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში "პირადი მცველი"
უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში პირადი მცველი - Sputnik საქართველო
უიტნი ჰიუსტონი და კევინ კოსტნერი ფილმში "პირადი მცველი"

მოკლედ, ძალიან მიყვარს კევინ კოსტნერი…

მას ჰყავს 7 შვილი. ამჟამად მისი მეუღლეა (წარმოიდგინეთ, სულ მეორე) — შესანიშნავი კრისტინ ბაუმგარტნერი, რომელთან ერთად ზრდის 3 შვილს და ამავე დროს შესანიშნავი და ყურადღებიანი მამაა დანარჩენი შვილებისთვისაც.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კარგი, თბილი და სამართლიანი ადამიანია, სხვანაირად არ შეიძლება – რა დიდი მსახიობიც არ უნდა იყო, ასე მაინც ვერ ითამაშებ კეთილშობილ, წყნარ და ღირსეულ გმირებს…

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0