ცხოვრება გაუსაძლისი გახდა... მაპატიეთ...

© AFP 2024Певица Далида, Париж, 1967
Певица Далида, Париж, 1967 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივანი ცოტა დასევდიანებულია, რადგან უნიჭიერესი და შესანიშნავად მომხიბვლელი ქალბატონი, რომელსაც დღეს ვმასპინძლობთ, აბსოლუტურად ამართლებს ერთ ცნობილ რუსულ ანდაზას — „ნუ დაიბადები ლამაზი, დაიბადე ბედნიერი“. სიტყვა „ლამაზს“ მე კიდევ დავამატებდი „ნიჭიერს“, „თბილს“, „მოსიყვარულეს“, „ემოციურს“, „ყველასგან განსხვავებულს“…

 თავიდანვე მინდა შემოგთავაზოთ ამ ქალბატონის ერთი სიმღერა და ყველაფერს მიხვდებით:

კი, ბატონო, ზუსტად ამ დღეს, 1933 წლის 17 იანვარს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ღარიბულ კვარტალ შუბრაში დაიბადა ქალბატონი, რომელსაც შემდგომში მთელი მსოფლიო ეტრფოდა – იოლანდა კრისტინა ჯილიოტი, ანუ დალიდა.

დალიდა ბავშვობიდან საოცრად მომხიბვლელი იყო, ერთი სერიოზული პრობლემა კი ჰქონდა – თვალებს ოდნავ აელმებდა.

შემდგომში რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ, ამბობენ, ყოველთვის სხვანაირი, განსაკუთრებული თვალები და გამოხედვა მაინც დარჩა.

© AFP 2024ფრანგი მომღერალი დალიდა
ფრანგი მომღერალი დალიდა - Sputnik საქართველო
ფრანგი მომღერალი დალიდა

18 წლის ასაკში დალიდამ „მის ონდინას“ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო 20 წლის ასაკში „მის ეგვიპტე“ გახდა.

მისი საკონკურსო ფოტო, რომელზეც დალიდა ვეფხვისფერ საცურაო კოსტიუმში იყო გადაღებული, შემთხვევით მოხვდა თვალში დედამისს და დალიდას საქმროს…

საქმრომ ქორწილი ჩაშალა, დედამ – სახლიდან გააგდო და…

დალიდა პარიზში წავიდა.

მომღერალი იხსენებდა, რომ ჩავიდა თუ არა პარიზში, ტაქსისტს გამოუცხადა: „აქ არის ჩემი სახლი, მე აქედან არსად არ წავალ!“

დალიდა დასახლდა ჟან-მერმოზის ქუჩაზე, სადაც მის მეზობლად ცხოვრობდა ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი ალენ დელონი. ისინი მალე დამეგობრდნენ და დუეტშიც ჩაიწერეს იმ დროისათვის პოპულარული სიმღერა „სიტყვები, სიტყვები“ (Paroles, paroles). მართალი გითხრათ, „დუეტი“ ცოტა გადამეტებული ნათქვამია, რადგან მღერის დალიდა, ხოლო ალენ დელონი დროდადრო ამატებს ფრაზებს, მაგრამ როგორ ამატებს!..

ვოკალის სულ რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ, რომელიც დალიდას სახელგანთქმულმა მუსიკოსმა როლან ბერჟემ ჩაუტარა, მან პარიზის ცნობილ ელიტარულ კლუბებში დაიწყო გამოსვლა. ერთ წელიწადში კი მას „ვარიეტეს კალასს“ და „შავ ორქიდეას“ ეძახდნენ.

1957 წელს დალიდამ უკვე მეორე ფირფიტა გამოუშვა და მიიღო პირველი „ოქროს დისკი“. ის პირველი ქალი მომღერალი გახდა, ვისაც ფან-ჯგუფი გაუჩნდა. სულ ცოტა ხანში შეძლო პარიზისა და მთელი ევროპის „დაპყრობა“, 1958 წელს კი აშშ-ში გაემგზავრა. ამერიკაში ის ელა ფიცჯერალდის იმპრესარიომ შეამჩნია და ბრწყინვალე კარიერის გაკეთება შესთავაზა, მაგრამ დალიდამ მას უარი უთხრა და კაიროში გაემგზავრა…

1961 წელს დალიდა პირველად გამოვიდა პარიზის „ოლიმპიის“ სცენაზე. მაყურებელი და პრესა მოხიბლული დარჩნენ მისი სიმღერით. პარიზში ტრიუმფის შემდეგ დალიდამ ასევე ტრიუმფით მოიარა იაპონია და ვიეტნამი.

1962 წელს მან იყიდა სოცრად მყუდრო სახლი მონმარტრზე, სადაც მთელი დარჩენილი ცხოვრება გაატარა.

როგორც ყველა ლამაზი, ნიჭიერი და არაორდინალური ქალბატონი, დალიდაც გარშემორტყმული იყო თაყვანისმცემლებით, მაგრამ ერთადერთი, რაზეც ოცნებობდა, ეს იყო ოჯახი და შვილი.

1966 წელს დალიდამ გაიცნო იტალიელი მომღერალი და კომპოზიტორი ლუიჯი ტენკო და პირველივე ნახვით სიგიჟემდე შეუყვარდა. იმავე წელს ისინი ერთად გამოვიდნენ სან-რემოს ფესტივალზე პოპულარული სიმღერით “მშვიდობით, სიყვარულო, მშვიდობით“.

ყველა დარწმუნებული იყო მათ წარმატებაში, მაგრამ სიმღერა ფინალშიც კი ვერ გავიდა.

იმ ღამეს ლუიჯიმ თავი მოიკლა… და ის პირველმა დალიდამ აღმოაჩინა.

ერთი თვის მერე დალიდამ ვეღარ გაუძლო ტკივილს და თავი მოიწამლა…

გადაარჩინეს, თუმცა 90 საათი კომაში იმყოფებოდა და ხმაც კი დაკარგა.

ამბობენ, რომ ის ყოველდღე მთელი საფრანგეთიდან ყვავილების თაიგულებს და გამამხნევებელ წერილებს იღებდა.

1969 წელს დალიდამ გაიცნო მწერალი და მოგზაური არნო ჯერეჯენი და მასთან ერთად ტიბეტსა და ნეპალში გაემგზავრა. იქ შეხვდა ყველაზე ცნობილ ლამას, რომელმაც დაარწმუნა იმაში, რომ მისი მთავარი მისია იყო სიმღერა და ადამიანებისთვის ბედნიერების ჩუქება.

ამის შემდეგ დალიდას სიმღერები შეიცვალა, ისინი უფრო ლირიკული და ფილოსოფიური გახდა. მაყურებელი კი ისევ აღფრთოვანებული იყო. მან მიიღო საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოები, მეგობრობდა ფრანსუა მიტერანთან. 80 მილიონი გაყიდული ფირფიტისთვის „ბრილიანტის დისკიც“ მიიღო და…

მაინც და მაინც სწორედ მაშინ შეხვდა მხატვარს და ცნობილ ავანტიურისტ რიშარ შამფრეს. მათი რომანი 9 წელი გრძელდებოდა, ეს წლები დალიდას შემოქმედებაში ყველაზე წარმატებული წლები იყო.

მაგრამ რიშარმა ის მიატოვა… 1983 წელს კი — თავი მოიკლა.

დალიდას ნერვიულობისგან მხედველობა დაუქვეითდა. სცენაზე გამოსვლაზე უარი განაცხადა, რადგან პროჟექტორების შუქი მისთვის აუტანელი გახდა.

მისი ბოლო ტრიუმფი იყო მთავარი როლი ეგვიპტელი კინორეჟისორის შაინის ფილმში „მეექვსე დღე“. 1987 წლის დასაწყისში დალიდა დეპრესიაში ჩავარდა და სახლიდან არ გამოდიოდა. ერთადერთი, ვისთანაც ურთიერთობდა, მეყვავილე იყო, რომლისგანაც ყოველდღე უამრავ ყვავილს იძენდა.

 

1987 წლის 2 მაისს მან საწამლავი დალია… 

მაგიდაზე კი დატოვა წერილი: „ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მაპატიეთ“…

საშინლად გულდასაწყვეტია და უსამართლო, მაგრამ მე, როგორც ყოველთვის, მჯერა, რომ ასეთი ადამიანები იქცევიან კაშკაშა ვარსკვლავებად და იქიდანაც გვაწვდიან თავის ნიჭსა და სითბოს. 

მე კი მაინც მინდა, რომ ხშირად სევდიანი და ლირიკული დალიდა სწორედ ასეთი დაგვამახსოვრდეს

– ბრწყინვალე და ოპტიმისტური… 

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წარმატებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0