ყოფილი ქართველი მილიონერის უჩვეულო გზა და არკანზასის გუბერნატორის რეკომენდაცია

© FB/ Ika Zakariadzeირაკლი ზაქარიაძე
ირაკლი ზაქარიაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ზაქარიაძე – პროფესიით ეკონომისტი, პროფესორი. 22 წლის ასაკში ე.წ. „ამერიკულმა ოცნებამ“ ის არკანზასის შტატში ჩაიყვანა, სადაც ასპირანტურა გაიარა და ოზარკის უნივერსიტეტში ლექციების კითხვა დაიწყო. შემდეგ ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა და ამერიკელებმა მსოფლიოში ცნობილ ფირმაში „ტაისონ ფუდში“ მარკეტინგის უფროსად დანიშნეს.

სამშენებლო ბიზნესში წარმატების შემდეგ ნამდვილ მილიონერად იქცა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი დაკარგა… ირაკლი ზაქარიაძე დღეს თბილისშია და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. 

– ბატონო ირაკლი, ქრონოლოგიურად მივყვეთ მოვლენებს. 90-იან წლებში ემიგრაციაში თქვენც იმ იმედით წახვედით, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვალათ, თუმცა ხე დოლარებს რომ არ ისხამს, სხვებისგან განსხვავებით, პროფესიით ეკონომისტმა კარგად იცოდით…

— მართალი ხართ, ყოველთვის საკუთარი თავის იმედი მქონდა. მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის ახალგაზრდა დოცენტს, მაშინ 22 წლის ვიყავი, ერთ დღესაც ხელფასი შემიწყვიტეს. იმ დროისთვის უკვე მყავდა ოჯახი, წელიწადნახევრის შვილი და ყველანაირად ვცდილობდი ოჯახზე მეზრუნა. ამერიკაში სხვადასხვა ინსტანციებში განცხადებებს ვაგზავნიდი. ამ პერიოდში ჩემა მეგობარმა „კავკასიის ბირჟა“ ჩამოაყალიბა და მე ამ ბირჟის განყოფილების გამგე გავხდი. საინტერესო საქმე და საინტერსო კოლექტივი იყო. ეს საქართველოს პირველი ბირჟა გახლდათ და მე ამ საქმეში ინტერესით ჩავერთე. თუმცა ამერიკაში განცხადებების გაგზავნა მაინც არ შემიწყვეტია. ყველგან ვთხოვდი, იქნებ, მე, როგორც ახალგაზრდა დოქტორს, რომელსაც საკანდიდატო ხარისხი დაცული ჰქონდა, თუნდაც დროებით იქ სწავლის და ცხოვრების საშუალება მომცემოდა. ერთ დღეს მოულოდნელად, როცა იმედი უკვე დაკარგული მქონდა, მსოფლიო ბანკმა გამომიგზავნა მოწვევა, რომ სადოქტორო დისერტაცია აშშ-ში გამეკეთებინა.

© FB/ Irakli Zakariadzeირაკლი ზაქარიაძე
ირაკლი ზაქარიაძე - Sputnik საქართველო
ირაკლი ზაქარიაძე

– მოკლედ, 22 წლის ახალგაზრდა ეკონომისტი, რომელმაც ინგლისური კარგად არ იცის, ამერიკაში ჩადის…

— დიახ და იმ დროს ენა იმ დონეზე მართლა არ ვიცოდი, რაც ასპირანტურის მოთხოვნებს შეესაბამებოდა, ამიტომ მისი დახვეწა მომიწია. იქ სწავლა ურთულესი იყო. თავიდან მივედი კოლორადოს შტატის უნივერსიტეტში, სადაც ჩემთვის ყველაფერი უჩვეულო აღმოჩნდა. ფაქტობრივად ეს კულტურული შოკი იყო. გახსოვთ თბილისში ის დრო, როცა ყველაფერზე დიდი რიგები იყო და გაყინულ ქალაქში შუა ქუჩაში კოცონი გიზგიზებდა? აი, ასეთი გარემოდან უცებ კოლორადოში, ძალიან კეთილმოსურნე და კომფორტულ გარემოში მოვხვდი, სადაც ყველა იცინოდა და იღიმებოდა. იქ ჩემ გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან სხვა სტუდენტებიც, სხვათა შორის, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ. მერე უნივერსიტეტი შევიცვალე და კოლორადოდან გადავედი ნიუ-მეხიკოს შტატში, აქედან გადამიყვანეს არკანზასში, სადაც ჩემი ასპირანტურა დავამთავრე. 

– ამის შემდეგ იმ დროისთვის ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილ „ტაისონ ფუდის“ ფირმაში დაიწყეთ მუშაობა და ევროპაში მათი წარმომადგენელი გახდით, როგორ აღმოჩნდით იქ?

— როცა ასპირანტურაში სწავლას ვამთავრებდი, საბჭოთა კავშირის ზონაში ძალიან პოპულარული იყო გაყინული ქათმის ბარკლების ბიზნესი, იმ დროს ასეთი დახმარება იმ გაჭირვებული ქვეყნის ხალხებისთვის აუცილებელი იყო. პირველად ეს პროდუქცია ამერიკიდან დახმარების სახით წამოვიდა, თუმცა მერე დიდ ბიზნესში გადაიზარდა. სანამ აქ ჩამოვიდოდი, ამერიკელებმა მისი გაყიდვა დაიწყეს. მე დავიწყე მუშაობა ყველაზე დიდ ამერიკულ ფირმაში „ტაისონ ფუდში“ საერთაშორისო გაყიდვების სფეროში მარკეტინგის უფროსად. ეს, თავისთავად, ჩემ მიმართ ამერიკელების მიერ გამოცხადებული დიდი ნდობა იყო. მათ გამიშვეს ევროპაში და ვცხოვრობდი სკანდინავიის ქვეყნებში – სტოკჰოლმში, ტალინში, რიგაში… ტალინში იყო ძალიან დიდი პორტი, სადაც ეს ამერიკული პროდუქცია შედიოდა. მე ამისთვის მეთვალყურეობა უნდა გამეწია და ლოგისტიკისა და მარკეტინგის საკითხები მომეგვარებინა. ამ ქვეყნებში სადღაც შვიდი წელი დავყავი, მომთაბარე ცხოვრებას ვეწეოდი. ამის შემდეგ დავბრუნდი ამერიკაში, სადაც ჩემს აკადემიურ მოღვაწეობას დავუბრუნდი. იქ ლექციების კითხვა დავიწყე, მაგრამ პროფესორის სტატუსი ჯერ არ მქონდა მონიჭებული.

ირაკლი ზაქარიაძე: „ამერიკული არც თუ ისე ბევრი დამრჩა“

– ამერიკაში სამშენებლო ბიზნესი როგორ აითვისეთ?

— ლექციებთან ერთად ამერიკაში ჩემი ბიზნესიც განვავითარე, კერძოდ, სახლების მშენებლობა დავიწყე. ექვსი წლის შემდეგ მისურის შტატის ერთ-ერთ უნივერსიტეტში კონკურსით პროფესორის შტატი გამოცხადდა. ეს იყო ოზარკის უნივერსიტეტი, სადაც სწავლის ორიგინალური მეთოდიკაა. როცა სტუდენტები სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებენ, ამაში ფულს არ იღებენ და ეს სწავლის გადასახადად ეთვლებათ. ფაქტობრივად სწავლა იქ უფასოა. ახლა, რაც შეეხება სამშენებლო ბიზნესს: როცა ევროპაში „ტაისონის“ ბიზნესი დავამთავრე, ამის მერე სამშენებლო ბიზნესი წამოვიწყე. არკანზასში დავბრუნდი 2001 წელს, როცა ამერიკის ეკონომიკა ძალიან მაღალ დონეზე ავიდა. ყველაფერი და, მათ შორის, სამშენებლო ბიზნესიც ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა, განსაკუთრებით არკანზასის შტატში, სადაც ცნობილი ფირმების სათაო ოფისებია განთავსებული. იმ მხარეში, სადაც ვცხოვრობდი, სამშენებლო ბუმი იყო. იქ ერთი სახლის ყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ ვერ მოვახერხე, სამაგიეროდ ამ სახლის მშენებელს დავუმეგობრდი, რომელსაც დიდი ბიზნესი ჰქონდა. ჩვენ დავმეგობრდით და ის დამპირდა, რომ მილიონერს გამხდიდა და ასეც მოხდა… 

– მოკლედ, სამშენებლო ბიზნესში წარმატების შედეგად მილიონერი გახდით...

— დიახ, ფაქტობრივად ასეა. სხვათა შორის, იქ ძნელია მშენებლის და ბროკერის ლიცენზიის აღება და ამისთვის რთული გამოცდა უნდა ჩააბარო, მე ისინი წარმატებით ჩავაბარე. თავიდან დავიწყე ორი–სამი სახლით და ორმოცდაათი სახლის მშენებლობამდე მივედი. საქმე იმაზე ბევრად კარგად მიდიოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. სამწუხაროდ, 2007 წელს ცხადი გახდა, რომ ამერიკაში საშინელი კრიზისი დაიწყო, განსაკუთრებით, სახლების მშენებლობის სფეროში. ეს კრიზისი უძრავი ქონების სფეროში ამ პერიოდისთვის მთელ მსოფლიოს მოედო. იმ დროს დიდი რაოდენობის ფართობი მქონდა შესყიდული და იძულებული გავხდი, ეს სახლები თავის ფასში გამეყიდა. ასე გავხდი „ყოფილი მილიონერი“… ამჟამად ამერიკაში ჩემ საკუთრებაში მხოლოდ ორი სახლია, რაც იმ ძველ წარმატებას მახსენებს…

– ვიცი, რომ ცნობილ ამერიკელებთან შეხვედრა მოგიწიათ…

— ეს იყო უპირველესად არკანზასის კონგრესმენი, დღევანდელი გუბერნატორი ასა ჰატჩინსონი, ვისი დახასიათებაც აუცილებელი იყო, რომ „ტაისონ ფუდში“ მენეჯერი ვყოფილიყავი. ეს მაღალი დონის თანამდებობაა და, ამერიკული კანონმდებლობით, უნდა გამოცხადდეს ოფიციალური კონკურსი, რათა ამერიკის მოქალაქეების უფლებები დავიწყებული არ იყოს. ამ თანამდებობაზე დიდი კონკურსი იყო. სწორედ მაშინ დამჭირდა მისი დახასიათება. მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო კომპანია „ვოლმარტის“ შეხვედრაზე შევხვდი ბილ კლინტონს, რომელიც წარმოშობით არკანზასიდანაა. მასთან დაახლოებით ნახევარსაათიანი შეხვედრა მომიწია, ჩვენ ჯერ „ვოლმარტზე“ დავიწყეთ საუბარი, შემდეგ ეკონომიკაზე გადავედით. ის ჩემი უცნაური აქცენტით დაინტერესდა და მკითხა, საიდან ვიყავი. საქართველოზე ბევრი არაფერი იცოდა და მე მოვუყევი, თუ რა ქვეყანა იყო და საიდან ვიყავი წამოსული. შემდეგ ვილაპარაკეთ იმ პროექტებზე, რაც „ვოლმარტისთვის“ იყო აუცილებელი. 

© FB/ Ika Zakariadzeირაკლი ზაქარიაძე
ირაკლი ზაქარიაძე - Sputnik საქართველო
ირაკლი ზაქარიაძე

– ბატონო ირაკლი, საქართველოში რას საქმიანობთ?

— 5 წლის წინ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქალგილი, რომელიც წარმოშობით მისურიდანაა (სადაც მე ვცხოვრობ), უნივერსიტეტში გვეწვია. როცა გაიგო, საქართველოდან ვიყავი, დაინტერესდა. ჩვენ ვისაუბრეთ და დაიწყო შეთანხმება იმაზე, რომ ოზარკისა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის სტუდენტების გაცვლითი პროგრამა დაწყებულიყო, რასაც მე მოვაბი თავი – ორგანიზაცია ჩავუტარე. დავიწყეთ პროფესორ-მასწავლებლების შეკრება. „გაუდან“ დეკანი თემურ ტორონჯაძე და ორი პროფესორი გვეწვია. ზაფხულში საქართველოში მეც ჩამოვდიოდი. დღეს აქ ბევრი ქართველი სტუდენტია, რომელმაც ოზარკის უნივერსიტეტში ისწავლა. ეს პროცესი ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მეექვსე წელს გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვსულიყავი და წელიწადნახევრით „გაუში“ ლექციები თავად წამეკითხა. დღეს აქ, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს ეკონომიკასა და მენეჯმენტში ვკითხულობ. ძალიან მიყვარს საქართველო და ყოველთვის მქონდა გადაწყვეტილი, რომ საბოლოოდ აქ ვყოფილიყავი. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და შეძლებისდაგვარად ვეცდები, ამ ორ ქვეყანას შორის ხიდი მეც გავდო. ვეცდები საქართველოს რამდენადაც შემიძლია დავეხმარო, ეს იქნება სასწავლო პროგრამა, სტუდენტების გაცვლა, სხვა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, რუსთაველის ფონდთან თანამშრომლობა თუ სხვადასხვა კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობა. 

— ანუ წელიწადია, რაც ფაქტობრივად ახალ ქვეყანაში დაბრუნდით, ადაპტაციამ როგორ ჩაიარა?

— გულწრფელად გეტყვით, ამერიკელობის არც ისე ბევრი რამ დამრჩა. აქ რომ ჩამოვედი, მაშინ ძალიან ამერიკელი ვიყავი. თავიდან ჩემთვის აქაური ყველაფერი – მენტალიტეტი, ხასიათი, ინტერესები – ძალიან უცნაური იყო. რა თქმა უნდა, თბილისში ცხოვრება დღეს უფრო ინტენსიურია და ეს, შესაძლოა – ყველა მიმართულებით დადებითიც, ფაქტია, რომ ქართველი სულ სხვა ადამიანია. მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ადაპტაციის უნარი მაქვს და იმ ერთმა წელმა, აქ რომ ვარ, ძალიან შემცვალა ქართველობისკენ…

– ისე, ყველაფერთან ერთად, იღბლიანიც ხართ…

— გეთანხმებით, ყველაფერთან ერთად და ყველაფრის მიუხედავად, რა თქმა უნდა, იღბლიანი ვარ. ღმერთის მწამს და ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მისი წყალობა არასოდეს მაკლდა…

ყველა ახალი ამბავი
0