ვაჟკაცი და ჯენტლმენი – ჯეკ ლონდონი...

© AP Photoმწერალი ჯეკ ლონდონი, ფოტო გადაღებულია 1916 წელს მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე
მწერალი ჯეკ ლონდონი, ფოტო გადაღებულია 1916 წელს მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ისე გავიპრანჭე, რომ სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ ვიცანი. ამიტომაც, ყოველი შემთხვევისთვის, გაცნობებთ, რომ თუ ჩვენ აივანზე დაგხვდებათ 55 წლის კორსეტიანი და დეკოლტირებულ—დაკულულებული ქალბატონი, რომელსაც მარცხენა და მარჯვენა ფეხზე ზუსტად ერთნაირი ფეხსაცმელი ეცმევა, რადგან იმ დროს სან-ფრანცისკოში ორივე ფეხისთვის ერთნაირი ფეხსაცმელი იკერებოდა, არ გაგიკვირდეთ…

ეს მე ვიქნები, მე, რომელიც ამ დილით ველოდები ჩემი ბავშვობის ოცნებების მთავარ რაინდს… დიახ, სწორედ ამ დღეს, თანაც ზუსტად 140 წლის წინ სან-ფრანცისკოში დაიბადა ჯეკ ლონდონი, რომელსაც ჩემზე მეტადაც კი უყვარდა ცხოველები და რომელმაც ერთი შესანიშნავი ფრაზა წარმოთქვა — „მე მირჩევნია ვიყო უკაშკაშესი წამიერი მეტეორიტი, ვიდრე სამუდამოდ ჩაძინებული პლანეტა“.

ახლა, თუ ნებას მომცემთ, ერთ ლირიკულ გადადახვევას გავაკეთებ.

ვინმემ თუ იცით, რას ნიშნავს სიტყვები „ალოჰა ოე“?

ეს ჰავაის უკანასკნელი დედოფლის ლილუოკალანის ყველაზე ცნობილი სიმღერაა, ფაქტიურად, ჰავაის ჰიმნი. მისი ბოლომდე გადათარგმნა შეუძლებელია (რამდენიმე თარჯიმანი შეეწირა ამ მბავს). სინამდვილეში კი ამ სიმღერაში საუბარია მონოილის ქათქათა ვარდზე, რომლის ფურცლებშიც სამოთხის ჩიტებია ჩაძირული და რომლებიც შეყვარებულთა ბაგეებიდან ნაწვიმარ თაფლს აგემოვნებენ… 

მიშელ ნოსტრადამუსი - Sputnik საქართველო
ნოსტრადამუსის გოჭები თუ ჯუმანჯი?

მინდა გითხრათ, რომ სწორედ ჯეკ ლონდონის „ალოჰა ოე“ იყო ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულის ისტორია და როდესაც დოროთიმ, სტივენთან დაშორებისას, მოიხსნა წითელი ვარასკვლავების მსგავსი ჰავაური ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი, რასაც მისი მარგალიტის ძვირფასი მძივიც შეეწირა… მართლა ვიტირე.

მერე, ცოტა რომ წამოვიზარდე, წავიკითხე ჯეკ ლონდონის შესანიშნავი მოთხრობა „თეთრი ეშვი“, რომლის მთავარი გმირი იყო მგლისა და ნახევარძაღლის, სახელად კიჩის შვილი. წიგნი ერთ დღეში დავასრულე, რადგან ველოდებოდი იმ წამს, როცა მგელი, სახელად „თეთრი ეშვი“, სამი ტყვიის მოხვედრის მიუხედავად მაინც გადარჩებოდა და თანაც ლეკვებიც გაუჩნდებოდა საყვარელი და საოცრად დახვეწილი კოლისგან…

დრო გადიოდა. ვიზრდებოდი და ჯეკ ლონდონიც „იზრდებოდა“, შესაბამისად და ჩემთან ერთად…

ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი და ქალბატონი ლელა ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
მეკვლეები — ლაბრადორ ბოსარიონოვიჩი და ტაქსა „ბადრიჯანოვნა“

გზაში ცოტა „ვმარტინ—იდენობდი“ კიდევაც, მაგრამ მთლად ბოლო მომიღო ჯეკ ლონდონის მოთხრობამ, რომელშიც ალასკის გაყინულ კარავში ექიმთან ქალი მიდის და სთხოვს, დათვისგან დაჭრილი ქმარი გადამირჩინეო. მთავარი ინტრიგა ისაა, რომ ეს ქალი ამ ექიმის ყოფილი მეუღლეა, ის „გადასარჩენი“ კაცი კი ის კაცია, რომელთანაც მისგან გაიქცა.

ექიმი პირობას უდებს — გადავარჩენ შენს საყვარელ ადამიანს, მაგრამ ამის საფასურად უნდა დამიბრუნდეო.

სასოწარკვეთილი ქალი თანხმდება. მერე მოთხრობილია იმაზე, თუ როგორ მკურნალობდა ექიმი პაციენტს თვეების განმავლობაში. შემდეგ კი აღწერილია ბოლო ღამე — ქალი თავის საყვარელ ადამიანს ემშვიდობება. თუმცა სულ ტყუილად…

რადგან ჩვენი ექიმი თავისი ყოფილი მეუღლის საყვარელ კაცს გადაარჩენს, თავის მუქარას კი ვერ აასრულებს.

აი, იმ მომენტში კი, ჩემი გმირი გადარჩენილ კაცს და თავის ყოფილ მეუღლეს ნავში რომ სვამდა, გული გამიჩერდა…

სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
მე მსოფლიოს სამაგიეროს სიყვარულით გადავუხდი…

ასეთია ჯეკ ლონდონი – საოცრად კეთილშობილი და ყველასგან განსხვავებული.

სხვათა შორის, ის თავის დროზე ოქროს მაძიებლებთან ერთად ალასკაში ჩავიდა, მაგრამ ოქროს მოპოვების ნაცვლად დაწერა შესანიშნავი მოთხრობა „თეთრი სიჩუმე“.

თუმცა სხვანაირად როგორ ეკადრებოდა კაცს, რომელიც თვლიდა, რომ მისი მთავარი მასწავლებელი მაუგლიანი და რიკი-ტიკი-ტავიანი სერ რედიარდ კიპლინგი ბრძანდებოდა.

1905 წელს ჯეკ ლონდონმა შეიძინა რანჩო გლენ-ელენში (კალიფორნიის შტატი), რომელმაც არაფერი მოუტანა ზარალის გარდა. 1914 წელს ის მექსიკაში გაემგზავრა კორესპონდენტად, მაგრამ ამ თანამდებობაზეც თავისი კოლეგების კრიტიკა დაიმსახურა, რადგან, მათი აზრით, ზედმეტად ამართლებდა აშშ-ის ჩარევას სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში.

ვახტანგ კიკაბიძე ფილმში „არ იდარდო“ - Sputnik საქართველო
არ იდარდო მაშინაც კი, როცა „ხოჩეშ კანფეტკუ დამზე“ პასუხი „ნეტუა“

ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა 41 წლის ასაკში, ოფიციალური ვერსიით — მისთვის გამოწერილი მორფის დოზის გადამეტების გამო. თუმცა, ბევრი კრიტიკოსის და ექსპერტის აზრით, მან თავი მოიკლა.

მე ჯეკ ლონდონის თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული. მათგან მარილიანი ზღვის სუნიც კი შემომრჩა. მასთან ერთად მიყვარდა და მასთან ერთად განვიცდიდი.

ის მართლაც ნამდვილი ჯენტლმენი ბრძანდებოდა. აბა, არაჯენტლმენი როგორ იტყოდა: 

„ძვალი, რომელიც ძაღლს გადაუგდე, არ არის წყალობა. წყალობაა ის ძვალი, რომელსაც ძაღლს უყოფ, როცა მასზე მშიერი ხარ“.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და წყალობით სავსე დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0