არასდროს არ მკითხო – სად მივფრინავ და როდის დავბრუნდები...

© photo: Sputnik / Александр Вильф / გადასვლა მედიაბანკშიცისფერი ცა
ცისფერი ცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს ვთხოვ — დავივიწყოთ შიში ცაში ყველანაირ აფრენასა და განავარდებასთან დაკავშირებით. დღეს არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს აივანი ოდნავ მობრეცილ, მაგრამ მაინც ლამაზ დელტაპლანად გადაიქცეს; არც იმას, რომ უცებ გაროხროხდეს, „გაბოინგდეს“ და მომხიბვლელმა სტიუარდესებმა ერთჯერადი, პორციული საუზმეც შემოგვიტანონ; და არც იმას, რომ ჩვენმა აივანმა, ფაქიზი პეპელასავით, სულ ერთი, მაგრამ უზარმაზარი წრე შემოარტყას ჩვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებებს…

რადგან ჩვენი სტუმარია კალიასავით თხელი და დახვეწილი, ციცინათელასავით ნათელი და სიფრიფანა ქალბატონი ამელია ერჰარტი, რომელმაც ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 11 იანვარს უზარმაზარ წყნარ ოკეანეს გადაუფრინა. სხვათა შორის, პირველმა ქალბატონებსა და ბატონებსაც შორის, და მასში ისედაც უზომოდ შეყვარებული ამერიკელებისთვის ეროვნულ გმირად იქცა.

ამ ტრასაზე იმდენი პილოტი დაიღუპა, რომ ის აკრძალულად გამოაცხადეს. მაგრამ ამ საოცარი ქალისთვის გამონაკლისი გააკეთეს.

ფრენის დრო 18 საათსა და 16 წუთს შეადგენდა. კალიფორნიაში ამელიას ელოდა 18-ათასიანი თაყვანისმცემლების არმია და აშშ-ის პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის დეპეშა: „გილოცავთ — თქვენ ისევ გაიმარჯვეთ!“

11 წლის ასაკში ამელიამ პირველად დაინახა აეროპლანი და რამდენიმე ღამის განმავლობაში ესიზმრებოდა.

20 წლის ასაკში, იმისთვის, რომ ცნობილი საავიაციო ინსტრუქტორის ანიტ სტოკის გაკვეთილების საფასური გადაეხადა, ამელიამ მუშაობა დაიწყო ერთდროულად სამ ადგილზე – მამის იურიდიულ კანტორაში, აფთიაქში და სატელეფონო კომპანიაში. პარალელურად კოლუმბიის უნივერსიტეტში ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის და ფრანგული კლასიკური ლიტერატურის კურსებს ესწრებოდა, ის ოთხ ენას ფლობდა.

23 წლის ასაკში ამალიამ გამომუშავებული თანხით პატარა თვითმფრინავი იყიდა.

24 წლის ასაკში დაამყარა ფრენის სიმაღლის მსოფლიო რეკორდი ქალებში (4300 მეტრი)… და უსახსრობის გამო თვითმფრინავი გაყიდა.

სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდა ჯორჯ პალმერ პუტნემი. ის საკმაოდ წარმოსადეგი, ძალიან მდიდარი გამომცემელი იყო, თანაც თვითმფრინავებზე უზომოდ შეყვარებული. მან ამელიას შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო მის პროექტში, ანუ ატლანტის ოკეანეზე გადაეფრინა მამაკაცთა ეკიპაჟის შემადგენლობაში. ამალია დათანხმდა…

მომავალში თავად ჯორჯ პუტნემი იხსენებდა, რომ თავიდან ამალიას უყურებდა როგორც კაპიტალის გაზრდის ერთ-ერთ საშუალებას: “ის საოცრად მომხიბვლელი ქალბატონი იყო, მაღალი, ტანწერწეტა, უზარმაზარი ცისფერი თვალებით. საუბარი ეხერხებოდა და, რაც მთავარია, ჩემი აზრით, ცოტა ფრენაც კი იცოდა“.

ერთ წელიწადში ჯორჯი გაშორდა მეუღლეს. მას ამის შემდეგ კიდევ ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ამელია ცოლად გაჰყოლოდა. თანაც ამელიამ ქორწინებამდე მომავალ მეუღლეს პირობა დაადებინა — არასდროს არ ეკითხა მისთვის, სად მიდის ან მიფრინავს და როდის დაბრუნდება.

ჯორჯსაც არასდროს უკითხავს. უბრალოდ, ყოველთვის გვერდში ედგა და მხარს უჭერდა ყველა წამოწყენასა და კაპრიზში.

1937 წელს წარმატების პიკზე მყოფმა ამელიამ, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს თავად აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე ელეონორა რუზველტი ანდობდა და მისი თვითმფრინავით დაფრინავდა, გადაწყვიტა აესრულებინა ყველაზე სანუკვარი ოცნება და დედამიწისთვის ირგვლივ შემოეფრინა.

პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – თვითმფრინავი ავარიაში მოხვდა და კინაღამ აფეთქდა.

სხვა ამაში რაღაც გაფრთხილებას დაინახავდა, მაგრამ ამელიამ კიდევ ერთი მცდელობა განახორციელა.

1937 წლის 20 მაისს ის მეუღლემ მიაცილა თვითმფრინავთან და სთხოვა – იქნებ, გადაიფიქრო, ჟურნალისტებს მე დავაწყნარებ, რამეს მოვიფიქრებო.

ამელიამ ჯიუტად შეხედა — „გახსოვს, რას დამპირდი ქორწილის წინ?“

ჩაეხუტა და თვითმფრინავისკენ გაიქცა.

2 ივლისისთვის ჰარტმა და მისმა შტურმანმა ნუნანმა მარშრუტის 4/5 წარმატებით გაიარეს და გეზი ახალი გვინეის გავლით ჰოულენდის კუნძულისკენ აიღეს.

29 ივლისს ამალია უკანასკნელად გამოვიდ კავშირზე. მან წყნარად, ყოველგვარი პანიკის გარეშე წარმოთქვა: „30 წუთის საწვავი დაგვრჩა… ამინდი უარესდება… ქარი ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს…“

აღსანიშნავია, რომ ფრენის წარმატებულად ჩასატარებლად, ანუ საწვავის მაქსიმალური მარაგის სანაცვლოდ ეკიპაჟმა უარი თქვა რეზინის ნავზე, პარაშუტებზე, სასიგნალო რაკეტებზეც კი.

თვითმფრინავის ნარჩენები ვერ იპოვეს… ბევრ რამეში სასაცილომდე მიამიტ ამერიკელებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ ამელია გადარჩა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ის ინდიელებმა ტყვედ აიყვანეს.

ეს კი ამელიას უკანასკნელი ფრენის უნიკალური კადრებია:

მისი მეუღლე იმეორებდა — ალბათ ახალი რეკორდი დაამყარა, ავიდა იქ, სადაც არავინ ასულა მანამდე, ხომ იცით მისი ხასიათიო.

ჟურნალისტები კი წერდნენ, რომ ამელიას შტურმანი უნანი მას მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, რომ მასზე უზომოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული.

იქნებოდა, აბა რა!..

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ასეთი მთლად სენტ-ეკზიუპერივით ცაში მონავარდე ქალბატონი?..

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და უღრუბლო დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0