მე მსოფლიოს სამაგიეროს სიყვარულით გადავუხდი…

© photo: Sputnik / Валерий Плотников / გადასვლა მედიაბანკშისერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

იმედია, დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენი აივანი ყოველთვის საოცრად თბილია და სტუმართმოყვარე, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებით გაინაბა და ნერვიულობს. ცოტა წელშიც კი გასწორდა და ამავდროულად რომანტიკული სიძველის ელფერიც დაიდო, ბროწეულზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ის, ამ ბოლო დღეებში მზით ისედაც განებივრებული, საერთოდ, მგონი, აყვავებას აპირებს და, იცით, რატომ? დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ კაცს, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ბროწეულები. ნამდვილად ვერ ვიტყვი, უყვარს თუ არა ბროწეულის წვენი, მაგრამ ამ ულამაზეს ნაყოფს რომ ანტურაჟის გასამდიდრებლად სიამოვნებით იყენებდა, ეს ფაქტია…

© А. Экекянსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი
დღეს ჩვენ აივანზე ამობრძანდება ძველი თბილისური აივნების ნამდვილი დამფასებელი და მოტრფიალე, უნიჭიერესი შემოქმედი, კაცი ერთდროულად ბედნიერიც და უბედურიც, წარმატებულიც და დაუფასებელიც, ცინიკურიც და აბსოლუტურად დაუცველიც, გულახდილიც და მოთამაშეც, დახვეწილიც და ეპატაჟურიც, უაღრესად თანამედროვეც და ფესვებამდე ტრადიციულიც… ეს გახლავთ სერგო ფარაჯანოვი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1924 წლის 9 იანვარს ქალაქ ტფილისში, ანტიკვარის ოჯახში.

მათ ოჯახში ეს პროფესია ტრადიციულად გადადიოდა თაობიდან თაობაზე და სერგოს მამა რევოლუციამდელი ტფილისის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კაცად ითვლებოდა. რევოლუციის შემდეგ ის თითქმის ბოლომდე გაკოტრდა, მაგრამ თავის ბიზნესს თავი არ დაანება. 1920 წელს ის პირველად დააპატიმრეს, შემდეგ კიდევ რამდენჯერმე, მაგრამ მას პატიმრობის ვადა ბოლომდე არასდროს მოუხდია, ყოველთვის ან ვადაზე ადრე ათავისუფლებდნენ კარგი ყოფაქცევისთვის, ან  ამნისტიის ქვეშ ხვდებოდა. მოგვიანებით სერგო იხუმრებს, რომ მამამისი, როგორც სამაგალითო საბჭოთა პატიმარს შეეფერებოდა, „ხუთწლედს“ 4 წელიწადში ასრულებდა ხოლმე.

1942 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ სერგო ფარაჯანოვმა ჩააბარა თბილისის სარკინიგზო ტრანსპორტის ინსტიტუტში, მაგრამ სულ მალე თავი დაანება ტექნიკურ მეცნიერებებს და სწავლა ერთდროულად ორ შემოქმედებით სასწავლებელში გააგრძელა — თბილისის კონსერვატორიის ვოკალურ ფაკულტეტზე და ოპერის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 

© архив семьи Мнджоянსერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში
სერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი მნჯოიანის ფოტოატელიეში

1945 წელს სერგო ფარაჯანოვი სასწავლებლად მოსკოვის კონსერვატორიაში გადავიდა, პროფესორ ნინა დორლიაკის (სვიატოსლავ რიხტერის მეუღლის) კლასში; 1946 წელს კი პარალელურად ჩააბარა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. აღსანიშნავია, რომ მის კურსზე სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი კინორეჟისორები ალოვი, ხუციევი, ოზეროვი…

სერგო ფარაჯანოვის სადიპლომო ნამუშევარი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ანდრიეში“ (ასე ერქვა მწყემს გოგონას მოლდოვური ზღაპრიდან).

აღსანიშნავია, რომ ეს თემა შემთხვევითი არ იყო. არც თუ ისე დიდი ხნის წინ წავიკითხე სერგოს პირველი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. თურმე, მისი პირველი მეუღლე ნიგიარი, რომელიც ფარაჯანოვმა მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლის დროს გაიცნო, თათარი იყო, წარმოშობით მოლდოვიდან.

როდესაც მისმა ძმებმა გაიგეს მისი გათხოვების შესახებ, ჩამოაკითხეს მოსკოვში და სერგოს, მათი კანონების მიხედვით, საკმაოდ მაღალი გამოსასყიდი მოსთხოვეს.

მან გადააბიჯა თავმოყვარეობას და თხოვნით მიმართა მამას, რომელიც არ ელაპარაკებოდა ოჯახური ტრადიციის დარღვევის გამო. მამამ უარი უთხრა.

მაშინ ძმებმა ნიგიარს მოსთხოვეს მიეტოვებინა უფულო მეუღლე. ის არ დათანხმდა, ძმებმა კი გაიტაცეს და მატარებლის ქვეშ ჩააგდეს…

© Sputnik სერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი

იქნებ, სწორედ ამით იყო განპირობებული ასეთი ტკივილამდე გაბზარული და მაინც ბოლომდე გაუტეხავი სული, ეს სუფთა ვარდები და ოქროს გალიებში ჩასმული კენარები, ეს ბუნტი, რომელიც გაჰყვებოდა მთელ მის ცხოვრებას, ბუნტი ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც იყო არაფარაჯანოვისეული, ანუ ხელს უშლიდა ადამიანს თავისუფლების მიღწევაში?..

მისი შესანიშნავი ფილმები და მთელი მისი ურთულესი ცხოვრება მის კოლაჟებს ჰგავდა… თითქოს რაღაც დროში გაჩერებული და გაწელილი იყო და ეს თითქოს განგებ კეთდებოდა, რათა ადამიანის თვალმა მოასწროს დაიჭიროს სილამაზის ყველა, წამიერი მომენტიც კი… და ბოლომდე შეიგრძნოს ტკივილი…

ახლა რასაც ვწერ, ამ სიტყვებს არავითარი პრეტენზია არა აქვს ჭეშმარიტებაზე. ფარაჯანოვის ხელოვნება და შემოქმედება პროფესიონალების შესაფასებელია და სათანადოდ არის კიდეც შეფასებული. უბრალოდ, ეს ჩემი ემოციებია, ეს ჩემი ფარაჯანოვია და სწორედ იმიტომ არის ფარაჯანოვი ამდენად დიდი და ნიჭიერი, რომ ყველას საკუთარი ფარაჯანოვი ჰყავს, ყველა მას თავისებურად, თავისი კუთხიდან ხედავს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას მისი ხელოვნება არ უყვარს, ან არ მოსწონს, ან აღიზიანებს კიდეც, მაგრამ ის, რომ ეს კაცი არაორდინალურია და ნიჭიერი, შექმნილი აქვს მთელი სამყარო და, რაც მთავარია, მას ამ სამყაროს შექმნის უფლება ჰქონდა, ამის უარყოფა ძალიან ძნელია.

© Sputnikსერგო ფარაჯანოვი
სერგო ფარაჯანოვი - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი

არავინ, მათ შორის ფარაჯანოვის ახლობლებიც არ უარყოფენ იმას, რომ მას საკმაოდ რთული და თავისებური ხასიათი ჰქონდა. ის ბუნებით იყო პროვოკატორი.

1951 წელს მან ცოლად მოიყვანა დიპლომატის ქალიშვილი, ელეგანტური და საოცრად ლამაზი, უკრაინელი სვეტლანა შჩერბატიუკი. მათ გაუჩნდათ ვაჟი — სურენი, რომელიც დედასავით ქერათმიანი იყო. სერგოს და სვეტალანას უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ფარაჯანოვის მეუღლეობა საკმაოდ რთული აღმოჩნდა და 1962 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამჟამად სერგოს შვილი კიევში ცხოვრობს, ის არქიტექტორია. 

1973 წელს სერგო ფარაჯანოვი დააპატიმრეს. მან 5 წელი გაატარა ლუკიანოვკას მკაცრი რეჟიმის ციხეში. ციხემ ვერ შეძლო მისი გატეხვა მიუხედავად იმისა, რომ ის გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. მას დასცინოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, ის კი ციხის ეზოში ტოტებს, ყვავილებს აგროვებდა, აკეთებდა ჰერბარიუმებს, პატარა კოლაჟებს და მათ მეგობრებს უგზავნიდა… ერთხელ მან კეფირის ბოთლის თავსახურზე ლურსმნით პუშკინის პორტრეტი ამოტვიფრა… ათწლეულების შემდეგ ეს პორტრეტი  ფელინის ხელში მოხვდა, მან კი მის მიხედვით ჩამოასხმევინა მედალი, რომლითაც დღესაც ჯილდოვდება რიმინის კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები.

ციხეს მოჰყვა 15-წლიანი შემოქმედებითი პაუზა და ამანაც ვერ მოტეხა ფარაჯანოვი. ის მაინც დადგა ფეხზე და იპოვა ძალა დაბრუნებოდა საყვარელ პროფესიას.

მის ფილმებს მსოფლიო კინოფესტივალების 30-ზე მეტი ჯილდო აქვთ მიღებული. მისი ნამუშევრებით აღფრთოვანებული იყვნენ ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ანჟეი ვაიდა, მარჩელო მასტროიანი, ვლადიმერ ვისოცკი… მისი უახლოესი მეგობრები იყვნენ ანდრეი ტარკოვსკი და ტონინო გუერა… სწორედ ამ ადამიანების ძალისხმევით და ლუი არაგონის პირადი თხოვნის გამო, რომლითაც მან ლეონიდ ბრეჟნევს მიმართა, 1977 წელს შესაძლებელი გახდა ფარაჯანოვის გათავისუფლება.

© Courtesy of Yuri Mechitovსერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე - Sputnik საქართველო
სერგო ფარაჯანოვი, სოფიკო ჭიაურელი, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მახარაძე

ძალიან მომეწონა ერთი ისტორია, რომელიც სერგო ფარაჯანოვს ციხეში გადახდა. საერთოდ პატივს ვცემ ხალხს, ვინც ურთულეს სიტუაციაშიც კი არ კარგავს იუმორის გრძნობას. საქმე ისაა, რომ ციხის თანამშრომლებს აშინებდა ის სისტემატურობა, რომლითაც პატიმარი ფარაჯანოვი იღებდა დეპეშებს უცხოეთიდან, ვინმე „ფ. ფელინისგან“. ბოლოს ციხის უფროსმა გამოიძახა სერგო და პირდაპირ ჰკითხა, ეს ფელინი ვინ არისო. ფარაჯანოვი არ დაიბნა და, ააა, ეს ფიოდორია, ჩემი მკვიდრი ძმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობსო. ჩვენი ბებია იტალიელი რევოლუციონერი იყო და რამდენიმე ჟანდარმიც კი ჰყავს მოკლული. ფიოდორი კი ბებიასთან ბავშვობაში ჩავიდა და იქ დარჩაო. მერე ბებია კატორღაში გარდაიცვალა და ფედიამაც მის პატივსაცემად მისი გვარი ფელინი აიღო, რაც იტალიურად „გაუტეხავს“ ნიშნავსო. მეორე დღეს ციხის უფროსმა წერილი აფრინა „თლად ზემოთ“, რომ რუსეთში ჩასვლას აპირებს ფარაჯანოვის ძმა ფიოდორ ფელინი…

კიდევ ერთი საინტერესო ისტორია: ძალიან ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თავის დროზე ფარაჯანოვმა კინაღამ კარლ მარქსის როლი შეასრულა, თუმცა ისე მოიქცა გადასაღებ მოედანზე, რომ გააგდეს. სხვათა შორის, იმავე ფილმში ფრიდრიხ ენგელსის როლი უნდა შეესრულებინა ანდრეი მირონოვს.

ფარაჯანოვის ცხოვრება სავსე იყო პარადოქსებით, მაგრამ მე ვთვლი, რომ ის მაინც ბედნიერი ადამიანი იყო. მას იმხელა ენერგეტიკა გააჩნდა, რომ თავის ირგვლივ ყველას და ყველაფერს მუხტავდა. ის, რასაც აკეთებდა ფარაჯანოვი, სხვას ძალიან დიდ უცნაურობაში ჩაეთვლებოდა, მას კი პატიობდნენ. სავარაუდოდ, ის ამას სხვა რამით აბალანსებდა და, ესე იგი, იმსახურებდა ამ პატიებასაც და სიყვარულსაც…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ნიჭიერ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0