19:13 16 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
ნინო ნადირაძე-კუზანოვა

რა უქმნის ყველაზე დიდ დისკომფორტს მოგზაურობისას ნინო ნადირაძე-კუზანოვას

© FB/ Nino Nadiradze-kuzanova
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
18440

ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ, არ მიყვარს სიურპრიზები, განსაკუთრებით უცხო გარემოში, ამიტომ ვცდილობ ისე დავგეგმო ყველაფერი, რომ მოულოდნელობების მსხვერპლი ნაკლებად ვიყო.

მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანისთვის სასიამოვნო და სასურველი პროცესია. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობა არ იტაცებთ, უფრო მეტიც, ეს მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. ნინო ნადირაძე-კუზანოვა სწორედ ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ არ უყვარს მოგზაურობა, მას მაინც ბევრ ქვეყანაში უწევს სტუმრობა. ნახეთ ქალბატონი ნინოს ვოიაჟი ჩვენ რუბრიკაში.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ვენაში
ნინო ნადირაძე-კუზანოვა ვენაში

– ალბათ, როგორც ყველა ადამიანს, თქვენც გიყვართ მოგზაურობა?

— რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მიყვარს მოგზაურობა, თუმცა ხშირად მიწევს უცხო ქვეყანაში წასვლა. დიდი დისკომფორტი მექმნება, როდესაც გვერდით არ მაქვს ჩემი ნივთები, გარდერობი, სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ. მიუხედავად ამისა, მაინც ხშირად მიწევს მოგზაურობა როგორც აზიის, ისე ევროპის ბევრ ქვეყანაში. არ ვარ ნამყოფი ამერიკაში და აფრიკის ქვეყნებში. სიმართლე გითხრათ, არც მაქვს დიდი სურვილი, რადგან თერთმეტი საათი ნამდვილად ვერ ვიმგზავრებ, ძალიან მეშინია.

– როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც თქვენზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს?

— მიყვარს ის ქვეყანა, სადაც სასიამოვნო დრო მაქვს გატარებული. ზოგადად, მუზეუმი ყველგან ერთნაირად საინტერესოა, ან პირიქით. არქიტექტურაში ყოველთვის შეიძლება ნახო ისეთი რამ, რაც იმ ქვეყნისთვისაა მხოლოდ დამახასიათებელი. ამიტომ, ყოველთვის მირჩევნია წავიდე ისეთ ქვეყანაში, სადაც დამხვდება ახლობელი და შიგნიდან დამანახებს ქვეყანას. სწორედ ასე შეიძლება შეისწავლო სხვა ქვეყნის კულტურა, გამოსცადო შენი ძალები და იგრძნო, რომ შენც ამ ულამაზესი დედამიწის ნაწილი ხარ. სასტუმროს ფანჯრიდან, ტურისტული ავტობუსიდან დათვალიერებული ან გიდის მიერ ნაჩვენები ქვეყანა მეტ-ნაკლებად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ხომ არის საქართველოში ისეთი ადგილები, რომელიც მარტო ჩვენ ვიცით? მაგალითად, როცა საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმარს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში წაიყვან და დააგემოვნებინებ მის თვალწინ ამოყვანილ ყველს, მონაწილეობას მიაღებინებ ყველის ამოყვანის პროცესში, ჩაიყვან მდინარეზე, სახელდახელოდ გაიჭრება სულგუნი, შეიწვება მწვადი, ვფიქრობ, ეს უფრო მიმზიდველი და საინტერესოა ტურისტისთვის. ამ მხრივ დამამახსოვრდა ამსტერდამი, სადაც ჩემი მეგობრები დამხვდნენ და სხვა თვალით დაგვანახეს ჰოლანდიელების წეს-ჩვეულება, ტრადიციები, ცხოვრების წესი.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა დუბაიში
ნინო ნადირაძე-კუზანოვა დუბაიში

– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?

— არ მახსოვს ქვეყანა, სადაც ჩავსულვარ და იქაური სამზარეულო არ მომწონებია.  ვცდილობ ყველა ქვეყანაში გავსინჯო  ტრადიციული კერძი. ზოგადად, ქვეყანას როგორც მისი იერსახით, ისე სამზარეულოთი ვაფასებ. ყველა ქვეყანას აქვს თავისი დამახასიათებელი, საინტერესო და გემრიელი კერძი.

– ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური კერძი რაც გაგისინჯავთ?

— თურქეთში გავსინჯე ახლად დაჭერილი რვაფეხა, რომელსაც ჰქონდა საშინელი მყრალი სუნი. როცა შეწვეს, ისეთი მძაფრი სუნი დადგა, გადავირიე, ვფიქრობდი ამას როგორ შევჭამ-მეთქი. მიჩვეული ვარ სპეციალურად დამზადებულ, დამუშავებულ რვაფეხას, რომელსაც ეს სუნი არ აქვს. მაინც გავრისკე და მივირთვი, გაოცებული დავრჩი – არაჩვეულებრივი და საუცხოო გემო ჰქონდა. ეს გემო დამამახსოვრდა განსაკუთრებით.

– ყველა მოგზაურობას თან ახლავს მოულოდნელობები. რამე განსაკუთრებულ ფაქტს ხომ არ გაიხსენებდით?

— ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ. არ მიყვარს სიურპრიზები, განსაკუთრებით უცხო გარემოში, ამიტომ ვცდილობ ისე დავგეგმო ყველაფერი, რომ მოულოდნელობების მსხვერპლი ნაკლებად ვიყო. თუმცა, არაერთი მსგავსი შემთხვევა მქონია. მახსოვს, ტალინში დაგვპატიჟა ჩვენმა მეგობარმა და გარეული ცხოველების მწვადები მივირთვით. ხორცმა მოგვწამლა და ისეთ ცუდ დღეში ჩაგვყარა, რომ იმის შემდეგ მაქსიმალურად ვერიდები კვებითი ექსპერიმენტების ჩატარებას. 

– საქართველოს გარდა არსებობს ქვეყანა, სადაც დაუფიქრებლად იცხოვრებდით?

— არა! ალბათ, უნდა დავიბადო სხვა ქვეყანაში, რომ შევძლო იქ ცხოვრება. ჩემი თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. პატრიოტი ადამიანი ვარ და ჩემს თავს მხოლოდ ამ სოციუმის ნაწილად მივიჩნევ. საქართველოში ყველა სიტუაციაში ვახერხებ ვიყო ბედნიერი. ჩემი ოჯახის წევრების, ახლობლების, ნათესავების გარემოცვაში თავს ყოველთვის მშვიდად, უსაფრთხოდ და სასიამოვნოდ  ვგრძნობ.

მთავარი თემები