08:42 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
ნონა მორდიუკოვა

საოცარი მამაკაცები ძლიერი ქალის – ნონა მორდიუკოვას ცხოვრებაში...

FL/ Dmitry Kugarov
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
582271

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ გუშინდლიდან გამოყოლილი სიყვარულის თემას განვავრცობთ, ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით, რადგან პირველი თოვლის მოსვლასა და, შესაბამისად, ჩვენი აივნის პატარა გამყინვარებასთან დაკავშირებით მეტი რა დაგვრჩენია გასათბობად…

მით უმეტეს, რომ დღეს ჩვენი სტუმარია ბრიტანული ენციკლოპედია Who is Who–ს ვერსიით, XX საუკუნის ყველაზე ცნობილი მსახიობი ქალების პირველ ოცეულში შესული, მართლაც ძალიან განსაკუთრებული ქალბატონი ნონა მორდიუკოვა, რომელსაც მე-20 საუკუნის ნეკრასოვის ქალსაც ეძახდნენ და რომელიც, მისი თქმით, თავისი ყუბანელი „კაზაჩკას“ ტემპერამენტის გამო ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო უღმერთოდ შეყვარებული. თანაც ყოველთვის უყვარდა ის მამაკაცები, რომელთა გულშიც „რაღაც სხვანაირად დამანგრეველი მელოდია ჟღერდა“.

დღეს ქალბატონ ნონას შეუსრულდებოდა 90 ან 91 წელი. მისი დაბადების დღე ზუსტადაა ცნობილი, აი, დაბადების  წელიწადს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ის ზუსტად დაფიქსირებული არ არის — ხან 1925-ია, ხან კი 1926. სხვათა შორის, ნონა მორდიუკოვას ნამდვილი სახელი არის ნოემბრინა, ხოლო მისი ნამდვილი გვარი საერთოდ არავინ არ იცის, რადგან ნონა გვარად მორდიუკოვა მხოლოდ მეორე ქორწინების შემდეგ გახდა. ახლა არ მკითხოთ, მორდიუკოვას პირველი ქმარი ვინ იყო, ან ეს მორდიუკოვი ვინააო. გაგიკვირდებათ და, ეს მეც კი არ ვიცი.

სამაგიეროდ, ნამდვილად ვიცი, რომ როდესაც ნონას საბჭოთა კინემატოგრაფიის მეტრის სერგეი გერასიმოვის ფილმ „ახალგაზრდა გვარდიაში“ იღებდნენ (ეს ნონას პირველი სერიოზული როლი იყო), გერასიმოვს ნონას სილამაზემ და ბუნებრიობამ თავბრუ ისე დაახვია, რომ თავის ულამაზესსა და დახვეწილ მეუღლე თამარა მაკაროვასთან გაშორება გადაწყვიტა და ნონას ხელის სათხოვნელად ნონას მშობლებთან ყუბანში გაემგზავრა… 

ნონა მორდიუკოვა და ვიაჩესლავ ტიხონოვი
არქივის ფოტო
ნონა მორდიუკოვა და ვიაჩესლავ ტიხონოვი

ნონას დედამ, კოლმეურნეობის ყოფილმა თავმჯდომარემ ირინა პეტროვნამ სულ ერთხელ შეავლო თავისი მკაცრი მზერა ასაკით თითქმის მის თანატოლ, სტალინის პრემიის ლაურეატ რეჟისორს და ვერდიქტიც გამოიტანა: ან მე, ან ის! თუ ნიჭიერი ხარ, ისედაც გახდები ვარსკვლავი ამ მელოტი კაცის გარეშეცო, კატეგორიული ტონით განუცხადა მან შვილს.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ, სამოვართან ჩამომჯდარი ირინა პეტროვნა, სავარაუდოდ, არ იყო ბოლომდე გულწრფელი. მან არ გაუმხილა თავის ქალიშვილს, რომ მიღებული ჰქონდა ნონას თანაკურსელის ვიაჩესლავ ტიხონოვის წერილი, რომელშიც ტიხონოვი სთხოვდა – „გეხვეწებით, მოახდინეთ გავლენა ნონაზე. თუ ის ჩემ გვერდით არ იქნება, მატარებელს ჩავუვარდები ბორბლებში“.

ვიაჩესლავ ტიხონოვი გადარჩა. კიდევ კარგი, თორემ რა გვეშველებოდა მისი შტირლიცის გარეშე? ნონა მორდიუკოვა მისი ცოლი გახდა, მაგრამ ისინი იმდენად განსხვავებული ტემპერამენტით იყვნენ დაჯილდოებული, რომ საბოლოოდ მაინც მოუწიათ ერთმანეთან დაშორება. ნონა იხსენებდა – „ჩვენ საერთოდ ყველაფერში აცდენილები ვიყავით. მე შემტევი და პირდაპირი, სლავა კიდევ — წყნარი და ჩუმი ინტელიგენტი“.

ვასილი შუკშინი, სცენა ფილმიდან „ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ“
FL/ Alexey Zaharov
ვასილი შუკშინი, სცენა ფილმიდან „ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ“

ამბობენ, რომ მათ გაყრას ხელი შეუწყო ნონას პარტნიორმა ერთ-ერთ ფილმში „უბრალო ისტორია“ — ვასილი შუკშინმა. მათ შორის არასდროს არაფერი ყოფილა, მაგრამ ნონამ მასში ის მამაკაცი დაინახა, „ვისთვისაც ცხოვრება ღირდა“. მაგრამ ტიხონოვს ვერ უღალატა. არადა, როგორია, შუკშინისნაირი კაცი რომ გეტყვის, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილებიო, და მერე ის მთელი ღამე გადაღებისთვის საგანგებოდ აშენებული მიწურის წინ რომ გაათენებს და შენ რომ მაინც არ გაუღებ კარს, რადგან სახლში ქმარი და პატარა ბიჭი გელოდებიან.

თუმცა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ნონა მორდიუკოვა იტყვის: „ნეტავი, გამეღო იმ ღამეს კარი შუკშინისთვის. ალბათ, ყველაფერი სხვანაირად დასრულდებოდა ჩემთვისაც და მისთვისთვისაც. ვასია ჩემი ყველაზე ნათელი სიყვარული და გაუმხელელი ოცნება იყო“.

ნონა მორდიუკოვა და ვასილი შუკშინი, სცენა ფილმიდან „უბრალო ისტორია“
ნონა მორდიუკოვა და ვასილი შუკშინი, სცენა ფილმიდან „უბრალო ისტორია“

ვიაჩესლავ ტიხონოვთან განშორების შემდეგ ნონამ თავისი ცხოვრება დაუკავშირა კაცს, რომლის დანახვაზე ქალები გონებას კარგავდნენ. ეს იყო ბორის ანდრონიკაშვილი, რომელმაც ნონას გამო მიატოვა მეუღლე, შესანიშნავი ლიუდმილა გურჩენკო… 

ჰყვებიან, რომ ერთ-ერთ წვეულებაზე გურჩენკომ, რომელიც, როგორც ყოველთვის, ყურადღების ცენტრში იყო, შენიშნა ანდრონიკაშვილი და მორდიუკოვა, მივიდა მათთან და ყოფილ მეუღლეს პირდაპირ დაუსვა შეკითხვა: „როგორ შეგეძლო მე ამ ქალში გაგეცვალე?!“ რაზეც იმპოზანტურმა ანდრონიკაშვილმა უპასუხა: „იცი რა, ნონა გენიალურად ამზადებს სუპებს“.

სხვათა შორის, მორდიუკოვა და გურჩენკო ყოველთვის მეგობრობდნენ და გარკვეულ ასაკში შესვლის შემდეგ ხუმრობდნენ კიდევაც იმაზე, რომ ახალგაზრდობაში ერთ კაცს იყოფდნენ.

ნონა მორდიუკოვა ბოლომდე რჩებოდა ქალად. უკანასკნელ დღეებშიც კი მან თავის დას ჩასჩურჩულა: „რა ლამაზი პალატის ექიმი მყავს“…

ძალიან მიყვარს ნონას ფილმები, ყველგან არის ტკივილამდე გულწრფელი. მაგრამ განსაკუთრებით მომხიბლა მისმა როლმა ფილმში „ნათესავები“, სადაც მას ღირსეულ პარტნიორობას უწევს უნიჭიერესი იური ბოგატირიოვი.

 

ნონა მორდიუკოვამ ერთხელ თქვა: „მე ვარ ჩემი საკუთარი ხის ფოთოლი, მერე რა, თუ ქარი სადმე  წამიღებს. მე მაინც მჯერა, რომ ჩემ ყოფილ ტოტზე გაზაფხულზე ახალი, მაგრამ მაინც ჩემი ჯიშის ფოთლები ამოვა“.

ამოვა, აბა, რას იზამს, მე კიდევ მაინც გადაგიყვანთ ფანტაზიებში, სადაც ნონა მორდიუკოვა და ვასილ შუკშინი ერთად არიან, რადგან ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ეს ასე არ მოხდა… 

 

გისურვებთ მშვენიერ, ლამაზ და ფანტასტიურ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

მთავარი თემები