00:25 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კოტე მახარაძე

კოტე მახარაძე - 90

© Sputnik/ РИА Новости
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
48660

„შთაბეჭდილებებით გაბერილი ვარ, - გვითხრა ერთხელ მსახიობმა, - ბედმა თუ განგებამ ცხოვრების ორომტრიალში ჩამაბა“.

1926 წლის 17 ნოემბერს დაიბადა კოტე მახარაძე — აღიარებული მსახიობი, სპორტული კომენტატორი, ტელეჟურნალისტიკის პედაგოგი. მან მოღვაწეობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, მერე გადავიდა მარჯანიშვილის თეატრში და ბოლოს შექმნა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო“.

კოტე მახარაძე იცნობდა მსოფლიო სახელის მქონე სპორტსმენებსა და მსახიობებს – პელეს, მარადონას, ჩარლზ ლოუტონს, ლორენს ოლივიეს…

ვინ იყო კოტე მახარაძე — არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც რუსთაველის თეატრში მიხეილ თუმანიშვილის გუნდთან ერთად ახალი სიტყვა თქვა? სპორტული კომენტატორი, რომელიც ბრწყინვალე რეპორტაჟებით გამარჯვებებს გვაუწყებდა? მშვენიერი ქალების გულთამპყრობელი? დიდად ნაკითხი და განათლებული? თავისუფალი და ჯანსაღი კრიტიკული აზრის მომხრე? ახალი თეატრის დამაარსებელი? თუნდაც ერთ კითხვაზე დადებითი პასუხი დაამშვენებდა ერთ კაცს, ბატონი კოტეს პიროვნება კი ყველა კითხვას პასუხობს. 

კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი
SPUTNIK/ იური სიმონოვი
კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

„კოტე მახარაძის თეატრი“, — ასე უწოდა ერთხელ მიხეილ თუმანიშვილმა საყვარელი მსახიობისა და მეგობრის ბოლო პერიოდის მოღვაწეობას და მერე გააგრძელა: „ტექსტი არის, მიზანსცენა არის და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კოტეს ნაცვლად სხვა მსახიობი დგას სცენაზე. ხომ მოკვდება ის თეატრი! რატომ? იმიტომ რომ კოტე სიბნელეში, ჩურჩულით ჰყვება ამბავს და ამ ამბავს ისე ჰყვება, რომ სულ ვფიქრობ — აი, ახლა მოკვდება, რაღაცა მოუვა!  შეიძლება ეს ტექნიკაა, შეიძლება ნამდვილი განცდაა — ეს მხატვრის საიდუმლოა, ხომ? მაგრამ უამისობა არ შეიძლება. გახსოვთ, ილიას ამბავს რომ ჰყვება? როგორ განიცდიდა ამ დროს. რაც აწუხებს, იმას ამბობს. აი, ეს დაიკარგა თეატრში!“

ერთხელ ბატონ კოტეს დაბადების დღის აღსანიშნავად შევხვდი (2000 წლის 17 ნოემბერს), მე სიამოვნებით ველოდებოდი ინტერვიუს დაწყებას. ტექნიკური შეფერხების გამო დრო გვქონდა. მე, ალბათ, მოვიწყინე, ვინაიდან ბატონმა კოტემ მკითხა: „ნარდის თამაში ხომ არ გინდა?“ – გამიხარდა. ცოტა დაბნეული სათამაშო მაგიდასთან დავჯექი. უკვე კამათლების მესამე გაგორებაზე მივხვდი, რომ ვაგებდი და აღელვებულმა დავიწყე კომენტარები — რომელ სვლას რა მოჰყვებოდა. ბატონი კოტე მშვიდად მისმენდა და ჩემი დამარცხების შემდეგ მითხრა: „აქამდე მეგონა, რომ მე ვიყავი სპორტული კომენტატორი, თურმე შენ ყოფილხარ!“ ამ დიდებული ადამიანის იუმორმა გამახალისა, გავთამამდი და ეს ინტერვიუც მაშინ ჩავწერე:

– ბატონო კოტე, რაც ახალგაზრდებს ახასიათებთ — იმპულსურობა, ემოცია, ამბობენ, რომ ასაკთან ერთად ქრება, მაგრამ მე ვხედავ, რომ მოვლენებისადმი ემოციური დამოკიდებულება გაქვთ და როგორ ხდება ამის შენარჩუნება, თუ ეს ხასიათია, იქნებ, პიროვნების თვისებაა?

– ღმერთმა ნუ ქნას, ეგ გამიქრეს და ნებისმიერი მოვლენის მიმართ ინდიფერენტული ვიყო, მაშინ ფაქტობრივად ყველაფერი დამთავრდება და სიცოცხლეს აზრი დაეკარგება. როცა შენთვის სულ ერთია, როგორ ცხოვრობს შენი ქალაქი, შენი ხალხი, აღარ გაინტერესებს, გამოგხედავს თუ არა ის ქალბატონი, განსაკუთრებული ყურადღება რომ მიაქციე, როლი კარგად ითამაშე თუ ცუდად… მაშინ რჩები იმ კაცად, რომელიც ნელ-ნელა ჩაქრება. ბოლოს ყველა ჩავქრებით, მაგრამ სანამ ვართ ამ ქვეყანაზე, ღმერთმა ნუ ჩაგვიქროს ემოცია და სამყაროს აღქმით გამოწვეული ყოველდღიური აღტაცება.

კოტე მახარაძე
ეროვნული არქივი
კოტე მახარაძე

– თქვენ მოღვაწეობდით რუსთაველის თეატრში, მერე მარჯანიშვილის თეატრში, ახლა „ერთი მსახიობის თეატრში“ ხართ. ადამიანს არ ანებებს თეატრი თავს თუ, პირიქით, ადამიანი ვერ შორდება მას?

– რატომ ავირჩიე ეს გზა? იცით, მე გავთავისუფლდი მონობისგან და ამ მონობას დღევანდელ თეატრში ქმნის რეჟისურა. არტისტი ხომ ისედაც მონაა, სხვის დაწერილს კითხულობს, არა? აი, წერია „ყოფნა – არყოფნა“, ან „რად არ მეშლება ეს სხეული“… და მორჩა. ამას ისე კი არ ამბობ, როგორც შენ ხედავ, არამედ ისე უნდა თქვა, როგორც იმ კაცს უნდა, და ვერ შეედავები, ვინაიდან ის არის რეჟისორი. აქ მე ვირჩევ, რა მაქვს სათქმელი, აქ მე ვირჩევ ნაწარმოებს, თვითონ ვთამაშობ და არავინ მეხმარება. ჩავარდა სპექტაკლი? ვეღარ იტყვიან — კოტე კი კარგი იყო, მაგრამ ვიღაცამ მხარი ვერ აუბა. 

ერთი მსახიობის თეატრის ესთეტიკას ბევრი მაყურებელი არ სჭირდება. აქ მოქმედებს პრინციპი: მოდი, გენაცვალე, ყურში გეტყვი რაღაცას… აი, ასე, ყურში უნდა ჩაგიჩურჩულო. მაშინ გაიფიქრებ: აქ რაღაცა საინტერესოს ამბობენ. და მერე, ეს, შეიძლება, ჩემი პირადი სურვილია, მაგრამ მინდა მაქსიმალურად მივუახლოვდე ინტელექტუალურ თეატრს. კომედიური, სახასიათო როლები, კი ბატონო, შესანიშნავია, მაგრამ მე არ ვარ იმ თეატრის მსახიობი! მე ამ თეატრის მსახიობი ვარ, სადაც, რომ მოხვალთ და ბაგრატიონების იმ ათასწლიან ისტორიას წაგიკითხავთ, რომელიც გგონიათ, რომ იცით და უცებ აღმოაჩენთ, რომ თურმე არ იცით… ბედნიერი ვარ, რომ მე პირველმა ვთქვი — ილია ჭავჭავაძე არ იყო ისეთი ასკეტი, როგორც თქვენ ხატავთ. არა, ბატონებო! მას ცოლი ჰყავდა და 23 წლით უმცროსი სხვა ქალი უყვარდა — ნატო გაბუნია, თან როგორ უყვარდა… და როცა ამის თქმას ვაპირებდი, დამეტაკა ხალხი: კოტე, ილიაზე რას ამბობ, დაგისტვენენ დარბაზიდან! მე ვუთხარი: მეტს ვიტყვი — კაზინოში მაყუთზე რომ თამაშობდა, იმასაც ვიტყვი, და ესეც ვთქვი!

- ბატონო კოტე, როდის იყო ის არაჩვეულებრივი დღე, როცა ოცნება აგისრულდათ?

— გულწრფელად ვამბობ: ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე და სოფიკო ცოლ-ქმარი გავხდებოდით. კი, იყო პერიოდი, როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ ერთად თუ ვიქნებოდით, ამის წარმოდგენაც კი არ შემეძლო. მაგრამ, როცა დადგა მომენტი, ეს ჩემ ცხოვრებაში დიდი ბედნიერების დღე იყო… მერე ილიას იუბილე იყო და ყველა თეატრი დგამდა სპექტაკლებს და უცებ შედგა ჩემი სპექტაკლიც და ფანტასტიკური წარმატება ხვდა წილად, ისეთი, რომ ერთი თვის ბილეთები წინასწარ გაიყიდა.

– დასამალი არ არის და, მე როგორც ვიცი, თქვენით ბევრი ქალბატონი მოხიბლულა…

– თქვენ ეს გჯერათ? როგორ დაიჯერეთ?!

– მე ასე გამიგია და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ხიბლავდათ ქალბატონებს?

– მოდი, მე რამდენიმე გვარს დაგისახელებთ, შევკრიბოთ ისინი და იმათ ვკითხოთ, რა ხიბლავდათ ჩემ პიროვნებაში, თუ ხიბლავდათ. ერთხელ ჩემმა სკოლის მეგობარმა მკითხა სწორედ ასე და დაამატა — ისეო და ასეო… ვუპასუხე: არ ვატყუებდი ქალებს, თუ ვიტყოდი, ვთქვათ, ცოლად გითხოვ, ვთხოულობდი. რასაც ვამბობდი – ვასრულებდი. რატომ უნდა მოვატყუო ქალი, რომელიც მომწონს და მიყვარს?!

ისე, უნდა გითხრათ, რომ მეტიჩრულად კი არა, სწორად ვყელყელაობ. ქალს ცოტა მეტად უნდა მოაჩვენო თავი, ვიდრე სინამდვილეში ხარ. ახლა თუ მაინც და მაინც შურიანი ხარ, ნუ გადმოანთხევს შენს ბოროტებას, რა საჭიროა. ის ქალი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კარგ მამაკაცს უყვარს.

– თქვენ წარმოსახვაში ვინ არის ქალი, ბატონო კოტე?

– რაც ცაშია, რაც დედამიწაზეა, რაც დაფრინავს, რაც მიწის ზემოთ არის, აი, იმ ყველა არსებათა შორის ქალია უმაღლესი რანგის არსება. ამ სამყაროში ის ყველაზე დიდი მშვენიერებაა და როცა ამ ქალს შენ ირჩევ, იცით, ეს რა დიდი ბედნიერებაა? ძალიან კარგი სიტყვაა — რჩეული! მე ვთვლი, რომ ქალის გარეშე, მისი მონაწილეობის გარეშე, მისი კონკრეტული და უდიდესი როლის გარეშე ამ ქვეყანაზე არაფერი იქნებოდა!..

 

 

მთავარი თემები