21:14 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
კაკო კვანტალიანი - კადრი ფილმიდან უდიპლომო სასიძო.

რას წერდა „КГБ“ კაკო კვანტალიანზე და რატომ ელოდა მაყურებელი მას ამაოდ ერთ სპექტაკლზე?

FB/Gela Juna Kvantaliani
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
1516190

ძირითადად როგორც კომიკურ მსახიობს, ისე იცნობდნენ. ამის გამო კი, როგორც ხდება ხოლმე, მაყურებელი მას ცხოვრებაშიც ძალიან მხიარული ადამიანის ნიღაბს არგებდა. იყო თუ არა სინამდვილეში ასე? „პირისპირ საუბრებში“ ცნობილი მსახიობის, კაკო კვანტალიანის შვილს, ბატონ გელა კვანტალიანს გავესაუბრეთ.

-ბატონო გელა, როდესაც ასეთ პოპულარულ ადამიანზე, მსახიობზეა საუბარი, ბუნებრივია, ყველას კულისებს მიღმა დარჩენილი მისი ცხოვრება აინტერესებს…

— მამა ძალიან აქტიური იყო ყველაფერში: თეატრი, კინო, ესტრადა, მაგრამ იყო მისი ცხოვრების ერთი მხარე, რაზეც ბევრმა მართლა არაფერი იცის. ის საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა, მასთან სულ მოდიოდა ვიღაც და რაღაცას თხოვდა: ძია კაკო, მიშველე. იქ წამყევი, აქ წამყევი. ზოგს სამსახური სჭირდებოდა, ზოგს- ბინა და ისიც ყველას დაუზარლად ეხმარებოდა. ახალგაზრდა მსახიობი რომ მოდიოდა თეატრში, კაკო მის გვერდით იყო და ყველაფერში უკვალავდა გზას. ჩვენი სახლი პლეხანოვზე, მარჯანიშვილის თეატრთან ახლოსაა და სპექტაკლის შემდეგ მსახიობები ჩვენთან  მოდიოდნენ. იშლებოდა სუფრა და დასხდებოდნენ ქალიან-კაციანად და მათთან ყოფნას არაფერს სჯობდა. 

- მისი შთამომავლის, ანუ თქვენი ნიჭი სხვა სფეროში განვითარდა…

— მე თეატრში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე, მაგრამ მსახიობი არ გამოვსულვარ. პროფესიით ფიზიკოსი ვარ, 30 წელი კვლევით ინსტიტუტში ვმუშაობდი, სანამ ყველაფერი არ დაიხურა.. ყოფილ გეგეშიძის ინსტიტუტში რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო. ამ სფეროს დიდი წარმატებები ამ ინსტიტუტთანაა დაკავშირებული. ჩვენი განყოფილების პროფილი ატომური ელექტროსადგურების მართვის ავტომატიზაცია იყო.  სამწუხაროდ არც კაკოს შვილიშვილებს გამოყვათ მისი ნიჭი. ისე, ენა კი აქვთ მწარე და ხუმრობაც ეხერხებათ, მაგრამ მსახიობობის რა მოგახსენოთ?.. ორივემ გერმანული სკოლა და გერმანული ფაკულტეტი დაამთავრა და სხვადასხვა დარგის მენეჯმენტის სფეროში მუშაობს. სამაგიეროდ კატო, ჩემი შვილიშვილი გვეზრდება. კაკოს კატო სამი წლის ხდება და ისეთი მამაძაღლია, რომ უკვე ეტყობა, სამსახიობო ნიჭი ექნება.. 

გელა კვანტალიანი
FB/Gela Juna Kvantaliani
გელა კვანტალიანი

- როგორი მამა იყო? არა მგონია, შვილის მიმართ მკაცრი ყოფილიყო…

— რა არის, იცით? მკაცრი უნდა იყო, აბა, რა… რას იზამ? როცა ბიჭი გეზრდება, მით უმეტეს პლეხანოვზე სიმკაცრე საჭირო იყო. თუკი სახლში ხმამაღალი სიტყვები ისმოდა, მხოლოდ ჩემს გამო: ან რაღაცას დავაშავებდი, ან არ ვსწავლობდი. სადაც საჭირო იყო, იქ მხიარული იყო. სამწუხაროდ 24 წლის ვიყავი, როცა მამა დავკარგე, სწორედ იმ დროს, როცა მას უკვე შევუამხანაგდი… სუფრაზეც ერთად ვისხედით, ერთად სვამდით. აქვე გეტყვით, რომ კაკოს ეხერხებოდა სადილების მომზადება, ცოლი გვიან, 38 წლის ასაკში მოიყვანა. მანამდე მარტო ცხოვრობდა და იძულებული იყო, სადილები თვითონ ეკეთებინა. ამიტომ მართლა კარგად ამზადებდა. ყოველთვის უკვირდა დედაჩემს: მე გადავყვები საჭმლის კეთებას, ყველაფერს ლამაზად დავჭრი, კაკო მოვა, ჩაყრის-მიყრის-მოყრის ქვაბში და მისი გაკეთებული საჭმელი უფრო გემრიელი გამოდისო. იმდროინდელი ქეიფი ხომ სულ სხვა იყო, სუფრაზე ისეთ რაიმეს მოისმენდი, რასაც ვერსად გაიგებდი და ნახავდი, იმიტომ, რომ ასეთი იყო ის დრო, თბილისური სუფრა კი- ერთმანეთისთვის გულის გადაშლა და მოფერება. ჩვენს სახლში გაშლილ სუფრებზე ბევრი რამ მომისმენია ისეთი, რასაც ხალხში ჩუმად ლაპარაკობდნენ…

- სიტყვამ მოიტანა და, ბატონი კაკო თავისი ანტისაბჭოური განწყობით იყო ცნობილი, რაც იმ დროს გარკვეულ რისკს წარმოადგენდა. ე.წ. ჩუმად მოსმენილი ამბებიდან რა გახსენდებათ? 

— კაკო თავისებურად თავზე ხელაღებული კაცი იყო, მამა ჰყავდა გაკულაკებული. სიმამრი კი დაუხვრიტეს. მიპასუხეთ: რატომ უნდა ყვარებოდა პარტია? სუფრაზეც რაღაცას ხუმრობდნენ და ვარიანტი არ იყო, რაღაც პოლიტიკური თემა არ გაჩენილიყო. რის გამოც დედაჩემთან ხშირად კამათობდა. ის ეუბნებოდა: ჩვენ რას გვერჩი, რატომ გვღუპავ? შენც დაგიჭერენ, გაჩუმდი და ნაკლები ილაპარაკეო. ამიტომ იყო „კგბ“-ს არქივებში კაკოზე ეწერა: პოლიტიკურად არასაიმედოა, უყვარს ლაყბობაო, თბილისში მოგეხსენებათ არაფერი დაიმალება, თანაც იმ უწყებაშიც მუშაობდა ასე თუ ისე წესიერი ხალხი, რომელიც ჩუმად მოდიოდა და ეუბნებოდა: არ გინდათ რა, ბატონო კაკო, ნუ ლაპარაკობთ, თხოვდნენ „მასკიროვკისთვის“ შედით რა პარტიაშიო. ამაზე იგი შაყირობდა: როგორ გეკადრებათ, ასეთი ცუდი ადამიანი ვარ და პარტიაში როგორ შევიდეო?!.. რამდენი პარტკომი გამოიცვალა თეატრში, მათ შორის რაიკომიდან მოვლენილი ადამიანიც იყო, ყველა ეხვეწებოდა-შედი პარტიაშიო, მოკლედ ვერაფრით დაიყოლიეს. დღეს უკვე 71 წლის ვარ და ბევრი რამ დამავიწყდა, ბევრ რამეს კი სხვაგვარად აღვიქვამ….

- ესტრადაზეც გამოდიოდა, სადაც იმპროვიზაციის გაცილებითი მეტი საშუალებაა და ბევრ აკრძალულ თემას ხუმრობით ეხებოდა…

— დიახ, ესტრადა უფრო მეტი თავისუფლების საშუალებას იძლეოდა, იმიტომ, რომ იქ ერთი და იმავე დაშტამპულ ტექსტს ვერ იტყვი. ვარიანტი არ იყო, სადღაც რაღაც არ ეთქვა, რაც მთელ საქართველოში ექოსავით გავარდებოდა: კაკომ ასეთი რამ თქვაო! მაგალითად პოლიტიკურ ანეკდოტს ისე ლამაზად შეფუთავდა, რომ ყველასათვის გასაგები ყოფილიყო. სანამ ცოლი არ ჰყავდა, გასაგებია, მაგრამ მერე ადამიანი ხომ ცოლ-შვილზეც იღებს პასუხისმგებლობას?!…ამიტომ ჩვენს ოჯახში სულ იყო კამათი: ცოტა დაწყნარდი და გაჩერდიო. ჩვენთან ოჯახში ჩუმად მოსმენილი ამბებიდან იმდროინდელი რეჟიმის კრიტიკა მახსოვს. ჩემი ნათლია ცნობილი მსახიობი, გრიშა კოსტავა, მერაბ კოსტავას ბიძა იყო. მე რომ დავიბადე, ორი დღის მერე მას მოჰკიდეს ხელი, პოლიტიკური ნიშნით გაასამართლეს და საქართველოდან გადაასახლეს. მთელი ცხოვრება ვიცოდი, რომ მყავს ნათლია, ოღონდ მონათლული არ ვარ, იმიტომ, რომ ის პოლიტიკურზე ციხეში ზის. მას ცოტა ხანში ძმა, მერაბის მამაც მიაყოლეს. ამ ადამიანს პოლიტიკასთან საქმე არ ჰქონია, ერთ დაწესებულებაში ბუღალტრად მუშაობდა, მაგრამ ძმა ჰყავდა პოლიტპატიმარი და ამიტომ დააკავეს. მახსოვს ქალბატონი ოლღა, მისი მეუღლე ჩვენთან მოდიოდა და მერაბი მოჰყავდა, იმიტომ, რომ დამტოვებელი არავინ ჰყავდა.  მერაბს რომ დატოვებდა, მამა ქალბატონ ოლღას მიყვებოდა პროკურატურაში, სასამართლოში და თუ იკვლევდა რას ერჩოდნენ ამ კაცს?… 

- ბატონი კაკო დრამატულ თეატრსა და კინოში ძირითადად კომიკური მსახიობი იყო, თუმცა გამონაკლისიც არსებობდა, რადგან გარდასახვის საოცარი უნარი ჰქონდა…

— უფროს თაობას ერთ ამბავს შევახსენებ: მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა შოტლანდიელი მწერლის, არჩიბალდ კრონინის ტრაგიკული პიესა „ბროუდის ციხესიმაგრე“, სადაც ის ბროუდის თამაშობდა. დარბაზში მაყურებელი გაოცებული ელოდა თუ როდის გამოვიდოდა სცენაზე კაკო კვანტალიანი, მაგრამ როცა სცენაზე გამოვიდა, ხალხმა ვერ იცნო. დამთავრდა პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება და მაყურებელი ვერ იგებდა, რატომ არ გამოდიოდა კაკო სცენაზე. მხოლოდ პრემიერისა და ორი წარმოდგენის შემდეგ გავარდა ქალაქში ხმა, რომ თურმე ბროუდის როლში კაკო ყოფილა. არავინ ელოდა, რომ კომიკური პლანის მსახიობი ასეთ ღრმა ტრაგიკულ როლს ითამაშებდა. 

აკაკი კვანტალიანის და სანდრო ჟორჟოლიანის ძეგლი თბილისში
FB/Gela Juna Kvantaliani
აკაკი კვანტალიანის და სანდრო ჟორჟოლიანის ძეგლი თბილისში

-ბოლო წლებში ბატონი კაკოსთან დაკავშირებული რაიმე თარიღის აღნიშვნა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა..

— მაგ თარიღს ნუ გამახსენებთ… ისეთი ნაწყენი და გულგატეხილები ვართ, კაკო 1907 წელსაა დაბადებული, 100 წელი რომ შეუსრულდა, არავის გახსენებია, იგივე მოხდა ექვთიმე თაყაიშვილზე, ვასო გოძიაშვილზეც… რამდენჯერ შევუთვალეთ რევოლუციურ ტალღაზე მოსულ ახალგაზრდობას, რომლის ნაწილი თეატრში დღესაც მუშაობს, მაგრამ მათ თქვეს: სად გვაქვს ამის დაფინანსება, ოჯახმა დააფინანსოსო… ხომ წარმოგიდგენიათ, მე რა დაფინანსება მაქვს? მერე გახდა 105 წლის, მომავალ წელს მრგვალი თარიღი მოდის და ვნახოთ, რა იქნება…

- თუმცა ისიცაა, თბილისში კონკასთან გაჩნდა ძეგლი, სადაც კაკო კვანტალიანი და სანდრო ჟორჟოლიანი სხედან და საუბრობენ…

— თავიდან არ ვიცოდით და როგორც იქნა, მე და ჩემმა დამ გავარკვიეთ, რომ ამ შესანიშნავი პროექტის შემქმნელები, იდეის ავტორი, ბატონი ბუბა ქებურია და მოქანდაკე, ბატონი მიხეილ წოწორია არიან. ჩვენი ოჯახის სახელით მათ თქვენი საშუალებითაც მინდა მადლობა მოვახსენო ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის…. მიხარია, რომ ყველასათვის საყვარელი ეს მსახიობები თბილისში ამ ფორმით, ასე ლამაზად და სამუდამოდ „დაბრუნდნენ“…. 

 

მთავარი თემები