„შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწმინდა!“

© www.fantaime.geალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე
ალექსანდრე გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე პირველად იქნება გამოკრული პატარა „არადემოკრატიული“ აბრა — „მათთვის, ვისაც სიყვარულის არ სჯერა, ამოსვლა კატეგორიულად აკრძალულია!“ თუ ვინმეს სიყვარულით გული გაქვთ ნატკენი, შუა გზიდან ნუ გაბრუნდებით, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სიყვარული არსებობს, მარადიულია და რომ ჩვენც ვარსებობთ მანამ, სანამ გვიყვარს…

დღეს ამ ჩვენ, ცოტა წინანდალის მსგავსად მორთულ აივანზე ამობრძანდება საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი, უნიჭიერესი, დიდებული და ღირსეული მანდილოსანი, რომელიც, დიდი გრიგოლ ორბელიანის თქმით, იყო „თავშესაფარი რამდენ ოცნების“… თხელი, შავთმიანი, შავთვალება ნინო ჭავჭავაძე, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1812 წლის 4 ნოემბერს.

ისტორიკოსების აღწერით, „ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, ხატვაც ეხერხებოდა. იგი დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ“.

Carl Ludwig Friedrich Becker - Sputnik საქართველო
რა გახდა ამ ერთი ქერა ქალის დახრჩობა?!

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ბებიაჩემი ალექსანდრა ბარათაშვილი სულ მიკითხავდა და მიყვებოდა ისტორიებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილებზე — ეკატერინესა და ნინოზე, მაჩვენებდა მათ პორტრეტებს. სწორსაც აკეთებდა, რატომ უნდა მეოცნება, რომ რამეთი დავმსგავსებოდი სხვა, „უცხოელ“ მანდილოსნებს? ბებიას უფრო მეტად მაინც ეკატერინე მოსწონდა გარეგნობით, მე კიდევ – ნინო, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ რადგან პატარა მსუქანი ვიყავი, სულ მინდოდა გახდომა და ამიტომ თხელი ნინო მერჩივნა.

მერე, რა თქმა უნდა, გავიზარდე და ამ ორ შეუდარებელ ქალბატონში გარეგნობის მიღმა დავინახე და განვიცადე ის სიღრმე და ყველა სხვა ქალისგან განსხვავებული ის კდემამოსილება და ღირსება, რომელიც მართლაც გააჩნია ქართველ ქალს.

კლეოპატრა - Sputnik საქართველო
სიკეთე და ბოროტება მანამდე იარსებებს, სანამ დედამიწაზე არსებობს ქალი

მე ამ სიტყვებით არავითარ შემთხვევაში არ მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ქართველი ქალი არის ყველსგან განსხვავებული ფენომენი და რომ მას ვერავინ ვერ შეედრება. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემთვის ეს უპირობოდ ასეა, თუმცა ვარ კოსმოპოლიტი, თუნდაც იმიტომ, რომ დედა მყავდა ულამაზესი უკრაინელ-პოლონელ-გერმანელი გალინა ნესტერენკო, რომელიც ყველას მერჩივნა.

ნინო ჭავჭავაძე დაბადებული იყო იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო, ის ამას იმსახურებდა ყველაფრით — თავისი წარმოშობით, განათლებით, გარეგნობით, თვისებებით, მსოფლმხედველობით…  თუმცა, შეიძლება თუ არა თქვა ქალზე, ფაქტიურად გოგოზე, რომელმაც 15 წლის ასაკში შეიყვარა, 16 წლისამ კი დაკარგა თავისი მთელი ცხოვრების სიყვარული, რომ ის ბედნიერი იყო?

ალბათ, არა…

რიჩარდ ბარტონი და ლიზ ტეილორი - Sputnik საქართველო
69,42–კარატიანი ორშაბათი...

მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება თუ არა თქვა, რომ ბედნიერია ქალი, რომელსაც 15 წლის ასაკში მიუძღვნიან ასეთ სიტყვებს — „სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკა? შენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვის და ამიტომ გეტრფი. მე რომ მხატვარი ვიყო, მხოლოდ შენი ფრესკებით მოვხატავდი საქართველოს ციხე–ტაძრებს… შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ, ნინო! შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწინდა! კურთხეულ იყოს ის დღე და ის საათი, ის წამი, ის გულის ფეთქვა, როდესაც ვიგრძენ, რომ შენ მიყვარხარ!“

ალბათ, კი…

ვერიკო ანჯაფარიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მზით სახედამწვარო ანჯაფარიძის ზვიადო ქალო!

ნინომ თავისი მომავალი მეუღლე, რუსი პოეტი და მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი სანქტ-პეტერბურგში, პრასკოვია ახვერდოვას სასწავლებელში გაიცნო. გრიბოედოვი ნინოზე 17 წლით უფროსი იყო (აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ნინო ჭავჭავაძეს ამაში მაინც დავემსგავსე), გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტელექტითა და განათლებით. გრიბოედოვმა 1812 წელს (ნინოს დაბადების წელია) ლიტერატურულ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო, შემდეგ კი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხიც მოიპოვა, შემდგომ კი კარიერა რუსულ დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო. ალექსანდრ სერგეევიჩი რამდენიმე უცხო ენას ფლობდა (ფრანგულს, ინგლისურს, იტალიურს, არაბულსა და სპარსულს), წერდა ლექსებს, პიესებსა და მუსიკას.

ახლა კი მინდა მინდა შემოგთავაზოთ ალექსანდრე გრიბოედოვის ვალსი…

 

როდესაც გრიბოედოვმა, უკვე საკმაოდ გამოცდილმა მამაკაცმა და დიპლომატმა, ნინო უკვე „დიდობაში“ დაინახა (ადრე სულ პატარა ახსოვდა და ფრანგულსაც კი ასწავლიდა), მისი მონაყოლით, მას რაღაცა გაუგებარი შფოთვა დაეუფლა – გული აუჩქარდა, ადგა, მივიდა მასთან და ფრანგულად უთხრა: „გამომყევით, რაღაც მაქვს თქვენთვის სათქმელი“… ისინი შევიდნენ ოთახში, გრიბოედოვს სუნთქვა შეეკრა, პატარა ბიჭივით გაწითლდა და უაზროდ დაუწყო ნინოს სიყვარულის ახსნა. ნინო ჯერ ატირდა, მერე გაიცინა… გრიბოედოვმა მას ლოყაზე აკოცა და გავარდა მის დედასთან და ბებიასთან, მისი ხელის სათხოვნელად.

მონიკა ბელუჩი - Sputnik საქართველო
ვერავინ და ვერასდროს წამართმევს მამაკაცს, რომელიც ბოლომდე ჩემია

ალბათ, ამის წაკითხვისას ყველას პირველი სიყვარული, მეორე, ან მესამე, რომელიც სინამდვილეში პირველი იყო, გაგახსენდათ… ყველას გვაქვს ეს გრძნობა განცდილი, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში კაცები იმ წამსვე დედებთან და ბებიებთან არ გარბოდნენ.

გრიბოედოვი ნამდვილად ღირსეული და სერიოზული კაცი იყო და ნინოს მშობლები მათ ქორწინებაზე დათანხმდნენ.

ნინო ჭავჭავაძე და ალექსანდრე გრიბოედოვი დაქორწინდნენ 1828 წლის 22 აგვისტოს სიონის ეკლესიაში. საქორწინო ცერემონია და ნადიმი წინანდლის მამულში გაგრძელდა, სადაც ჭავჭავაძეების ოჯახი ზაფხულობით ცხოვრობდა. სწორედ იქ გახსნა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქვევრი, რომელიც მან თექვსმეტი წლით ადრე, ნინოს დაბადების დღეს მისი ქორწილის დღისთვის გადაინახა.

ბრიჯიტ ბარდო - Sputnik საქართველო
ყველაზე მშვენიერი დღე ჩემ ცხოვრებაში იყო... ღამე

ქორწილის შემდეგ ახლადდაქორწინებულები დარჩნენ წინანდალში, დროს ატარებდნენ, ნინო პიანინოზე მეუღლის ნაწარმოებებს უკრავდა, სეირნობდნენ წინანდლის ბაღებში, ერთ-ერთ ჩრდილიან ხეივანს კი „სიყვარული“ დაარქვეს… 

იმავე 1828 წელს, მათი ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე შვილს ელოდა, გრიბოედოვი სპარსეთში გაემგზავრა. 1829 წლის თებერვალში ის თეირანში მოკლეს. მეუღლის გარდაცვალების ამბის გაგების მეორე დღეს ნინომ ნაადრევად იმშობიარა და გააჩინა ვაჟი, რომელიც სულ რამდენიმე საათში გარდაიცვალა… 

ალექსანდრე გრიბოედოვი დაკრძალეს მთაწმინდაზე, წმინდა მამა დავითის ეკლესიის ეზოში.

ნინომ მის საფლავზე ამოაკვეთინა სიტყვები: 

„რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?" 

ნინოს, რომელიც 16 წლის ასაკში დაქვრივდა, უამრავი თაყვანისმცემელი ეხვია გარს, მაგრამ მან შეძლო შეენარჩუნებინა თავისი პირველი და საოცარი გრძნობა.

ის ზრდიდა თავის უმცროს დას, შემდეგ ძმისშვილებს, მართავდა ე.წ. არტისტულ საღამოებს, მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, მაგრამ აღარასდროს არ გათხოვილა… 

ნინო გარდაიცვალა 1857 წელს მალარიისგან. მისი ანდერძის მიხედვით, ის ალექსანდრე გრიბოედოვის გვერდით დაკრძალეს…

ბოლოს კი მინდა ნინო ჭავჭავაძის სიტყვები გაგახსენოთ, რომელიც მან მეუღლის დასაფლავების დღეს წარმოთქვა — „როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები, ფიზიკურად და მორალურადაც. ბევრი ადამიანი არსებობს, რომლებსაც ასეთი რამ ვერც კი წარმოუდგენიათ. ასეთები ნამდვილად მანცვიფრებენ. ალბათ, მათ არასოდეს არავინ ჰყვარებიათ და, ალბათ, ვერც ვერავის შეიყვარებენ“…

მინდა გაგახაროთ, რომ ჩვენი აივნის დღევანდელ სტუმრებში ასეთი ხალხი არ აღმოჩნდა. ჩემმა ყველაფრის დამნახავმა მეზობლებმაც კი ვერ შეძლეს ჩვენი აივნიდან უკან გაბრუნებული თუნდაც ერთი ადამიანის შემჩნევა.

გისურვებთ იმედითა და  სიყვარულით სავსე და გაცისკროვნებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0