ვის ეძახდა ბიძინა კვერნაძე სნაიპერს, ანუ თბილისელი ტრუბადური“ ბეღურა“

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისისადმი მიძღვნილ მის ლექსებზე ბევრი კარგი სიმღერაა დაწერილი. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს, მით უფრო არ უყვარს პრობლემებზე, რომელიც არც ისე ცოტა აქვს... ცხოვრობს ჩუმად, უპრეტენზიოდ და ღირსეულად, ამის გამო ცოტამ თუ იცის, რომ თბილისის მეხოტბეს ამ ქალაქში საკუთარი ბინა დიდი ხანია, აღარ აქვს...

მისი ლექსები სოციალურ ქსელებში არ იპოსტება, ანუ ვირტუალურ საქართველოშიც არ არის და ამას იუმორით ხსნის. ცხოვრებაში მეგობრული ურთიერთობა დღეს უკვე ბევრ ლეგენდად ქცეულ თბილისელთან ჰქონდა… „პირისპირ საუბრები“ პოეტსა და ფილოლოგს, ნიჭიერ კაცს, ზურაბ გოშაძეს შეგახვედრებთ.

© თეონა გოგნიაშვილიზურაბ გოშაძე
ზურაბ გოშაძე - Sputnik საქართველო
ზურაბ გოშაძე

-ზურა, მოდი, სასიხარულო ამბით დავიწყოთ: ახალი კრებული უკვე მზად გაქვს გამოსაცემად…
— დიახ, მეორე კრებული გამოსაცემად მზად მაქვს. მასში ის ძველი ლექსებია, რაც ძველ, პატარა წიგნში არ შესულა, ანუ ის ლექსები, რომლებიც ვფიქრობ, რომ დაიჩაგრა. ამიტომ ახალ წიგნში ერთ განყოფილებას „ძველი რვეულიდან“ ვუწოდე. თვითონ კრებულს მინდა, „ნიღაბი“ დავარქვა. ეს ჩემი ორსტროფიანი ლექსის სახელია, რომელშიც მთელი ჩემი ცხოვრება ჩავატიე… მინდა, ის თქვენს მკითხველს გავაცნო.
„ნიღბის ტარებას ნუ დამაბრალებთ,
თითქოს ვმალავდე ჩემს ნამდვილ სახეს,
სიმართლის თასი ვსვი და დავცალე,
ამ ქვეყნად ბევრი ღალატიც ვნახე.
როგორც შემეძლო, ისე მიყვარდი,
რას იზამ, გული მაინც გულია,
ჩემი ყველაზე დიდი ნიღაბი
ასე უნიღბოდ სიარულია“…
იცით, რა ხდება? ზოგიერთს ჰგონია, რომ ასეთი არ ხარ, ზოგს პირიქით ისეთი ჰგონიხარ და ასეთი ხარ… ამ დროს სინამდვილეში მარტო შენ იცი, თუ ვინ და როგორი ხარ…
- ეგ შენს გარდა კიდევ იმანაც იცის, ზემოთ…
— ეგ ხომ თავისთავად. ყველაფერი ზემოდან მოდის და უფლის ნებაა. არ მესმის, როცა მსახიობს კითხებიან: ეს როლი როგორ გააკეთე, ან მხატვარს რომ ეკითხებიან: ეს ნახატი როგორ დახატეო? მეც თუ მკითხავთ ეს ლექსი როგორ დაწერეო, გიპასუხებთ, რომ ყველაფერი ზემოდან მოდის… მე ასე მჯერა და მწამს…
-ფიროსმანი ამბობდა: წმინდა გიორგი მათრახით მადგას თავზე და მეუბნება: ხატე ნიკა, ხატეო!
— ჰოდა, ნიკალამ ტყუილი კი არ თქვა, მართლა წმინდა გიორგი ახატვინებდა იმ საოცრებებს, რამაც მთელი მსოფლიო გააოცა…
-ისე, ნიკალას არ იყოს, შენც ხომ არ გაგანაწყენა თბილის-ქალაქმა?
— ნიკალა იყო კი განაწყენებული? მას იმდენად უყვარდა თავისი ქალაქი, რომ კიბის ქვეშ ეძინა და თბილისიდან არსად წასულა…თანაც მე ღვთის მადლით ისე გამიმართლდა შვილებში, რომ ძმაკაცებივით მიდგანან გვერდში.


- რა არის რჩევა, რასაც სულ უმეორებ?
— მაგათ ისეთი სკოლა გამოაიარეს, ისეთ ადამიანებს ხედავდნენ ჩემს გვერდით, ჩემს საძმაკაცოს რომ ამაზე დიდი რჩევა არ უნდა იყოს? რაც მთავარია, შორს არიან ბოროტებისგან და სიკეთეს მთესველი კაცები არიან! მამა-შვილობა და ერთგულება იციან!
-ეგეც თბილისის ბეღურა იყო…
— აბა რაა, ბეღურა არსად მიფრინავს. დღეს მართალია, ჩვენი ქალაქი და ქალაქური ურთიერთობები შეიცვალა, მაგრამ მე ჩემს გულში რომ თბილისია, მე ის თბილისი მიყვარს. დღეს კი ჩვენი ქალაქი მარტო მისამართი გახდა, სადაც ადამიანები ერთმანეთის მტრობაზე არიან გადასულები… ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ასეთი იყოს, მაგრამ რაც გარშემო ხდება-ის არ არის კარგი ამბავი და არც თბილისისთვისაა ჩვეული… ტელევიზორი ვერ ჩამირთავს… სულ მიკვირს: სად დაიმარხა ის ძველი სიყვარული, ან ის სიკეთე სად წავიდა, ვერ გამიგია…
-შენს ლექსებზე ბევრი სიმღერაა დაწერილი, ყველაზე გამორჩეულად რომელი გიყვარს?
— ყველა მიყვარს, მაგრამ გამორჩეულად კი სიმღერა —„მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე“, რომელიც ჩემს ლექსზე კომპოზიტორმა ბორის შხიანმა დაწერა. ეს სიმღერა პირველად კახი კავსაძემ, თენგიზ არჩვაძემ და გივი ბერიკაშვილმა შეასრულეს. სიმღერის პრემიერა შედგა გადაცემაში „მღერიან კინოსა და თეატრის ვარსკვლავები“. „ ტრიო საუნჯე“ —იყო ასეთი ფირმა, რომელიც სატელევიზიო გადაცემაში ამ შეხვედრებს აწყობდა. მისი ხელმძღვანელი ნიკო ნადირაშვილი გახლდათ. სწორედ მისი შეკვეთით დაიწერა ეს სიმღერა, რომელიც გივი ბერიკაშვილს უნდა ემღერა, მერე ამ სამმა შეასრულა. ასევე გამორჩეული დამოკიდებულება მაქვს ჩემს ლექსზე და ჯემალ სეფიაშვილის მუსიკაზე დაწერილი სიმღერის „შენს ქუჩებში ხეტიალი მიყვარს“ მიმართაც. მას მერაბ სეფაშვილი ასრულებდა და ამ სიმღერით ფაქტობრივად ქართულ ესტრადაზე შემოვედი.

© მ. გოშაძემანანა გოშაძესთან ერთად
მანანა გოშაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
მანანა გოშაძესთან ერთად

— ზურა, ბევრი სიმღერა კახა ცაბაძესთან ერთად გაქვს დაწერილი, ამის გამო თქვენს შემოქმედებით ტანდემს გოგი ცაბაძისა და მორის ფოცხიშვილის შემოქმედებით წყვილს ადარებენ ხოლმე…
— მასეა, ერთხელ ერთმა ქალმა კახას ჩემზე უთხრა, რომ ზურაბ გოშაძე შენი წილი ფოცხიშვილიაო. ჩვენი ტანდემით მართლა ბევრი კარგი სიმღერა შეიქმნა. მათ შორისაა, „ალიონზე გამიღიმა თბილისმა“. საერთოდ ძალიან გამიმართლა, ისეთ ხალხთან მქონდა ურთიერთობა და ისეთ შემოქმედებთან ერთად მიმუშავია და დღესაც ვმუშაობ: ბუთხუზ ბასილაია, ბიძინა კვერნაძე, კახა ცაბაძე თავისთავად, ვაჟა აზარაშვილი… რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო?
- ყველამ იცის, ბატონი ბიძინა ენამახვილი ადამიანი იყო, რაიმე ხომ არ გახსენდება?
— ბატონ ბიძინას უყვარდა, როცა ჯერ მუსიკას დაწერდა და მერე მას ლექსს მოარგებდნენ. ერთხელ მის მუსიკაზე დავწერე ლექსი, ფილარმონიაში ვართ დორიან კიტიას კაბინეტში, სადაც პიანინო იყო. მან დაიწყო ახალი სიმღერის დაკვრა და უცებ წამოიძახა: სნაიპერი ხარ —რაა! ზუსტად გაქვს სიტყვები მუსიკაზე გარტყმულიო!.. დიდი სიყვარულით მინდა ალექსანდრე ბასილაიაც გავიხსენო. ერთხელ მითხრა, შალომას ცნობილი სიმღერა რომ არის „არგონავტებში“,  მას ზურაბ ლალიაშვილი ასრულებდა, იმის ტექსტის გადაკეთება მინდაო. მერე ეს მელოდია მულტფილმში „სიზმარა“ გამოიყენეს, აი, ვირთხები რომ შემორბიან… მოკლედ გავუკეთე ახალი ტექსტი, რომელიც ამ ახალ წიგნშიცაა შესული, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიმღერად ქცევა ვეღარ მოასწრო… ეს ლექსი ზეპირად არ მახსოვს, მხოლოდ სიტყვები მახსენდება: „სიყვარულის ქალაქში სიყვარულზე მღერიან“- აი, სადღაც ასეთ მუღამშია… თბილისი მართლა სიყვარულის ქალაქი იყო. სახლიდან გარეთ რომ გადიოდი, ისევ სახლში, შინაურებთან ხვდებოდი. ჩემი ბირჟა ვაკეში, გეგეშიძის ბაღში იყო. თავის დროზე ის, ცეკას მდივანმა, გეგეშიძემ გააშენა და იმის მერე გეგეშიძის ბაღს ეძახდნენ. ახლა იქ გამსახურდიას ძეგლი დგას. ჩემი აზრით, არის ქალაქში კოლორიტული შენობები, რაც ხელშეუხებელი უნდა იყოს. აი, ჩემს გულში სწორედ ის თბილისია, სადაც ის შენობები ისევ „დგას“, სადაც „ლაღიძის წყლები“,  „ფრანცია“ და ასეთი ადგილებია…

სად იყო თბილისელების თავშეყრის „ბირჟა“?

-ზურა, ვირტუალურ თბილისს რატომ არ უერთდები?
— ხომ იცი, რომ კომპიუტერთან არ ვმეგობრობ?.. თანაც, ვინ იცის, ჩემი ლექსები რომ დავდო, ვიღაც აიღებს და გამოიყენებს, მე კი, ხომ იცი? ამით ვჭამ პურს!..
- ჩემი აზრით, ეს ცუდია, დროს ხომ უნდა მიჰყვე?
— რატომ? აქეთ მომყვეს თუ უნდა! ძალიან კარგად თქვა რომან რცხილაძემ: დროს კი არ უნდა გაუსწრო, დროს უნდა დახვდეო!..
- მადლობა და სიკეთეს გისურვებ…

ყველა ახალი ამბავი
0