კინოვარსკვლავი არის ის, ვინც ზის შაქრის სამეფო ტახტზე... კოკისპირული წვიმის ქვეშ...

© kinoxobbi.ruმარლონ ბრანდო ფილმში "ნათლიმამა"
მარლონ ბრანდო ფილმში ნათლიმამა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

უნდა გამოგიტყდეთ და… ჩვენი აივნის ქალბატონებს დღეს კიბის სათავეშივე დავხდები და ყურში ჩავუჩურჩულებ, რომ მათ დღეს  განსაკუთრებული  სიფრთხილე და მომხიბვლელობა უნდა გამოიჩინონ…

რადგან დღეს ჩვენ  ვმასპინძლობთ საოცარ მამაკაცს, ჰოლივუდის ისტორიაში, სავარაუდოდ,  ყველაზე ცნობილ ხულიგანს, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ეტრფოდა და ყვარობდა  მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებს, მაინც თვლიდა, რომ ისინი ქვეწარმავლებივით ბოლომდე ახლოს არ უნდა გაიკარო… რადგანაც იკბინებიან… და მათვის სპეციალური „ლასოც“ კი ჰქონდა გამზადებული…

ასე  რომ, ფრთხილად გადადგით ქუსლები…

თუმცა, ამასთან ერთად,  სწორედ ამ მეამბოხე კაცმა, უმრავლესობისგან  განსხვავებით, განაცხადა, რომ „ქერათმიანი დედოფალა“ მერლინ მონრო, —  სინამდვილეში იყო საოცრად დახვეწილი და მგრძნობიარე ქალბატონი… რომ მას გააჩნდა გამორჩეული სინატიფე,  უძლიერესი სულიერი  ინტელექტი და შეუდარებელი ინტუიცია…

მე ის უკვე ამისთვის მიყვარს… 

დამეთანხმებით, რომ ქურდ-ბაცაცები და განგსტერები არავის არ გვახატია გულზე, მაგრამ, რატომღაც…. ფრენსის კოპოლას ფილმმა  „ ნათლიმამამ“, რომელიც  ითვლება კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ უძლიერეს ფილმად, ჩვენზეც ძალიან იმოქმედა და დიდწილად იმის გამო, რომ მასში მთავარი გმირის როლს ჩვენი დღევანდელი სტუმარი ასრულებდა…

მაშ ასე, დღეს ჩვენი თბილისური აივნის კიბეებზე ამობრძანდება  სიცილიის მთავარი  მაფიოზის, დონ ვიტო კარლეონეს როლის შემსრულებელი, ორგზის „ოსკაროსანი“ ძალიან უცნაური და არაპროგნოზირებადი  მარლონ ბრანდო…

მას მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად თვლიან… ცნობილი კინოკრიტიკოსის სტეფან კანფერის შეეფასებით  - „ისევე, როგორც არსებობდა ფერწერა პიკასომდე და პიკასოს შემდეგ, როგორც არსებობდა ლიტერატურა ჰემინგუეიმდე და ჰემინგუეის შემდეგ და როგორც არსებობდა პოპ-მუსიკა სინატრამდე და სინატრას შემდეგ… ასევე არსებობს კინემატოგრაფი ბრანდომდე და ბრანდოს შემდეგ…“ 

კინოს ისტორიის კიდევ ერთმა ცნობილმა  მკვლევარმა, მოლი ჰასკელმა კი განაცხადა — „მსოფლიო კინემატოგრაფიაში არსებობს მხოლოდ ერთი ბრანდო… ზუსტად ისევე, როგორც ერთი გარბო“…

ზუსტად ამ დღეს კი, 1944 წლის 19 ოქტომბერს შედგა მარლონ ბრანდოს წარმატებული დებიუტი ბროდვეიზე, დრამაში „მე მახსოვს, დედა“… ეს როლი იმ წამსვე აიტაცეს კრიტიკოსებმა და განაცხდეს, რომ მსახიობი ძალიან პერსპექტიული იყო…

ნამდვილი წარმატება კი მარლონ ბრანდოსთან 1947 წელს მოვიდა, როდესაც მან ითამაშა მთავარი როლი ელის კაზანის მიერ  დადგმულ სპექტაკლში,  პულიცერის პრემიის ლაურეატის, ტ.უილიამსის პიესის "ტრამვაი სახელად "სურვილი" —ს მიხედვით.  

1972 წელს კი  მარლონ ბრანდომ შეასრულა  ვიტო კარლეონეს როლი, რომელმაც მას უკვე „ოსკარი“ მოუტანა… ფილმის შემდეგ სერიებში მონაწილეობაზე კი რატომღაც უარი განაცხადა…

თუმცა, სწორედ ამ პერიოდში მან ითამაშა სრულიად გაუგებარი და ამავე დროს გულში ბოლომდე ჩამწვდომი როლი ბერნარდო ბერტოლუჩის გახმაურებულ  და ძალიან სკანდალურ ფილმში „უკანასკნელი ტანგო პარიზში“…

სხვათშორის, ბრანდომდე ეს როლი შესთავაზეს ჟან-ლუი-ტრეტინიანს (გახსოვთ, ალბათ, ანუკ ემეს პარტნიორი „ქალი და მამაკაციდან“), მაგრამ მან ური განაცხადა… ქალის მთავარი როლის შემსრულებლად კი რეჟისორს ცნობილი მსახიობი და ფოტომოდელი, დომინიკ სანდა ესახებოდა, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ის ფეხმძიმედ იყო და ბერტულოჩიმ მარია შნაიდერი მოიწვია…

© kinofrash.ruმარლონ ბრანდო
მარლონ ბრანდო - Sputnik საქართველო
მარლონ ბრანდო

ამერიკელი კინოკრიტიკოსების  შეფასებით, ფილმმა  100 საუკეთესო  ამერიკულ მელოდრამას შორის 48-ე ადგილი დაიკავა…

ფილმი მძიმეა… ალბათ, დამეთანხმებით, ვისაც ნანახი გაქვთ… და პირადად მე, მას უფრო მეტად ტრაგედიად მივიჩნევ, ვიდრე მელოდრამად…

ამ ფილმში ბრანდო  რაღაც, მხოლოდ მისთვის მისაწვდომ მწვერვალებს აღწევს… ბობოქრობს… გიჟდება  და მერე… ფოთოლივით წყდება და ძირს ეშვება…

არ ვიცი, მე ეს ფილმი უბრალოდ მტკივა… მისთვის კი ეს ბოლო როლი გახდა…

1980 წელს მარლონ ბრანდომ გამოაცხადა კინომატოგრაფიიდან წასვლის შესახებ…

ის საცხოვრებლად გადავიდა ტაიტიზე, სადაც იქორწინა  იქაურ ქალბატონზე… ულამაზეს  მსახიობ ტარიტა ტერიიპიაზე, რომელიც მასზე 18 წლით ახალგაზრდა იყო და მარლონს ორი შვილი გაუჩინა…..

სხვათაშორის, 2002 წელს, 43 წლის ამერიკელმა ფოტომოდელმა კრისტიანა კრუსმა განაცხადა, რომ მას მარლონ ბრანდოსთან აკავშირებდა 14-წლიანი რომანტიკული ურთიერთობები, რომლის შედეგად მან სამი შვილი გააჩინა.

ბრანდომ ეს ფაქტი არ უარყო და განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს თავისი შვილების მომავალი…

არსებული ინფორმაციით, ბრანდომ ასევე ცნო თავისი 14 შვილი…  

არ ვიცი, კიდევ რა ვთქვა… ამ კაცზე ბევრი რამეა ნათქვამი… ჩემთვის კი მთავარი ის არის, რომ რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო მას  თავის უახლოეს მეგობრად თვლიდნენ და კიდევ ერთი რამ…

სიკვდილის წინ მან მოითხოვა, რომ  მისი ფერფლი, თავისი ბავშვობის მეგობრის, უოლი კოქსის ფერლფთან ერთად, რომელსაც ის 1973 წლიდან ინახავდა,  ტაიტის კუნძულებზე მიმოებნიათ…

ის მართლაც სხვანაირი კაცი იყო…

არავისი არ  შურდა… არავის არ აღმერთბდა…

ძალიან უყვარდა ახალგაზრდა ბრედ პიტი, რომელსაც თავის მემკვიდრედ თვლიდა… უხაროდა მისი წარმატებები… 

ერთი საოცარი რამეც აქვს ნათქვამი: 

„ის, ვინც საკუთარ გზას მოძებნის, მას ვერავინ და ვერასდროს ვერ დაეწევა“…

გისურვებთ ლამაზ,  წარმატებულ და დაუვიწყარ დღეს!  

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0