ეს „აუტანელი“ გვინეტ პელტროუ...

© foxnews.comგვინეტ პელტროუ
გვინეტ პელტროუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი კინოვარსკვლავი  გვეწვია სტუმრად და მიმდინარე კვირასაც ამ  ტენდენციას დასასრული არ უჩანს…  დღეს ვიფიქრე,  ჩვენი აივანი ცოტა  ხნით კინოთეატრად ხომ არ გადაგვეკეთებინა  მეთქი… რა უნდა მაგას — სკამებს დავაწყობ რიგებად, დავაწერ ადგილებს, წინ ჩამოვკიდებ გაკრახმალებულ ზეწარს (ტენტი ისედაც გამზადებული მაქვს  უამინდობის შემთხვევაში), კიბეებზე დავაგებ წითელ ხალიჩას  და ჩვენს სტუმრებსაც ეკრანის წინ დავაბრძანებ… 

დღევანდელი დღეც არ წარმოადგენს გამონაკლისს და ჩვენი სტუმარი გახლავთ ძალიან დახვეწილი და ინტელექტუალური, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ექსცენტრიული კინოვარსკვლავი, თანაც „ოსკარის“, „ოქროს გლობუსის“, „ემის“ პრემიების მფლობელი, გვინეტ პელტროუ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრედ პიტი მისთვის ზედმეტად კარგი ადამიანი აღმოჩნდა,  ბენ  აფლეკისთვის კი ის თავად იყო ზედმეტად კარგი…  სწორედ ამიტომ დაშორდა ის თავის დროზე ორივეს…

გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი
გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი - Sputnik საქართველო
გვინეტ პელტროუ და ბრედ პიტი
 

აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ანჯელინა ჯოლის ძალიან არ უყვარს გვინეტი, რადგანაც გვინეტს უყვარს ყოფილ შეყვარებულებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება… ამ ცოტა ხნის წინ კი ანჯელინას გაუგზავნა საკუთარი დიეტების წიგნი, რადგანაც ჩათვალა, რომ ანჯელინას და ბრედის 6 შვილის ჰიპერაქტივობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი არასწორედ იკვებებიან… ამბობენ, ანჯელინამ წიგნი გადააგდო და თავის მეგობარ ჯენიფერ ლოპესს გადაურეკა, რომელსაც ასევე არ უყვარს გვინეთი  და მას „აუტანელს“ იმის გამო უწოდებს, რომ ის ყველას ჭკუას არიგებს…

ხომ ხედავთ, ერთ წინადადებაში 3 შესანიშნავი მანდილოსანი გავჭორე… 

ის, რომ გვინეტი მსახიობი გახდებოდა, მისი ბავშვობიდან იყო გადაწყვეტილი… ტყუილად კი არ იყო მისი ნათლია სახელგანთქმული სტივენ სპილბერგი… სხვათაშორის, ერთ-ერთ პირველი, უფრო ზუსტად მეორე ფილმი, რომელშიც გვინეთ პელტროუ გადაიღეს, სწორედ სპილბერგის „კაპიტანი კაუჭი“ გახლდათ… გვინეთის პირველი სერიოზული და ერთ-ერთი ცნობილი ფილმი კი იყო თრილერი „შვიდი“, რომელშიც მას პარტნიორობას უწევდა ბრედ პიტი… გვინეთი ყვება, რომ ბრედი საოცარი ადამიანია, კეთილი, გულწრფელი და ძალიან დაუცველი… ფილმის გადაღების დროს, მათ შორის დაიწყო რომანი, მაგრამ 2 წელიწადში ისინი დაშორდნენ ერთმანეთს… გვინეთის შეფასებით, მაშინ ის ძალიან გამოუცდელი და ახალგაზრდა იყო და ვერ შეძლო ბრედის დაფასება…

1999 წელს გვინეთმა მიიღო „ოსკარი“ ქალის საუკეთესო როლისთვის ფილმში „შეყვარებული შექსპირი“… ამ ფილმის გადაღების დროს კი ის საბოლოოდ დაშორდა კიდევ ერთ სერიოზულ მამაკაცს მის ცხოვრებაში, ბენ აფლეკს…

© East News გვინეტ პელტროუ და ბენ აფლეკი
გვინეტ პელტროუ და ბენ აფლეკი - Sputnik საქართველო
გვინეტ პელტროუ და ბენ აფლეკი

სწორედ ამ დროს  მსახიობი მოხვდა  ფსიქიკურად დაავადებული თაყვანისმცემლის, ვინმე დანტე მაიკლის ყურადღების ცენტრში… თავიდან ის მსახიობს უგზავნიდა საჩუქრებს და შორიდან უხსნიდა სიყვარულს, მაგრამ შემდეგ გადალახა დაშვებული საზღვრები და რამდენჯერმე გვინეთს სახლშიც კი შეუვარდა… მან გამოძიების ფედერალური ბიუროს გაფრთხილების შემდეგაც კი  გააგრძელა მსგავსი მცდელობები და გვინეთი იძულებული შეიქმნა, რომ გამხდარიყო მისი ფსიქიატრულ კლინიკაში მოთავსების ინიციატორი. 

2003 წელს გვინეტი ცოლად გაყვა როკ-ჯგუფ Coldplay-ს ვოკალისტ კრის მარტინს და გააჩინა ორი შვილი, მეზეს ბრიუს ენთონი და ეფლ ბლაიზ ელისონი, მაგრამ სამწუხაროდ,  მიმდინარე წლის ივლისში ისინი ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს…

გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი
გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი - Sputnik საქართველო
გვინეტ პელტროუ და კრის მარტინი

  დაშორებისას, პელტროუმ განაცხადა, რომ ის ღრმა  დეპრესიაში იმყოფებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, სულ რამდენიმე დღის წინ, 13 სექტემბერს მან მოაწყო ტანსაცმლის კოლექციის დემონსტრაცია, საკუთარი ბრენდით  - Goop… კოლექციაში შედის ჟაკეტები, შარვლები, პერანგები და  განსაკუთრებული დიზაინის თეთრი ჩანთა, რომელზეც დღემდე საუბრობს მთელი ჰოლივუდი…

საინტერესოა, რომ გვინეტ პელტროუ, რომელიც, ეკრანზე ხშირად  ძალიან დახვეწილ როლებში და შესაბამის ტანსაცმელში გამოწყობილი გვახსოვს (განსაკუთრებით კი ეს ეხება  მის როლებს ფილმებში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, „იდეალური მკვლელობა“ და „დიდი იმედები“), გიჟდება ჯინსებზე და ხმამაღლა აცხადებს, რომ  ჯინსებზე უფრო მოხდენილი, ლამაზი და კომფორტული  ტანსაცმელი არ არსებობს…  ერთხელ მან გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი — ერთი კვირა გაეძლო ჯინსების გარეშე, მაგრამ უკვე მესამე დღეს თავი დამარცხებულად ცნო…

ბევრმა არ იცის, რომ გვინეტი  საკმაოდ კარგი მომღერალია… 2000 წელს მან ცნობილ ამერიკელ მუსიკოსთან ჰიუ ლუისთან ერთად  ფილმ „დუეტის“ პოპულარიზაციისთვის, გამოუშვა მუსიკალური სინგლი «Cruisin», რომელმაც დაიკავა პირველი ადგილი ავსტრალიის ჰიტ-პარადებში.  2002 წელს კი მონაწილეობა მიიღო მომღერალ შერილ კროუს ალბომის ჩაწერაში, სადაც მასთან დუეტში შეასრულა სიმღერა  «It’s Only Love»…

გვინეტი 2005 წლიდან არის ცნობილი საპარფიუმერიო კამპანია Estée Lauder-ის სუნამო Pleasures-ის სახე… ის ასევე რეკლამას უწევდა ისეთი ცნობილი ფირმების ნაწარმს, როგორიცაა Hugo Boss' და  Max Factor…

გარდა ამისა, გვინეთი  წერს წიგნებს კულინარიის თემაზე, მაგრამ მე პირადად, ამ წიგნებს „ანტიკულინარულს“ ვუწოდებდი, რადგანაც მსახიობმა, საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უარი განაცხადა   ტკბილეულზე, კვერცხზე, მარცვლეულზე, ხორცსა და ზღვის პროდუქტებზე და დაიწყო საკუთარი რეცეპტების გამოგონება… ჩემთვის ცოტა ძნელია იმის წარმოდგენა,  თუ რისგან აკეთებს გვინეთი რეცეპტებს,   მაგრამ ერთი ფაქტია — მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს…

 თავად გვინეტი აღიარებს, რომ მას რთული ხასიათი აქვს და ყველაზე დიდ ნაკლად მიიჩნევს ცრურწმენას, რომელსაც ვერაფრით ვერ  ერევა და   და სისუფთავის პათოლოგიურ სიყვარულს, რაც მისი უახლოესი ადამიანების თქმითაც კი, ყველა ზღვარს სცდება… მაგალითად საერთო სპორტდარბაზში შესვლის წინ, ის ითხოვს, რომ საგანგებოდ დაასუფთაონ შხაპის კაბინები (თან ყველა და არა მხოლოდ ის, რომლითაც სარგებლობს)…

გაგეღიმათ, ხომ?  მიხვდით რატომაც მაქვს დღეს განსაკუთრებით  დაწკრიალებული ჩვენი აივანი… ბროწეულებიც კი გავაპრიალე… აბა ახლა,  გვინეტ პელტროუს ვაჭორავებ ქართველ ქალებზე?

გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და გაწკრიალებულ დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

 

ყველა ახალი ამბავი
0