ინგლისური ვარდი ფრანგული შარმით

© FL/ Film Star Vintageჟაკლინ ბისეტი 1960 წელს.
ჟაკლინ ბისეტი 1960 წელს. - Sputnik საქართველო
გამოწერა

ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენი აივნის სტუმარი მამაკაცები, ხმამაღლა თუ არ გაამხელენ, გულში მაინც გაიფიქრებენ ჩემზე, დაესვენა ამ კაი ადამიანს გონიოში კიდევ ორი დღე, დღეის ჩათვლით მაინცო. თქვენ გგონიათ, მართლა ჩემს ჯანმრთელობაზე ფიქრობენ და ზრუნავენ?  სულაც არა. უბრალოდ, გონიო ზღვაზეა და ჩვენი დღევანდელი სტუმარიც იქნებ  შედარებით „გულახდილ“ სამოსში გვეწვეოდა, მაგალითად, შემოტმასნილ მაისურში, რომელზეც მოდა კინემატოგრაფიაში  სწორედ მან შემოიტანა ფილმ „უფსკრულში“ მონაწილეობის შემდეგ.

როდესაც ქალი ძალიან ლამაზია და მომხიბვლელი, მამაკაცებს ვუგებ. ამ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით, რადგანაც დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ზურმუხტისფერთვალება, სოცარი შარმის მქონე, შეუდარებელ  ჟაკლინ ბისეტს, რომელმაც თავის დროზე,  ტარიელი კი არა (ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ),  მთელი ჰოლივუდი გადარია… და რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1944 წლის 13  სექტემბერს, ინგლისის ქალაქ ვეილბრიჯში.

© FL/ j.labradoზურმუხტისფერთვალება, სოცარი შარმის მქონე ჟაკლინ ბისეტი ფილმში „ორნი გზაზე“
ზურმუხტისფერთვალება, სოცარი შარმის მქონე ჟაკლინ ბისეტი ფილმში „ორნი გზაზე“ - Sputnik საქართველო
ზურმუხტისფერთვალება, სოცარი შარმის მქონე ჟაკლინ ბისეტი ფილმში „ორნი გზაზე“

სხვათა შორის, მთელი ცხოვრება ვიყავი დარწმუნებული, რომ მისი გვარი გამოითქმოდა როგორც  ბისე — ვიცი, რომ ბევრი თქვენგანიც. მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენ შეცდომაში შევყავდით მის ფრანგულ სახელს — ჟაკლინს (მისი დედა ნახევრად ფრანგი იყო, მამა კი შოტლანდიელი). ინგლისურად კი მისი გვარი  იწერება როგორც  Bisset და ასო t ბოლოში  გამოითქმის. ასე რომ, მისი სრული სახელია უინფრედ ჟაკლინ ფრეიზერ-ბისეტი.

დედამ ჟაკლინს ბავშვობაშივე ასწავლა ფრანგული ენა და შეიყვანა ლონდონის შარლ დე გოლის სახელობის ფრანგულ ლიცეუმში.  პატარა, მაგრამ უკვე საოცრად მომხიბვლელი  ჟაკლინი ასევე დადიოდა ბალეტზე და სამსახიობო კურსებზე. 

1967 წელს ჟაკლინმა მიიღო თავისი პირველი როლი ფილმში „ორნი გზაზე“, სადაც მან პარტნიორობა გაუწია თვით ოდრი ჰეპბერნს.  კარიერის ასეთი დასაწყისი თავისთავად მიუთითებდა იმაზე, რომ ჟაკლინს ბედიც ჰქონია. მისი „იღბლიანობა“გაგრძელდა და როდესაც 1968 წელს ცნობილმა მსახიობმა მია ფეროუმ უარი განაცხადა  ფილმ „დეტექტივში“ მონაწილეობაზე, მისი ადგილი, თანაც დუეტში თვით ფრენკ სინატრასთან, ჟაკლინს ერგო. 

© FL/ Good Looking Women1977 წელს ჟურნალმა „Newsweek-მა“ ჟაკლინი „ყველა დროის ყველაზე ლამაზ მსახიობად“ გამოაცხადა.
1977 წელს  ჟურნალმა „Newsweek-მა“ ჟაკლინი „ყველა დროის ყველაზე ლამაზ მსახიობად“ გამოაცხადა. - Sputnik საქართველო
1977 წელს ჟურნალმა „Newsweek-მა“ ჟაკლინი „ყველა დროის ყველაზე ლამაზ მსახიობად“ გამოაცხადა.

მერე მისი ვარსკვლავური პარტნიორი უკვე  სტივ მაკ-ქუინი აღმოჩნდა ფილმში „ბულიტი“.

მსახიობს მართლაც პირველივე ფილმებიდან  საოცარი პარტნიორები დაებედა: პოლ ნიუმენი,  ენტონი პერკინსი, შონ კონერი, ჟან-პოლ  ბელმონდო (ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ფილმში „ბრწყინვალე“). ხოლო  ფილმმა „უფსკრული“, რომელზეც ჩვენ „შეხვედრის“ დასაწყისში ვისაუბრეთ, სწორედ იმ სცენის მეშვეობით, რომელშიც მას ზღვაში ოდნავ გამჭირვალე მაისური აცვია, მსახიობს აშშ-შიც მოუტანა პოპულარობა.

საინტერესოა, რომ ამ ფილმის შემდეგ,  ჟაკლინის პროდიუსერმა, პიტერ გიუბერმა განაცხადა, რომ „ჟაკლინის მაისურმა“ ის უმდიდრესი კაცი გახადა, ხოლო აშშ-ში მოდაში შემოვიდა ე.წ. „სველი მაისურების კონკურსი“. იმავე, 1977 წელს,  ჟურნალ „Newsweek-მა“ ჟაკლინი „ყველა დროის ყველაზე ლამაზ მსახიობად“ გამოაცხადა.

სილამაზის კონკურსების ისტორიიდან - Sputnik საქართველო
მწვანე კაბის საიდუმლო...

1978 წელს ჟაკლინ ბისეტმა უკვე საკმაოდ ცნობილი და სერიოზული  მსახიობის სახელი მოიხვეჭა. მას იღებდნენ ისეთი ცნობილი რეჟისორები, როგორებიც იყვნენ: ფრანსუა ტრიუფო, ჯონ ჰიუსტონი და  რომან პოლანსკი. ის რამდენჯერმე იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და „სეზარის“ პრემიებზე, თუმცა, სამწუხაროდ,  წარუმატებლად.

ბევრი მომხიბვლელი მსახიობი ქალისგან განსხვავებით, რომლებსაც 40 წლის ასაკის შემდეგ უჭირთ ხოლმე როლების მიღება, ჟაკლინს ეს პრობლემა არ გასჩენია. მას ბალზაკის ასაკშიც სიამოვნებით იწვევდნენ გადაღებებზე ჰოლივუდშიც და ევროპაშიც.

ის არ გათხოვილა. ჰყავდა უამრავი თაყვანისმცემელი და ხელის მთხოვნელი, მაგრამ მან  გული ბოლომდე  მხოლოდ ემიგრაციაში მყოფ რუს მოცეკვავე ალექსანდრე გოდუნოვს გაუხსნა…

© FL/ snick715ალექსანდრე გოდუნოვი, 1987 წელი
ალექსანდრე გოდუნოვი, 1987 წელი - Sputnik საქართველო
ალექსანდრე გოდუნოვი, 1987 წელი

თუ გახსოვთ, გოდუნოვი საბჭოთა კავშირიდან გაქცევამდე დიდ თეატრში ცეკვავდა და ძალიან მომხიბვლელი და ვაჟკაცური იყო სცენაზე.

მე კარგად მახსოვს მასთან პირისპირ შეხვედრა მოსკოვის დიდი თეატრის ბაღში, სადაც მას ჩემთვისა და ჩემი დედიკოსთვის, მოსკოვის ფილარმონიის ხელმძღვანელ ვალოდია ფრიდმანის თხოვნით,  უნდა გადმოეცა ბილეთები ერთ-ერთ ბალეტზე დასასწრებად, რომელშიც თავად მონაწილეობდა. 

სალვადორ დალი და გალა - Sputnik საქართველო
გალასავით რომ გიყვარდეს ქალი.. შენც უნდა იყო ცოტათი ... დალი...

ახლა ვიხსენებ: ვიყავი დაახლოებით 12-13  წლისა, ის კი ჩემზე 12 წლით უფროსი.  როცა დავინახე ჩვენსკენ მომავალი გოდუნოვი, გავშეშდი. იყო ზამთარი და მოდიოდა პრინცი, ქერათმიანი, ცისფერთვალება, მაღალი  და თხელი, თანაც უქუდოდ… და როგორი ნაბიჯებით! დედამ ბილეთები გამოართვა. მე კი დავრჩი ასე გაშეშებული  კიდევ ცოტა ხანს…

იგივე მოსვლია ჟაკლინ ბისეტსაც, პირველად რომ დაუნახავს გოდუნოვი ერთ-ერთ მიღებაზე. განსხვავება ისაა მხოლოდ, რომ გოდუნოვსაც ჟაკლინზე  (ჩემგან განსხვავებით, რომელსაც ზედაც კი არ შემომხედა  იმ ზამთრის დღეს) იგივე რეაქცია ჰქონდა… და მათ შორის დაიწყო თავდავიწყებული რომანი.

ისინი ისეთი ლამაზები, ემოციურები და ბედნიერები იყვნენ, რომ ირგვლივ  განსაკუთრებულ აურას ქმნიდნენ, რომელსაც შურიანი და არაკეთილმსურველი ადამიანები ვერაფერს უშავებდნენ. ასეთი სიყვარული  8 წელს გაგრძელდა…

ოგორც ჟაკლინი ყვება, გოდუნოვი იყო უნიჭიერესი მოცეკვავე და ხელოვანი, მაგრამ მან ვერ შეძლო საკუთარი თავის რეალიზაცია. მისი დებიუტი ჰოლივუდში საკმაოდ წარმატებული იყო და სწორედ ამიტომ მიატოვა მოცეკვავის კარიერა,  ჰოლივუდში კი საბოლოოდ  ვერაფერს მიაღწია, გარდა რუსი განგსტერებისა და მაფიოზების ეპიზოდური როლების შესრულებისა. შემდეგ გახდა სერიოზულად დამოკიდებული ალკოჰოლზე, დაეწყო დეპრესიები… 

ჟაკლინი ყველაფერს ითმენდა და გვერდში ედგა მანამ, სანამ არ მიხვდა, რომ ერთადერთი ქალი, ვინც გოდუნოვს უყვარდა, იყო მისი პირველი მეუღლე, ბალერინა ლუდმილა ვლასოვა,  რომელიც დარჩა საბჭოთა კავშირში და რომელმაც თავის დროზე, ჯერ კიდევ უცნობი, 20 წლის მოცეკვავის, გოდუნოვის გამო, მიატოვა ცნობილი და წარმატებული მეუღლე…

ჟაკლინი და ალექსანდრე გოდუნოვი ერთმანეთს დაცილდნენ, მაგრამ შეინარჩუნეს არაჩვეულებრივად ახლო და თბილი ურთიერთობები. გოდუნოვი, დღემდე გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა 45 წლის ასაკში, რაც  ჟაკლინისთვის საშინელი დარტყმა და ტრაგედია იყო.  მისი თქმით, მან შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც წავიდა მოსკოვში და შეხვდა ალექსანდრეს პირველ მეუღლეს, ლუდმილას.

რიჩარდ გირი - Sputnik საქართველო
მარტო ვდგავარ, ჰოდა ვტირი, სად ვიპოვო რიჩარდ გირი...

ეს ორი საოცარი ქალი, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს  გოდუნოვის ხანმოკლე და ტრაგიკულ ცხოვრებაში,  ერთმანეთს ჩაეხუტა… ისინი დიდხანს საუბრობდნენ მოსკოვის ერთ-ერთ კაფეში…

გავა წლები და ჟაკლინი იტყვის, რომ გოდუნოვმა განშორების წინ ცოლობა სთხოვა, მაგრამ ის არ დათანხმდა, რადგანაც მიაჩნდა და დღემდე მიაჩნია, რომ მოსიყვარულე წყვილს უნდა ჰქონდეს სამი სიცოცხლე: თითო-თითო საკუთარი თავისთვის და ერთიც საერთო.  ქორწინება კი ამ სამ სიცოცხლეს აერთიანებს და ყველაფერს აფუჭებს…

მართალი რომ გითხრათ, ამ ფრაზას არა მხოლოდ არ ვეთამხმები, არამედ არც მჯერა, რომ ჟაკლინ ბისე, ქალი, რომელიც  თავის საყვარელ როლად ანა კარენინას მიიჩნევს,  სინამდვილეში ასე ფიქრობდეს.  ჩემი აზრით, ეს მისი თავისებური, ქვეცნობიერი  თავდაცვაა.

დღეს ჟაკლინი უკვე სოლიდურ ასაკშია.  გამოირჩევა იმით, რომ არ ცდილობს დაემალოს საზოგადოების მზერას და საოცრად ელეგანტურად შედის მოხუცებულობაში. არის სიცოცხლისმოყვარე, ძალიან კეთილის მსურველი. სჯერა, რომ ქალი ბერდება მაშინ, როცა  მიმართავს პლასტიკურ ქირურგს და დარწმუნებულია იმაში, რომ ნებისმიერი კანისთვის ყველაზე საუკეთესო ლიფტინგია  ღიმილი.

ხოლო იმისთვის, რომ გაიღიმო, საკმარისია იყო ბედნიერი.

გისურვებთ წარმატებულ, ღიმილიან და, ესე იგი, ბედნიერ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0