12:51 25 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ქუთაისის თეატრი

ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია და მას სწორედ „რევიზორი“ სჭირდებოდა

მ. ტურიაშვილი
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
51430

„რევიზორის“ სანახავად თბილისიდან, აგარაკებიდან, თვით ქუთაისის თუ სხვადასხვა რეგიონებიდან დაიძრა ხალხი და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი მაყურებელით გაივსო.

რატომ „რევიზორი“ და რატომ დღეს? ვის ხელში ვართ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი? რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ამ საკითხზე მძიმე ფარდები დაუშვა, გოგოლის მხიარული სვლები უკუაგდო და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა კომუნისტურ აზროვნებაში ჩარჩენილ მავანთა და მავანთა ურთიერთობის მოდელი. ოღონდ მან ეს გააკეთა თავისებურად — ფანტასმაგორიული სახეებით, პოლიტიკური ნიშნით და პოეტური აზროვნებით. პრემიერის წინ ე.წ. „ჩაბარება“ თეატრში ჩვეული მოვლენა იყო, თუმცა, ასეთ თავყრილობაზე ამდენი მაყურებელი და სტუმარი ჯერ არ მინახავს. 

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე: გაოგნებული ვარ, მსგავსი ტიპის ჩაბარება არ გვქონია! ადმინისტრატორს ვუთხარი, რომ კარი არ გაეხსნათ, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდებოდა, შემოეშვათ. ჩაბარებაზე ამდენი ხალხი?! ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად თეატრალურია ქუთაისი. პრემიერა დანიშნულია 27 სექტემბერს, მაგრამ ვერ მოითმინეს და რეგიონებიდან, სოფლებიდანაც ჩამოვიდა ხალხი, დარბაზი სავსე იყო. აინტერესებდათ, როგორ გავაკეთებდით „რევიზორს“. უამრავი მაყურებელი მოვიდა და ჩემთვის ეს შოკი იყო.

– სპექტაკლი სვამს დიდ პრობლემას — მმართველთა ზღვარგადასულ თავგასულობას.  წარმოდგენის კონსტრუქცია რთულია, მაგრამ მაყურებელი სულგანაბული უყურებდა, რისკიც იყო?

— არა, მე რასაც ვფიქრობ, იმაზე ვლაპარაკობ. იდეურ-თემატური ჩანაფიქრი გამომდინარეობს იქიდან, რა სათქმელიც მაქვს. მაგრამ ერთ რამეს აუცილებლად ვითვალისწინებ — რომელ ქალაქში ვდგამ და რა ქვეყანაში. მე მგონია, რომ ეს ჩემი ქვეყნის სატკივარია, საჭირბოროტო საკითხია… და, საერთოდ, როდესაც რეჟისორი მასალას იღებს, არ შეიძლება, ის დიდი ტკივილი, ის დიდი საფიქრალი, რაც ყოველდღიურად გესმის, რაც ქვეყანაშია, შენ პრიზმაში არ გაატარო და შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფის საშუალებით ფიცარნაგზე არ აიტანო. მე ვფიქრობდი, რომ ეს ის სპექტაკლია, რომელიც დღეს სჭირდება ქუთაისს, ჩემს ქვეყანას, ჩემს მაყურებელს და აქედან გამომდინარე შეიქმნა.

სპექტაკლის დროს მახსენდებოდა ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი თავგასული ჩინოვნიკი. პირდაპირ თუ ირიბად თითოეულ პატიოსან მოქალაქეს უწევს ამ მოვლენასთან ბრძოლა. არა და, მთელი ერის საშემოსავლო „აჭმევს“ მოხელეებს, რომლებიც ჩხუბობენ, მხოლოდ თანამდებობებზე, ძალაუფლებაზე ფიქრობენ და ეს მოსახლეობას თრგუნავს. შენ სპექტაკლში თითქოს ნიღაბი ახადეს მათ, და არის ეპიზოდები, როცა სიმახინჯე მშვენიერების განცდას აღძრავს. ავიღოთ, თუნდაც სცენები „აბანოში“, „ღორის გამოჩენა“, „სასიყვარულო ნადირობა თავთუხის ყანაში“, სადაც რეჟისორის ფანტაზია ჩანს.

რეჟისორი გიორგი სიხარულიძე
მ. ტურიაშვილი
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

— მე არ მიყვარს პლაკატურობა და მძაფრი სათქმელის გამოხატვას მხატვრული სახეებით ვცდილობ. ქუთაისში მეთერთმეტე წელიწადია ვარ და რა ეპოქაში ვიცხოვრე, რა ტკივილები მქონდა, რაც გადავიტანე, ეს ყველაფერი ამ სპექტაკლშია თავმოყრილი და დღევანდელ დღესაც ვხვდები ამ პრობლემებს. თვითონ გოგოლის ეს შედევრი იძლევა იმის საშუალებას, რომ ასე პირდაპირ, შეუნიღბავად მომეწოდებინა სათქმელი. თუმცა შევეცადე, რომ მეაზროვნა მხატვრული სახეებით, მხატვრული სიმბოლიკით. იქ ერთი პერსონაჟი მყავს, რომელიც ბრძანებს: „განათლების და კულტურის…“ – დღეს ბევრი რამ იცვლება, მაგრამ კულტურა დომინანტი არ არის, არა და უნდა იყოს. 

– უკვე რამდენი ხანია ქართულ თეატრში აღდგა თეატრმცოდნეებისა და კრიტიკოსების რეჟისორებთან შეხვედრები, რაც ქუთაისის თეატრმა ხაზგასმით აღნიშნა და ყველა თეატრმცოდნე დაპატიჟა. სპექტაკლის შემდეგ თქვენ მშვიდად, გაწონასწორებულად მიიღეთ კრიტიკული შენიშვნები და შექებაც. მომავალში რას მოუტანს ეს ქართულ თეატრს?

— აუცილებლად კარგს! არ მიყვარს, როცა თეატრმცოდნე აფიქსირებს საკუთარ აზრს და მერე მასზე ამბობენ: „აი, ეს რა დაწერა!“ მე კოლეგების ნამუშევარზე რეჟისორების, მსახიობების საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები და მძაფრი შეფასებები მომისმენია. ყველა სპექტაკლის მიმართ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, რომელსაც ხმამაღლა ვამბობთ და თეატრმცოდნემ რომ გააკრიტიკოს, რა პრობლემაა?! ჩემთვის ეს ბუნებრივია.

– გიორგი, მთელი საღამო გაკვირდებოდი და დავინახე დასის წევრებთან ლაღი, თბილი დამოკიდებულება. შენ მითხარი, რომ 10 წელია, რაც ქუთაისის თეატრში მუშაობ და რა შეიცვალა ამ პერიოდში? 

— არაფერი, იმიტომ რომ გიორგი სიხარულიძისთვის, როგორც შემოქმედისთვის, როგორც რეჟისორისთვის, როგორც კაცისთვის ზნეობრივი და მხატვრული ღირებულებები არ იცვლება. მე ასეთი ვარ, მე ასე ვცხოვრობ, მე ასე ვდგამ, მე ასეთი შემოქმედება მიყვარს და მე ასეთი ურთიერთობები მიყვარს და, ალბათ, ვიღაცისთვის იცვლება და ჩემთვის არ იცვლება. ბედნიერებაა, რომ ამ ქალაქში ვარ, ამ თეატრში ვარ და იმ  შემოქმედებითი ფასეულობებით ვცხოვრობ, რაც ჩემმა პედაგოგმა მიხეილ თუმანიშვილმა მასწავლა. 

– რა როლს ასრულებს თეატრი ქალაქის ცხოვრებაში?

— უდიდესი როლი აქვს! პირდაპირ გეტყვით — ქალაქის სახე-სიმბოლოა. სადაც გამოჩნდება მესხიშვილის თეატრის ლოგო, პირდაპირ ქალაქთან ასოცირდება და ეს იშვიათი მოვლენაა. 

ქუთაისელების „რევიზორის“ პრემიერა 27 სექტემბერს შედგება. რაც შეეხება თბილისელ მაყურებელს, ამ საინტერესო სპექტაკლის ნახვას შეძლებენ შემოდგომაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის ფარგლებში.

მთავარი თემები