არსებობს ორი სახის მუსიკა: კარგი და ცუდი... მე ვუკრავ კარგს!

ლუი არმსტრონგი
ლუი არმსტრონგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დიდი ხანია ჩაცმულობით არ გამიკვირვებიხართ, აი, დღეს კი მოგიწევთ… ანუ, თუ ჩვენ აივანზე დაინახავთ მანდილოსანს, გამოწყობილს სწორი სილუეტის, მუქი შინდისფერი ატლასის მუხლებამდე კაბაში, ღრმა დეკოლტეთი, თეძოებზე ბანტითა და დიდი კრემისფერი ხელოვნური ვარდით, კისერზე მძივების რამდენიმე გრძელი აცმით, ფეხზე — საშუალოქუსლიანი, მომრგვალებულცხვირიანი, Т-ფორმის შესაკრავიანი ფეხსაცმლით, თავზე „კლიოშის“ ტიპის, წარბებზე ჩამოფხატული „შლიაპკით“, რის გამოც თავი გარკვეული კუთხით ექნება დაფიქსირებული, რაც მზერას საიდუმლოებასა და მომხიბვლელობას გვრის, იცოდეთ, ეს მე ვარ, და რაშიც ვარ გამოწყობილი, ამას ქვია Jazzwoman’s style… 

დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია ჯაზის მეფე, უნიჭიერესი, ბრწყინვალე, მომხიბვლელი, ოპტიმიზმითა და ქარიზმით აღსავსე ლუი არმსტრონგი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1901 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ ნიუ-ორლეანში. ანუ, დღეს მას 115 წელი შეუსრულდებოდა, და გარანტიას გაძლევთ, რომ მისი ასაკის მიუხედავად, აივანზე მობრძანებული ქალბატონები ეცდებოდნენ მისი ყურადღების მიპყრობას. ამიტომაც წინასწარ არაფერი გითხარით და მარტო მე გამოვიპრანჭე…

დღევანდელი დილის ერთი პატარა ინტრიგა იმაშიც მდგომარეობს, რომ მართალია, ჩვენ ყველამ ვიცით – „ჯაზის დიდი მაესტრო“ (როგორც ამსტრონგს უწოდებდნენ) დაიბადა 4 აგვისტოს, მაგრამ თავად მან სიცოცხლის ბოლომდე არ იცოდა თავისი დაბადების დღე. წელიწადიც კი სავარაუდოდ შეარჩია – 1902 (მხოლოდ ერთ წელიწადში შეცდა), დღე კი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს — 4 ივლისს დაამთხვია (აქაც სულ 1 თვით შეცდა). ამიტომაც ის მთელი ცხოვრება დაბადების დღის სანთლებს 4 აგვისტოს ნაცვლად 4 ივლისს აქრობდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს მისი ნამდვილი საბუთები, სადაც ზუსტი მონაცემები იყო მითითებული.

ლუის ბავშვობამ საკმაოდ არაკომფორტულ პირობებში გაიარა. მისი ოჯახი ნიუ-ორლეანის ძალიან ღარიბ კვარტალში ცხოვრობდა. მამა ოჯახიდან წავიდა, დედამ კი ზედმეტად თავისუფალ ცხოვრებას მიჰყო ხელი… ლუის  ბავშვობაში შეარქვეს SATCMO (შემოკლებული Satchel Mouth — „ტუჩებპარტყუნა“) და მას ეს მეტსახელი მთელი ცხოვრება შერჩა. ის 7 წლიდან თავის სარჩენ ფულს ქუჩაში სიმღერით შოულობდა. 12 წლის ასაკში კი, ახალი წლის ღამეს, დედამისის მორიგი თაყვანისმცემლის პისტოლეტი მოიპარა და შუა ქუჩაში სროლა დაიწყო, რის გამოც ის წლინახევრით გამოსასწორებელ კოლონიაში მოათავსეს…

„ზოგი ჭირი მარგებელიაო“, ამბობენ და სწორედ კოლონიაში მიიღო ლუიმ მუსიკის პირველი გაკვეთილები – დაიწყო გამოსასწორებელი დაწესებულების სასულიერო ორკესტრისა და გუნდის  შემადგენლობაში გამოსვლა. გათავისუფლების შემდეგ ლუიმ ბარებსა და კლუბებში გადაინაცვლა, სადაც თავიდან მოყვარულების ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა, შემდეგ კი პროფესიონალებშიც გადავიდა… 

1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში გაემგზავრა, სადაც კრეოლის ჯაზ-ანსამბლის შემადგენლობაში გამოსვლა დაიწყო. ორ წელიწადში ლუიმ სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა, ნიუ-იორკში გაემგზავრა და ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში მოეწყო, სადაც მომღერლობას საყვირზე დაკვრას უთავსებდა. ამ პერიოდში ის ურთიერთობდა და თანამშრომლობდა მრავალი მუსიკალური მიმართულების (ბლიუზი, ჯაზი, საეკლესიო მუსიკა) ცნობილ წარმოამდგენლებთან და სწორედ აქ მიაქციეს ყურადღება ახალგაზრდა და ნიჭიერ მუსიკოსს, რომელსაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის ჩვეული შესრულების „ნათელი მანერა“ ახასიათებდა… სხვათა შორის, თავად არმსტრონგს ბლიუზთან განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება ჰქონდა და ამბობდა — „ბლიუზი არის ის, როდესაც კარგი კაცი ცუდად გრძნობს თავს“…

1926 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში დაბრუნდა და ერთ წელიწადში უკვე საკუთარ ანსამბლს — Louis Armstrong And His Stompers-ს ჩაუდგა სათავეში… 1930 წლიდან კი იწყება მისი ტურნეები ამერიკასა და ევროპაში, მოგვიანებით კი — ინდოეთსა და აფრიკაშიც…

ლუი არმსტრონგი თავის დროზე საბჭოთა კავშირშიც მოიწვიეს. პრეზიდენტი ეიზენჰაუერი მზად იყო საკუთარ თავზე აეღო ყველა ხარჯი, მაგრამ ლუიმ ბოლო მომენტში ტურნეზე უარი განაცხადა და წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა — „ხალხი იქ შემეკითხება, რა ხდება შენს ქვეყანაშიო და რა უნდა ვუპასუხო? მე მშვენიერი ცხოვრება მაქვს მუსიკაში, მაგრამ ცხოვრებაში თავს ისევე ვგრძნობ, როგორც ყველა შავკანიანი“. რა გულდასაწყვეტია, რომ ლუი არმსტრონგი ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახდა. ის მართლაც ბედნიერი იქნებოდა.

ლუი არმსტრონგმა მუსიკაში და ჯაზში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. მუსიკათმცოდნეების აზრით, მან შეძლო ის, რომ ჯაზი მისაღები და ახლობელი გახდა მუსიკის ნებისმიერი მიმართულების და არა მხოლოდ მუსიკის მოყვარულთათვის. არმსტრონგის მუსიკა და შესრულება არავის ტოვებდა გულგრილს.

ჯაზის ცნობილი კრიტიკოსი და მკლევარი ჯეიმს ლინკოლნ კოლიერი წერდა: „ჯაზის ყველა ბრწყინვალე წარმომადგენელი არმსტრონგიდან იღებდა და დღემდე იღებს საწყისს“…

ცნობილი მუსიკოსის ჯინ კრუპის შეფასებით — „ნებისმიერი უმაღლესი დონის პროფესიონალიც კი, რომელიც ასრულებს ჯაზს, 32 ტაქტის დაკვრასაც ვერ მოახერხებს, ლუის მადლობა რომ არ გადაუხადოს, რადგან ყველაფერი ლუიმ გააკეთა და ის ყველაფერში პირველი იყო“.

დიდმა დიუკ ელინგტონმა კი ლუი არმსტრონგი უბრალო და ყველაფრისმთქმელი მოკლე ფრაზით დაახასიათა — „მისტერ ჯაზი“…

მე კიდევ, როგორც მთლად არაპროფესიონალი, პრიმიტიულად დაგენაძლევებით – ისევე, როგორც სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი შეკითხვაზე — „თქვენი საყვარელი ციფრი“, პასუხობს — „7“, ასევე ადამიანთა უდიდეს უმრავლესობაში სიტყვა ჯაზი პირველ რიგში ლუი არმსტრონგთან ასოცირდება.

თავად დიდი ლუი არმსტრონგი კი — საოცარ დღესასწაულთან, რომელსაც მოაქვს მხოლოდ პოზიტივი, მზესავით გათბობს და ისეთ კარგ ხასიათზე გაყენებს, რომ… 

ახლა კი, ნება მიბოძეთ, ჩაგირთოდ თავად ლუი არმსტრონგის შეუდარებელი კომპოზიცია — What a wonderful World და ჩუმად გავიპარო, რადგან დარწმუნებული ვარ, გულში ყველა გაიფიქრებთ – ამდენ საუბარს თავიდანვე ეს სიამოვნება მოენიჭებინა, არ ჯობდაო?

გისურვებთ ამ სიმღერასავით ნათელ და შესანიშნავად wonderful დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0