სამი კაცი... სამი გული და... ერთი დიდი ნეაპოლური მზე...

სამი ტენორი
სამი ტენორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა, რომლის მოლოდინში ღამე თითქმის არ მძინებია, რადგან წინასწარ მიხაროდა, რომ პატარა სიხარულს მოგანიჭებდით… იმედია, ჩვენს სტუმართმოყვარე, ბრძენსა და მყუდრო აივანს არ ეწყინება, თუ ცოტა ხნით მივატოვებთ და გავემგზავრებით დიდებულ რომში, კარაკალების თერმებში (ძველი აბანოების უბანში), სადაც ზუსტად ამ დღეს, 1990 წლის 7 ივლისს, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის წინ ჩატარდა ცნობილი „სამი ტენორის“ (The Three Tenor) ან, როგორც მას უწოდეს, „დიდი ტრიოს“ პირველი კონცერტი… სადღესასწაულოდ მორთულ და განათებულ სცენაზე, რომის, როგორც ამბობენ, მსოფლიოში ყველაზე ღრმა და ლურჯი ცის ქვეშ გამოდიოდნენ იტალიელი ლუჩანო პავაროტი და ესპანელი ტენორები პლასიდო დომინგო და ხოსე კარერასი, ფლორენციული და რომის ოპერის თეატრის ორკესტრების თანხლებით… პულტთან კი იდგა მსოფლიოში ერთ-ერთი უბრწყინვალესი დირიჟორი, ინდოელი ზუბინ მეთა…

თავად პავაროტი იხსენებს: „იდგა წყნარი და გრილი საღამო… კარაკალას თერმები განსაკუთრებულად მშვენიერი იყო, იუპიტერების სხივებში უფრო მკვეთრად ჩანდა არქიტექტურის დეტალები… ყველანი ვნერვიულობდით, რადგან რეპეტიციებიც არ იყო საკმარისი, რეპერტუარიც საკმაოდ რთული იყო და, საერთოდ, სამი ტენორისთვის არაფერი დაწერილა აქამდე… ეს საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი იყო… მაგრამ როდესაც კარერასმა სიმღერის დროს ცაში თვითმფრინავი დაინახა და მისთვის ჩვეული ბავშვური გულწრფელობით კოცნა გაუგზავნა, დაძაბულობა მოიხსნა და ყველა და ყველაფერი ირგვლივ გამხიარულდა და გახალისდა… ჩვენ ვმღეროდით ისეთი სიამოვნებით, როგორც არასდროს და ეს განცდა მაყურებელსაც გადაედო… კონცერტის ბოლოს კი, ცნობილი და სამივესთვის ყველაზე საყვარელი ნეოპოლური სიმღერის O sole mio («ჩემო მზეო“) შესრულების დროს მე ვიხუმრე და ბოლო ფრაზა O s-o-o-o-le განგებ დიდხანს კომიკურად გავაგრძელე… დომინგო და კარერასი არ დაიბნენ და იქვე გამცინეს… დასრულდა ყველაფერი იმით, რომ მაყურებელი, რომელთა შორის ძალიან ცნობილი და დახვეწილი ხალხი იყო და თავად ესპანეთის დედოფალი და მეფეც კი სკამებზე ავიდნენ“…

მთავარი კი ამ მოგონებებში არის პავაროტის ბოლო ფრაზა: „ ჩვენ ამოვისუნთქეთ შვებით, რადგან თვითონაც მივხდით და სხვამაც დაინახა, რომ კარერასი ნამდვილად და საბოლოოდ დაუბრუნდა არა მხოლოდ ცხოვრებას, არამედ სცენასაც“…

და აქ კი იწყება ის ისტორია, რომელიც უფრო დიდია და უფრო მდიდარი, ვიდრე მუსიკალური ნიჭი, წარმატებები და ჰონორარები… ეს არის კაცობისა და ურთიერთობების ისტორია…

ყველამ, ვინც ცოტათი ერკვევა ესპანეთის ყოფა-ცხოვრებაში, იცის, თუ რა პაექრობა არსებობს კატალონიასა და მადრიდს შორის, თანაც არა მხოლოდ ფეხბურთის („რეალი“ და „ბარსელონა“) არამედ ყველა დანარჩენ სფეროშიც. პლასიდო დომინგო წარმოშობით მადრიდელია, ხოლო ხოსე კარერასი — კატალონიიდან გახლავთ. გარკვეული, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიტიკური მიზეზების გამო, ისინი ემტერებოდნენ ერთმანეთს, რაც, რა თქმა უნდა, შემოქმედებაშიც აისახებოდა. აღსანიშნავია, რომ 1984 წელს ორივე მომღერლის კონტრაქტებში იყო მითითებული, რომ არც ერთი მათგანი მონაწილეობას არ მიიღებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გამართულ კონცერტში, თუ იმ კონცერტზე თუნდაც მაყურებლის როლში იქნებოდა მოპატიჟებული მეორე მათგანი… 

1987 წელს კი კარერასს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ლეიკემია… მან გაიარა მკურნალობის რამდენიმე უმძიმესი და საოცრად ძვირადღირებული კურსი. თვეში ერთხელ მაინც აშშ-ში სჭირდებოდა გადაფრენა… რა თქმა უნდა, მუშაობაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო და გარკვეული ფინანსური პრობლემებიც გაუჩნდა… სწორედ მაშინ მან გაიგო, რომ მადრიდში შეიქმნა ფონდი „ჰერმოზი“, რომელიც ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარებოდა… კარერასმა მიმართა ფონდს და სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით მან დაავადებასაც სძლია და სცენაზე გამოსვლებიც დაიწყო. მადლიერების ნიშნად ხოსემ ისურვა საკუთარი წვლილი შეეტანა ფონდის განვითარებაში და მხოლოდ მაშინ გაიგო, რომ ფონდის დამფუძნებელი, დირექტორი და მთავარი დამფინანსებელი იყო… პლასიდო დომინგო, და რომ ეს ფონდი თავიდანვე სპეციალურად კარერასისთვის შეიქმნა! დომინგომ კი ანონიმურობა შეინარჩუნა, რადგან იცოდა, რომ თავმოყვარე კატალონიელი არასდროს სთხოვდა დახმარებას მადრიდელ „მტერს“… 

სხვათა შორის, კარერასმა მაინც „გადაუხადა სამაგიერო“ პლასიდოს… ერთ-ერთ თავის კონცერტზე, რომელსაც დომინგო უკანა რიგიდან უსმენდა, კარერასმა სრულიად მოულოდნელად შეწყვიტა გამოსვლა, მივიდა მასთან, დაუჩოქა და სავსე დარბაზის წინ ბოდიშიც მოუხადა და მადლობაც გადაუხადა გადარჩენისთვის… ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და ეს გახდა ორი დიდი ტენორის და დიდი ადამიანის შესანიშნავი მეგობრობის დასაწყისი… პავაროტი კი, ეს უზარმაზარი გულის ადამიანი ამ გრძნობას კიდევ უფრო ალამაზებდა და აკეთილშობილებდა…

საინტერესოა, რომ, პავაროტის აზრით, „დიდი ტრიოს“ „მთავარი ტენორი“ იყო ხოსე, თვითონ კარერასი თვლიდა, რომ დომინირებდა დომინგო, ხოლო დომინგოს ერთი წუთითაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ „პავაროტი რომ არა“…

ერთხელ, თურმე, ვიღაც ჟურნალისტმა ხუმრობით მათი ტრიო სამთავიან, მაგრამ კეთილ გველეშაპს შეადარა, რაზეც პავაროტიმ იხუმრა – კიდევ კარგი, მე მაინც მაქვს სოლიდური კომპლექცია, თორემ ჩვენს გველეშაპს პლასიდოს ან, მით უმეტეს, ხოსეს ტანი რომ გამოჰყოლოდა, ორ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდითო…

პავაროტი ცნობილი გურმანი იყო და ხშირად ხუმრობდა ამ თემასთან დაკავშირებით. თავის ავტობიოგრაფიაში, რომელიც 1981 წელს გამოქვეყნდა, მან „სერიოზულად“ ჩაწერა: „ცხოვრებაში ყველაზე მეტად მომხიბვლელია ის, რომ რეგულარულად გვიწევს ნებისმიერი საქმის შეწყვეტა იმისთვის, რომ… ყურადღება დავუთმოთ საჭმელს“…

„დიდმა ტრიომ“ თავისი არსებობის 11 წლის განმავლობაში 35 კონცერტი ჩაატარა… თითოეული მათი გამოსვლა იყო დღესასწაული და ბედნიერება… ისინი მაყურებელს ჩუქნიდნენ საკუთარ ნიჭს და უმაღლეს ხელოვნებას და, რაღა თქმა უნდა, დიდ ნეაპოლურ მზეს, რომელიც, სხვათა შორის, იტალიურ ენაში მამრობითი სქესისაა. ხოლო O sole mio, როგორც ვთქვით, ითარგმნება როგორც „ჩემო მზეო“, წინ ყოველგვარი ო-ს გარეშე, რომელსაც ამ შემთხვევაში მხოლოდ არტიკლის დატვირთვა გააჩნია… აბა, მზე ხომ ისედაც მზეა და წინ „ო“ რაღაში სჭირდება?..

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და ძალიან მზიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0