თავის ტრავმის შემდეგ მოულოდნელად დაწყებული ხატვა და უჩვეულო სტილი

© FB/ რამაზ ყაზიშვილირამაზ ყაზიშვილი
რამაზ ყაზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ამბავია, ნიუტონს მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა ჩვეულებრივმა შემთხვევამ, თავში ვაშლის დაცემამ გააკეთებინა. ჩემს რესპონდენტს კი მიღბულმა ტრავმამ ხელოვნებაში საკუთარი თავი აპოვნინა, რის შემდეგაც რამაზ ყაზიშვილმა ხატვა 2-3 თვეში დაიწყო და საინტერესო ნამუშევრებიც შექმნა.

დღეს წარმატებული და საკუთარი ხელწერის მქონე მხატვარია, თანაც ეს ხელწერა იმდენად განსხვავებულია, რომ ხელოვნებათმცოდნეებმა მას, თურმე, სახელი ვერ შეურჩიეს. იგი ყველაფერს, ადამიანებსაც კი, ხის სახით გამოსახავს… 

– რამაზ, წლების მერე ამ ფაქტს, რაც შეგემთხვათ, როგორ აანალიზებთ? 

— შესაძლოა, სხვისთვის არარეალური ან უჩვეულოა, მაგრამ ჩემთვის ეს ფაქტი ჩვეულებრივია და ამას უცნაურად ვერ აღვიქვამ… მოკლედ, მოხდა ისე, რომ ხატვა უცნაურად და სრულიად შემთხვევით დავიწყე. მანამდე ეს საქმე არ გამომდიოდა და ხატვა არც მიყვარდა. თავის ტრავმის შემდეგ დაახლოებით 2 ან 3 თვეში „ვეფხისტყაოსნის“ რეპროდუქციის გადახატვა ვცადე და როცა შედეგი დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო. ხატვის გარეშე რა ან ვინ ვიქნებოდი, ამისი წარმოდგენაც არ მინდა. ასე რომ, ამ შემთხვევის მადლიერიც ვარ… ამ ამბის მერე სოხუმის სამხატვრო სკოლაში დავიწყე სიარული და პერიოდულად კონკურსებში ვმონაწილეობდი. როგორც საერთაშორისო, ასევე საქართველოს ფარგლებში ბევრი კონკურსის თუ ფესტივალის გამარჯვებული და ლაურეატი ვარ. აკადემიაში სწავლა არ გამიგრძელებია. სპორტითაც ვიყავი დაკავებული, კერძოდ ათლეტიზმით, რამაც ხატვაში ხელი შემიშალა.

© FB/ რამაზ ყაზიშვილირამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი

– არარეალური გამოსახულებები გიზიდავთ, გრძნობებსა და ემოციებს უფრო ხშირად ხეებში გამოსახავთ…  

— ბევრი სტილი თუ მიმდინარეობა ვცადე, სიახლეს ვეძებდი და ბოლო ერთი წელია, ვიპოვე ის, რაც მხოლოდ ჩემია და არავის ჰგავს. რა მიმართულებაა ეს, არ ვიცი, ხელოვნებათმცოდნეებსაც ვკითხე და ვერც მათ მიპასუხეს. ვთვლი, რომ მხატვრობა სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს, თორემ რასაც ვხედავთ, იმის გადმოცემას ფოტოაპარატი უკეთ მოახერხებს… მხატვრობა სულიერის გადმოტანაა და ამას თუ ტყუილის გარეშე მოახერხებ, მნახველიც გულგრილი ვერ დარჩება. ნახატში არანაირი სიყალბე და კომერციული დატვირთვა არ უნდა ჩადო. უბრალოდ, რაც „გღრღნის" და გელამაზება, ის უნდა გადმოიტანო ტილოზე… მართალი ხართ, ძალიან მიყვარს ხეების გამოსახვა. ჩემი ნახატების 90%-ზე ხე არის, მაგრამ რეალური ხე, როგორც ასეთი, არც ერთი მათგანი არაა. ადამიანების ხატვა არ მიყვარს, მაგრამ თუ დავხატე, ადამიანებსაც ხეების სახით გამოვსახავ… 

© FB/ რამაზ ყაზიშვილირამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი

– თითქმის ყველა თქვენი ნამუშევარი უკვე გაყიდულია.

— რაც ბოლო ერთი წლის მანძილზე შევქმენი, ანუ 13 ტილო უკვე გაყიდულია. საერთოდ, საქართველოში და საზღვარგარეთაც ჩემი დაახლოებით 120-ზე მეტი ნამუშევარია გაყიდული. თავიდან ნახატებთან განშორება მიჭირდა, მაგრამ შემდეგ მივედი იმ აზრამდე, რახან ეს ნახატები ასე მოსწონთ, ესე იგი, ის მხოლოდ მე არ მეკუთვნის–მეთქი. ხან კი მაინც შემომერევა სენტიმენტები და თითოეული ნამუშევარი მენატრება, მაგრამ ხატვას მაინც ვაგრძელებ… ეს არაა ფულისთვის დახატული თაიგულები ან პეიზაჟი, ან შეკვეთილი პორტრეტები, ყველა ნახატი ჩემი ცხოვრებისეული ეტაპი და განცდაა. ყველა ნახატში სევდაა, ოღონდ ჩემ მიერ გაფერადებული და სტიმულის მომცემი სევდა… 

© FB/ რამაზ ყაზიშვილირამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
რამაზ ყაზიშვილის ნამუშევარი

– ემოციური ადამიანი ხართ და ცხოვრებაში რეალური მუზაც თურმე მაშინ გამოჩნდა, „როცა არაფერს აზრი აღარ ჰქონდა“…

— ამ გოგოს დანახვამ წლების მერე ძალიან იმოქმედა. ჯერ მიწერ-მოწერა მქონდა და ახლა დაოჯახებასაც ვაპირებთ. ისე ბაღიდან მიყვარს, მაგრამ მეორე კლასის მერე არ მინახავს. ძალიან ლამაზად დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და უსიტყვოდ მიგებს. მან მე მომავლის იმედი ჩამისახა…

– რას ეძებთ რეალობის მიღმა და საკუთარ სამყაროში?

— სამყარო რეალობის მიღმა უფრო საინტერესოა. ზოგი სიზმრის სახით აღწევს მასში… მე ასეთი ნახატები ჩემი ფერების მეშვეობით გამომდის. თებერვალში მოვაწყე ჩემი ნამუშევრების გამოფენა, რომელსაც "შეხვედრა" დავარქვი და ეს იყო ჩემგან წასულ ნამუშევრებთან შეხვედრა. უკვე ჩემი წრე მყავს და მასში ჩემი ნახატების ახალი მეპატრონეებიც არიან. მინდა ჩემი ნახატები ადამიანებს ცოტათი მაინც ცვლიდეს. ცხოვრება ასეთი რთულია და ხელოვნება მართლაც მშველის – ჩემთვის ეს დიდი და ფერადი გზაა…  

 

ყველა ახალი ამბავი
0