ზამბახი - ოლიმპოს ღმერთების გზავნილი მოკვდავებს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ულამაზეს ყვავილს ჰიპოკრატემ ცისარტყელას ქალღმერთის ირიდას სახელი შეარქვა. ბევრისთვის ცნობილია, რომ იტალიის ქალაქის ფლორენციის სახელიც ყვავილებთან არის დაკავშირებული, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ეს ყვავილები ქალაქის ირგვლივ მდელოებზე მოფენილი iris – ქართულად კი ზამბახი გახლდათ.

ბუნებაში გავრცელებულია Iridaceae-თა ოჯახის 200-მდე სახეობა (მათგან 11 საქართველოში გვხვდება) და თითოეული მათგანის აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამასთან აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბოტანიკოსები დღემდე ვერ შეთანხმებულან ამ მცენარის  კლასიფიკაციაზე, ამიტომ გადავწყვიტეთ ამჯერად კულტურაში ყველაზე გავრცელებულ — წვერიან ზამბახებზე შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, რომელის ჯიშებისა და ჰიბრიდების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. 

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი

მათზე კი ერთ საოცარ ქალბატონთან — ვერა აიდელბერგ-ხომერიკთან ერთად მოგითხრობთ. ქალბატონი ვერას თბილისის გარეუბანში ვესტუმრეთ და ბაღში შესვლისთანავე მოვიხიბლეთ მისი საოცარი ფერებითა და სურნელით. ამ ბაღის შემხედვარეს სულაც არ გიკვირს, რომ მისი დიასახლისი 2006 წელს მეზობელი ქვეყნის მებაღეთა კონკურსის პრიზიორიც კი გახდა. აქ ერთმანეთის გვერდით ჰარმონიულად თანაცხოვრობენ ვარდები და ტიტები, ჰოსტები და ჟასმინები, იორდასალამები და ნარცისები, მარადმწვანე წიწვოვნები და ჩვენი სტუმრობის მთავარი მიზანი — ზამბახები! მართლაც ცისარტყელასავით ულამაზესი საოცარი ზამბახები…

© photo : Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკი 2006 წელს მებაღეობის კონკურსის პრიზიორი გახდა
ვერა ადელბერგ-ხომერიკი 2006 წელს მებაღეობის კონკურსის პრიზიორი გახდა - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკი 2006 წელს მებაღეობის კონკურსის პრიზიორი გახდა

ქალბატონი ვერას თქმით ამ ბაღში 50-მდე სხვადასხვა ჯიშის ზამბახია და მათი დიდი ნაწილი მსოფლიოში ცნობილი ზამბახების  სელექციონერებისგან აქვს შეძენილი — შნეიდერის, ბლაიზის, კეპპელის და ბლექის ირიდარიუმებიდან. ხშირად მათი შეძენა არც ისე პატარა თანხებთან არის დაკავშირებული და რისკიც კია — როცა არ იცი რა მდგომარეობაში ჩამოგივა ამერიკიდან თუ ავსტრალიიდან გამოწერილი ნერგი, თუმცა ერთგვარი აზარტია, როცა იცი, რომ ზამბახების ანალოგიური კოლექცია საქართველოში არავის აქვს!

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი

ქალბატონი ვერა მიიჩნევს, რომ გაზაფხულზე ბაღში, როცა პირველი ეფემერები — ტიტები, ნარცისები და სუმბულები დაიყვავილებენ და სანამ ვარდები და სხვა ერთწლოვანები „სრულფასოვნად გაშლიან ფრთებს“ — ზამბახების ყვავილობა საოცრად ამშვენებს ბაღს — თითქოს ამზადებს ზაფხულის სიჭრელისათვის…

გვინდა დავამსხვრიოთ მითი, თითქოს წვერიანი ზამბახების მოვლა და გამრავლება რთული პროცესია. საჭიროა მხოლოდ ვიცოდეთ რაღაც ნიუანსები, რომელთა დაცვა აუცილებელია. 

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი

განთავსება: ზამბახებისათვის აუცილებელია ბევრი სინათლე და სითბო! ამიტომ მებაღეები გვირჩევენ ისინი მზიან, ამასთან შემაღლებულ, მაგრამ ორპირი ქარისაგან დაცულადგილას დავრგოთ — კარგი დრენაჟისათვის.  ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ყოველ 3-4 წელიწადში ზამბახებისათვის ადგილის გამოცვლა მოგიწევთ. თუ ამ პრინციპს არ დაიცავთ, დროთა განმავლობაში თქვენი ბაღის მშვენება ყვავილობას შეწყვეტს. 

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი

მორწყვა და კვება: წვერიანი ზამბახები ბევრ წყალს არ საჭიროებენ და მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა ფესვებთან მიწა სრულად გამოშრება. გამონაკლისია გაზაფხულზე — ბუტონიზაციის პროცესი, მაშინ ზამბახებს მართლაც ესაჭიროებათ უხვი რწყვა. რაც შეეხება კვებას — მებაღეები მიიჩნევენ, რომ ზამბახებს არ უყვართ ორგანული საკვები და ძალიან კარგად პასუხობენ მინერალურ კვებაზე. ამიტომ გაზაფხულიდან შემოდგომამდე თუ ყოველ 14-20 დღეში მინერალურ საკვებს მიაწვდით, არც ყვავილები მოგაკლდებათ და არც ახალი შვილეულები. 

© photo: Sputnik / Levan Avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი

აგროტექნიკა: მუდმივად იზრუნეთ იმისათვის, რომ ზამბახებს მეზობლად სარეველები მოაცილოთ და ირგვლივ ნიადაგი გაუფხვიეროთ. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ზამბახებს ზედაპირული ფესვები აქვთ და ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ.  დაყვავილების შემდგომ, თუ გადარგვას და „შვილეულების“ მოცილებას არ აპირებთ, აუცილებლად მოაჭერით ძველი საყვავილე ღეროები და გამხმარი ფოთლები. გვიან შემოდგომაზე კი, გამოზამთრების წინ, რეკომენდირებულია ზამბახების გაშიშვლებული ფესვების დამულჩვა და ფოთლების მარაოსებრად, მესამედზე წაჭრა.

© photo: Sputnik / Levan avlabreliვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი - Sputnik საქართველო
ვერა ადელბერგ-ხომერიკის ირიდარიუმი
 

გადარგვა და გამრავლება: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზამბახების გადარგვა 3-4 წელიწადში ერთხელ აუცილებელია. ამ პერიოდში ხდება მათი გამრავლებაც. გადარგვისათვის ყველაზე კარგ დროდ ზამბახების დაყვავილების შემდგომი პერიოდი — ივნის-ივლისი ითვლება. თუმცა ამის გაკეთება გაზაფხულზეც შეიძლება და შემოდგომაზეც.  

ზამბახების გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ფესვურის დაყოფით. როგორც წესი მებაღეები ძირითადად ამ უკანასკნელს მიმართავენ.

 

მაშ ასე, გამრავლებისათვის — ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ზამბახის მოზრდილი ბუჩქი მიწიდან და დავყოთ მისი ფესვურა ფოთლების როზეტზე ისე, რომ თოთოეულ როზეტას საკმაროსო რაოდენობის ფესვები გაყვეს. რაც უფრო მეტია როზეტში ფოთლების რაოდენობა, უფრო მეტია იმის შანსიც რომ ახალი საყვავილე ღერო გადარგვიდან მეორე წელსვე განივითაროს. 

დაყოფილ შვილეულს ფესვები შეაკვეცეთ 5-10 სმ-მდე, ხოლო ფოთლები მარაოსებურად წააჭერით 1/3-მდე. ასე მომზადებული შვილეულების ფესვის გადანაჭერი ადგილები ნახშირით დაამუშავეთ ან წინასწარ რამდენიმე საათით კალიუმის პერმანგანატის სუსტ ხსნაში ჩადეთ დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით. 

ამოთხარეთ პატარა ორმო — 10 სმ-მდე, შიგ ქვიშის პატრა ბორცვი გააკეთეთ და ნერგის ფესვები ამ ბორცვზე გადაშალეთ. ნერგს მიწა ისე მიაყარეთ, რომ მისი ყელი მიწის პირზე გაშიშვლებული დარჩეს და უხვად მორწყეთ. ზაფხულის განმავლობაში არ დაგავიწყდეთ ახალგაზრდა ნერგების გამოკვება მინერალური სასუქით, მომავალ გაზაფხულზე კი დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ბაღს ახალი ფერთა პალიტრა შეემატება!

© ეროვნული ბოტანიკური ბაღიქართული ზამბახი
ქართული ზამბახი - Sputnik საქართველო
ქართული ზამბახი

სტატიის დასასრულს, არ შეიძლება ორი სიტყვა არ ვთქვათ ქართულ ზამბახზეც — Iris iberica,  რომელიც კავკასიის ენდემური სახეობაა და კავკასიის გარდა მთელს დედამიწის ზურგზე არსად არ გვხვდება. ის მშრალი ველების მცენარეა და საქართველოს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული. თუ ქართულ ზამბახს ბუნებაში წააწყდებით, დატკბით მისი მშვენებით, მაგრამ ბუნებიდან ამოღებას ნუ შეეცდებით, ძალიან მგრძნობიარეა და „მოშინაურებას“ ძნელად ექვემდებარება!


ყველა ახალი ამბავი
0