რატომ უნდა იხილო ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედება

© ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმიქეთევან მაღალაშვილი და ელენე ახვლედიანი
ქეთევან მაღალაშვილი და ელენე ახვლედიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენიდან გამოსულმა გავიფიქრე: „არის თუ არა ქართულ სცენაზე პერსონაჟების დეფიციტი?“

დღეს ყოველდღიურობის მარათონში ჩაბმულმა ცხოვრებამ ყალბი „ფასეულობები“ დაბადა, ხოლო მუდმივად შეჭირვებულმა ყოფამ ადამიანი სასტიკ გზაზე დააყენა. რატომ მოხდა ეს? ამ საკითხებს უნდა იკვლევდეს ხელოვნება და მისი ერთ-ერთი დარგი თეატრი, სადაც ფსიქოლოგიური სიღრმე ნაკლებად შეინიშნება, არადა ანტიკური სამყაროდან მოყოლებული, ყველა რჩეული დრამატურგის ნაწარმოებებში ეს ფენა აუცილებელი პირობაა და მისი ამოხსნაც სავალდებულოა. ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ვიხილეთ პორტრეტები, რომლებიც ფსიქოლოგიური ნიშნით გხიბლავდათ, გიხაროდათ რჩეულთა მრავალფეროვანი ხასიათები, გახსენდებოდათ მათი პროფესიონალიზმი და  ინდივიდუალურობა. 

ქეთევან მაღალაშვილის 120 წლის იუბილეს აღსანიშნავად, სხვადასხვა მუზეუმებიდან და კერძო კოლექციებიდან, მის მიერ შექმნილ ტილოებს თავი მოუყარეს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

© მ. ტურიაშვილისაგამოფენო დარბაზი
საგამოფენო დარბაზი - Sputnik საქართველო
საგამოფენო დარბაზი

გასული საუკუნის შესანიშნავი ოთხეული: დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი — განუყრელი მეგობრები, შემოქმედებაში ინდივიდუალურობით გამოირჩეოდნენ. როგორც ქეთევან მაღალაშვილის შთამომავალმა, რუსუდან ყანჩაველმა ბრძანა: „ქეთოს მშვიდი ხასიათის გამო, ეძახდნენ „მწყერს“, ელენეს „ქარიშხალას“, ლადო გუდიაშვილს „საოცარ ლადოს“, ხოლო კაკაბაძეს „არაჩვეულებრივ დავითს“

ეროვნულ გალერეაში, ქეთევან მაღალაშვილის გამოფენის გახსნაზე ბატონმა გოგი ხოშტარიამ ბრძანა: „ფიროსმანაშვილის მეთაურობით — კაკაბაძე, გუდიაშვილი, ახვლედიანი, მაღალაშვილი, სიდამონ-ერისთავი… ჩვენი პატარა ქვეყანა ნიჭიერებით, კულტურით, ხარისხით, ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეეჯიბრება“. 

ერთ წერილში ქეთევან მაღალაშვილის საინტერესო ფრაზას წავაწყდით: „შემოქმედი ადამიანის ხატვა მიტაცებს. ჩემი შეხვედრა მოდელთან ყოველთვის დაძაბულია. მანამ მუშაობას შევუდგები ჩემი ხატვის ობიექტს ვიწვევ სასაუბროდ, ჩხუბში… რომ დავიჭირო მისი სახის, ხელის თუ თვალის მოძრაობა.“ ხასიათის შესწავლის მისეულმა მანერამ და ნიჭმა ქართულ ხელოვნებას დაუტოვა მსახიობების, რეჟისორების, მხატვრების, მეცნიერების, მწერლების და სხვათა და სხვათა პორტრეტები. ნატო ვაჩნაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე გამსახურდია, სვიატოსლავ რიხტერი, შალვა დადიანი, დოდო ალექსიძე…

© მ. ტურიაშვილიქეთევან მაღალაშვილი - ნატა ვაჩნაძის პორტრეტი
ქეთევან მაღალაშვილი - ნატა ვაჩნაძის პორტრეტი - Sputnik საქართველო
ქეთევან მაღალაშვილი - ნატა ვაჩნაძის პორტრეტი

მხატვარი რადიშ თორდია: მე და ქალბატონი ქეთევანი ვმეგობრობდით, ჩემი ერთი გამოფენა უნახავს, დამირეკა და შინ დამპატიჟა. ვაკეში ცხოვრობდა, სახელოსნოც იქ ჰქონდა. ის არის უბრწყინვალესი მხატვარი, რომელიც დღეს ძალიან დაუფასებელია. ელენე ახვლედიანი, მოგეხსენებათ, აქტიური ადამიანი იყო, ეს არა. აი, შეხედეთ მის ადრინდელ ნამუშევრებს: ელენეს, ნიკოლაძის, რიხტერის პორტრეტებს… ეს შესრულებულია მსოფლიო შედევრების დონეზე. რა კარგად შეუგროვებიათ… მე მგონია, რომ საქართველოში ასეთი პორტრეტისტი არ არის!

- ქალბატონი ქეთევანის სიცოცხლის ბოლო წლებში, თქვენ ხშირი ურთიერთობა გქონდათ მასთან და როგორი პიროვნება იყო?

— თბილი, ძალიან ღრმა. უხაროდა, როცა ვინმე ახალგაზრდის სურათი მოეწონებოდა. მეც მეხვეწებოდა — შენი პორტრეტი უნდა გავაკეთოო, მაგრამ იმ დროს კავშირში ვმუშაობდი, ვერ მოვიცალე, მერე ავად გახდა და ახლა ვნანობ.

ერთხელ ელისო ვირსალაძის პორტრეტი ვნახე, ახალი დამთავრებული ჰქონდა. ეტიუდი იყო, ელისო ფანჯარასთან იჯდა, გარეთ წვიმა იყო თუ რა, ბუნდოვნად მახსოვს. ძალიან მომეწონა და ვუთხარი: „რა სევდიანია!“ მითხრა: დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ სულ ჩემთან ზისო. ერთხელ წვიმიანი ამინდი იყო, ფანჯარასთან იჯდა და მეც დავხატეო. ეს პორტრეტი 40 წუთში გააკეთა, მაგრამ ისეთი განწყობილება ჰქონდა. 

- ამ გამოფენაზე უამრავი პორტრეტია და პოზირება ხომ სჭირდებოდა? აი, ვთქვათ ავიღოთ სვიატოსლავ რიხტერის პორტრეტი.

გეთანხმებით, მაგრამ  ის ძალიან სწრაფად მუშაობდა… უფრო ზეპირად. ეს ფონი ერთ სეანსშია გაკეთებული. აი, თუნდაც „ტაგერის პორტრეტი“ რომ ავიღოთ, რენუარის თითქმის ყველა პორტრეტი ნანახი მაქვს, მაგრამ ასეთი არ აქვს.

© Photo: Courtesy of M. Turiashviliთამარ მეფე
თამარ მეფე - Sputnik საქართველო
თამარ მეფე

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია: გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ ქეთევან მაღალაშვილი, თანამედროვე პორტრეტის გაგებით, საქართველოს საუკეთესო პორტრეტისტია, ერთ-ერთი საუკეთესო ფერმწერი. ფერის, ტონალობის ასეთი გრძნობა მე არ მეგულება. თვალი ჰქონდა, ცხოვრებაშიც ასეთი იყო — თვალს, რომ დაგადებდა, ზუსტად გეტყოდა — ვინ ხარ, რა ხარ. კონსტანტინე გამსახურდიას ბრწყინვალე პორტრეტი აქვს შექმნილი და ის  ამბობდა ხუმრობით: „არავის მეშინია, ამ ქალის გარდა“. ზუსტი აღქმა ჰქონდა — ვინ ხარ, რა ხარ, ყველაფერს გრძნობდა, თითქოს ჰიპნოზს გიკეთებდა. მქონდა ბედნიერება, ბავშვობიდან ვიცნობდი მას და მგონი ბოლომდე დაუფასებელია.

- როგორ გამოიხატება ეს დაუფასებლობა?

— მისი პოპულარობის ხარისხი ნაკლებია, ვიდრე, ვთქვათ სხვისი, ქეთევან მაღალაშვილზე უფრო ნაკლები შემოქმედის. ერთ-ორი საფეხურით მაღლა უნდა იდგეს. 

- ბატონო გოგი, რომელ პორტრეტს გამოარჩევდით, თქვენ ხომ მისი შემოქმედება შესწავლილი გაქვთ?

— თინათინ ვირსალაძის პორტრეტს — დედაჩემია, მაგრამ სუბიექტურობა არ მალაპარაკებს, ფაიუმის პორტრეტს ჰგავს. მერე, ალეკო იშხნელის, ორბელიანის… ანუ იმ ტილოებს, რომლებიც ერთ სეანსში, უცებ — „a la prima“-შია შესრულებული. „ალა პრიმას“ პარიზში, კოლაროსის აკადემიაში დაეუფლა. მეორე დარბაზში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, თითქმის ყველა მაღალი დონის ტილოებია. ცოტა გვიანდელ პერიოდში გამოვყოფდი შალვა დადიანის, კონსტანტინე გამსახურდიას პორტრეტებს.

- ბატონო დავით, აქ ბრძანეს, რომ ქეთევან მაღალაშვილი ბოლომდე არ არის დაფასებული, თქვენ რას მეტყოდით?

ეროვნული მუზეუმის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე: ვერ ვიტყვი, რომ დაუფასებელია, უბრალოდ ასეთი დიდი ფორმებით უფრო ხშირად უნდა ვაჩვენოთ. ეს გამოფენა 120 წლის იუბილეს ეძღვნება და აქ მის შემოქმედებას და  პიროვნებასაც ეცნობი. ქეთევან მაღალაშვილი ჩვენი ქვეყნის საამაყო მხატვარია.

- მის შემოქმედებაში ძირითადად რას გამოჰყოფდით?

— სინამდვილეს. ყველაფერს, რასაც აქ ხედავთ, ეს არის განვლილი დიდი ხელოვნება, რომელსაც საზღვარი არ აქვს, ვინაიდან ქართულიც არის და საერთაშორისოც.

გამოფენის გახსნაზე სიტყვა წარმოთქვა კურატორმა ნანა მირცხულავამ: იმ დიდებულ ერთიანობას, რომელიც აკავშირებდათ ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძეს, ლადო გუდიშვილს, ქეთევან მაღალაშვილს — ერთი სულისკვეთება წარმართავდა — ქართული ხელოვნების განვითარება, დასავლეთ ევროპასთან ინტეგრირების გზით. ქეთევან მაღალაშვილის ოსტატობით ნებისმიერი დიდი ქვეყანა იამაყებდა.

გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მარიამ დიდებულიძე: „მუზეუმების კვირეული“ იხსნება, ქეთევან მაღალაშვილის საიუბილეო გამოფენა იხსნება. ეს დიდი ზეიმია, ვინაიდან აქ ამდენი ღირსეული, ნიჭიერი, გამორჩეული ქართველის პორტრეტია, შექმნილი გამორჩეული ოსტატის მიერ.

ქეთევან მაღალაშვილის შთამომავალი, რუსუდან ყანჩაველი: ქეთო იყო დედაჩემის მამიდა. ბავშვობიდან მესმოდა მისი და დიმიტრი შევარდნაძის არაჩვეულებრივი მეგობრობის ამბავი. ქეთევანი აღმოაჩინა იაკობ ნიკოლაძემ და სწორედ მან წარუდგინა საზოგადოებას: „თქვენ დღეს იხილეთ არაჩვეულებრივი ქართველი მხატვრის დაბადება“. მის საიუბილეო გამოფენაზე ქეთო წარსდგა იაკობ ნიკოლაძის პორტრეტით.

თავისებური პიროვნება იყო. არ უყვარდა ტელევიზია და რადიო, არ უყვარდა კორესპონდენტებთან ურთიერთობა, ამიტომაც მისი კადრები შემორჩენილი არ არის.  მას შეკვეთით არ დაუხატავს და ვისაც ხატავდა — ყველა, ქეთოს მეგობარი ხდებოდა. სხვების და თავის მიმართ, ძალიან მომთხოვნი და მკაცრი იყო. თუ რომელიმე ნახატი არ მოეწონებოდა — ხევდა და ანადგურებდა. აქ გამოფენილია მის მიერ დახატული ჩემი პორტრეტიც. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ!


ყველა ახალი ამბავი
0