08:54 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
გუჯა ბურდულის საიუბილეო საღამო

თბილისის კოლორიტი, ქართული ჰოკეის პიონერი, „უძინართა მზის“ გმირი და „ოქროს პელე“

ზ. თვაური
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
მანანა ტურიაშვილი
1250 0 0

გუჯა ბურდული: „ცხოვრებაში ერთხელ გავბედე და 75 წლის იუბილე გადავიხადე. რამდენი ადამიანისაგან ვიგრძენი სიყვარული! ეს რა რთული ყოფილა!? ამდენი მოფერება არ შეიძლება!“

რუსთაველის თეატრში კინომსახიობმა გუჯა ბურდულმა, ჩვეული თავმდაბლობით მიმართა მაყურებელთა დარბაზს: „ჩემო უსაყვარლესო ხალხო, დიდ ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ დიდ მადლობას გიხდით, რომ მობრძანდით!“ გუჯა ბურდულის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოზე, თეატრის კარი ყველასთვის ღია იყო. არ განასხვავო გულშემატკივარი და ყველას თანაბარი ყურადღება უწილადე — ამ პრინციპმა სააშკარაოზე გამოიტანა მაყურებლის საყვარელი კინომსახიობის კაცთმოყვარე ბუნება. საღამოზე ბევრმა ადამიანმა გამოხატა დიდი სითბო და სიყვარული, რასაც დღეს იშვიათად შეხვდებით. ჩვენ მკითხველს ამ მშვენიერი საღამოს ზოგიერთ ფრაგმენტს ვთავაზობთ.

იცით თუ არა, რომ გუჯა ბურდული კინოში შემთხვევით მოხვდა? 

აი, რა გვიამბო საღამოს წამყვანმა, მომღერალმა ირმა სოხაძემ: იღებდნენ ფილმს „რეისი პირველი, რეისი უკანასკნელი“ და ამ კინოსურათის რეჟისორმა, ბატონი გუჯას მეგობარმა, სიომა გასპაროვმა, ახალგაზრდა კაცი მონაწილეობისათვის ვერ დაითანხმა, ვერ შეიტყუა. ბოლოს დაურეკა და უთხრა: ბუხუტი ზაქარიაძე და სახალხო არტისტები არიან, შესვენება გვაქვს, უნდა გავუმასპინძლდე და რაღაც მოიტანეო. ბატონმა გუჯამ მშვენიერი პურ-მარილი მოიტანა, მერე გიტარის სიმებსაც ჩამოჰკრა ხელი… სიომას უთქვამს: ეგ თვალდახუჭული მღერის, გადაღებას ვერ დაინახავსო და ჩუმად დადგა კამერა — ეს კადრი ფილმში ასე მოხვდა.  

საღამოზე კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ, გუჯა ბურდულს „ქართული კინოს რაინდი“ უწოდა. მან განსაკუთრებით აღნიშნა ბატონი გუჯა ბურდულისა და კინორეჟისორ თემურ ბაბლუანის არაჩვეულებრივი კინო-ტანდემი ფილმებში: „ბეღურების გადაფრენა“ და „უძინართა მზე“.

გუჯა ბურდულის 75 წლის იუბილე
ზ. თვაური
გუჯა ბურდულის 75 წლის იუბილე

თემურ ბაბლუანი: დღეს განსაკუთრებული დღეა, გუჯას 75 წლისთავია! ღმერთმა 100 წლის გაგხადოს! რა ვთქვა გუჯაზე, ლაპარაკი მიჭირს, რა სიტყვა ვთქვა, არ ვიცი! ის არის კარგზე კარგი — უწესიერესი კაცი, ნამუსიანი კაცი, ვაჟკაცი კაცი, ნიჭიერი კაცი, მაგარი ძმა… ყველა დადებითი ეპითეტის განსახიერებაა გუჯა, არა მარტო ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც — ის საუკეთესო ძმა და მეგობარია! მისი მსახიობური მონაცემები მთელმა მსოფლიომ იცის, მთელმა ქვეყანამ იცის. ისეთი ჯანმრთელი ენერგია აქვს, რომ ვთქვათ მარტო მე და ოპერატორს კი არ გვეხმარებოდა, თავისი უცნაური კეთილშობილებით,  არამედ მუშებსაც!   გადასაღებ მოედანზე კარგ განწყობას ქმნიდა. 

მოცეკვავე ბავშვის ოინები და ბულგარეთიდან ჩამოტანილი სიგელები

„პიონერ-ფილმის“ ხელმძღვანელი გრიშა ჩიგოგიძე: ბატონი გუჯა ცეკვას სწავლობდა სახელოვან ქორეოგრაფთან — რომან ჭოხონელიძესთან. ის იყო პირველი ბავშვი, ვინც ქართული ცეკვა საზღვარგარეთ გაიტანა. იმჟამინდელი განათლების მინისტრი, ქალბატონი ნათელა ვასაძე მოიხიბლა ბავშვის მონაცემებით და რეკომენდაცია გაუწია. თეთრი ჩოხით შემოსილი ბავშვის ფოტო ყველა ჟურნალ-გაზეთს ამშვენებდა.

გუჯა ბურდული: ბულგარეთში წასასვლელად ბავშვებს არჩევდნენ და გავემგზავრეთ მოსკოვში, სადაც შევიკრიბეთ თითქმის ყველა რესპუბლიკის ბავშვები. გამაფრთხილეს: „ცუდად არ მოიქცე, თორემ უკან გამოგიშვებენ.“ მეც ჩემთვის ვარ წყნარად, მშვიდად. იქ ერთი აზერბაიჯანელი ბიჭი იყო, რომელიც უხერხულად იქცეოდა. მეც ვითმინე, ვითმინე და  ბოლოს, როცა სუფრასთან ვისხედით, დავინახე მდოგვი, ჩავყავი თითი და ცხვირში ამოვუსვი. უკან მაბრუნებდნენ, მაგრამ ქალბატონმა ნათელამ უთხრა: „ეგ ბავშვი გასახელებთ!“ ჩავედით ბულგარეთში და სანამ საზღვარს გადავლახავდით მოხდა ასეთი ინციდენტი: ხანჯალი ისე შეადუღეს, რომ ამოღება არ შემძლებოდა. მე ჩუმად გადავხერხე და პირველ კონცერტზე ეს ხანჯალი დავაძრე. ბევრი სიგელი ავიღე: სიმღერაში, ცეკვაში, 100 მეტრზე სირბილში. დიდი მადლობა ქალბატონო ნათელა იმ სიყვარულისთვის, რაც მაშინ მომანიჭეთ!

გუჯა ბურდული 3 წელი ცეკვავდა სუხიშვილების ანსამბლში, ამიტომ ძველი თაობის თანაგუნდელების მილოცვამ განსაკუთრებული ხიბლი შემატა საღამოს.

ირმა სოხაძე: ბატონი გუჯა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა და ბატონმა რეზო ჩხეიძემ ფილმში „ჩვენი ეზო“, სადაც გიორგი გახარებული ცეკვავს, არის ფეხების მსხვილი ხედი, ეს იყო ბატონი გუჯას „გასმა“.

სუხიშვილების ძველი თაობის მოცეკვავე, თენგიზ უთმელიძე: მახსოვს, სუხიშვილების ანსამბლში შენი მოსვლა, 18 წლის იყავი, მაგრამ რატომღაც ბოლომდე არ დარჩი, კინემატოგრაფისკენ გადაიხარე და ისეთი სახეები შექმენი, რომ ალბათ არ შეცდი. შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი და შენი ცხოვრების წესიც ქრისტიანულია. შენ ხარ თბილისის კოლორიტი, ყველას უყვარხარ ჩემო გუჯა, მთელ ხალხს უყვარხარ. ხომ ხედავ რა საზოგადოება მოვიდა ამ საღამოს. შენ ღირსი ხარ ამ დიდი სიყვარულისა და ყველაზე დიდი ჯილდო ალბათ ეს არის!

 გუჯა ბურდულის საღამოზე ბევრმა ადამიანმა გამოხატა დიდი სითბო და სიყვარული
ზ. თვაური
გუჯა ბურდულის საღამოზე ბევრმა ადამიანმა გამოხატა დიდი სითბო და სიყვარული

ქართული ჰოკეის პიონერი, საჩუქრად ოქროს მედალი და „ოქროს პელე“. „როცა ორი ებრაელია სცენაზე, მერწმუნეთ საჩუქრები ნამდვილი ოქროსია.“

ქართულ-ებრაული კულტურის ატაშე, სპორტული კომენტატორი, ჯამლეტ ხუხაშვილი: გუჯა ბურდული ქართული ჰოკეის პიონერი იყო. სუხიშვილების ანსამბლში სამწლიანი შემოქმედების შემდეგ დაიწყო მისი აღმასვლა ამ სახეობაში. 1962 წელს ბაკურიანში ზამთრის სპარტაკიადა უნდა ჩატარებულიყო და საჭირო იყო მომზადება. წარმოიდგინეთ, ყინულის მოედანი არ იყო და სპორტსმენები გორგოლაჭებით დარბოდნენ და ასე სწავლობდნენ ჰოკეის. მოსკოვში ჩავიდნენ და ყინულის მოედანზე პირველად დადგნენ, სრიალს მიჩვეულები არ იყვნენ და ერთმანეთს ეჯახებოდნენ. ერთმა გულშემატკივარმა თქვა: „Ты посмотри, как они грубо играют!“ გუჯამ სომეხი ჰოკეისტების კარში გენიალური გოლი გაიტანა და ეს ფაქტი ქართული ჰოკეის ისტორიაში ჩაიწერა. იმ გოლის გატანისთვის, მინდა დაგვიანებული მედალი და კოტე მახარაძის სახელობის თასი გადმოგცე.

ებრაელი მხატვარ-დიზაინერი მეირ შალიკი: როცა საქართველოდან 20 წლის წინ წახვედი და იქ ვნახე ფილმი „უძინართა მზე“, ძალიან დიდი გრძნობები გამიჩნდა. მერწმუნეთ, ამ ფილმში ყველაფერია: ვაჟკაცობა, მეგობრობა… თუ ადამიანს იმედი აქვს  და რაღაცას აკეთებს მთელი გულითა და სულით, აუცილებლად იმარჯვებს… ბატონ გუჯას ასეთი საჩუქარი მოვუტანე — „ოქროს პელე“! თქვენ გჯეროდათ, რომ ის ცოცხალია და აი, ის! ის ცოცხალია!

მწერალი ერეკლე საღლიანი: თემურ ბაბლუანის ფილმში „უძინართა მზე“ ბატონი გუჯა, გელა ბენდელიანის როლს ვერ ითამაშებდა… გუჯა ბურდული თვით გელა ბენდელიანია!

საიუბილეო საღამო დასრულდა გუჯა ბურდულის სიმღერით „რამ-დარირო“. „უძინართა მზის“ მთავარი გმირის ღიღინმა დარბაზი სევდიანი იმედით აავსო. 

 

 

 

მთავარი თემები