ცირა ოქროპირიძე
— „ვორონცოვზე“ დავიბადე და გავიზარდე სახლში, რომელსაც წინ პატარა ბაღი ჰქონდა. ამ ბაღს დღემდე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს მეხსიერებაში, როგორც პატარა ზღაპრულ სამყაროს… ყოველ გაზაფხულზე გაიშლებოდნენ და დეკემბრამდე ყვაოდნენ ვარდები, განსაკუთრებით კი იმ ბაღის იასამნის ბუჩქის სურნელი მახსენებს თავს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბავშვურ მოგონებებს უკავშირდება და, კიდევ, დიდი პალმის ხე… ჩვენ სახლში ლარნაკში მუდამ იყო ყვავილი, დედას უყვარდა ძალიან…
ქალბატონი ნანა თაყაიშვილის შემოქმედებითი გზა, დედა ბარბარეს რჩევით, საპატრიარქოს სასწავლებელში დედა თეკლესთან ფლორისტული დიზაინის შესწავლით დაიწყო. ამბობს, რომ მაშინ უკვე ზუსტად იცოდა რა უნდოდა.
თავდაპირველად რელიგიურ დღესასწაულებზე ტაძრებს აფორმებდა პატრიარქის კურთხევით. შემდეგ საკუთარ სახლში მოაწყო სახელოსნო, იყო უამრავი შეკვეთა, ბევრი კარგი ემოცია და ერთ მშვენიერ დღეს მეუღლის რჩევით შექმნა გალერეა „პროვანსი“, სადაც თავის ოთხ მეგობართან ერთად ქმნის ხელოვნების ნიმუშებს.
— როცა შენი ნაკეთობა ვიღაცას აღაფრთოვანებს, ეს ჩემთვის დიდი სტიმულია, მე არა მარტო საკუთარ თავს, სხვა ადამიანებსაც ვულამაზებ ცხოვრებას, ეს საოცარი განცდაა.
მაშინ ჯერ სახლში ვმუშაობდი, როცა მოვხვდი ჰოლანდიელი ფლორისტის პიმ ვან დენ აკერის მასტერ-კლასზე კიევში. ეს იყო საოცრად კრეატიული ადამიანი და მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შემოქმედებაზე. მინდა აღვნიშნო ასევე გერმანელი ფლორისტი გრიგორი ლერში, სრულიად უნიკალური ადამიანი, საოცარი ტექნიკით, ეს არის მინიმალიზმი — კარკასზე რამდენიმე ყვავილით, თუმცა საოცრად მომხიბვლელი, მაშინ მივხვდი, რომ მეც ეს მომწონს, საინტერესოა ასევე მინიატურების თემაც, ესაა ექსკლუზიური ნამუშევრები ერთი ადამიანისთვის. ასეთ ნივთთან შეხება განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს. მართალია ხელოვნურ მასალასაც იყენებს, მაგრამ უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივს.
შარშან, ზამთარში მოვიწვიეთ კიევის ფლორისტული სკოლის "ფლაუერ-შოუს" დამფუძნებელი სვეტლანა ბობიკოვა, კიევის ერთ-ერთი წამყვანი ფლორისტი ნიკოლაი აგოპი და ჩავატარეთ მასტერ-კლასი საახალწლო თემაზე, რომელიც 3 დღე გრძელდებოდა. ეს იყო საოცრად ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი დღეები და პირველი პრეცედენტი უცხოელი ფლორისტების საქმიანი ვიზიტისა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო და არაფერი ყვაოდა, ძალიან მოეწონათ თბილისი. გაოცდნენ, რომ ამდენი ბუნებრივი მასალა მოიპოვება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. "У вас рай на земле!" – ასე გამოხატეს საკუთარი ემოცია.
ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ საქართველოში მოიწვიოს ამერიკელი ფლორისტი კარენ ტრანი, რომელიც მდიდარი ადამიანების ქორწილებს აფორმებს. „ძირითადად იყენებს ორქიდეების უამრავ სახეობას, ათასფერ ვარდებს და ეს ყოველივე სანახაობრივად შოკისმომგვრელია“, — ამბობს ნანა.
არაერთი ქორწილი თუ სხვა დღესასწაული გაგიფორმებიათ, საინტერესოს რას გაიხსენებთ?
— მცხეთაში, რესტორან „გუჯარში“ იყო ასეთი რამდენიმე წლის წინ. ხელმოწერის ცერემონია, გავრცელებული ტენდენციით, თაღის ქვეშ ხდება, მე გავაკეთე თეთრი ძველი კარი, რომელიც ჩემი სახლიდან მოვხსენი. წარმოიდგინეთ დიდი მწვანე მდელო და მასზე თეთრი კარი… განუმეორებელი იყო და პატარძალი ლამის სიხარულისგან გადავრიეთ.
გასულ შაბათს კი ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ კაჭრეთში, სადაც „გარდენიასთან“ და ზურა შევარდნაძესთან ერთად ქორწილისთვის გავაფორმეთ ეზო. დარბაზს მოსკოვიდან ჩამოსული ფლორისტები აფორმებდნენ, ძალიან ლამაზი გამოვიდა, მაგრამ მთლიანად ხელოვნური ყვავილებით იყო შესრულებული. ჩვენ ეზოს ნაწილი გვევალებოდა და რასაკვირველია მთლიანად ბუნებრივი მასალა გვქონდა წაღებული, ჩვენ საქმეს შევუდექით ჩვეულებრივად და ჩვენდა გასაკვირად ამდენი ცოცხალი ყვავილი რომ დაინახეს მოსკოველმა ფლორისტებმა, სრული ემოციური შოკი მიიღეს, იმდენი ფოტო გადაიღეს, არ ვიცი…
როცა რაღაცის კეთებას ვიწყებ, შემიძლია დღე და ღამე გავაერთიანო, საერთოდ დრო ჩერდება, ეს ისეთი დიდი სიამოვნებაა, ვერ გადმოვცემ სიტყვებით…
ქალბატონი ნანას თქმით, მთელი მისი შემოქმედება სიცოცხლის დღესასწაულია, თვლის, რომ არასოდეს არ არის გვიან დაიწყო რაღაც ახლის და საინტერესოს შექმნა, რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება აქტიური იყო და შენი შემოქმედებით არა მხოლოდ თავად მიიღო უდიდესი სულიერი საზრდო, არამედ სხვასაც მიანიჭო სიცოცხლის მშვენიერებით ტკბობის სიამოვნება…