„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

© photo: Sputnik"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება" პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს, ამის შესახებ ინფორმაციას პარტია სოციალური ქსელით ავრცელებს.
მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება მთაწმინდის პარკში 20:00 საათზე გაიმართება.
„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმრავლესობამ პარტიის მიერ გავრცელებულ სურათზე გამოსახული სილუეტი თბილისის მოქმედ მერად კახა კალაძედ აღიქვა. 
თავად თბილისის მოქმედმა მერმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბოლო პერიოდში არცერთხელ არ გასცა პასუხი ჟურნალისტების კითხვებს, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით.
რამდენიმე თვის წინ ქართულ მასმედიაში გაჩნდა ვერსია, რომ კალაძე მმართველი პარტიის დატოვებას და, ზოგადად, პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს და რომ მოქმედ მერს მილანში დაბრუნება სურს, სადაც ერთ დროს წარმატებული ფეხბურთელის კარიერა გაიკეთა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია მერობის კანდიდატად პარლამენტის ექს-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს წარადგენს. თუმცა აღნიშნული ინფორმაცია თავად თალაკვაძემ უარყო. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი აპრილის ბოლოს დატოვა. იგი პარლამენტის სპიკერის თანამდებობას 2019 წლის ივნისიდან იკავებდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი აღნიშნული პოსტი მეორედ დაიკავა. თალაკვაძე ამჟამად საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერია.
განსაკუთრებული არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება. ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობა აირჩევს მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი საკრებულოების წევრებს. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. 
კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
თავად მმართველ პარტიაში ასეთი სცენარი საერთოდ არ განიხილება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერის მოპოვების იმედი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0