„ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა ჩატარდეს" – კუჭავა „პრაიდის კვირეულზე"

© photo: Sputnikკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2021
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველას აძლევს საშუალებას, თავისი მოსაზრება გამოხატოს, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება, გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ „პრაიდის კვირეული" თბილისში მაქსიმალურად მშვიდობიანად უნდა ჩატარდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" ის ხელისუფლებაა, რომელმაც მნიშვნელოვანი ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო და ამით თავისი მოსაზრების თავისუფლად გამოხატვის საშუალება ყველას მისცა.

„ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებს, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არც ერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები. თუ რამე ადრე მომხდარა, ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება ვინმე მომხრე იყოს ძალადობის და აუცილებელია ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის თუ ამ კვირეულის ჩატარება", – განაცხადა კუჭავამ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" 5 ივლისს თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვას გეგმავს.

ლევან ვასაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2021
ლევან ვასაძემ მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდა

მარშის ლოზუნგი იქნება „გამოდი სოლიდარობის ნიშნად". ხელისუფლების მიმართ მარშის მონაწილეთა მოთხოვნებს შორისაა ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტურობის მიუხედავად თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა, სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულთან ბრძოლა.

ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეები 2013 წლის 17 მაისს სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. მას შემდეგ ლგბტ საზოგადოების მცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვით იმართებოდა. ამჯერად რა ზომებს მიიღებს საქართველოს შსს პრაიდის მონაწილეთა დასაცავად, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0