„ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი": ანა დოლიძემ პარტია დააფუძნა

© Sputnik / Alexander Imedashviliანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
გამოწერა
როგორც ანა დოლიძემ დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადა, პარტია იქნება კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის მდგომარეობა ყოველწლიურად გაუმჯობესდეს.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. პოლიტიკოსმა ანა დოლიძემ პარტია „ხალხისთვის“ დააფუძნა. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ვიდეოჩანაწერი პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე ატვირთა.

მისი თქმით, პარტიის სლოგანია „ხალხისთვის ბრძოლას აქვს აზრი".

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთში  მაჟორიტარად კენჭს როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი იყრიდა და მოიპოვა კიდეც მესამე ადგილი  ხმების 17,95%-ით, თუმცა არჩევნების მეორე ტურში ვერ მოხვდა – მას „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ვოლსკიმ გადაუსწრეს.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობა დღეს „არტოს ბაღში“ გაიმართა, სადაც შეკრებილებმა ანა დოლიძე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. პარტიის წევრებმა ყრილობაზე პოლიტსაბჭოს წევრებიც აირჩიეს.

„მოძრაობა „ხალხისთვის" დღეს გადადის ახალ ეტაპზე. ჩვენი მისწრაფება არის, რომ პოლიტიკა ავაწყოთ სახალხო დღის წესრიგზე, იმ დაკვეთაზე, რასაც ხალხი აძლევს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ჩვენი ამოცანა იქნება ის, რასაც წლიდან წლამდე ხალხი აყენებს - დასაქმებისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, სასამართლოსთვის ვიბრძოლოთ“, - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძემ განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ შემოდგომაზე ადგილობრივი ორგანოების არჩევნებში. მისი თქმით, პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის საკუთარი კანდიდატები და სხვა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელებს.

მისი თქმით, ის დღევანდელ შეკრებაზე 300-მდე ადამიანს ელოდებოდა, მაგრამ მასთან შესახვედრად 400-ზე მეტი მხარდამჭერი მივიდა.

Ана Долидзе - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
ანა დოლიძე გოგონას დედა გახდა

ამ დროისთვის სოციალურ ქსელში შექმნილ მოძრაობის კერძო ჯგუფში 700 მხარდამჭერია გაერთიანებული.  

41 წლის ანა დოლიძე პროფესიით იურისტია. 2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე; 2013-2016 წლებში იყო დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (კანადა); 2015- 2016 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე; 2016 წლის - 2018 წლებში  იყო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; 2017 წლიდან არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაინიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, რომელიც მან 2 წლის შემდეგ დატოვა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0