მელია მერობის კანდიდატად? ახალი განხეთქილება ქართულ ოპოზიციაში

© Sputnik / Alex Shlamovნიკა მელიას ბილბოლდი
ნიკა მელიას ბილბოლდი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნებამდე ნახევარ წელზე ნაკლები რჩება, ოპოზიციაში კი აღნიშნული საკითხი ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

თბილისი, 30 აპრილი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ერთიანი არაა. 

ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თბილისის მერობას კიდევ ერთი პოლიტიკოსი უმიზნებს

აღნიშნული ინიციატივა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ადრე დააყენა. მან ოპოზიციას 15 მაისს დაგეგმილ აქციაზე მელიას კანდიდატურის ოფიციალურად დასახელება შესთავაზა.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ღიად განაცხადა, რომ ოპოზიციის ასეთი მიდგომა კრახის ტოლფასი იქნება.

„თუ ჩვენ, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ეს მარცხის ფორმულა იქნება. მე გამარჯვების ფორმულა მინდა. პირდაპირ ვაცხადებ, მიშა–ბიძინას (სააკაშვილი–ივანიშვილი) დაპირისპირებაში იმარჯვებს ბიძინა. ამიტომაც ჩვენ მესამე ძლიერი ცენტრი უნდა შევქმნათ, რომელიც კანდიდატს წამოაყენებს. ეს ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიციაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებას ყოფილ მმართველ პარტიაში უპასუხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბოტკოველის თქმით, ქვეყანაში ნებისმიერი შედეგი ერთობის წყალობით იქნა მიღწეული. 

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ვისი ხილვა სურს „ქართულ ოცნებას“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად?

„ეს განცხადება, ალბათ, ვიღაცის ინტერესებს ემსახურება... ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე საუბარს არ ვაპირებთ იმ დრომდე, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია. ჩვენ ყველაფერზე ვისაუბრებთ მას შემდეგ, როცა ნიკა დაბრუნდება. ჯერჯერობით თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე არც გვიმსჯელია“, – განაცხადა ბოტკოველმა.

ამასთან, ბოტკოველს მიაჩნია, რომ მელია თბილისის მერის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატი იქნება.

„თუ ნიკა მელია კანდიდატი იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ იგი ოპოზიციიდან უალტერნატივო კანდიდატი იქნება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, გუნდური იქნება და ამ გუნდს მელია უხელმძღვანელებს“, – აღნიშნა ბოტკოველმა.

ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი უკვე იყო – 2014 წლის არჩევნებში იგი მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ იღებდა. თუმცა მეორე ტურში მელია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატ დავით ნარმანიასთან დამარცხდა. ამჟამად მელია პატიმრობაში იმყოფება.

პროკურატურის ვერსიით, მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როდესაც საპროტესტო აქცია არეულობასა და პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

მელია 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა გირაოს ხელმეორედ გადახდაზე. პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. თუმცა ამ დროისათვის მელია საქართველოს პარლამენტის წევრთა რიგებში ირიცხება.

რას ფიქრობენ „ფრონტის მეგობრები“

ოპოზიციურ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მელიას კანდიდატურასთან დაკავშირებით არ უმსჯელიათ.

„ჩვენ დამოუკიდებელი პარტია ვართ, შესაბამისად, ჩვენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მივიღებთ. აღნიშნული თემის განხილვა პარტიაში არ მომხდარა. ჩვენთვის მთავარია მთელი ქვეყნის მასშტაბით სტაბილიზაცია. მთავარია, რომ ნიკა მელია თავისუფლებაზე გამოვიდეს. ნიკა მელია სხვა პარტიას წარმოადგენს, ჩვენ – სხვას. თუმცა, ამ საკითხში ჩვენ ერთიანი ვართ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

მელიას, როგორც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატურის დასახელების წინააღმდეგია პარტია „მოქალაქეები“.

„არ ვიცი რა პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციაში – ისინი ხან ერთად არიან, ხან ცალკე, ერთმანეთს უპირისპირდებიან და მერე ერთიანდებიან. ეს ჩემი საქმე არაა. ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ თუ ნიკა მელია მერობის კანდიდატი იქნება, მას ჩვენი პარტიის მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

„განსაკუთრებული“ არჩევნები

ადგილობრივი თვითთმართველობის მორიგი არჩევნები ამ შემოდგომაზე გაიმართება. აპირებს თუ არა მოქმედი მერი კახა კალაძე მეორე ვადით კენჭისყრას, ჯერ ცნობილი არ არის. მანამდე ქართული მასმედია წერდა, რომ ამჟამინდელი ქალაქის თავი მმართველი პარტიის დატოვებას და პოლიტიკიდან საერთოდ წასვლას გეგმავს. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ

შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რამდენადაც მის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა.

კომპრომისული შეთანხმების თანახმად, რომელსაც მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0